პარასკევი, მარტი 13, 2026
13 მარტი, პარასკევი, 2026

„Japanese Lesson Study“ მოდელი – მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების ეფექტური საშუალება

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია საგანმანათლებლო პრაქტიკის კვლევა სკოლის ბაზაზე. ცნობილია, რომ იაპონია ამ გამოწვევებს შესანიშნავად ართმევს თავს და როგორც კვლევებმა აჩვენა, იაპონური მოდელის დანერგვამ დიდ ბრიტანეთშიც მაღალი შედეგები აჩვენა. „Japanese Lesson Study“-ის მოდელი, პირველად სკოლის საავტორიზაციო სამზადისში მომხვდა ყურში, თუმცა დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. მას შემდეგ, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ვცდილობდი, ცოდნა გამეღრმავებინა რამდენჯერმე კიდევ შევხვდი ამ მოდელს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება. მეთოდის სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებამ კი სრულიად სხვა თვალით დამანახა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმაც განსხვავებული ხასიათი მიიღო.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მოდელი დაინტერესებული პირებისათვის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება და დაინერგება სასკოლო პრაქტიკაში. მოდელი კომპლექსური ხასიათისაა. სწორედ მისი კომპლექსური და თანმიმდევრული ხასიათის გამო, იგი ქართული სკოლებისათვის კურიკულუმის განვითარების კარგი საშუალება იქნება. ასევე, მასწავლებლის პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით კვლევას ატარებს მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც ორიენტირებული არიან მოსწავლეთა მიღწევების ზრდაზე და ამ მიზნით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე. იაპონურად გაკვეთილის შესწავლის სახელია jugyokenkyu. „იუგიო“ ნიშნავს სწავლებას და სწავლას. „კენკიუ“ – შესწავლას ან კვლევას. ასე რომ, ამ მეთოდის დედააზრი სწავლებისა და სწავლის შესწავლა გამოდის.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. შესაძლოა, მათ მოსწავლეებს უჭირთ წილადების შეკრება. შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წილადების შეკრება. ისინი კითხულობენ უახლეს საგანმანათლებლო ლიტერატურას და აკვირდებიან გაკვეთილებს, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს. როგორც წესი, მათ ჰყავთ „გარე მრჩეველი“. ეს ადამიანი, როგორც წესი, არის ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც არ მუშაობს სკოლაში. იგი მოწვეული სტატუსით ჯგუფს ურჩევს და ეხმარება თეორიული მასალის დამუშავებაში და კვლევის პროცესზე დაკვირვებაში. კვლევის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის გეგმა ჰიპოთეზური ხასიათისაა და თითოეული ჯგუფის წევრი გამოთქვამს მოსაზრებას და ხდება მისი ანალიზი. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს ჯგუფთან ერთად შექმნილი გეგმის მიხედვით, ხოლო ჯგუფის დანარჩენი მასწავლებელი აკვირდება პროცესს. იაპონური მოდელის თანახმად, ხშირად სკოლის ჯგუფის არაწევრი მასწავლებლებიც აკვირდებიან პროცესს და ზოგ შემთხვევაში – სხვა სკოლის პედაგოგებიც. ამას ჰქვია საჯარო კვლევის გაკვეთილი. ვფიქრობ, ვერიფიკაციის პროცესში ეს მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამაში კი დაგვეხმარება „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა.

მოდელი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნაბიჯებად:

 

  1. საკვლევი საგნის იდენტიფიცირება

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. მასწავლებლები მოსწავლეთა სწავლის გრძელვადიან მიზნებს ადარებენ მიმდინარე სასწავლო მიღწევებს, რათა დაადგინონ სკოლის მასშტაბით საკვლევი თემა. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს კათედრის ყველა წევრი მასწავლებლით, რაც საშუალებას გვაძლევს მომიჯნავე საგნობრივ ჭრილში შეფასდეს პროცესები.

 

  1. დაგეგმვა

მასწავლებლები მუშაობენ ერთობლივად ჯგუფებში და შეისწავლიან საკვლევი თემის შესაბამის მასალას. ერთობლივად ადგენენ გაკვეთილის გეგმას. შესაძლოა, ამას რამდენიმე შეხვედრაც კი დაეთმოს. ჯგუფი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს მოსწავლეთა პასუხები, მცდარი წარმოდგენები და მისაღწევი შედეგები.

 

  1. გაკვეთილზე დაკვირვება

ჯგუფიდან ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს, სხვა წევრები კი უსიტყვო დამკვირვებლების როლს ასრულებენ. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მტკიცებულებების შეგროვებაზე და არა სწავლების განსჯაზე. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები გაკვეთილზე? რას აკეთებენ სწორად ან არასწორად? მიზანი გაკვეთილისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვებისაგან განსხვავებით ფოკუსირებული დაკვირვება ხდება მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.

 

  1. გაკვეთილის შემდგომი სამუშაო შეხვედრა

ჯგუფი იკრიბება, რათა ოფიციალურად განიხილონ დაკვირვების შედეგები. აქცენტი კეთდება დაკვირვებებისას აღმოჩენილ მიგნებებზე. ფასდება სწორი იყო თუ არა დაგეგმვისას გამოთქმული პროგნოზები. ჯგუფის წევრები გასცემენ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ემსახურება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკიდან განსხვავებით, ორიენტირებული არ ვართ მასწავლებლის უნარებზე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა უნარებსა და მათ განვითარებაზე.

 

  1. საკვლევი გაკვეთილის განმეორებით ჩატარება

 თავიდან ტარდება გაკვეთილი რომელიც დაიგეგმა დისკუსიის პროცესში და ეყრდნობა გაკვეთილის შემდგომი დისკუსიის შედეგებს. ეს არის ახალი გაკვეთილი და არა წინა კვლევის ხელახალი ჩატარება. უბრალოდ იგეგმება ახალი გაკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით. გაკვეთილის შესწავლა ფოკუსირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პრაქტიკის თანდათანობით ცვლილებაზე, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევის შედეგებსაც.

 

  1. გარე ექსპერტიზა

პროცესში შესაძლოა ჩართოს გარე ექსპერტი, რომელიც დააკვირდება გაკვეთილს და გასცემს უკუკავშირს. ასევე მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის პროცესში. ჩემი დაკვირვებით და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა ან სამინისტროს ექსპერტების მოწვევა.

 

  1. გაზიარება

 მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იყოს კათედრის ყველა წევრისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

 სასურველია სკოლამ დასკვნები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს გამოიყენონ ერთმანეთის პრაქტიკა და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა სწავლებისა და სწავლის შესახებ სხვა ჯგუფების კვლევის გაკვეთილებზე დაკვირვებით.

იაპონიაში შესაძლებელია გაკვეთილის პროცესის გადაღება და შემდგომ ამ ვიდეომასალის დამუშავება სამუშაო შეხვედრებზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვფიქრობ, შესაძლებელია მსგავსი პრეცედენტის დანერგვა სამომავლოდ და სპეციალური საკვლევი გაკვეთილების ჩატარება.

სასკოლო პრაქტიკაში ამ მეთოდის დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა სკოლას: გაუმჯობესდება სასწავლო კურიკულუმი, სკოლაში განვითარდება თანამშრომლობით კულტურა, გაუმჯობესდება სწავლა სწავლების შედეგები, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მუდმივ განვითარების პროცესს და დანერგავს სკოლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“