ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

ამაოების „ქარავანი“ და ჩვენი ოცნებები = „აიწონა-დაიწონა“

საოცარია დილის მადლი… სხეული, რაც უნდა დაძაბუნებული და ნათრევი იყოს ცხოვრებისაგან, ახალი ენერგიით ივსება; იღვიძებს ბუნება: პატარა ჩიტუნები, მტრედები, მწერები ფუთფუთებენ, ფოთლებიც შრიალს იწყებენ და დღის მზარდ დინამიკაში ასე ერთვებიან. ეს სიცოცხლის მარადი მოძრაობაა, ურთიერთგადადინება ამიერისა იმიერში, წრებრუნვა დროსა თუ უდროობაში, საკუთარ თავთან დაბრუნება, მისი ერთგულება…დიახ, სიცოცხლის ერთგულებაც გვაქცევს ადამიანებად!

ახლა ცხოვრების ერთგულებაზე, ანუ მისი სისავსით შეგრძნებაზე…

ამ სისხამ დილას პირობა დავდე. ყოფილა შემთხვევები, რომ მოწყალება მიმიწოდებია მათხოვრისთვის, მაგრამ მისი ჭუჭყისგან გაშავებული ხელებისა თუ ფრჩხილებისთვის რომ შემიხედავს, ფული ისე გადამიცია, რომ ნაკლებად შევხებოდი. ამას ჰქვია „ზემოდან ქვემოთ“ თანაგრძნობა, უფრო კი სიბრალული, სამოწყალოდ გამეტება ადამიანისა. დიახ, გამეტება… ამას აღარასდროს ვიზამ!!! ანუ არ მოვარიდებ ჩემს ხელს იმ ადამიანის ხელს, რომელსაც ამ ჭუჭყიან ფულს კი ვაძლევ, მაგრამ თანადგომა თუ გინდა, უნდა გაუთანაბრდე, მისი წუთისოფლის სიმძიმე შეიგრძნო, ესაა შეხიდებაც, დროებითი, წამიერი, მაგრამ ღირსეული.

ცხოვრების ჭუჭყს ვინც არიდებია, არც უცხოვრია, იცოდეს! „ტალახში“ მყოფს ხელს თუ უწვდი ამოსაყვანად, იცოდე, რომ ის ტალახი აუცილებლად მოგეცხება, მოსვენებას არ მოგცემს, თუ სინდისიერი ადამიანი ხარ და შენი სიკეთეც უბრალო „რევერანსი“ არაა ფსევდო, საპარადო კეთილშობილებისა. ის საპყარი ადამიანი სწორედ ჩვენი საზოგადოებისგანაა გარიყული, ეს საზოგადოება კი მეც, შენც, ყველანი ვართ, ამიტომ ჩვენი ბრალიცაა მისი ტანჯვა და ტკივილები. „გაწკეპილი“, თეთრ შარვალ-კოსტიუმში  ვერ გალევ სიცოცხლეს. გაიგებ იმ ლაფის გემოსაც, ავადმყოფობის „განდეგილობასაც“ და განსაცდელის ჯვარზეც გაეკვრები ჩვენი მაცხოვარივით. ამ უკანასკნელი სიტყვის ძირში ქართველმა „ცხოვრების“ ეტიმოლოგია ტყუილად როდი ჩადო… წუთისოფელი „შავ-თეთრობისაა“, ინიდაიანური, ტრაგიკულობის ძირიდან ამოზრდილი. პერმანენტული „ტკბილი“ მძაღდება და გემოს უკარგავს თვით ყველაზე კომფორტულ და გაფუფუნებულ ყოფასაც. ამიტომ იკლავდნენ თავს ალბათ ძველი რომაელი დიდგვაროვნები, ყველა ცხოვრებისეული ნეტარება რომ მოჰყირჭდებოდათ. მხოლოდ სიამოვნებისთვის არაა წუთისოფელი და მისი ყოფიერების არსს მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვა შეგაგრძნობინებს. ესაა ჩვენი ადამიანობის საზომიც, მგონი – რამდენს ვზიდავთ, ვიტვირთებთ.

