სწავლის დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში, იწყება მოსწავლის წერის უნარის ფორმირება. ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს, რომ ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი არ არის. ყოველ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური თავისებურებები, რომლებიც ხშირად განსხვავებულ პედაგოგიურ მიდგომას მოითხოვს.
განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევებით სავსეა ცაცია მოსწავლეებთან მუშაობა. ხშირად ვხედავ, რომ ცაცია ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ წერის ტექნიკის დასაუფლებლად. სასწავლო გარემო და წერითი ინსტრუმენტების გამოყენების წესები უმეტესად მარჯვენახელიანი მოსწავლეების შესაძლებლობებს არის მორგებული. ამის გამო ცაციებს შესაძლოა გაუჭირდეთ კალმის სწორად დაჭერა, ფურცელზე ხელის პოზიციის შერჩევა და წერის მოძრაობების კონტროლი. ამის შედეგია ასოების ფორმის არასტაბილურობა, წერის დაბალი ტემპი და სივრცითი განლაგების სირთულეები.
განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც ცაცია მოსწავლეს დისგრაფიის ნიშნებიც აქვს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ვიზუალურ, მოტორულ და კინესთეტიკურ გამოცდილებას აერთიანებს.
ჩემი დაკვირვებით, პირველ კლასში წერის სწავლა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. იგი მოითხოვს რამდენიმე უნარის:
- წვრილი მოტორიკის;
- თვალისა და ხელის კოორდინაციის;
- სივრცითი აღქმის;
- ვიზუალური მეხსიერების;
- ენობრივი კომპეტენციის, –
ერთდროულ განვითარებას.
ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები შემდეგ სირთულეებს:
- ასოების არასწორი მიმართულება;
- წერის მოძრაობათა კონტროლის სირთულე;
- კალმის არასწორი პოზიცია;
- წერის დაბალი ტემპი.
როდესაც ამ სირთულეებს დისგრაფიის ნიშნებიც ემატება, მოსწავლეს უფრო მეტად უჭირს ასოების სტაბილური ფორმით გამოსახვა, სიტყვებს შორის ინტერვალის დაცვა და ტექსტის თანმიმდევრული წერა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული პედაგოგიური მხარდაჭერა და მიზნობრივი სავარჯიშოების გამოყენება.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: პირველ კლასში მყავდა ცაცია მოსწავლე, რომელსაც წერა განსაკუთრებით უჭირდა. მას უჭირდა ასოების გრაფიკული გამოსახვა და წერის ტემპითაც ჩამორჩებოდა თანაკლასელებს. მის დასახმარებლად გამოვიყენე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი – ბადიან რვეულში წინასწარ ფანქრით ვუწერდი:
- მარცვლებს;
- სიტყვებს;
- მარტივ წინადადებებს;
- მცირე ტექსტებს.
მოსწავლე ჩემ მიერ დაწერილ ტექსტში თითოეულ ასოს მხოლოდ კალამს გადაატარებდა.
ამ მეთოდის გამოყენებისას რამდენიმე მიზანს ვესახავდი:
- მოსწავლეს დამახსოვრებოდა წერის მოძრაობები;
- გაეუმჯობესებინა ხელის მოტორული კოორდინაცია;
- უკეთ აღექვა ასოების ფორმა.
გამოყენებული მეთოდი ეფუძნება მოდელირებისა და კინესთეტიკური სწავლების პრინციპებს. როდესაც მოსწავლე წინასწარ დაწერილ ასოს კალამს გადაატარებს, იგი ერთსა და იმავე დროს ხედავს ასოს ფორმას და იმეორებს მის მოძრაობას. ამ პროცესში თანდათან ყალიბდება მოტორული მეხსიერება, რაც ხელს უწყობს ასოების წერის ავტომატიზაციას.
ასევე უმჯობესდება თვალისა და ხელის კოორდინაცია, რადგან მოსწავლე ყურადღებით მიჰყვება ასოს კონტურს. ამგვარი განმეორებითი მოძრაობები ხელს უწყობს ასოს ფორმის უკეთ დამახსოვრებას.
ამ მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტია სწავლის შფოთვის შემცირება. როდესაც მოსწავლეს არ უწევს ასოს დამოუკიდებლად გამოსახვა და მხოლოდ არსებულ ფორმას მიჰყვება, ის უფრო თავდაჯერებულია და ნაკლებად ეშინია შეცდომის.
პროცესი ეტაპობრივად გადაიზარდა დამოუკიდებელ წერაში:
ჯერ – გადატარება, შემდეგ – ნაწილობრივი კოპირება და საბოლოოდ – დამოუკიდებელი წერა.
სისტემატური მუშაობის შედეგად დაახლოებით ორ თვეში მოსწავლემ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. წერის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ მისი ტემპი და სისუფთავე თითქმის გაუთანაბრდა თანაკლასელებისას. ჩემი დაკვირვებით, პრაქტიკულად აღმოიფხვრა დისგრაფიის ნიშნებიც.
კვლევები მიუთითებს, რომ წერის უნარის განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული მოტორული უნარების განვითარებასა და მრავალსენსორულ სწავლებასთან.
გრემი და ჰარისი (Graham & Harris, 2005) აღნიშნავენ, რომ წერითი უნარის სწავლება უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მოდელს და შემდეგ მიბაძვით განახორციელონ შესაბამისი მოძრაობები.
ბერნინგერი (Berninger, 2012) თავის კვლევებში ხაზს უსვამს, რომ წერის უნარის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციასთან. მისი დაკვირვებით, წერითი მოქმედების ხშირი პრაქტიკა ხელს უწყობს ასოების ფორმის ავტომატიზაციას.
ფედერი და მაინემერი (Feder & Majnemer, 2007) დისგრაფიის შესახებ ჩატარებულ კვლევებში აღნიშნავენ, რომ ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც აერთიანებს მოძრაობას, ვიზუალურ აღქმასა და წერით პრაქტიკას.
შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში გამოყენებული მეთოდი, წინასწარ დაწერილ ტექსტზე კალმის გადატარება, სწორედ იმ მიდგომებს ეფუძნება, რომლებსაც თანამედროვე პედაგოგიური კვლევები ეფექტურად მიიჩნევს.
ჩემი გამოცდილებით, ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია:
- ფურცლის ოდნავ დახრით განთავსება;
- კალმის სწორად დაჭერის სწავლება;
- ბადიანი რვეულის გამოყენება;
- ასოებზე კალმის გადატარების სავარჯიშოები;
- წვრილი მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები;
- საკმარისი დროის მიცემა წერისთვის;
- მოსწავლის მუდმივი მხარდაჭერა და წახალისება.
ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგის დაკვირვებას, მოთმინებას და სწავლების მეთოდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სამუშაო გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლის მხრივ, შედეგი მოწმობს, რომ სწორი პედაგოგიური მხარდაჭერა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაძლიოს საწყის ეტაპზე არსებული სირთულეები და წარმატებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა
- Berninger, V. W. (2012). Past, present, and future contributions of cognitive writing research to cognitive psychology. Psychology Press
- Feder, K., & Majnemer, A. (2007). Handwriting development, competency, and intervention. Developmental Medicine & Child Neurology, 49(4), 312-317
- Graham, S., & Harris, K. R. (2005). Writing better: Effective strategies for teaching students with learning difficulties. Paul H. Brookes Publishing
- Richards, R. (1999). The source for dysgraphia. LinguiSystems


