ლიტერატურა, ლოთები და მე

ჩემი უბნის ლოთების ხსოვნას

ქართული ლიტერატურული ისტორია სუფრისა და ღვინის შესახებ ძალადობრივი სცენით იწყება. „ხოლო ცოლმან ჯოჯოკისამ მიართუა ღვინოი ჭიქით და აიძულებდა მას, რაითამცა იგი ხოლო შეესუა, ჰრქუა მას წმინდამან შუშანიკ რისხვით:

_ ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!

და განყარა ხელი და ჭიქაი იგი პირსა შეალეწა და ღვინოი იგი დაითხია”

იაკობ ხუცესის მიერ აღწერილი ეს სცენა განსაკუთრებულად მიყვარს, უპირველესად იმიტომ, რომ პასიური პროტესტის გზაზე დამდგარ დედოფალს გზის დასაწყისში მაინც აბედვინებს აქტიურ წინააღმდეგობას, მერე რა, რომ სრულებით არ ჰგავს ქრისტიანობის სახელით მებრძოლი გმირის სცენას, მერე რა რომ, შეიძლება განწირული ადამიანის გედის სიმღერაა, ანდა ძალადობის მომლოდინე ადამიანის სულსწრაფობა, დროზე მოხდეს მოსახდენი. პერსონაჟი სწორედ მაშინ არის საინტერესო, როცა მისი ქმედების მოტივაცია საკუთარი ხასიათის, ასაკის ან თუნდაც იმწუთიერი განწყობის მიხედვით შეგიძლია ახსნა.

ქართული ლიტერატურა მერეც ბევრჯერ შეეცდება აღწეროს სუფრა, ხან იდეალური, ამაღლებული, რაინდული სულისკვეთებით აღსავსე, ხან შარისა და ძალადობის აშკარა გამოვლინება.

ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანსაც ალკოჰოლთან და სუფრასთან საკმაოდ მრავალგვარი გამოცდილება აქვს, მაგრამ ერთი რამე არაა სადაო, სუფრა და ალკოჰოლი ერთად მოიაზრება. რუსთაველთანაც კი ასეა:

„შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა,
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა,
ჯამი და ჭიქა ყველაი – ფეროზისა და ლალისა,

არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა. „

უფრო მეტიც, ქართულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება თუ გინდა, კარგად უნდა სვამდე, ალკოჰოლის მიმართ გამძლეობა ძლიერების, მამაკაცური საწყისის, ზოგადად ქართველობის წინაპირობაა.

ამას წინათ ჩემმა სტუდენტმა, რომელიც ქართველი კია, მაგრამ მხოლოდ სამი წელია რაც აქ ცხოვრობს, შემომჩივლა, რომ აქაურ საზოგადოებაში ისევ უცხოდ რჩება, რადგან ორ-სამ ჭიქაზე მეტს ვერც სვამს და ამის არც სურვილი აქვს.

ჩვენი შვილებიც ალკოჰოლის ფონზე იზრდებიან. ქართულ ოჯახში ან „ქართული სუფრის აკადემიის” კულტია, ან ლოთი მამა, ან ყანწმომარჯვებული პაპა-ბაბუა, ან ლუდის ფულის შოვნაზე გაფაციცებული უსაქმური მეზობლები, რომლებიც ეზოში გამუდმებით სვამენ. ჩვენ ჩვენი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი, ისინი – თავიანთს აგროვებენ. ვისთვის მაგალითად დარჩება, ვისთვის სტრესად, ვისთვის გამოცდილებად, რომელიც არ უნდა გაიმეოროს.

ლიტერატურაშიც ასეა, იდეალურ სცენებს ქართული სუფრისა, ვთქვათ, აკაკი რომ აღწერს „თორნიკე ერისთავში”, ენაცვლება კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლიდან” კირილეს სახე, სახე დებოშიორი, დროსტარებაზე დახარბებული პერსონაჟისა, რომლისთვის ეს „დროსტარება” სმა-ჭამასთან ერთად აუცილებლად გულისხმობს ჩხუბსა და დავიდარაბას, როგორც თავგადასავალს, რადგან მისი საასპარეზო სივრცე სუფრაა, სხვაგან არაა აქვს გასაქანი, სუფრის ცხოვრებას ცხოვრობს, აქ უნდა დაიკმაყოფილოს თავისი ვნებები, აქ უნდა მოერიოს, აქ უნდა დამარცხდეს, ან აქ უნდა გამოძვრეს სიტუაციიდან. ვფიქრობ, თითო კირილე ყველა ჩვენგანის ბავშვობის მოგონებაშია. რაც არ უნდა იდეალური ყოფილიყო საბჭოთა სუფრა, როგორც ცენზურისგან თავისუფალი სივრცე, ალბათ ყველა ოჯახს მოეპოვებოდა თითო შარიანი ნათესავი, მეგობარი ან მეზობელი მაინც, რომელიც დალევდა და „სოფლის ვარამს” ბოღმად ან შეურაცხყოფად ათხევდა.

ასეთი ჩემს ბავშვობაშიც იყო, ლოთი და ბოღმიანი ბიძა, რომლის მოსვლასაც დაძაბული ველოდი და მართალია, მამა ახერხებდა ხმაურის გარეშე გაერიდებინა საჭირო დროს, მაინც ძალიან მეშინოდა.

