თინეიჯერთა სახიფათო თამაშები

რა მოხდება, თუ ადამიანები ზნეობას უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე მოისვრიან?

რა მოხდება, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ?

რა მოხდება, თუ ადამიანები ცხოვრებას გასართობად, თამაშად აქცევენ, ყოველივეს, ღირებულსა და ფასეულს აბუჩად აიგდებენ, დაამცირებენ, შეურაცხყოფენ? 

თანამედროვე გერმანელი მწერალი იული ცე თავის რომანში („თამაში”) წარმოაჩენს ახალგაზრდა თაობას, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული გაუფასურებული იდეალების ამარაა. რას იზამს ეს თაობა? შეეჭიდება განსაცდელს და შეეცდება შეაჩეროს კაცობრიობის დაცემის პროცესი, თუ გააგრძელებს სახიფათო დაღმასვლას უფსკრულისკენ, რომელსაც თავს ვეღარ დააღწევს.  რომანში   წარმოჩენილია ბედი ყმაწვილებისა, რომელთაც წინა თაობებისაგან გადმოეცათ ათასგვარი შიში, დედამიწის აპოკალიფსური განადგურებისა თუ ზნეობრივი გადაგვარებისა. 

ადამიანს ღვთისგან მიეცა უნარი გადარჩენისა. ეს უნარი განსაკუთრებით მძლავრობს მოზარდებში, რომლებიც გამოდიან ბავშვობის სამოთხიდან და პირდაპირ ცხოვრების ჯოჯოხეთის ხახაში ცვივდებიან, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ასე რომ, სიცოცხლე ემსგავსება „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” (მარკესი). ყველა გონიერმა იცის, რომ  მადლისაგან დაცლილ დედამიწას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს, მაგრამ არსად ჩანს სიყვარულისთვის თავგანწირვა, ან ისე ცოტაა მისი მაგალითი, რომ აღარავის სჯერა. 

იული ცე გერმანიაში დღეს  თანამედროვე მწერალთა შორის ყველაზე პოპულარულია. მისი რომანი „თამაში” 2004 წელს დაიწერა და უკვე  16 ენაზე ითარგმნა. ქართულ  ენაზე კი მაია მირიანაშვილმა თარგმნა. 

რომანის მთავარი პერსონაჟი 15 წლის გოგონა, ადა, და მისი მეგობრები არიან, რომლებიც ერნსტ-ბლოხის გიმნაზიაში სწავლობენ. ასე რომ, მკითხველის თვალწინ იხატება თანამედროვე აღზრდის სისტემაც და  მისი ნაყოფიც _ თაობა, რომელსაც, მიუხედავად წიგნიერებისა, არავითარი ღირებული ინტერესი არ გააჩნია. მწერალი ზედმიწევნით აღწერს თინეიჯერთა ყოფას, მშობლებისა და შვილების, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთობას. იგი სიღრმისეულად წარმოაჩენს თანამედროვეობას, რომელიც ადამიანს წირავს გაუცხოებისა და მარტოსულობისთვის.

მწერალი შესანიშნავად იცნობს მოზარდთა ფსიქოლოგიას, ამიტომაც დამაჯერებლად ხატავს მათი ფიქრის, განსჯისა და ქცევის მოტივაციებს. თანვე,  არსობრივად ერკვევა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების გლობალურ პროცესებში. ეს მას საშუალებას აძლევს მასშტაბურად წარმოაჩინოს Dდღევანდელობის პრობლემები.  დანგრეული ოჯახის შვილია ადა, რომლის ფსიქიკაზეც სარკესავით აირეკლება  არა მხოლოდ მის ოჯახსა და ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მომდინარე მოვლენები, სავსე ტერორისტული თავდასხმებითა და ეკოლოგიური კატასტროფებით. 

ადას სულიერ-ზნეობრივ სახეს აყალიბებენ, ერთი მხრივ, წიგნები, განსაკუთრებით ისეთნი, რომლებიც მსოფლიო ნგრევასა და საყოველთაო გაუცხოებას წინასწარმეტყველებდნენ, უპირველესად, ნიცშე, თავისი ნიჰილიზმითა და ზეადამიანზე ქადაგებით, მეორე მხრივ, საზოგადოება, ტექნიკურ პროგრესსა და მატერიალურ კეთილდღეობას გამოკიდებული, სხეულისა და ხორციელი ლტოლვების მაღმერთებელი და სულიერ მისწრაფებათა დამვიწყებელი. 
საგულისხმოა, რომ გიმნაზიაში ადას მასწავლებელი, კომუნისტური პოლონეთიდან დევნილი სმუტეკი, მოსწავლეებს მუზილის „უთვისებო კაცს” ასწავლის, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის  შინაგან სიცარიელეს. ადასთვის სწორედ ეს უთვისებობა იქცევა ერთგვარ იდეალად. უთვისებობა მას წარმოუდგება, როგორც გადარჩენის გზა. უთვისებობა, რომელიც შეაძლებინებს წაშალოს ზღვარი ტანჯვასა და ბედნიერების  განცდას შორის, ყველაფერი სულერთი იყოს: „ადა  უთვისებოა და ამგვარად უდანაშაულო”. ადა სულით მაძიებელია, ცდილობს ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა ანალიზს, საკუთარი სივრცის პოვნას, სადაც ის იქნება თავისუფალი, მაგრამ ყველგან  სიცარიელეს,  უმიზნობას, უფუნქციობას აწყდება. რომანში არის შეხმიანება არა მხოლოდ ნიცშესა და ეგზისტენციალისტებთან, აგრეთვე კაფკასთანაც, რომელმაც ადამიანური  გაუცხოება  და უფუნქციობა მთელი თავისი ტრაგიზმით გამოხატა. 

