მასწავლებლის ფიქრი და საზრუნავი თანამედროვე სამყაროს მოქალაქეა. ჩვენს მოსწავლეებს ყოველი ახალი დღე გუშინდელზე განსხვავებულ სამყაროს სთავაზობს. ვიცით, რომ ცოდნა მხოლოდ წიგნებში აღარ ცხოვრობს. დღეს, თითქმის ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ერთ წამში შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ღირებულ პასუხს მაინც ფიქრი და მსჯელობა სჭირდება. თანამედროვე მოსწავლეს მზა პასუხები თითქოს ეხმარება, თუმცა, ამავდროულად, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
დღეს, სკოლა უნდა იყოს სივრცე, სადაც მოსწავლე არა მხოლოდ ინფორმაციას მიიღებს, არამედ შეძლებს ამ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას და დამუშავებას, გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობის აღებას და ინფორმაციის შინაარსზე დამოკიდებულების გამოხატვას. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას უკავშირდება, სადაც მოსწავლე იგრძნობს, რომ აქ მისი აზრი მნიშვნელოვანია და მისი განსხვავებულობა – ღირებული.
მოსწავლეების მოლოდინი ისეთი სკოლაა, რომელიც რეალურ ცხოვრებას უკავშირდება და მასწავლებელს, რომელიც უსმენს, უტოვებს სივრცეს კითხვებისთვის და აჩენს მოტივაციას პასუხების ძიებისთვის. ისინი საჭიროებენ განათლებას, რომელიც მათ მომავლისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს.
ასეთ რეალობაში მასწავლებლის როლი განსაკუთრებულია. ის აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი – ის, მოსწავლეებთან ერთად, მომავლის მშენებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ფიქრი, წავახალისოთ, დასვან შეკითხვები, ვასწავლოთ ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა და ეს იყოს გაკვეთილის ბუნებრივი ნაწილი. დავაკავშიროთ გაკვეთილი რეალურ ცხოვრებასთან – პროექტებით, ადგილობრივი და გლობალური პრობლემების მაგალითებით. განვუვითაროთ ციფრული წიგნიერების უნარები – ინფორმაციის გადამოწმება, ონლაინ უსაფრთხოება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ტექნოლოგიის ეთიკური გამოყენება. შევქმნათ დიალოგის სივრცე – მოსმენის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, საერთო გამოსავლის ძიების. ვიყოთ მოქნილი ახალი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და მიდგომების მიმართ. მუდმივად ვიზრუნოთ პროფესიული ზრდისთვის.
ალბათ, წერილის კითხვისას გაიფიქრებთ, რომ მხოლოდ ვალდებულებისგან შემდგარი ჩამონათვალია და არაფერი მასწავლებლის მოტივაციაზე, მათი წახალისების ფორმებზე, პროფესიის პოპულარიზაციაზე. ამის შესახებ გვისაუბრია და მომავალშიც ვისაუბრებთ. ჩვენს რთულ პროფესიაში პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სჭირდება თუ არა ამას დაფასება? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – რა თქმა უნდა. როდის და როგორ? ალბათ უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუკი გეტყვით, რომ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული.
მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა
რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან ნიკოლეშვილი
დიზაინერი– ბესიკ დანელია
მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი
ნომრის ავტორები:
მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, თამთა კობახიძე, ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე, თემურ სუყაშვილი, მარიამ გოდუაძე, ლელა კოტორაშვილი, დიანა ანფიმიადი, მეგი კავთუაშვილი, ნანა აბულაძე, თამთა დოლიძე, მაკა სახურია, ლელა მანგოშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, ირმა ტაველიძე, შორენა ტყეშელაშვილი, ნასტასია არაბული, ინა იმედაშვილი.
ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან: