ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების როლი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის შეყვარებაში ფასდაუდებელია. სწორედ ისინი აცნობენ ბავშვებს მოძრაობის სიხარულს და ასწავლიან გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობას. თუმცა, ხშირად, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და სპორტული თამაშების წესების მშრალი ახსნა საკმარისი არ არის. ბავშვებს სჭირდებათ შთაგონება და ისტორიები, რომლებიც მათ აზარტსა და ინტერესს გაუღვიძებს. მსგავსი უჩვეულო და სახალისო ისტორიების გაზიარება მოსწავლეებს დაანახვებს, რომ ყველაზე ცნობილი სპორტული თამაშებიც კი ხშირად სრულიად მარტივი, მოულოდნელი ან კომიკური გარემოებებიდან იწყებოდა.
კალათბურთი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, ათლეტური, დინამიკური და პოპულარული სპორტის სახეობაა. მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ამ სანახაობას და ბავშვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცნებობენ, ჰგავდნენ თავიანთ კერპებს. თუმცა, მიუხედავად ამ გლობალური მასშტაბისა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი საწყისები საკმაოდ სპონტანური და უჩვეულო იყო – ის უბრალოდ შეიქმნა იმისთვის, რომ ცივი, სუსხიანი ზამთრის დღეებში მოწყენილი და მოუსვენარი სტუდენტები დახურულ სპორტულ დარბაზში რამით დაეკავებინათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო ფაქტს კალათბურთის ისტორიიდან, რომლებიც აუცილებლად გაახალისებს თქვენს გაკვეთილებს, დაგეხმარებათ ბავშვების ყურადღების მიპყრობაში და საყვარელ თამაშს მათ სრულიად სხვა რაკურსით დაანახვებს.
- კალათბურთს ატმის შესაგროვებელი კალათებით თამაშობდნენ
ცნობილია, რომ კალათბურთის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატში ქალაქ სპრიგფილდის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს ჯეიმს ნეისმიტს შეექმნა პრობლემა: ზამთრის პერიოდში არსებული ცუდი კლიმატური პირობების გამო საჭირო გახდა თამაშის შექმნა დახურული ნაგებობებისთვის, რათა გაემრავალფეროვნებინა ტანვარჯიშის გაკვეთილები. მას არ ჰქონდა თანამედროვე რგოლები და ბადეები. თავდაპირველად მას კვადრატული ყუთების გამოყენება სურდა და სკოლის დარაჯს სთხოვა მათი მოძიება. თუმცა, დარაჯმა ყუთების ნაცვლად მხოლოდ ატმის შესაგროვებელი ორი ძველი კალათა იპოვა და ისინი სპორტული დარბაზის აივანზე, ზუსტად 10 ფუტის (3.05 მეტრის) სიმაღლეზე მიამაგრა. სწორედ აქედან იღებს სათავეს კალათის სტანდარტული სიმაღლე, რომელიც დღემდე უცვლელია.
ყველაზე სასაცილო დეტალი: ამ კალათებს ფსკერი არ ჰქონდათ ამოჭრილი! ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე გუნდი ბურთს კალათში მოათავსებდა და ქულას აიღებდა, თამაში ჩერდებოდა. მსაჯს უნდა მიეტანა სპეციალური კიბე, ასულიყო და ბურთი ხელით ამოეღო. მოგვიანებით, პროცესის დასაჩქარებლად კალათის ძირში პატარა ხვრელი გააკეთეს, რათა ბურთი გრძელი ჯოხით ამოეგდოთ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ (დაახლოებით 1906 წელს) მიხვდნენ, რომ კალათისთვის ძირის მთლიანად ამოჭრა და რკინის რგოლების გამოყენება გაცილებით მარტივი და პრაქტიკული იქნებოდა, რამაც თამაშის ტემპი საგრძნობლად გაზარდა.
- კალათბურთს ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ
თავდაპირველად კალათბურთისთვის სპეციალური ბურთი არ არსებობდა. როდესაც ჯეიმს ნეისმიტმა თამაში გამოიგონა, პირველი მოთამაშეები ჩვეულებრივ ფეხბურთის ბურთს იყენებდნენ. თუმცა, იმდროინდელ საფეხბურთო ბურთებს უხეში თასმები (გარედან შესაკრავი ძაფები) ჰქონდა. იატაკზე დაცემისას ბურთის ტრაექტორიის გამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომაც დრიბლინგი საწყის ეტაპზე ძალიან რთული და არაპრაქტიკული აღმოჩნდა.
პირველი ნამდვილი, სპეციალურად კალათბურთისთვის განკუთვნილი ბურთი მხოლოდ 1894 წელს ნეისმიტის თხოვნით ერთ-ერთმა კომპანიამ დაამზადა. ეს ბურთები ტყავისგან მზადდებოდა და მუქი ყავისფერი იყო. დროთა განმავლობაში თამაში უფრო სწრაფი გახდა და ყავისფერი ბურთის დანახვა მოთამაშეებსა და მაყურებლებს უჭირდათ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 1950-იანი წლების ბოლოს, ბატლერის უნივერსიტეტის მწვრთნელმა, ტონი ჰინკლმა, კომპანია Spalding-თან თანამშრომლობით შემოიღო სტანდარტული ნარინჯისფერი ბურთი, რომელიც გაცილებით თვალსაჩინო იყო და დღემდე კალათბურთის უცვლელ სიმბოლოდ რჩება.
- დრიბლინგი (ბურთის ტარება) თავიდან აკრძალული იყო
ჯეიმს ნეისმიტის მიერ შემუშავებული თავდაპირველი 13 წესის მიხედვით, მოთამაშეს კატეგორიულად ეკრძალებოდა ბურთით სირბილი ან დრიბლინგი. ამ წესის მთავარი მიზანი უსაფრთხოება იყო – ნეისმიტს სურდა, თავიდან აერიდებინა რაგბისა და ამერიკული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი უხეში ფიზიკური კონტაქტი, დაჯახებები და ტრავმები. შესაბამისად, როდესაც მოთამაშე ბურთს მიიღებდა, მას იქვე უნდა გაეჩერებინა მოძრაობა (თუ დიდი სისწრაფით მირბოდა, ნებადართული იყო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გასაჩერებლად), რათა ბურთი თანაგუნდელისთვის გადაეწოდებინა, ან პირდაპირ კალათისკენ ესროლა.
თამაში უფრო მეტად ჰგავდა გადაწოდებების სერიას და ბევრად სტატიკური იყო. ბურთის იატაკზე დაცემით ტარება მოთამაშეებმა თავად, ინსტინქტურად მოიგონეს. თავდაპირველად მათ დაიწყეს ბურთის იატაკზე დანარცხება და ჰაერშივე დაჭერა, რასაც „საკუთარი თავისთვის გადაწოდებას“ ეძახდნენ. ეს ინოვაცია პირველად 1897 წელს იელის უნივერსიტეტის გუნდმა გამოიყენა. ოფიციალურად, ერთი დაცემით დრიბლინგი 1901 წელს დაუშვეს, თუმცა მოთამაშეს ამის შემდეგ სროლის უფლება არ ჰქონდა. თანამედროვე, უწყვეტი დრიბლინგი, რომლითაც მოთამაშეს ბურთის ტარებაც შეუძლია და სროლაც, თამაშის განუყოფელი ნაწილი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა.
- კალათბურთის ფარი მაყურებლებისგან თავდასაცავად გამოიგონეს
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აქვს კალათბურთის რგოლს უკან ფარი? თავდაპირველად კალათები სპორტული დარბაზის აივნებზე იყო მიმაგრებული. თამაშის დროს, აივანზე მსხდომი გულშემატკივრები ხშირად ხელს უშლიდნენ თამაშს – ისინი იჭერდნენ მეტოქე გუნდის ნასროლ ბურთებს, ხელს კრავდნენ მოთამაშეებს ან პირიქით, ფეხებითა და ხელებით ეხმარებოდნენ თავისიანებს ბურთის ჩაგდებაში. სწორედ ამიტომ, 1893 წელს, მაყურებლებისა და ბურთის იზოლირების მიზნით, კალათის უკან მავთულხლართის ბადე დაამაგრეს, რომელიც 1895 წელს მყარი ხის ფარით ჩაანაცვლეს.
თუმცა, ხის ფარმა ახალი პრობლემა შექმნა – მის უკან, აივანზე მსხდომი გულშემატკივრები თამაშს ვეღარ ხედავდნენ. ამის მოსაგვარებლად 1900-იანი წლების დასაწყისში ხის ფარები გამჭვირვალე მინის ფარებით შეიცვალა. ამ იძულებითმა ზომამ თამაში სამუდამოდ შეცვალა. მოთამაშეებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ფარიდან ასხლეტილი ბურთის ჩაგდება ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური იყო. ასე გაჩნდა კალათბურთში ბურთის „მოხსნის“ და ფარიდან სროლის კონცეფცია, რაც დღეს თამაშის განუყოფელი ულამაზესი ნაწილია.
- პირველი ისტორიული მატჩის ანგარიში: 1- 0
თანამედროვე NBA-ს მატჩებში გუნდები ხშირად 100-ზე მეტ ქულას აგროვებენ და თამაში წარმოუდგენლად შედეგიანია, თუმცა ისტორიაში პირველი კალათბურთის მატჩი, რომელიც 1891 წლის 21 დეკემბერს სპრინგფილდის კოლეჯში გაიმართა, საკმაოდ მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 დასრულდა. მოედანზე ერთდროულად 18 ადამიანი იმყოფებოდა – 9 მოთამაშე 9-ის წინააღმდეგ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯეიმს ნეისმიტის კლასში ზუსტად 18 სტუდენტი იყო და მან უბრალოდ ჯგუფი ორ თანაბარ ნაწილად გაყო. თამაში, რომელიც დაახლოებით 30 წუთს (ორი 15-წუთიანი ტაიმი) გაგრძელდა, სავსე იყო ქაოსით, ჯარიმებითა და აცილებული სროლებით, რადგან არცერთმა მოთამაშემ არ იცოდა, ზუსტად როგორ უნდა ეთამაშა და სროლაც უჩვეულო ატმის კალათებში უწევდათ. ერთადერთი და ისტორიული გამარჯვების მომტანი სროლა სტუდენტმა, უილიამ ჩეიზმა განახორციელა დაახლოებით 7.5 მეტრის დისტანციიდან. მისი ზუსტი ტყორცნის შემდეგ, ბურთი კალათში ჩავარდა და კაცობრიობის ისტორიაში პირველი საკალათბურთო დაპირისპირებაც სწორედ ამ ერთი ქულით დასრულდა.
რჩევა მასწავლებლებს: გაკვეთილის მსვლელობისას ამ ისტორიული ფაქტების გამოყენება საუკეთესო გზაა მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად და მათი ჩართულობის გასაზრდელად. როდესაც მათ ახალ ტექნიკურ ელემენტს, მაგალითად, დრიბლინგს ასწავლით, შეგიძლიათ ღიმილით უთხრათ: „წარმოიდგინეთ, 130 წლის წინ ამის გაკეთების უფლება არ გექნებოდათ და მსაჯი მაშინვე დაგაჯარიმებდათ!“. შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ – სთხოვეთ ბავშვებს, 3-4 წუთის განმავლობაში ითამაშონ კალათბურთი ისე, როგორც 1891 წელს თამაშობდნენ: ბურთის იატაკზე დაცემის, ანუ დრიბლინგის გარეშე, მხოლოდ გადაწოდებებით. ეს პრაქტიკული სავარჯიშო მათ თვალნათლივ დაანახებს, რამდენად რთული იყო საწყისი წესები. ასევე, როდესაც ვინმე ბურთს ფარიდან ჩააგდებს, შეახსენეთ, რომ ეს ფარი თავდაპირველად მხოლოდ ცელქი მაყურებლებისგან თავდასაცავად გამოიგონეს. შეგიძლიათ ხუმრობით ჰკითხოთ: „აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მაყურებლის სიცელქე კალათბურთს ასეთ მნიშვნელოვან ილეთს შესძენდა?“. ეს მცირე, სახალისო ისტორიები და ინტერაქციული მიდგომები დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ სპორტის ევოლუცია. შედეგად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი აღარ იქნება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა, ის გადაიქცევა შემეცნებით, სახალისო პროცესად, რომელსაც მოსწავლეები მეტად შეიყვარებენ და ყოველთვის დიდი ინტერესით დაელოდებიან.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Encyclopedia Britannica https://www.britannica.com/sports/basketball
- “Where Basketball was Invented: The Birthplace of Basketball”. https://springfield.edu/about/birthplace-of-basketball
- “Who Invented Basketball?” https://www.history.com/articles/how-a-canadian-invented-basketball


