მოსწავლე-მასწავლებლების ახალი წელი, როგორც წესი, სექტემბრის იმ რიცხვით თარიღდება, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება. აქედან გამომდინარე, ზაფხული მოსაცდელ დარბაზს მაგონებს. აი, ხომ გავიდა წელი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი მომავლისკენ და სანამ მომდევნო მატარებელი ჩამოდგება, მშვიდად ზიხარ წელიწადის ყველაზე ლაღ, უდარდელ სეზონში, როგორც სავარძელში. არსად გეჩქარება – ისვენებ, ფიქრობ, აკვირდები, იკვლევ… ამიტომაცაა, რომ ზაფხულის სახლებში, ეზოებსა თუ ადამიანებში ყველაზე მეტ სიახლეს სწორედ ამ დროს აღმოაჩენ. წინაპართა ჭიანაჭამ კარადებში წარსულისკენ მიმავალ გზას ეძებ და დაფუტრული (დახრული, დახვრეტილი) უჯრების ფსკერზე მართლაც პოულობ – სასიყვარულო წერილებში, გახუნებულ ქვითრებში, დაბადების წიგნაკებსა და ვადაგასულ პასპორტებში, ბინადრობისა თუ შრომის წიგნაკებში…
ჩემი აზრით, ადამიანი წარსულს ყველაზე მეტადაა მიჯაჭვული, რადგან მხოლოდ ეს დროა მის აღქმაში დაღვინებული, ანუ გაანალიზებული და შეფასებულ-დაფასებული. ზაფხული ბებია-ბაბუებთან სტუმრობისა და მათ მოგონებებში მოგზაურობის საუკეთესო დროა. როგორც წესი, ოჯახის უხუცესი წევრები სიხარულით ირგებენ მეგზურების როლს და ძველი ფოტოებივით სიყვითლეშეპარული, მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვიან. ძველი კარადის უჯრები კი წლობით ინახავს მათი მონათხრობის დამადასტურებელ არტეფაქტებს – შესანიშნავ რესურსს ახალბედა „მემატიანეებისთვის“, რომლებსაც შეუძლიათ წინაპართა სახლი საკვლევ ობიექტად აქციონ და იქ მოძიებულ ამბებზე დაყრდნობით თავიანთი ოჯახის ისტორია შეთხზან. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, რომლებიც, ჩემი აზრით, კვლევა-ძიების მოყვარულ მოზარდებს დააინტერესებთ.
„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“
თუ საკუთარი გვარის ეტიმოლოგიის კვლევას ოჯახის უხუცესი წევრების დახმარებით დაიწყებ, ლეგენდად ქცეულ არაერთ ამბავს მიაგნებ. ძიების პროცესში ინტერნეტი და ბეჭდური რესურსიც შეგიძლია დაიხმარო. მოძიებული „წყაროების“ გაერთიანების შედეგად კი გვარის ისტორიის შექმნას შეძლებ. აქვე ნიმუშსაც შემოგთავაზებ:
დედაჩემს უცნაური გვარი აქვს – ჯიშკიდონი. მისი გვარის ისტორია მხოლოდ წინაპრების მონათხრობის სახითაა შემორჩენილი. ბაბუაჩემი და მისი და-ძმები ობლობაში გაიზარდნენ, თუმცა არასდროს დავიწყებიათ და თავიანთ ნაგრამსაც (შვილები, შვილიშვილები…) დიდი სიამაყით უამბობდნენ უდროოდ დაღუპული მამის მიერ მოყოლილ ისტორიას უცხოელ წინაპარზე, რომელიც იტალიიდან (სავარაუდოდ, კუნძულ სიცილიიდან) საქართველოში (სავარაუდოდ, ქალაქ ბათუმში) გემს ჩამოჰყოლია. გურიაში ალბათ ჩაის და თხილის სიყვარულმა გადმოგვაბარგაო, ხუმრობდა ხოლმე ბაბუაჩემი. დედაჩემის მამა მთელი ცხოვრება ჩაის ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ საგვარეულო ხელობისთვის არასდროს უღალატია, თავისუფალ დროს თხილის ტოტებისგან გოდორს ან გიდელს ღობავდა, წიფლის ხისგან კი სხვადასხვა ავეჯს (მაგიდა, სკამი, საწოლი…) ამზადებდა. გადმოცემის თანახმად, ჯიშკიდონები შორეულ იტალიაში სწორედ დურგლობით ყოფილან სახელგანთქმულნი. ალბათ დედაჩემის გვარი მისი იტალიური ვერსიის სახეცვლილი ვარიანტია, რადგან გუგლის საძიებო სისტემა მხოლოდ ჩემთვის კარგად ნაცნობი ჯიშკიდონების სიას მთავაზობს.