ადას თაობა  (განსაკუთრებით,  ადა და მისი მეგობარი ალეფი, ნახევრად ეგვიპტური წარმოშობის ყმაწვილი) უფროსებს დაკარგულებად მიიჩნევენ, რომელთაც ილუზიური შეგრძნება აქვთ, რომ აქ, ამ დროში, არსებობენ, საკუთარი ადგილი აქვთ.  ადას სჯერა, რომ სამყაროდან დაიკარგა სიწმინდე, შესაბამისად, აღარც უმანკო გოგოებისთვისაა ადგილი.  თუ გინდა გადარჩე, უმანკოება აბუჩად უნდა აიგდო, მოიშორო, უსარგებლო ნივთივით. მისი დაკვირვებით, ადამიანები მხოლოდ იმას აფასებენ, რაც გამორჩენას ჰპირდება. ამიტომაც ცდილობს, თვითონაც ასე მოიქცეს. სამყაროში, სადაც ატომური ბომბები ცვივა, ადასთვის ზნეობა ზედმეტი ბარგია. ადასთვის ადამიანები ასე ხარისხდებიან: ისინი, რომლებიც ამ სამყაროს ეკუთვნიან, ე.ი. ცხოვრობენ თანამედროვეობის ღირებულებებით და გადარჩებიან და ისინი, რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნიან, რადგან ვერ აღიარებენ ამ ღირებულებებს. ისინი პირველთა სათამაშოების როლებისთვის არიან განწირულნი. თავიანთ „ფუნქციას” მხოლოდ პირველთა ხელში იძენენ, რომლებიც მათ ბედს განაგებენ. ეს არის ადას აღმოჩენილი კანონზომიერება.

ადას სჭირდება საყრდენი და პოულობს თავისზე რამდენიმე წლით უფროს მოსწავლეში, ალეფის სახით, რომელსაც ადასავით სჯერა, რომ ცხოვრება თამაშია, რომლის კანონებს ადგენს ვიღაც, არა უზენაესი, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველგვარ კანონებზე მაღლა დგას, რადგან მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ შემთხვევაში, ამგვარ მბრძანებლად ადასთვის ალეფი იქცევა. იგი ნებით ემორჩილება მას, რათა გათავისუფლდეს არჩევნის გაკეთების ფიქრისაგან: „ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩა, რისიც შეიძლება გვწამდეს, გვჯეროდეს.ßყველაფერი სულერთია”.
მათი აზრით, მხოლოდ თამაშშია შესაძლებელი იგრძნონ ადამიანებმა ჭეშმარიტი თავისუფლება. თამაში თანასწორუფლებიანობას ჰპირდება ყველა თანამონაწილეს და ასევე სამართლიანობას, რადგან თამაშს საკუთარი წესები აქვს. ალეფისა და ადას წამოწყებული თამაში სახიფათოა არა მხოლოდ ორივესთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, მაგრამ მათ ეს არ აღელვებთ.  მამა _ მამინაცვალი _ სმუტეკი _ ადასთვის ამგვარად ჩანაცვლდა მფარველისა თუ პატრონის სიმბოლო. მამა ღმერთი – შობიდანვე არ ჰყავდა, დაიბადა უღმერთო სამყაროში, მამამ მიატოვა, მამინაცვალი სუროგატია. სმუტეკი –მასწავლებელია, აღმზრდელი, სწორედ მასზე იძიებს შურს.  მისთვის ის საერთოდ, ძველი, მის შობამდე არსებული, სამყაროს სიმბოლოა, რომელიც მისთვის არარაობაა, რადგან მისი ცხოვრებისეული მიზანი სრულიად მიუღებელია მისთვის. 

