ლამბალოდან – პაკისტანამდე, ანუ როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები

ამ კითხვას სვამს თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსი, კულტურის თეორეტიკოსი და მწერალი კვამე ენტონი აპია, ამავე სახელწოდების ნაშრომში “როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები”. წიგნის კითხვისას ვფიქრობდი, რომ სწორედ აქ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რა არის ღირსება, რა წარმოდგენა გვაქვს მასზე და საერთოდაც როგორია ჩვენი წარმოდგენა იმ სივრცეზე, რომელსაც მორალის და ღირსების ისტორიის სივრცე ჰქვია. წიგნში ღირსების მრავალი მაგალითია წარმოდგენილი, სადაც ის კონკრეტული, კერძო ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრებაში გამოვლინდა.

დუელების გაუქმება ბრიტანეთში, ქალების ფეხების გადახვევის ტრადიციის გაუქმება ჩინეთში, მონობის გაუქმება ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში, ღირსების მკვლელობების გაუქმების მცდელობა თანამედროვე პაკისტანში. ეს ის ოთხი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ავტორი განიხილავს , როგორც ზნეობრივი რევოლუციების კონკრეტულ შემთხვევებს. ოთხივე შემთხვევაში საქმე ეხება სხვადასხვა პრაქტიკას, რომლებიც ღირსების დაცვასთანაა დაკავშირებული. 

წიგნში მოთხრობილი ამბები ყველას თანაბრად გვეხება. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიმყოფებით, რა მანძილი გვაშორებს პაკისტანამდე ,სადაც სიყვარულის და თავისუფლების სურვილის გამო ოჯახი საკუთარ შვილებს – ქალებს სასიკვდილოდ იმეტებს, რადგან თვლის, რომ მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოჯახის ღირსების შემლახავია და ამ სირცხვილს მხოლოდ სისხლი თუ ჩამორეცხავს. 

ახალგაზრდა პაკისტანელი ქალის, სამია სარვარის სიცოცხლეც ღირსებას ეწირება. მისი ცხოვრებისეული დრამის მიზეზიც ის საზოგადოებრივი ფასეულობაა, რომელიც მის ქვეყანაში ღირსების  კოდექსადაა აღიარებული. მას საკუთარი დედა წირავს სასიკვდილოდ, რადგან ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. განქორწინება კი საფრთხეს უქმნის მათ ღაირათს- ანუ ოჯახის ღირსებას, ასევე მშობლებს ფინანსურ  პრობლემებს უქადის. აქ და ახლა, ჩვენს ქვეყანაში, სოფელ ლამბალოშიც იგივე ხდება . 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავები სცემენ, რის შემდეგაც ის თავს იხრჩობს. ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის არავინ დასჯილა. პაკისტანში ეს პრაქტიკა მამაკაცთა მიმართაც მოქმედია, მაგრამ უმეტესწილად ქალთა წინააღმდეგ გამოიყენება. ღირსების მკვლელობები ქალებს აიძულებს გაჩუმდნენ და დაითმინონ ოჯახში ძალადობა, რომელიც მათ ყველა კუთხიდან ემუქრებათ. მათთვის საფრთხე შეიძლება იყოს  მეუღლე , ძმა, მშობლები თუ ბიძაშვილები. ამ ორი ქალის, ხანუმ ჯეირანოვას და სამია სარვარის ცხოვრებისეული დრამის  მიზეზი საზოგადოების ის “ეთიკური” ფასეულობაა, რომლის დროსაც ამ კონკრეტული ადამიანების ბედი და სიცოცხლის უფლება უგულებელყოფილია და ასეთ შემთხვევებს ოჯახის  ღირსების აღდგენას უწოდებენ.

თუმცა ზნეობრივი რევოლუციები მაინც ხდება, იცვლება არამარტო  ზნეობრივი გრძნობები, არამედ ზნეობრივი ქცევითი სისტემა. იცვლება სიტყვა “ღირსების” მნიშვნელობაც. ის, რაც საუკუნეების წინ ოჯახის და ქალის ღირსებად აღიქმებოდა, დღეს უკვე ისტორიული გადმონაშთია. სწორედ ღირსებაზე ხაზგასმით მოხდა ამ ცვლილებების გამოწვევა. საქმე ეხება, გოგონებისთვის ფეხების გადახვევის ტრადიციას ჩინეთში. ფეხების გადახვევა იერარქიულ საზოგადოებაში ქალის მაღალ სტატუსზე მიუთითებდა. ოჯახები, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ  არისტორკატულ წარმომავლობაზე, იძულებულნი იყვნენ, თავიანთი ქალიშვილებისთვის ფეხები გადაეხვიათ იმის დასტურად, რომ მაღალ კლასს განეკუთვნებოდნენ. გლეხი ქალებისგან განსხვავებით, მაღალი ფენის წარმომადგენელ ქალებს, ველად მუშაობა არ სჭირდებოდათ, შესაბამისად არ უხდებოდათ დიდი მანძილის გავლა. გადახვეული ფეხების გამო ქალი სახლიდან შორს ვერ წავიდოდა, რაც მათ უმანკოებას უზრუნველყოფდა. გადახვეულ ფეხებს “ოქროს ლოტოსებს ” უწოდებდნენ და ეს იმთავითვე ქალის ღირსებას უკავშირდებოდა. ღირსება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წანამძღვარი  რესპექტაბელური ქორწინებისთვის. ქორწინება კი ძირითადად ოჯახთა შეთანხმებით ხდებოდა და არა პირადი არჩევნით.

გოგონებისთვის ფეხების გადახვევას სამი-ოთხი წლის ასაკიდან იწყებდნენ. თუ მიზანი ოქროს ლოტოსების პატარა ზომა იყო, მაშინ გოგონებს აუტანელი ტკივილების ატანა უხდებოდათ, ზოგჯერ თითებსაც და ფეხებსაც ჰკარგავდნენ.

ამ მავნე ტრადიციის გაუქმების მიზეზი მორალური არგუმენტები არ ყოფილა. ფეხების გადახვევის პრაქტიკასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღირსების ცნებას. ჩინელი რეფორმატორები, როდესაც ამ ტრადიციას უპირისპირდებოდნენ, ასეთ არგუმენტს მიმართავდნენ, რომ ეს ტრადიცია არცხვენდა მათ სამშობლოს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ზნეობრივი რევოლუციის მოტორად ისევ და ისევ ღირსება, ეროვნული ღირსებაზე ხაზგასმა გვევლინებოდა  და არა კონკრეტული ადამიანების ბედით გამოწვეული თანაგრძნობა და წუხილი. 

“ბავშვობაში ირლანდიელ მომღერალს ვალ დუნიკენის პოპულარულ სიმღერას “სიამაყეს” ვუსმენდი ხოლმე. სიმღერა იმის შესახებ იყო, თუ როგორ მოუწოდებდა დედა თითისტოლა ვალს, თავაწეული ევლო და სამყაროსთვის თვალი გაესწორებინა. მაშინ მე თვითონაც პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ მაღელვებდა ეს დედისეული გაფრთხილება”, – წერს ავტორი ბავშვობისდროინდელ სიმღერაზე, რომელშიც ღირსების იდეალის თემა მკაფიოდ გამოსჭვიოდა.

 ვფიქრობ, არსებულ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში, თავიდან არის გასააზრებელი ღირსების ცნება და ის, თუ რა როლს თამაშობს იგი საზოგადოებრივი ცვლილებების დროს. ხომ არ ემსახურება “ღირსების დაცვა” ადამიანების დისკრიმინაციას, მათ შევიწროებას და სოციალური სივრციდან გარიყვას. სწორედ მასწავლებლებს აკისრიათ ეს ურთულესი მისია, დაეხმარონ ახალგაზრდა თაობას ჭეშმარიტი ღირებულებების გააზრებაში. 

კომენტარები

comments