ასე რომ, ვისაც ტკივილი არ უგრძნია, თუნდაც სიცოცხლის სიყვარულისას, მას ვერაფერი გაუგია თავისი და სხვისი ცხოვრებისა თუ არსებობისა.

ბუნების აღწერით დავიწყე წერა და ბუნებაში სწორედ ეს თანასწორობაა, არქაული, პირველყოფილი, რომელიც ადამიანმა ცივილიზაციით შერყვნა და უშნოდ, ბილწად „მოიხმარა“, როგორც იტყვიან; თუნდაც მეტი ბზინვარებისთვის, ცოცხლად გატყავებული უსაყვარლესი წავების ბეწვით შეკერილი ქურქებით თავმომწონე მანდილოსნებისა არ იყოს…
ახლა, ამ არცთუ „მსუბუქი“ ცნობიერების ნაკადის შემდეგ, ცოტას გაგაღიმებთ; „ძველი ვოდევილებიდან“ ეროსი მანჯგალაძისა და რამაზ ჩხიკვაძის სცენა მახსენდება. რამაზის გმირი, ლოყაზედ ხალით, ეშმაკურად თვალმოჭუტული, ეუბნება ეროსის გმირ თავად ფანტიაშვილს (უზუსტობისთვის ბოდიში, ცხადია):

– ჰო, ჰო, გიცნობთ… აი, იმ დღეს გნახეთ, თეთრი ჩოხითა, ჩინ-მედლებითა, ეპოლეტებითა, დიდებულებითა…
ეროსის გმირს, ნეტარების მწვერვალზე რომ ავა თვითტკბობისგან, აი, მაშინ „ჩაურტყამს“, ანუ გააგრძელებს ჩხიკვაძე:

– ….ერთი მაგრად რომ გჟეჟეეეეს!

ჰო, იმ „ქუჩის აკადემიას“ რომ ვეძახით, ისიც ცხოვრებაა, ისევე, როგორც სისხლის გემო, რომელიც ისეთივე ტკბილ-მწარეა, როგორც წუთისოფელი…

  • *.        *

გუშინ, გვიან ღამით, სავარჯიშოდ სკვერში გასულს, ის მზისგან შავკანიანივით გარუჯული ბავშვები ისევ შადრევანში დამხვდნენ. ამოდი, რა იცი, დენი არ გადიოდესო, – შეწუხებული სახით აჯერებდა ბავშვიანი ქალი. არა, არ გადის, ვიციო, – ზრდასრულივით უპასუხებდა ერთი, ყველაზე ბიჭური, თვალების „ვარსკვლავებით“ რომ გამახსოვრებდა თავს.

– დედაშენი სად არის?

– არ მყავს დედა…

შეჩვეული, მთელი ცხოვრება საზიდი, ტრაგედია გაუმხილა ბიჭმა.

– აბა, ვინ გზრდის?

– ბიცოლაჩემი;

– სახლში რომ მიხვალ, წყალი გადაივლე, ეს წყალი უსუფთაოა;
ახლა მე ვუღიმი, თითქოს, მინდა ცხოვრების სიბინძურისგანაც დავიცვა ბავშვი.

– ვიცი, ჰო!

ახლა მე „მიგერიებს“ პატარა.

მერამდენე წრეს ვარტყამდი, აღარ მახსოვს, რომ დავინახე, ბავშვები ამოიყვანეს მაინც შადრევნის აუზიდან და გზასაც გასდგომოდნენ, მარტო შორტებში, მარკ ტვენის გმირებივით. მათგან სევდიან-კაეშნიანი თავისუფლების „სიო“ უბერავდა. პატარა სკულპტურასთან, პარკის ბოლოს, მეც წამოვეწიე. დავინახე, ის, ყველაზე გამორჩეული და ყველაზე „ლიტერატურულ/ტომსოიერული“, რაღაცას ექაჩებოდა, სიგარეტივით.

– ერთი წუთით! რამდენი წლისა ხარ?

ვეკითხები დათრგუნული.

– 8-ის.

