ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩემმა მასწავლებელმა თქვა რომ…

როცა მეორე კლასში ვიყავი, ერთ დღეს დამრიგებელმა სერიოზული სახით გამოგვიცხადა – ,,მე სახლში კომპიუტერი მაქვს და ყველას გითვალთვალებთ, როცა სახლში ხართ, ვიცი წესიერად როდის იქცევით ან არ იქცევითო”.

კომპიუტერს – ამ მისტიკურ მოწყობილობას ალბათ ყველაფერი შეეძლო და არავის არ შეგვიტანია ეჭვი მის ნათქვამში. სახლში დასჯილი ბავშვივით ვიქცეოდით და ყველას ერთნაირად გვრცხვენოდა მშობლების გაბრაზების და აი იმ, საჭირო ოთახში შესვლის. მერე, ნელ-ნელა ყველამ რაღაც გავაფუჭეთ სახლში, გაგვიბრაზდნენ, გავაბრაზეთ. მაგრამ მეორე დღეს, დამრიგებელს ამაზე სიტყვა რომ არ დაცდენია მივხვდით, რომ შეიძლება აქვს ეს კომპიუტერი, თუმცა მთლად ყოველ წამს ვერ გვითვალთვალებსო ალბათ და ცოტა შვებით ამოვისუნთქეთ.

მასწავლებელი რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტია ბავშვისთვის: ,,მასწავლებლის სუნამო”, ,,მასწავლებლის მობილური ტელეფონი”, ,,მასწავლებლის ტელეფონის ზარი”, ,,მასწავლებლის აზრი”, ,,მასწავლებელმა თქვა”… – ბავშვებისთვის ურყევი ჭეშმარიტებებია.

მასწავლებლის მიმიკაც კი, რომელიც მან კონკრეტულ მოვლენაზე გამოხატა, შემდეგში ბავშვების ცნობიერებაში სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ბავშვი გაუაზრებლად ისრუტავს ყველა ამ შეხედულებას, ხოლო მყარ არგუმენტად მასწავლებლის დამოკიდებულება აქვს. ეთნიკურ თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხშირად მასწავლებლის მიერ გამოთქმული პოზიცია უწყობს ხელს და უკვე მოზრდილობაშიც გაუცნობიერებელად ადამიანებს ეს დამოკიდებულება თან მიჰყვებათ. ძალიან დიდია ცდუნება – რაიმე აზრი, უკვე მოწოდებული და მზა სახით აითვისონ, ვიდრე თავად იფიქრონ და გააანალიზონ.

ბავშვებს უჭირთ გადალახონ მასწავლებლამდე არსებული რამდენიმე შრისგან შემდგარი ზღვარი და სათქმელი ჩამოაყალიბონ, დაასაბუთონ, ,,იმიტომ რომ” შეძლონ. სკოლებში იმის შანში დიდია, რომ აზრის გამოთქმის მცდელობისას, სხვა მოსწავლეების თუ მასწავლებლის მხრიდან დაცინვის ობიექტები გახდებიან და სამუდამოდ დაკარგავენ საკუთარი აზრის გამოხატვის სითამამეს. აქ კიდევ ერთი ფაქტორი ერთვება, რომელსაც არამხოლოდ მასწავლებლები მიმართავენ ხოლმე. შეჯიბრი ბავშვებს შორის, რომელიც არასრულფასოვნების იდეას აჩენს ადამიანებში – ,,მეზობელი უფრო ჭკვიანი ბავშვია!” ,,შენი მეგობარი როგორი კარგი ბიჭია/გოგოა შენ ცუდი ხარ, არ სწავლობ, ან ვერ ყვები ” – შემდეგში ნევროტიკებად აყალიბებს მათ.

უსამართლობის შეგრძნება, რომელიც ამ დროს ბავშვებს უჩნდებათ მასწავლებლის მიმართ, უნდობლობაში და გულგრილობაში გადადის, რომელიც გაკვეთილების მომზადების ხარისხში და კონკრეტული საგნის მიმართ ზიზღში გამოიხატება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებს გარდა პროფესიული სტანდარტების ცოდნისა, ისეთი თვისებებიც მოეთხოვება, რომელიც კოდექსში ვერ გაიწერება, მაგრამ ადამიანების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. თუმცა, უფრო ქვემოთ მდგომ ქცევებზე მინდა ვისაუბრო. რომელიც არა მხოლოდ მასწავლებლებს მოეთხოვებათ.

ჩემი სკოლამდელი პერიოდიდან უამრავი ისტორია მახსენდება, მასწავლებლების გამოთქმულ დამოკიდებულებებს რომ უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი – ორგანიზმში ,,პარაზიტი ჭიების’’ არსებობასთან დაკავშირებული შემოწმება იყო. შუა გაკვეთილზე შემოსული ,,სასწავლო ნაწილის” განცხადების შემდეგ, მასწავლებელმა ფეხზე აგვაყენა და სკოლის ექიმის კაბინეტში წაგვასხა. სათითაოდ გაგვსინჯეს და გამოგვიცხადეს რომ ანალიზის პასუხებს ხვალ გვეტყოდნენ. მეორე დილით მასწავლებელმა ერთ-ერთი თანაკლასელი გოგონა ფეხზე ააყენა, გამოუცხადა რომ ჭიები ჰყავდა, უნდა მოეყვანა მშობელი და ბოლო მერხზე გადასვა. გოგონას დიდხანს არავინ მიკარებია გვერდით. ყველა გაურკვეველი შიშით ვუყურებდით – ,,ჭიები ჰყავს”. ის ამ ამბიდან მალე სხვა სკოლაში გადავიდა და მალე დაგვავიწყდა მისი სახელიც და სახეც მაგრამ ,,ჭიანი” რომ იყო დღემდე დამამახსოვრდა.

იგივე მოხდა ,,ტილიანების” შემთხვევაშიც. ოღონდ აქ მშობლებიც აქტიურად ჩაერივნენ. ჩატარდა მშობელთა კრება. გამოირკვა ,,ვინ ვის შვილს გადასდო ტილები” და შემომტანი თანაკლასელიც ცალკე გადასვეს. არ ვიცი რამდენი ხანი ჰქონდა ამ ბავშვს ტილები, მაგრამ სკოლის ბოლომდე მისი შემხედვარე ყველას – ,,ტილიანი” ადგა პირზე.

გავრცელებულ სტერეოტიპთა შორის, რომელიც ყველაზე მძიმედ ძალადობდნენ ბავშვების ფსიქიკაზე ასევე იყო: ,,ნაშვილები’’, ,,სომეხი’’, ,,იაღოველი’’, ,,მამამისი ნარკომანია’’ და ა.შ

მოგეხსენებათ, სტერეოტიპებმა და გაუცნობიერებელმა დამოკიდებულებამ, ადამიანები ჰოლოკოსტამდე მიიყვანა. დაუცველი ბავშვისთვის, რომლის გონებაც ავტომატურად იღებს უფროსების მიერ გამოთქმულ აზრს და განწყობას იქმნის კონკრეტული საგნის მიმართ, სტერეოტიპებით მიდგომა უბრალოდ დანაშაულია. ის დარწმუნებულია, რომ მისი არგუმენტაცია ყველაზე ურყევი და ჭეშმარიტია! იმიტომ, რომ – ,,მამაჩემმა თქვა ასე”, ,,დედამ მითხრა რომ” და ,,ჩემმა მასწავლებელმა თქვა რომ…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი