შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოწყვლადები

შობის ღამეს ადამიანები სასწაულებს ველით და გვჯერა, რომ ამ დროს მართლაც ხდება ცვლილებები, უცნაური და დაუჯერებელი ტრანსფორმაციები. გვჯერა სიკეთისა და სიყვარულის, გვჯერა სასწაულების, რომელთა მოხდენაც ჩვენი შინაგანი და ფიზიკური შესაძლებლობებით ვერ წარმოგვიდგენია, ბრწყინვალე განწყობაზე მყოფები, იშვიათად ვამჩნევთ კონტრასტებს, უფრო მეტად კი ვჩქმალავთ და თვალს ვარიდებთ ყოველდღიურობის მძიმე სურათებს. ეს სურათები მკვეთრია და პირდაპირი, ზოგჯერ – ზედმეტად, უხეშად პირდაპირიც, და მათთვის თვალის გასწორება ძალიან ძნელია, რადგან ჩვენს მოვალეობებსა და ვალდებულებებზე გვაფიქრებს, ჩვენი ცხოვრების მიზნებსა და არსზე, ძალიან მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზე ფიქრმაც შესაძლოა სრულ უიმედობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მაინც საჭიროა მათზე დაფიქრება, სხვა თემებისა და სხვა ადამიანებისთვის ყურადღების დათმობა.

აი, ასეთია ის ღამე, როცა ჩვენი თუ სხვისი ძალების რწმენა გვეძლევა და შემდეგ საკუთარ თავსაც ვაჯერებთ, რომ მართლა შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა, შეგვიძლია უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმა, პატარა პერსონალური რევოლუციების მოწყობა, ერთკაციანი აქციებისა უკეთესი მომავლის მოთხოვნით. შეგვიძლია, საკუთარ თავებს ავუჯანყდეთ და შემდეგ ამ განწყობის საზოგადოებაში გადატანაც ვცადოთ. იქნებ, ყველას ერთად გამოგვივიდეს და ჩვენი პატარა პერსონალური სიკეთეები მასშტაბურ მოვლენად ვაქციოთ.
და ღამით, როდესაც ჩქარი ნაბიჯით მივეშურებით ჩვენი დღესასწაულების აღსანიშნავად, ჩვენ გარშემო დგანან ბავშვები – თმაგაწეწილები, დახეული ფერადი წინდებიდან გამოყოფილი ჭუჭყიანი თითებით, დგანან მუყაოს ყუთის ნაგლეჯებზე და მოწყალებას ითხოვენ. ზოგს ამ მუყაოს ნაგლეჯებზე სძინავს და თავთან პატარა ლითონის ჯამიც დაუდგამს ხურდა ფულისთვის. ისინი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები არიან, ასეთი ბედი კი მათ სხვადასხვა გარემოებამ არგუნა, ისე რომ, ალბათ დიდხანს ვერ გააცნობიერებენ მათთვის დაკისრებული მთელი ამ პასუხისმგებლობის სიმძიმეს და წნეხს.
ასეთი სოციალური კონტრასტები მძიმე საყურებულია. სიმძიმესა და სასოწარკვეთილებას იწვევს. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, სად დავრეკოთ, ვის ვთხოვოთ დახმარება, ვის შევახსენოთ, რომ ეს პატარა ადამიანებიც იმსახურებენ ღირსეულ გარემოს, ღირსეულ პირობებს განვითარებისა და ცხოვრებისთვის, თბილ სახლებს, სადაც მათაც ექნებათ სადღესასწაულო კერძები და სადღესასწაულო განწყობა.