არსებობდნენ სხვანაირი ლოთი ბიძებიც:

„ნიბლია ჩიტს ეძინებაო, –
იტყოდა ბიჭი, ორთქლზე ხელებმიფიცხებული,
ლოთი და თვინიერი,
რომელიც ბიძა იყო ჩემი,
და რომელსაც
მხოლოდ დიდმა სისუსტემ და უმწეობამ მისცა ძალა,
ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის.
ორთქლზე ხელებმიფიცხებული
ჩემს ხსოვნაში ასეთად დარჩა!”

(ელა გოჩიაშვილი)

უცნაურია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რომ ვუფიქრდები, ასე მგონია, დედაჩემს მხოლოდ ლოთების სიყვარულში ვგავარ.

დედა მთარგმნელობით სარედაქციო კოლეგიაში მუშაობდა, რომელიც ათასგვარი ხელმოცარულის თავშესაფარი იყო. საქმეს ერთი პატარა გუნდი აკეთებდა, დანარჩენები ხელფასს იღებდნენ, საბჭოთა ხელისუფლებას ემალებოდნენ, მუქთახორობის მუხლით რომ არ გაესამართლებინათ.

მათ შორის ბევრნი იყვნენ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ლოთები, თვინიერები, საწყლები, ეპატაჟურობის ძალაც რომ აღარ ჰქონდათ შერჩენილი.

მთელი ბავშვობა მახსოვს, როგორ ზრუნავდა დედა მათზე, პატრონობდა საავადმყოფოში მოხვედრილებს, მიჰქონდა ტანსაცმელი, ხანდახან არაყიც.

რომ გავიზარდე და ფეხზე დავდექი, ვერც შევამჩნიე, ისე გავხდი უბნის ლოთების უსაყვარლესი ადამიანი.

საბჭოთა გასტრონომი, რომელთანაც ჩემს ბავშვობაში იკრიბებოდნენ, თანამედროვე მარკეტებმა ჩაანაცვლა, ოღონდ შედარებით პატარებმა და კეთილმოუწყობლებმა, ისეთებმა, რომლებიც იაფფასიანი, ვთქვათ ჩამოსასხმელი არყის გაყიდვას არ თაკილობდნენ.

ისინი მელოდნენ, ზოგიერთმა ჩემზე უკეთ იცოდა ჩემი მრავალგვარი სამსახურების არეულ-დარეული გრაფიკი, იცოდნენ ისიც, თუ მქონდა, აუცილებლად დავეხმარებოდი, დაელიათ თავიანთი დღიური ნორმა. თვითონაც ცდილობდნენ რაღაცაში მაინც დამხმარებოდნენ, ვთქვათ, ჩანთები გამოერთმიათ, ან სამშენებლო ნაგავი გაეტანათ სადარბაზოდან. თითოეულს თავისი ტკივილი, თავისი დამარცხების ლეგენდა ჰქონდა.

მერე ნელ-ნელა დაიხოცნენ.

ამ შემოდგომაზე უკანასკნელი მათგანი გაქრა უბნიდან. ახლა ქუჩა თითქოს ცარიელია. ადამიანებიც არიან და ლოთებიც, მაგრამ ესენი უკვე ჩემი თაობაა, ორმოცი-ორმოცდაათი წლის კაცები, რომლებიც არანაირ თანაგრძნობას აღარ ამიძრავენ.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ ხოლმე, რატომ მიყვარდნენ, რატომ გავცემდი მათთვის და იმ თანხებს უფრო ჭკვიანურად, ვთქვათ, უფრო ობიექტური მიზეზებით გაჭირვებული ადამიანებისთვის არ ვინახავდი?

შეიძლება საბჭოთა წარსული ამართლებდათ ჩემს თვალში. შეიძლება ქართველი კაცების იმ ნაწილს ვადარებდი, რომლებიც სვამენ, სვამენ და მაინც არ ჰქვიათ ლოთები, არ ჰქვიათ, რადგან არ ჰყოფნით ძალა საკუთარი ხელჩაქნეულობა ბოლომდე აღიარონ და საზოგადოებაც ძალიან ჩვეულებრივად ღებულობს მათ გაუთავებელ სმასა და ქეიფს.

ესენი თითქოს უფრო მართლები იყვნენ.

სანამ სამყარო ბავშვი იყო და ყველას ცალკე პლანეტა ჰქონდა, ერთ-ერთზე ლოთიც ცხოვრობდა:

„მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო.

_ რას აკეთებ აქ? _ ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი სავსე და ცარიელი ბოთლი ელაგა.
_ ვსვამ, _ პირქუშად მიუგო ლოთმა.
_ რატომ სვამ?
_ რომ დავივიწყო.
_ რა უნდა დაივიწყო? _ ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი.
_ დავივიწყო, რომ მრცხვენია, გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.
_ რისი გრცხვენია? _ შეეკითხა პატარა უფლისწული და მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.
_ მრცხვენია, რომ ვსვამ. _ დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.
პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია”, _ გაიფიქრა მან და გზა განაგრძო.”

ლოთები ალბათ ყოველთვის იქნებიან, ჩვენი პატარა უფლისწულებიც დაფიქრებულნი გაუვლიან გვერდზე, მაგრამ არ მინდა, რომ საზოგადოება, სახელწიფოს მდგომარეობა ან რაიმე სხვა საყოველთაო მიზეზი ამართლებდეს ადამიანის მიერ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას.

კომენტარები

comments