ბავშვობის გემო
წინაპართა კერია ბავშვობის დაუვიწყარ გემოებს ინახავს. მსოფლიოში საუკეთესო პიცაც კი ვერ შემიცვლის შუაცეცხლზე ნაკვერჩხლით გამომცხვარ ხაჭაპურს და გატარებული თხილით შესუნელებულ მჭადს, ბებოს მუჭში დამრგვალებულ მუკუნიებს (მჭადის გულში შერეული ყველი), ღუმელში დაბრაწულ-დაშაქრული ვაშლის ზამთრის გრძელი ღამეებივით მყუდრო გემოს ან ჭყინტი სიმინდის ზაფხულივით მათრობელა სურნელს. თუ შენც ჩემსავით გინდა, გააცოცხლო წარსულის გემო, სოფლის სახლის სამზარეულოს ყველა უჯრა კარგად გაჩხრიკე! იქნებ გაგიმართლოს და საოჯახო კულინარიული ჩანაწერების კრებულს წააწყდე. თუ ვერაფერს ნახავ, მაშინ ოჯახის წევრები დაიხმარე და ბავშვობის დაუვიწყარი გემოები რეცეპტებად თავად აქციე. სამზარეულოში ტრიალი თუ გიყვარს, ჩანაწერების დახმარებით წარსულის გაცოცხლებასაც შეძლებ.
რას გვიყვებიან წინაპრები
საღამოობით, როცა ბავშვები სოფლის მდინარეში ბანაობითა და შუკებში სირბილით გულს იჯერებენ, უფროსები კი ზაფხულის საქმით მოიღლებიან, რა სჯობს სუფრასთან თავმოყრას და ძველი თავგადასავლების გახსენებას?! სწორედ ასეთი საღამოების დამსახურებაა, რომ ჩემს მეხსიერებას შემორჩა ბებია-ბაბუის „გაგრეხილი“ კრიმანჭული, ახალგაზრდა მწყემსი ბაბუაჩემის და დათვის შეხვედრის ისტორია, ჩაწყვეტილი „გამბულა ხიდის“ და თავგატეხილი ბავშვი მამაჩემის ამბავი… კიდევ ბევრ საინტერესო მოგონებას იტევს კატის მსგავსი სისწრაფითა და მოქნილობით დაჯილდოებული, ენაწყლიანი ბებიაჩემის, სოფლის ღელესავით აუჩქარებელი, მშვიდი და სიტყვაძუნწი ბაბუაჩემის, მათი ექვსი შვილისა და ათი შვილიშვილის ცხოვრებით სავსე ხის ძველი გურული ოდა. თუ შენც გეგულება სადმე ასეთი სახლი, არ დაიზარო, წადი, შეაგროვე და გააცოცხლე წარსულის ხმები. ზოგიერთი ამბავი მოთხრობადაც შეგიძლია აქციო.
წარსულის სამალავები
თუ შენც ისეთივე სიტყვაძუნწი წინაპარი გყავს, როგორიც, მაგალითად, ბაბუაჩემი იყო, მაშინ წარსულის საუკეთესო სამალავში შეიყუჟე. ძნელად წარმოსადგენია სოფლის სახლი ბებიების ნამზითვი ხის მასიური კარადების გარეშე. მათ უჯრებში უბრალოდ ნივთები კი არა, ოჯახის ისტორიის დამადასტურებელი არაერთი არტეფაქტი ინახება. რას არ აღმოაჩენ ამ კარადებში: სასიყვარულო მიმოწერას, რომელთა ავტორ-ადრესატის პორტრეტებიც, წერილების შინაარსზე დაყრდნობით, წარმოსახვაში შეგიძლია გააცოცხლო; გაცრეცილ ქვითრებს, რომლებიც დღემდე ჯიუტად ინახავენ გრამობით შეძენილი დეფიციტური საკვებისა თუ ინტელექტუალური პროდუქტის ჩამონათვალს; აქვე შეიძლება გადააწყდე ოჯახის უხუცესი წევრების დაბადების, პირადობისა და გარდაცვალების მოწმობებს, შრომის წიგნაკებს, ე.წ. სტუდბილეთებსა და სხვა ათობით გაუგებარ ქაღალდის ნაგლეჯს, რომლებიც ვიღაც შენიანის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ოდესღაც.
ძველი ფოტოალბომები ხომ ნამდვილი საგანძურია! ოჯახის წევრთა ფოტოისტორიებზე არაერთხელ მისაუბრია, თუმცა საოჯახო ალბომების უნიკალურობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თურმე ადრე ახლობლებისთვის ფოტოსურათების ჩუქება ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჩემს ოჯახშიც ინახება წინაპართა ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების ფოტოები. მათ შესახებ მცირე ინფორმაციას (ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობა, გადაღების თარიღი/ადგილი და სხვ.) სურათის უკანა მხარეს აღმოაჩენ. თუ გაგიმართლა და შენთვის საინტერესო პიროვნება ოჯახის რომელიმე წევრმა გაიხსენა, მაშინ სრული ფოტოისტორიის შექმნასაც შეძლებ. მოკლედ, თუ საკუთარი წარსულის კვლევა გიყვარს, წინაპართა სახლში ნამდვილად არ მოიწყენ.