ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფაზლი, ეტლი, წინდა (ჩვენი დროის ისტორიები)

„ჩემი ერთი შვილი მეორეს ზედ არ უყურებს. ეჭვიანობს ალბათ.

 – დედა სად გიყვარს?

– მამა?

– მამა სად გიყვარს?

– აბუდა?

– აბუდა სად გიყვარს?

– ბაია?

– კარგი, ხო, ჩემო ელამო ბიჭო… რა გქვია?

– ნი-კო!

*

სამი თვის შემდეგ

– ნიკოლოზ!

– …

– ნიკოოოო…

ეს ჩემი ისტორიაა. როდესაც ბავშვი სახელზე არ რეაგირებს, არ გპასუხობს, წყვეტს ლაპარაკს, განგაში უნდა ატეხო. ჩემს შვილს 2 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი – აუტისტური სპექტრის აშლილობა. დავიწყეთ ABA თერაპია, გამოყენებითი ქცევითი ანალიზი, რომელიც უცხოური გამოცდილებით შედეგებს იძლევა, თუკი ამ მეთოდით ბავშვებთან კვირაში 40 საათი იმუშავებთ. ამ თერაპიის ღირებულება მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია და ნებისმიერ ოჯახს უჭირს მასთან ფინანსურად გამკლავება. ზოგიერთი ქვეყანა თერაპიის საფასურს თავად აფინანსებს, ზოგან დაზღვევა მნიშვნელოვანწილად ფარავს, საქართველოში კი უბნის გამგეობები და მერია ერთჯერადად, მაქსიმუმ სამთვიან თერაპიის კურსს აფინანსებენ. არადა ბავშვებს ეს თერაპია განვითარებისთვის შესაძლოა წლები დასჭირდეთ. როდესაც მეც მივმართე მერიას, გამოყოფილი თანხა იმდენად მცირე და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, მივხვდი, რომ სახელმწიფოს თავისი მომავალი თაობისთვის არ ჰქონდა არანაირი გეგმა, არ ჰქონდა გააზრებული ეს პრობლემა. ახლა უკვე შეინიშნება ძვრები და ზაფხულიდან მერია 200 აუტიზმის მქონე ბავშვის თერაპიის დაფინანსებას აპირებს.

68 ბავშვში ერთს აუტიზმი აქვს! 6 წლის ასაკამდე ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში მათი 50% სკოლაში მიდის და სრულფასოვანი განათლების მიღებას ახერხებს. „ლიბერალში” გამოქვეყნებულ ჩემს სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან რეალურ ისტორიას ეფუძნებოდა და ასახავდა დღევანდელობას, საზოგადოების დამოკიდებულებას, არაინფორმირებულობას. შემდეგ გავიცანი უამრავი მშობელი, რომელიც შვილების უფლებებისთვის იბრძვის. გავიცანი არა მხოლოდ აუტიზმის, არამედ დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების დედები და აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად წერენ, ამბობენ ბევრის სათქმელს და ხატავენ რეალურ სურათს შშმ ბავშვების შესახებ საქართველოში.

თბილისის ერთ-ერთ უბანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლისაკენ კორპუსის ეზოდან გამავალი კარი მოსახლეობამ დაადუღა იმ მიზეზით, რომ „არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება”. ერთ-ერთ სკვერში დამონტაჟებული საქანელა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ბავშვებზე იყო გათვლილი, უფროსკლასელებმა ჩამოწყვიტეს. თუნდაც ეს ორი საგანგაშო ფაქტი მიანიშნებს ცვლილებების საჭიროებაზე და გაძლევს ბიძგს, რომ რაღაც შეცვალო.

გამომცემლობა „არტანუჯმა” ახალი წიგნის დაბეჭდვა სპეციალურად 2 აპრილს – აუტიზმის საერთაშორისო დღეს დაამთხვია და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. შევკრიბეთ სტატიები და ისტორიები, რომელიც სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში („ლიბერალი”, Forbes Woman, mastsavlebeli.ge და mshoblebi.ge). აქ წაიკითხავთ როგორც „იმედის გმირის” ისტორიას, ისე საბავშვო მწერლის მხატვრულ ნაწარმოებს, ძმის აკადემიური წერის ნიმუშს და დის მიმართვას საზოგადოებისადმი. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” პროექტის – „გაძლიერდი და შეცვალეს” ფარგლებში დაწერილ ტექსტებს ენაცვლება ისტორიები ვიდეოპროექტიდან „ქალები შვილების უფლებებისთვის” და ემოციური ამბები, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.

წიგნში გულწრფელადაა მოთხრობილი ყველა ის წინააღმდეგობა, რასაც აუტიზმის, ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშების ოჯახის წევრები აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში. აქ წაიკითხავთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის იბრძვიან და ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებებს, ანგრევენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს.

წიგნის ავტორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ აერთიანებთ ბავშვები, რომლებთან ურთიერთობაც რთული ფაზლის აწყობასა და მძიმე ეტლის ტარებას ჰგავს, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება ჭრელი წინდასავით ფერადი და საინტერესოა.

ავტორები: დიანა ანფიმიადი, ირმა მალაციძე, მაია კუდავა, ინგა ლოლაძე, ვეკო ყიფიანი, მაკა მახარაძე, ბაია დავითაია, ნინო ცინცაძე, შუქია ჭინჭარაული, ნათია გოგსაძე, სალი ბალავაძე, სოფიო კერესელიძე, ნინო მეუნარგია, თამთა დოლიძე, ნიკალა სანაია, ხათო ხავთასი, ნინო მარტიაშვილი, ნანა ლებანიძე, მარი კორკოტაძე, ლუიზა გაბაიძე, ლია ტაბატაძე, ანი დანელია, მარიამ ბურდული, თამუნა ბაზერაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, თამრიკო კვერნაძე, ნინო თარხნიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი