2024 წელს დედამიწის საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 1.5°C-ს ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ დონესთან შედარებით მთელი წლის განმავლობაში. რაც კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ის ზღვარია, რომლის გადაჭარბებასაც მეცნიერები წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე შედეგების მაუწყებლად მიიჩნევენ. მიუხედავად მკაფიო გაფრთხილებებისა, ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებები ხშირად კვლავ ქაღალდზე რჩება.
REN21-ის 2025 წლის ანგარიშის მონაცემებით, 90 ქვეყანას უკვე აქვს ნულოვანი ემისიების მიზანი, თუმცა მათგან მხოლოდ 68 ასახელებს 2050 წელს საბოლოო ვადად. თვალსაჩინოა მნიშვნელოვანი სხვაობა – კაბო-ვერდე მიზნად ისახავს 2025 წელს, ხოლო ინდოეთი მხოლოდ 2070 წელს. ასევე, 43 ქვეყანას მიზანი მხოლოდ დეკლარაციის დონეზე აქვს და ის პოლიტიკურად დაუფიქსირებელი რჩება. ეს ასახავს გლობალური ვალდებულებების ზრდის პარალელურ სისუსტეს: მიზნების გამოცხადება გაცილებით ადვილია, ვიდრე მათი განხორციელება.
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯი უკან. ამბიციები ხშირად მიუღწეველი ხდება, როცა კონკრეტული მოქმედებების დრო დგება.
კლიმატის პოლიტიკა, თავისი არსით, სტრატეგიების ერთობლიობაა, რომელიც მიმართულია როგორც სათბური გაზების ემისიების შემცირებისკენ, ისე ადაპტაციისკენ – ადამიანებისა და ეკონომიკის მომზადებისკენ გარდაუვალი ცვლილებებისთვის. ის, უმეტესად, ეროვნული მთავრობების მიერ იქმნება, თუმცა ხშირად ჩნდება კონფლიქტი სხვადასხვა დონეს შორის: ვაშინგტონის შტატის პოლიტიკა განსხვავდება აშშ-ის ფედერალური მიდგომისგან, ხოლო ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა ზოგჯერ ეწინააღმდეგება ცალკეული ქვეყნების ინტერესებს.
კლიმატის პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია ნახშირბადის ფასიანი მექანიზმები – გადასახადები და ემისიებით ვაჭრობის სისტემები (ETS). დასავლეთის ათეულობით ქვეყანამ უკვე დააკავშირა ეს პოლიტიკა ნულოვანი ემისიების მიზნებთან. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნიდერლანდები, ისევე როგორც მსხვილი დამაბინძურებლები – ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია -ერთდროულად იყენებენ ორივე მიდგომას. ამის საპირისპიროდ, აშშ და რუსეთი იმ 45 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ნულოვანი ემისიების მიზანი აქვთ, მაგრამ ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკა არ დაუწესებიათ.
სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია და მექსიკა იმ რვა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკვე შემოიღეს ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკა, მაგრამ ნულოვანი ემისიების მიზანი ჯერ არ დაუდგენიათ. ეს პარადოქსული სურათი მიუთითებს პოლიტიკის ფრაგმენტულობაზე და არა კოორდინირებულ გლობალურ მიდგომაზე.
სად მოქმედებს კლიმატის პოლიტიკა – 2024 წელი
რუკაზე მოცემულია კლიმატის პოლიტიკის გეოგრაფიული გაფართოება, თუმცა რეგიონებს შორის განსხვავებები თვალსაჩინოა: ზოგი ქვეყანა მხოლოდ მიზნებს ისახავს, ზოგს მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმები აქვს, ხოლო ზოგიერთი ორივე მიმართულებას აერთიანებს. ეს მრავალფეროვნება ნათლად ცხადყოფს, რომ გლობალური მიდგომა ჯერ კიდევ არ არის ერთგვაროვანი.
გარდა ამისა, არსებული მექანიზმების შინაარსი ხშირად სუსტია. ანალიტიკოსების შეფასებით, ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკების უმეტესობა მხოლოდ ეროვნული ემისიების მცირე ნაწილს მოიცავს ან კონკრეტულ სექტორებზეა ორიენტირებული. მაგალითად, 51 ქვეყანა მოიცავს ინდუსტრიიდან წარმოშობილ ემისიებს, 45 – ტრანსპორტის სექტორს (მათ შორის ავიაციას), მხოლოდ 23 – შენობების ემისიებს, ხოლო მხოლოდ 17 – სოფლის მეურნეობას. ეს სექტორული არათანაბრობა კიდევ უფრო ამცირებს პოლიტიკის ეფექტურობას.
ამასთან, კლიმატის პოლიტიკას თანმდევი სარგებელიც გააჩნია: ჰაერის დაბინძურების შემცირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება (სიარული, ველოსიპედით მგზავრობა, ხორცის მოხმარების შემცირება) და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება ნავთობის იმპორტის შემცირებით. თუმცა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიიჩნევენ მოქალაქეები ამ პოლიტიკას, როგორ აისახება ის ღარიბ მოსახლეობაზე, რა გავლენას ახდენს კონკრეტულ ოჯახებზე და რამდენად გასაგებადაა კომუნიკაცია განხორციელებული.
გლობალური კლიმატის პოლიტიკა დღეს მეტად წინააღმდეგობრივ სურათს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ვალდებულებების რაოდენობა იზრდება, და ქვეყნები საჯაროდ აცხადებენ ამბიციურ გეგმებს. მეორე მხრივ, რეალური ქმედებები ფრაგმენტულია, სექტორულად შეზღუდული და ზოგჯერ უკან გადადგმული ნაბიჯებითაც ხასიათდება.
თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ ქაღალდზე არსებული მიზნების პრაქტიკაში გადაყვანას, 1.5°C-იანი ზღვარი არა მხოლოდ გადაჭარბებული იქნება, არამედ სრულიად მიუღწევად გახდება. კლიმატის პოლიტიკა უკვე აღარ არის მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხი – ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან, რაც მას თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად აქცევს.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები:
https://www.statista.com/chart/34679/countries-with-enacted-climate-change-policies/