ორშაბათი, აპრილი 6, 2026
6 აპრილი, ორშაბათი, 2026

თემატური სწავლება – ხუთსაფეხურიანი მოდელი

განათლების ტრადიციული მოდელები დიდი ხანია სტრუქტურირებულია საგნებზე დაფუძნებული სწავლების გარშემო, რაც ხშირად იწვევს ფრაგმენტულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ვერ ასახავს ცოდნის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე პედაგოგიური პარადიგმები ხაზს უსვამს ინტეგრაციას, კონტექსტუალიზაციას და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს. ამ ჩარჩოში, თემატურმა სწავლებამ მზარდი ყურადღება მიიპყრო, როგორც მეთოდმა, რომელიც შეესაბამება  განვითარების ფსიქოლოგიას და კონსტრუქტივისტულ სწავლის თეორიებსაც.

თემატური სწავლების გამოყენებისას, მასწავლებელი განზრახ ავითარებს სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მრავალ საგანს მოიცავს და ძირითადი აქცენტი კეთდება კონრეტული თემის უფრო ღრმა გაგებასა და განვითარებაზე; ასევე, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაამყრონ კავშირები და ჰოლისტურად აღიქვან სხვადასხვა საგანში შესასწავლი მასალა, საბოლოოდ ამ მიდგომით მასწავლებელი შეგნებულად ქმნის საგნებს შორის კავშირებს და სასწავლო გამოცდილებას.

თემატური ერთეულებით სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა დაწყებით საფეხურზე, რადგან ამ საფეხურზე მასწავლებელთა უმეტესობა ყველა საგანს ასწავლის და უფრო მარტივად შეუძლია საგნებს შორის კავშირების დანახვა და დამყარება. ამასთანავე, დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეები, როგორც წესი, სამყაროს ჰოლისტურად აღიქვამენ და არა იზოლირებული აკადემიური დისციპლინების მეშვეობით. ამგვარად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სასწავლო მიდგომები, რომლებიც ასახავს ამ ბუნებრივ კოგნიტურ ორიენტაციას, წარმოქმნის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ სასწავლო შედეგებს.

გთავაზობთ, თემატური ერთეულის დაგეგმვის ხუთსაფეხურიან მოდელს:

ნაბიჯი 1: ძირითადი კონცეფციის განსაზღვრა
თემატური ერთეულის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მასწავლებელი განსაზღვრავს ცენტრალურ კონცეფციას ან დიდ იდეას, რომელიც აერთიანებს სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტს. აღნიშნული კონცეფცია უნდა იყოს მნიშვნელობით დატვირთული, მოსწავლეთათვის რელევანტური და ინტერდისციპლინური კავშირების შექმნის პოტენციალის მქონე. სწორედ ეს კონცეფცია წარმოადგენს სასწავლო ერთეულის შინაარსობრივ ბირთვს და განსაზღვრავს შემდგომი აქტივობების მიმართულებას.

ნაბიჯი 2: მრავალფეროვანი რესურსების შერჩევა
მეორე ეტაპზე ხდება ისეთი რესურსების შერჩევა, რომლებიც ხელს უწყობს კონცეფციის მრავალმხრივ გააზრებას. ეს რესურსები შეიძლება მოიცავდეს ტექსტებს, ვიზუალურ მასალებს, ვიდეოებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები იყოს ასაკობრივად შესაბამისი, მრავალსენსორული და სხვადასხვა საგნობრივი პერსპექტივის მატარებელი, რაც უზრუნველყოფს ცოდნის ინტეგრირებულ განვითარებას.

ნაბიჯი 3: ფონური ცოდნის გააქტიურება
მესამე ეტაპზე მასწავლებელი გეგმავს აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენასა და გააქტიურებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისათვის, რადგან კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, სწავლა ეფუძნება უკვე არსებულ გამოცდილებას. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს დისკუსიას, ასოციაციურ რუკებს, კითხვების დასმას ან მცირე კვლევით დავალებებს.