– მერე რატომ იღუპავ თავს?! მაგის მოწევას ხომ ისედაც მოესწრები?!
ბიჭუნა, რომელმაც ის უღიმღამო დღე გამიმხატვრულა, დუმილით მეთანხმება, გულში კი დასძენს ალბათ: „მე, განა, მართლა პატარა ვარ. აბა, შეხედეთ ჩემს ცხოვრებას?!“ –  ხომ უნდა დაამტკიცოს, თავისი ნაადრევი, ძალადობრივი დაკაცება, არა?!

ვერ ვამტყუნებ და უფრო მიყვარდება ჩემი „წიგნის გმირი“, ასეთი აშკარა პიროვნული ეგზოტიკით რომ მჭრის თვალს მე, წუთისოფლის ცოტა სხვა (თუ იმავე?!) ჟანრის პერსონაჟს, რომელსაც დაავიწყდა, ბავშვებისთვის ეკითხა გაცვეთილი რიტორიკა:
– საით მიდის ან რატომ იკარგება გზა ოცნებებისკენ?!

წავიდა ზაფხულიც, გაქრა,

ვითარცა ბავშვობის დღეები, „ნაგემნი მტკბარად“;

როგორც ჩვენი ფრანს გაყოლილი ოცნებები „უცხო სამოთხეებში“;

როგორც ჩვენი ილუზიები, სანთელს მიმწვარი ფარვანებივით;

როგორც ჩვენი იმედები, ძლიერი ბაბუაწვერებივით, ერთი სულის შებერვამდე, ასე თავგადაკლულნი რომ უძლებდნენ ამსოფლიური ქარების შემოტევებს;
როგორც ჩვენი სიცოცხლე, მაინც უცხოს მონაყოლი ზღაპარივით სიკვდილჩასაფრებული!

  • *

მოვა ალბათ დრო და კაცობრიობა ცხოველებსა და ფრინველებს აღარ შეჭამს;

აღარ იომებს;

ადამიანიც დაუბრუნდება თავისთვის ყველაზე ორგანულ წიაღს — ბუნებას, „ჩაჯდება მის კონტექსტში“, ისევ და ისევ („და მე კი ყველას მონა ვარ…“ – ვაჟა);

…და კეთილი, უსაფრთხო, მომავლისკენ ივლიან, გოდერძი ჩოხელისეული, „მხრიდან ნაძვამოზრდილი“ კაცები და ქალები.

სხვანაირი ჰარმონია არ იცის დედამიწამ, კაცობრიობამ, კაცთა წუთისოფლურმა სამყარომ…

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ აზროვნება ყოფნის უმაღლესი ფორმაა, სიცოცხლის ზეიმი. ჰაიდეგერი გვირჩევს, რომ თუ გვსურს, ვიაზროვნოთ, უნდა მოვემზადოთ ამ ზეიმისთვის, რადგან ამ ზეიმამდეც რომ ვერც მივაღწიოთ, მისკენ გზაც მნიშვნელოვანია. ნიცშესთვის შეკითხვა „რა არის ჭეშმარიტება?“ ჟღერს ასე – „რა არის ა რ ს ე ბ უ ლ ი?“

მე კი დითირამბს ადამიანურ წარმოსახვას მივუძღვნიდი, რადგან ის სწორედ ა რ ა რ ს ე ბ უ ლ ს, შ ე ნ ი ღ ბ უ ლ ს ან მარად ნ ა გ უ ლ ი ს ხ მ ე ვ ს დაგიყენებს თვალწინ. წარმოსახვით, ნივრის სუნით აყროლებული დიაცი უნატიფეს და იდუმალ ქალად შეიძლება „იქცეს“, დედოფალი კი – მიწაში განქარვებად ჩონჩხად…

ინტელექტი ცხოველსაც, ფრინველსაც, ბუნებასაც აქვს. ჩემი აზრით, წარმოსახვაა ადამიანი, ნუ, მეტყველების შემდეგ!

ასე რომ, ფრთებს ნუ ჩამოყრით, მარტო ფიქრისთვის კი არა, ოცნებისთვისაც ვართ შექმნილნი!…..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“