ადას თავისუფლება სწყურია, გათავისუფლება ყველაფრისგან, მათ შორის, მშობელთა სიყვარულისა თუ სხვა მორალური ვალდებულებებისაგან. ცხოვრება თამაშია, მხოლოდ გარკვეულ ეპიზოდებში წარმოიქმნება მოჩვენებითი მოვალეობები და თამაშის დამთავრებისთანავე ქრება.  ეს არის ადასა და ალეფის (მათი თაობის)  გამოცხადებული ბრძოლა  სმუტეკის, იგივე მშობლების თაობის წინააღმდეგ.  ბრძოლა – თამაში, ოღონდ სასტიკი და დაუნდობელი, უშეღავათო. ბრძოლა ადამიანში პიროვნულობის განადგურების მიზნით.  ეს არის თაობა, რომელსაც არ სურს პიროვნულობა, არჩევნის უფლება. მას სურს ღვთის ნაცვალი, ვისაც დაემორჩილება, ვისაც აღიარებს, ერთგვარი ზეადამიანად, ამ შემთხვევაში, ადასთვის და მისი თანატოლებისთვის ეს  ალეფია, მათივე თანატოლი, აღმოსავლური ირაციონალური „ძალის” გამომხატველი. ძალისა, რომელიც, მათი აზრით, იდევნება ამერიკული და დასავლური რაციონალიზმის მიერ და რასაც შედეგად ტერორიზმი მოაქვს.  

რომანში არის ეპიზოდები, რომლებიც პერსონაჟთა ეგზისტენციალურ შიშს წარმოაჩენენ. მაგალითად,  სმუტეკს, „ძველმოდურ  იდეალისტს”,  ვეღარ გაურჩევია ძველი და ახალი, ადრინდელი მიზნები გაუფასურებული ეჩვენება. რა უნდოდა, რისკენ მიისწრაფვოდა: ოჯახური ბედნიერებისა და ღვთის რწმენისკენ? იყო კი ეს ჭეშმარიტი იდეალები? სჯეროდა კი ღვთისა? ჰქონდა კი მიზანი: „ვიყურები მაღლა, მაგრამ იქ ვარსკვლავებიც გამქრალა, მათი დიდი ნაწილი უკვე მოკვდა, ხოლო გადარჩენილის შუქი სივრცეში უაზრო მგზავრობას ჰგავს”. 

ადას მორალით, ადამიანს თანამედროვე სამყაროში გაძლებისთვის სპეციფიკური იმუნური სისტემა სჭირდება და აცრები, რაც გულისხმობს სწორედ ცინიზმს, შეურაცხყოფას, მორალის გაუქმებას. სად აღიზარდნენ ამგვარნი? თითქოს რაღაც ვირუსი შემოიჭრა დედამიწაზე „თანამედროვეობის” სახელით და დაიწყო ადამიანური გენეტიკური კოდების დაშლა. იმ მატრიცის შეცვლა, რომელიც ღვთისგან შექმნილ საიდუმლოდ იწოდებოდა.  თაობა – „უგრძნობი”, დაღლილი სულით _ თითქოს მამათა ცოდვების გამო დასჯილი, სხვათა უმადლობის გამომსყიდველი.  თვითონ სიცოცხლის წინააღმდეგ ამხედრებული: „სმუტეკი ხედავდა პატარა,  ცხოვრებისაგან სასიკვდილო განაჩენგამოტანილ 15 წლის გოგონას მოხუცის, უკვე დაბერებული სულით”. 

ეს არის თაობა მისაბაძი იდეალის გარეშე, მეფეების და ღმერთების  გარეშე, ყოველგვარი სურვილებისა და მომავლისადმი რწმენის გარეშე, ყოველგვარი სამაგალითო წარსულისა და მოგონებების გარეშე. Aამ თაობამ შეწყვიტა ინტერესი გმირთა ცხოვრების მიმართ, მათ აღარც მტერი აინტერესებდათ.  შეიძლება ითქვას, როგორც ასეთი, მათ არანაირი თაობა არ ეთქმოდა. Uუბრალოდ იყვნენ აქ, მხოლოდ როგორც რომელიღაც თაობის შვილები. ეს თაობა ვეღარ ასხვავებს ღვთისა და ეშმაკის ხმებს, მისთვის ყველაფერი სულერთია. თუმცა იციან, რომ სული გამუდმებით ისწრაფვის ღვთის რწმენისაკენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ახალი თაობის შემაშფოთებელ უზნეობას ზედმიწევნით წარმოაჩენს, მას მაინც სჯერა, რომ ხსნა არსებობს. ძველსა და ახალ თაობას შორის მრავალგზის ნატანჯმა სიყვარულმა უნდა გადოს ხიდი. თამაში კი, დაე, წიგნებში დარჩეს, მაგრამ ყოველდღიურობა ამტკიცებს, რომ ათასი ჯურის იდეოლოგიით შეპყრობილი ფანატიკოსები, რომანის უთვისებო გმირები წიგნიდან რეალობაში გადმოდიან და სიცოცხლის წინააღმდეგ სახიფათო თამაშს აგრძელებენ. 

კომენტარები

comments