ნაბიჯი 4: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება
მეოთხე ეტაპზე სასწავლო პროცესი გადადის აქტიურ, კვლევაზე დაფუძნებულ ფაზაში, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფურად იკვლევენ საკითხს, სვამენ კითხვებს, აგროვებენ ინფორმაციას და ქმნიან ახალ ცოდნას. ამ ეტაპზე მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და უზრუნველყოფს პროცესის მართვას ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.

ნაბიჯი 5: ცოდნის სინთეზი და შეფასება
ბოლო ეტაპზე ხდება მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, გააზრება და შეფასება. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმით (პრეზენტაცია, პროექტი, პორტფოლიო და სხვ.), რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც შინაარსობრივი ცოდნა, ასევე პროცესში განვითარებული უნარები და დამოკიდებულებები. შეფასება უნდა იყოს, როგორც ფორმატული, ასევე შემაჯამებელი და ორიენტირებული მოსწავლის პროგრესზე.

თემატური ერთეულის გეგმა

სახელწოდება ჯადოსნური სათამაშოების შემქმნელი
მიზნები პროექტის მიზანია თამაშის და სწავლა კეთების მეთოდით, შემოქმედებითი, კვლევა-ძიებისა და ტექნიკური უნარების განვითარება.
საგნობრივი ინტეგრაცია
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ბუნებისმეტყველება
  • ტექნოლოგია
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები
  • მე და საზოგადოება
  • მათემატიკა
  • ხელოვნება
სწავლის შედეგები საგნების მიხედვით ქართული ენა და ლიტერატურა/ისტორია

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოვლენების და ობიექტების თანმიმდევრობით აღწერასა და დალაგებას.
  • საკუთარი და ადრე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენას.
  • სხვადასხვა საინფორმაციო ტექსტის დამუშავებას.      

        კომპიუტერული ტექნოლოგია

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მითითებული კომპიუტერული პროგრამის მიზნობრივად გამოყენებას;
  • ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას;
  • ციფრული ინფორმაციის დამუშავებას.

მე და საზოგადოება

მოსწავლეები შეძლებენ:

განსხვავებული კულტურის, ეროვნების, რელიგიის, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემისა და მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენას;

ფიზიკური აღზრდა

მოსწავლეები შეძლებენ:

სახალისო მოძრავი თამაშების აქტივობების პროცესში ემოციების მართვას, დისციპლინის გამოვლენას, თვითკონტროლსა და კოორდინაციის დაცვას.

ბუნებისმეტყველება

მოსწავლეები შეძლებენ:

  • პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობას და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
  • სხვადასხვა მასალების თვისებებსა  და  გამოყენებაზე მსჯელობას;
  • მასალების მსგავსებისა და განსხვავებების აღწერას;
  • მასალების დახარისხებას ჯგუფებად მათი თვისებების მიხედვით.

მათემატიკა:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გეომეტრიული ფიგურების იდენტიფიკაციას;
  • გეომეტრიული ფიგურების კლასიფირებას;
  • გეომეტრიული ფიგურების გამოსახვასა და გამოყენებას.

ხელოვნება:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • თოჯინებისათვის შესაბამისი მასალისა და ტექნიკის შერჩევასა და გამოყენებას;
  • ესკიზების შერჩევას და შექმნას;
  • თოჯინების გაფორმებას;
  • თოჯინების როლების გათავისებას
პროექტში მონაწილეები (სამიზნე ჯგუფი- საფეხური/კლასი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის I საფეხურის II-III კლასის მოსწავლეები
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა სამი კვირა
პროექტის საბოლოო პროდუქტი მატერიალური პროდუქტი:

სხვადასხვა ტიპის სათამაშოების, მათ შორის თოჯინების დამზადება ჩრდილების თეატრისთვის;

თეატრალური სივრცისა და სათამაშოების მუზეუმის მოწყობა;

შეძენილი ცოდნა და უნარები:

  • საგნებს შორის ჰოლისტური კავშირების დანახვა;
  • კვლევითი უნარების გააქტიურება;
  • ტექნოლოგიური წიგნიერების მიზნობრივად გამოყენება;
  • კულტურული იდენტობის გამოხატვა;
  • გუნდურობის უნარების გამომუშავება და თანამშრომლობა.
პროექტის საკვანძო შეკითხვები
პროექტის აქტივობები და სამუშაო მასალები აქტივობები

თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური კუთხის მოწყობა.

  •   წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.
  •   სათამაშოების ისტორიის გაცნობა.
  •   ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები.
  •   სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა.
  •   პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)
  •   სხვადასხვა სათამაშოს დახარისხება ერთი რომელიმე ნიშნით (მასალა, მოძრაობა, მექანიზმი), ჯგუფური სამუშაო.
  •   ოპტიკურ ილუზიაზე აგებული თამაშები.
  •   თოჯინები – თოჯინების თეატრისთვის.
  •   თოჯინები – ჩრდილების თეატრისთვის.
  •   ვიზიტი თოჯინების თეატრში.
  •  ვიზიტი სათამაშოების საწარმოში, მაგალითად: კოდალა.
  •   მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი.
  •   მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა.

 

აქტივობა #1  – თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური სახელოსნოს მოწყობა.

აქტივობის აღწერა:

თემის გახსნამდე კარგი იქნება მშობლები დავიხმაროთ და ბავშვებს სიურპრიზი მოვუწყოთ, კლასი გავაფორმოთ ისე, თითქოს სათამაშოების შემქმნელის სამუშაო სახელოსნო იყოს(გასათვალისწინებელია საკლასო ოთახის ზომა).

სახელოსნოსთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ:

სხვადასხვა ფერის ლენტები – ცისარტყელასავით, რომლებიც თითქოს  იღვრება კედელზე დამაგრებული ყუთიდან ან მოვათავსოთ სათამაშო ქილაში, საიდანაც ამოხტება, როცა მას გავხსნით;

„ჯადოსნური მტვერი“  – სპეციალური კვერთხი, მორთული მბზინვარე მტვერით,  ბრჭყვიალებითა  და ვარსკვლავებით;

ჯადოსნური საფოსტო ყუთი – სწორედ აქ განთავსდება ახალი სათამაშოების შეკვეთები, დალუქული წერილების სახით;

სათამაშოების კუთხე –  ძველი და ახალი სათამაშოების გამოფენა. 

აქტივობა #2 – წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.

აქტივობის აღწერა:

ვაღებთ ჩვენი კლასის კარს, სადაც დეკორაციებთან ერთად გვხვდება მაგიდებზე ყუთები. ყუთებში სხვადასხვა მასალა, რესურსია: ნაჭრის ნაკუწები, მძივები, ლენტები, ქაღალდები, ღილები, ბამბა და ასე შემდეგ.

ბავშებს ვეუბნებით, რომ ისინი, ახლა, სათამაშოების შემქმნელებად იქცევიან და შექმნიან სათამაშოებს. ბავშვები იწყებენ მუშაობას, (წყვილში, ჯგუფურად, ინდივიდუალურად, თქვენი გადასაწყვეტია). თუ იდეა შემოაკლდებათ იდეების მანქანასთან მიდიან და იღებენ იდეებს.

როდესაც სათამაშოების შექმნას დაასრულებენ,  წარადგენენ და საუბრობენ მასზე. თუ დრო არ გეყოფათ, სხვა დროსაც შესაძლოა მიუბრუნდნენ ბავშვები ამ საქმიანობას.

დამსახურებული ჯილდო!

სთხოვეთ კოლეგა მასწავლებელს  შემოვიდეს კლასში დალუქული ყუთით და კონვერტით. გაკვირვებულმა გახსენით ყუთი და წაიკითხეთ წერილი:

გილოცავთ! თქვენ დაამტკიცეთ, რომ სათამაშოების შექმნა შეგიძლიათ!

ახლა ჩვენ უკვე თანამშრომლები ვართ!

იმედი მაქვს, დამეხმარებით, რადგან მე შვებულებაში ვარ!

სიყვარულით, სათამაშოების შემქმნელი.

აქტივობა #3 – სათამაშოების ისტორიის გაცნობა

მიაჩნიათ,  რომ თოჯინები  სათამაშოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა. პრეისტორიული დროიდან ადამიანები ქმნიდნენ „პერსონაჟებს“ თიხის, ბეწვისა და ხის გამოყენებით. ზოგიერთ მათგანს რელიგიური რიტუალების დროს იყენებდნენ. ქმნიდნენ ღმერთებს, სულებსა და სხვა ჯადოსნურ არსებებს. თიხისა და ხისაგან დამზადებული თოჯინები უძველეს ეგვიპტურ სამარხებშია აღმოჩენილი.

ძველ რომშიც ვხვდებით  თოჯინებს, – ბავშვებს ჰქონდათ  ცნობილი გლადიატორების თოჯინები.

1800-იან წლებამდე თოჯინები ძირითადად მზადდებოდა ნაჭრის, ხის და ცვილისგან. დიდი ბრიტანეთი და გერმანია იყვნენ ცვილის თოჯინების მწარმოებლები.

XIX საუკუნის დასაწყისში, ახალშობილთან მიმსგავსებული თოჯინა, პირველად ინგლისში დაამზადეს, ცვილისგან.

1800-იანი წლების შუა პერიოდისთვის პოპულარული გახდა ფაიფურის და ჩინური თოჯინები.  ამ დროს ნაჭრის თოჯინებიც ძალიან პოპულარული იყო. მათი დამზადება შედარებით  იაფი ჯდებოდა და ადვილი გასაკეთებელი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ნაჭრის თოჯინების მასობრივი წარმოება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თოჯინების  მწარმოებლებმა პლასტმასისგან დაიწყეს ექსპერიმენტები. XX საუჯუნის 40-იან წლებში პირველი პლასტმასის თოჯინებიც გაიყიდა. 1950-იან და 1960-იან წლებში რეზინის და ვინილის თოჯინებს ამზადებდნენ. ვინილი იყო, ალბათ, ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან თოჯინების შემქმნელებს საშუალებას აძლევდა თოჯინას თმა თავში ჩაემაგრებინათ და არა მიეხატათ, ან ზემოდან დაეწებებინათ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული თოჯინა ბარბია. იგი  1959 წელს გამოიგონა ამერიკელმა რუთ ჰენდლერმა, რომელმაც თოჯინას თავისი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა. ეს იყო პირველი თოჯინა, რომელიც მოზარდის გარეგნობით იყო და იმდროინდელ მოდას, მისწრაფებებს ასახავდა.

1970-იან და 80-იანი წლებიდან სათამაშო ფიგურები ძირითადად დაკავშირებული იყო იმ დროინდელ პოპულარულ ფილმებთან, მულტფილმებთან და ტელე – შოუებთან.

მათგან ყველაზე პოპულარული იყო „ვარსკვლავური ომების“ ფიგურები, მას მოსდევდა „კუ ნინძების“, „ჰარი პოტერის“ ფიგურები და ასე შემდეგ.

რეკომენდაცია: კარგი იქნება ვიზიტი თოჯინების მუზეუმში და ამ თოჯინების დამზადებაც.

https://tbilisimuseumsunion.ge/2023/01/10/%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

აქტივობის მიზანი: ბავშვებმა გაიაზრონ სათამაშოების ისტორია, სცადონ საინფორმაციო ტექსტის დამუშავება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ისტორია წარადგენს პრეზენტაციის სახით, ფოტო – მასალით.

ამის შემდეგ მოსწავლეები  ფერად ბარათებზე წერენ:  სამი რამ, რაც აღმოვაჩინე, ორი რამ, რაც ისედაც ვიცოდი, ერთი რამ, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და კიდევ მჭირდება ინფორმაცია.

აქტივობა #4 – ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები

აქტივობის აღწერა:

მასწავლებლის თხოვნით ბავშვებს სახლიდან  მოაქვთ სათამაშოები, საკუთარი, მშობლების, ბებია/ბაბუების. თუ სათამაშო არ არის შემორჩენილი, შესაძლებელია ფოტოების მოტანაც.

კითხვები, რომლებსაც მშობლებს, ბებია/ბაბუებს დაუსვამენ  წინასწარაა შედგენილი ბავშვების მიერ:

  • ვინ მოგცა ეს სათამაშო?
  • რამდენი წლის არის?
  • რამდენი წლის იყავი, როცა სათამაშო გაჩუქეს?
  • რატომ არის ის შენთვის განსაკუთრებული?
  • დღემდე როგორ და რატომ შემოინახე?
  • რისგანაა დამზადებული?
  • აქვს თუ არა სახელი?

ბავშვებს ვთხოვთ რომ ისაუბრონ იმის შესახებ, რა ქმნის ამ სათამაშოებს უნიკალურებს და განსაკუთრებულებს? თუ აქვთ ისეთი სათამაშო, რომელიც თაობებს გადაეცემა?

აქტივობა #5 – სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა

აქტივობის აღწერა:

ბავშვები მშობლების, ბებია/ბაბუების სათამაშოების გამოფენას აწყობენ (შესაძლებელია კლასშიც), კარგი იქნება თუ მსხვრევადი სათამაშოები არ იქნება. მშობლებს, ბებია/ბაბუებს შეუძლიათ დაათვალიერონ. ბავშვები ქმნიან ბარათებს, წარწერებს, მინიშნებებს, ისრებს – საკუთარი პატარა მუზეუმისთვის, შეიძლება ბროშურების მომზადება მუზეუმის შესახებ.

აქტივობა #6 – პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს პიტერ ბლეიკის ნამუშევარს: „სათამაშოების მაღაზია“, რომელიც სხვადასხვა მასალითაა შექმნილი და პიტერის ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას უკავშირდება. გარკვეულწილად მხატვრის ავტოპორტრეტია, – წარმოდგენილი ბავშვობის საყვარელი სათამაშოებისა და იმ ნივთების სახით, რომლითაც თამაშობდა.

ბავშვებს ვეკითხებით:

  • როგორ ფიქრობთ, ეს მაღაზია, თანამედროვე სათამაშოების მაღაზიაა თუ მაღაზია წარსულიდან?

ბავშვები საუბრობენ. ვადგენთ იმ სათამაშოების სიას, რომელსაც ამოიცნობენ და ვწერთ დაფაზე.

სადისკუსიო კითხვა:

  • როგორ ფიქრობთ არის თუ არა დღესაც ხელმისაწვდომი/პოპულარული ასეთი სათამაშოები? ან დღეს რომ იყოს ასეთი სათამშოები, როგორები იქნებოდნენ ისინი?
  • იქნებოდნენ თუ არა ისინი განსხვავებულები? თუ ასეა, როგორ? (მასალები, ფერები, შეფუთვა, თემა და ა.შ.)

მივცეთ ბავშვებს ფურცლები და სახატავი საშუალებები. ვაძლევთ ოთხად დაყოფილ შაბლონს, ბავშვები ხატავენ:

აქტივობა #7 – ოპტიკურ ილუზიაზე აგებული თამაშები.

აქტივობის აღწერა:

https://www.vam.ac.uk/young

ვათვალიერებინებთ ვიქტორიას და ალბერტის სათამაშოების მუზეუმს, სადაც გვხვდება ძველი, ახალი და ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც ოპტიკურ ილუზიაზეა აგებული.

ბავშებს ვუხსნით რა არის ტაუმატროპი, ვაჩვენებთ ვიდეოს:

ავშებმა შესაძლოა თავადაც დაამზადონ საკუთარი ტაუმატროპები, აქ ნახავთ ინსტრუქციას:

აქ კიდევ ერთი ოპტიკური სათამაშო:

აქტივობის ბოლოს, ბავშვები მსჯელობენ ოპტიკურ სათამაშოებზე, როგორ ატყუებენ ისინი ჩვენს თვალებს, რა ხდება მათი აზრით და ა.შ.

აქტივობა #8კომპიუტერული თამაშები

აქტივობის აღწერა:

ვეკითხებით  ბავშვებს:

  • მოგწონთ ვიდეო თამაშები? კომპიუტერული თამაშები?
  • რომელი თამაშების თამაში მოსწონთ?

ვუყვებით ისტორიას და ვეუბნებით  რომ კომპიუტერული თამაშები

დაახლოებით 60 წლის წინ გამოიგონეს. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერული თამაშებისგან!

ბავშვები ადარებენ თანამედროვე თამაშებს, საუბრობენ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.

შეგვიძლია რამდენიმე ძველი თამაშიც ვათამაშოთ და ვუთხრათ, რომ სათამაშოების მწარმოებელმა მოგვცა ამის უფლება. 

აქტივობა #8 – მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი

აქტივობის აღწერა:

აქტივობა უნდა დაიგეგმოს დარბაზში, ან გაშლილ ადგილას. შუა ნაწილში ვდგამთ დიდ ყუთს, ყუთში აწყვია სათამაშოები, სასურველი სხვადასხვა სახის. ბავშვებს ვეუბნებით, რომ სათამაშოები ღამღამობით ცოცხლდებიან და აი, ზუსტად ეს მომენტი დადგა. მათ უნდა ამოიღონ ყუთიდან სათამაშო, წარმოიდგინონ, როგორ იმოძრავებდა, სცადონ მიბაძვა და მუსიკის ფონზე იწყებენ მოძრაობას.

სავარაუდო მოძრაობები:

მექანიკურად, როგორც რობოტი;

ნელა, ზლაზვნით ნაჭრის თოჯინასავით;

ტრიალით  როგორც სპინერი;

ხტუნვით როგორც სახტუნაო/

სწრაფად და ნელად როგორც ქარის სათამაშო.

და ა.შ.

როდესაც მუსიკა  ჩუმდება, ბავშვებმა უნდა შეანელონ მოძრაობა, თითქოს ისინი იღლებიან, ღამის ბოლოს უბრუნდებიან სათამაშოების ყუთს.

აქტივობა #14 – მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა

საჭირო რესურსი: მაკნატუნას სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტები

აქტივობის მიზანი: შეძლოს მიბაძვა, ჩააერთოს როლურ თამაშში, გაიმეოროს მარტივი მოძრაობები.

აქტივობის აღწერა:

ბავშვებს ვაცნობთ მაკნატუნას ისტორიას, ბალეტს, მუსიკას.

 

კარგი იქნება თუ ბავშვებს როლებს გადავუნაწილებთ და მაკნატუნას დავდგამთ. შეგვიძლია დავპატიჟოთ მშობლებიც.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ა. კუდუხაშვილი (2023). ჯადოსნური სათამაშოების შემქმნელი. https://educationhouse.ge/open_news/2175
  2. Drake, S. M., & Reid, J. L. (2018). Integrated curriculum as an effective way to teach 21st century capabilities. Asia Pacific Journal of Educational Research, 1(1), 31-50. https://doi.org/10.30777/APJER.2018.1.1.03
  3. მუზეუმების გაერთიანება, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი https://tbilisimuseumsunion.ge/muzeumebi/tojinebisa-da-satamashoebis-muzeumi/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“