რა გენატრებათ ბავშვობიდან? რას იხსენებთ ყველაზე ხშირად? რასთან მიბრუნება გსიამოვნებთ? რა გაყენებთ კარგ ხასიათზე? რაზე ფიქრი გიგრძელდებათ? რომელია ის ფიქრი, რომელსაც სიამოვნებით შეჰყვებოდით, ყველგან გადაუხვევდით, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩახვიდოდით, ჩაუღრმავდებოდით თავსაც და მოგონებებსაც? გრჩებათ დრო საკუთარ თავში მოგზაურობისთვის?
საზაფხულო არდადეგები გახსენებთ ბავშვობას თუ საშობაო არდადეგები? ახალი წელი, აღდგომა თუ სხვა ჩვეულებრივი დღეები?
მე უფრო ხშირად ზაფხულის დღეები ჩამირბენს თვალწინ, მზით გაკაშკაშებული, ცხელი, მომქანცველი, ხალისიანი, საინტერესო, სწრაფი, სურნელოვანი და საყვარელი ადამიანებით სავსე. ასეთ დღეებს ნაცნობი ხეების სურნელი მოაქვს, აკაციის ხის ყვავილების, ცაცხვის მათრობელა სურნელი, ხმელი ბალახებისა და ეზოს ყვავილების. ყურებზე წყვილი ალუბლები გვაქვს ჩამოკიდებული და ფრჩხილებზე ყვითელი ყვავილის ფურცლები გადაგვიკრავს. ეს ბავშვობაა…
ყოველი დღე ნათელია, წყნარი, უღრუბლო, ტკბილი მოგონებები ნელ-ნელა ამოდის მომქანცველი ყოველდღიურობის საფიქრალს შორის. ბებოს ნარდს ვეთამაშებით „წინკარში“, როცა ცხელა, მის ოთახში ვართ შეყუჟული, თეთრ ნოხზე წამოგორებული, ბებოს თმაზე ვეალერსებით, ძმრით დარბილებულ თმაზე. ის კი გვიყვება ამბებს, მაშინდელი გადმოსახედიდან ჯადოსნურს …
ცხელა, ხის იატაკი სუფთა და თბილია, შუადღეა ჩამოწოლილი ოთახებში. გატრუნულია გარემო, საკუთარ თავთან ჩაყურყუმელავების დროა, ბებოს თვალები „მიულულავს“, ისვენებს, ჭრიალა, ზამბარებიან საწოლზე.
სიმშვიდისა და უდრტვინველობის განცდას ვერაფერი არღვევს. ეს ბავშვობაა, ცხელი დღეებით, ჭრიჭინობელების გამაყრუებელი ჭრიჭინითა და ბავშვების ყიჟინით სავსე… მოსაფრთხილებელი დრო…
ცხელი, მომთანგველი შუადღეების მერე, საღამოს გიდევნიათ ციცინათელებისთვის? გახსოვთ, როგორ გაიელვებენ ბუჩქებზე, ხეებზე და თვალს მიეფარებიან. ბოლო დროს იშვიათად ვხედავთ ციცინათელებს. ნეტავ, სად მიდიან დღისით, თქვენც გაწუხებდათ ეს კითხვა ბავშვობაში?
ცაცხვის სურნელით გაჟღენთილია ჰაერი, მუხლები გადაყვლეფილია, ხელის თითები თუთით არის გაშავებული. საღამოს სტუმრები გვყავს. მეზობლები, მგონი, მეზობლების სტუმრობა სტუმრობა არც არის, ძალიან შინაურები არიან. ნარდის, დომინოსა და კარტის საღამოებია, ღამის პეპლები შუქზე მოფრინავენ, თავს დაგვტრიალებენ, ნათურას ეხვევიან… ნაცნობი იუმორი და მსუბუქი განცდებია ირგვლივ, დაცულობის განცდას ამყარებს. მძაფრად ვგრძნობთ, რა მშვენიერი დროა ბავშვობა…
ცხელ დღეებს წვიმები მოჰყვება და გაწვიმების, დაქუხების მოლოდინში გარინდვა. სახლი ისევ თბილია, ფისოებიც სახლში არიან, ფეხებზე მასხდებიან და ღუღუნებენ, მყუდროდ ჩამთბარი წიგნებს ვკითხულობ, გარეთ კი ზაფხულის წვიმაა და ყველაფერი იდეალურადაა…
საღამოობით წინკარში ჯდომის საათებია. ბებოს მთელი დღის დაღლილი და ნაჯაფარი ფეხები საქანელებად გადაიქცნენ და რიგ-რიგობით გვაქანავებენ… ბებო როგორი ძლიერია, შეუძლია ფეხზე დაგვისვას და გვაქანაოს, მერე დაიძინოს, მეორე დილით კი უზარმაზარი თხილის ტომარა მოიგდოს ზურგზე და ბაზარში წაიღოს გასაყიდად. ყვითელი ავტობუსის ლოდინი მთელი რიტუალია. ფეხშიშველები გავვარდებით ბებოს შესაგებებლად დაღმართში.
ბებოსთან ძილი დასწრებაზეა, მისი საწოლი, მისი მუთაქა, მისი თმის სუნითაა გაჟღენთილი. თეთრეული გრილია და ბუნებრივი. ბებოს ყვავილებიანი პერანგი აცვია და ძილის წინ ლოცულობს. ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი შვილები, შვილიშვილები… ყველაზე გულწრფელი ლოცვები, ყველაზე მარტივი ლოცვებია.
რა თქმა უნდა, კვლავ სიცხეა. მიწას პირი დაუღია, დახეთქილ მიწაზე, ფეხშიშველები დავრბივართ, გულაბ მსხლებს ვაგროვებთ, ვენახში სუსხია, ატმებს ვკრეფთ. ბებია კომპოტებს აკეთებს ამ ატმებით.
შუადღით კი კეცებზე მჭადებს აცხობს, ვარიას გვიწვავს, მაყვლის საწებელში აწყობს, თხის ყველს ამოიღებს „ხალამიდან“, ყველაფერი გემრიელია.
ბავშვობაზე ფიქრი, მოგონებების გაცოცხლება, თერაპიაა ზრდასრულობაში. როდესაც შეუჩერებელი, მომქანცველი დღის შემდეგ ჩამოჯდები და ზაფხულის მზით გამთბარ, ბედნიერ, მშვიდ, ნათელ მოგონებებში გადაეშვები…
უდიდესი პასუხისმგებლობაა შევქმნათ ბავშვებისთვის ისეთი სამყარო, რომელიც სინათლით, სიყვარულითა და სითბოთი იქნება სავსე. და როდესაც ბავშვობის დღეები გაირბენს და პატარა ბავშვები თვალის დახამხამებაში ზრდასრულობის ტვირთით დამძიმებული უფროსები გახდებიან, რას ფიქრობთ, რა დასჭირდებათ მათ სულის მოსათქმელად და სიმშვიდის მოსაპოვებლად?