რამდენიმე თვის წინ, როცა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან ჩემი მომავალი წერილების თემებს განვიხილავდი, ვთქვი, რომ დავწერდი ქალებზე, ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოკლედ, იმ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება, თუნდაც სიტყვიერი გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდებათ. რედაქტორმა თქვა: „ესე იგი, მოწყვლადები”. მედიაენაში დამკვიდრებულ ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობა აქვს და ყოველგვარ გარიყულობასა და შეჭირვებას მოიცავს, ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში კი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სოციალურ ჯგუფზე არ არის საუბარი – სამწუხაროდ, ქვეყნის რეალობა ისეთია, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი სხვადასხვა სახის მოწყვლადობას განიცდის, უმეტესწილად კი სოციალურ და ეკონომიკურ შეჭირვებას.
მოწყვლადების კატეგორიაში ასევე შედიან უსახლკაროები, სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უდედმამო ბავშვები, მარტოხელა დედები, საარსებო მინიმუმს დაჯერებული მოხუცები, საბანკო კრედიტებით გაწამებული მოსახლეობა, ადამიანები, რომლებსაც მედიკამენტებისა და სურსათის საყიდლად ფული არ ჰყოფნით, ჩვილები, რომლებიც ხელმოკლეობის გამო სათანადოდ ვერ იკვებებიან. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირად, სხვებისგან განსხვავებით, თვალშისაცემები არიან, გამოირჩევიან თავიანთი მოწყვლადობით, თავიანთი მარგინალურობით, თავიანთი განსხვავებულობით, ცხოვრების სიმძიმით, რომლისთვისაც ვერა და ვერ უშველიათ. სახეზე უმწეობის განცდა აწერიათ, გადამდები განცდა. ამიტომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა ადგილებში თითქმის არავინ იცინის. დადიან თავჩაქინდრულები და თავიანთ მოწყვლადობას დაატარებენ მსოფლიო სევდასავით.
უმძიმესი სურათია, რომელიც მეხსიერებიდან აღარ ამოდის. აღარ ამოდის მეხსიერებიდან ამბები ათშვილიან ოჯახზე, რომელიც სოკოს სათბურში ცხოვრობს და ვისი სუფრის მთავარი კერძიც ახალი წლის ღამეს წვნიანია, არც ექვსშვილიან ოჯახზე, რომელიც აჭარის მაღალმთიან სოფელში, ბოსელში ცხოვრობს. უამინდობისას მათ ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ასეთი ამბავი ძალიან ბევრია და ყველაზე მძიმე ამ ამბებში ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სტაბილურობის გარანტია, არ არსებობს მკაფიო ზღვარი ღარიბ და არაღარიბ მოსახლეობას შორის, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ სოციალურად დაუცველია.
როგორ ვებრძოლოთ სხვადასხვა სახის მოწყვლადობას, რა შეგვიძლია თითოეულ ადამიანს, ან სად არის გადარჩენის გზა, ძნელი სათქმელია, რადგან პრობლემა კომპლექსურია და ძალიან რთული. ამ საკითხების მოგვარება მხოლოდ ჩვენი კეთილი სურვილებით ვერ მოხერხდება, მაგრამ არც სათანადო ბერკეტები გაგვაჩნია… გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაა. ეს არის პასუხი კითხვისა, რომელსაც ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს: რა შემიძლია მე, ერთ ადამიანს? განათლებაა ის იარაღი, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ სხვადასხვა სახის უსამართლობას, სოციალურ და ეკონომიკურ შეჭირვებას, გულგრილობას და შეუწყნარებლობას ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ, დავიცვათ არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები და უფლებები, არამედ შევეცადოთ და სხვებსაც დავეხმაროთ, უფრო მეტი გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ.
ღირებულებათა კაპიტალი, ეს ყველაზე ძლიერი იარაღი, დღეს მასწავლებლის ხელშია და მასზეა დამოკიდებული, რამდენად პრაქტიკულ ცოდნას მისცემს მომავალ თაობას, რათა მათ შეძლონ გახდნენ განათლებული და თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, იზრუნონ, როგორც საკუთარი, ისე საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად და ისე მოაწყონ საკუთარი ცხოვრება, როგორც უოცნებიათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი