არაფორმალური განათლება, როგორც ბავშვისთვის, ასევე საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ განათლების 60-65 % სწორედ ამ გზით მიღებული ცოდნის შედეგია.
დოკუმენტში არაფორმალური განათლების განმარტებას ამგვარად ვხვდებით. „ეს არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას“. იგი მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული, თუ რა, სად და როგორ შეიმეცნოს მან. ის მეტად ორიენტირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. ხოლო ფორმალურ განათლებაში წინასწარ არის განსაზღვრული და სტრუქტუირებული სწავლების შინაარსი, ფორმაც, პროგრამაც და დასწავლის დროც. არაფორმალური განათლების ელემენტები დღეს უფრო ხშირად გვხვდება ფორმალურ განათლებასთან ერთად, ვიდრე ეს იყო 5-6 წლის წინ.
არაფორმალურისა და ფორმალური განათლების ამგვარ ინტეგრირებად შეიძლება მივიჩნიოთ გასვლითი სასწავლო შემეცნებითი გაკვეთილები ამა თუ იმ საინტერესო ადგილას. როცა ამგვარი ვიზიტი ეწყობა იგი მოსწავლეებისთვის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც გასართობი შინაარსის გასვლა. მას სჭირდება მკაცრად გაწერილი პროგრამა, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სწორად ფორმულირებულ მიზანს, კავშირს სასწავლო პროგრამასთან და შედეგიანობის გათვლას.
ამგვარად, სასკოლო სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისთვის. მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ გარემოში. ასეთ შეხვედრებზე მათ სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არაამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, ჯგუფური სახე აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. გარდა ამისა ასეთი გაკვეთილი ახდენს რამდენიმე საგნის ინტეგრირებას. ამიტომ აქ შეიძლება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ჩართულობა და შეთანხმებული მუშაობაც გახდეს საჭირო. ეს ბევრად ეფექტიანია, რადგან თემისა და ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით. ამგვარად მიღებული ცოდნა კი ბევრად კომპლექსურია დ და ამასთან ერთად ზოგავს თანხებს (თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა).
სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის მიზანთან ერთად აუცილებელია შეხვედრის ზუსტი დროის განსაზღვარა და მოსწვლეთა რაოდენობის დადგენაც, რადგან უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია 5 ბავშვზე ერთი უფროსი მაინც მოდიოდეს მეთვალყურედ.
მასწავლებელმა მუზეუმის შესახებ წინასწარ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რათა პრობლემებს არ წააწყდეს. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება თავად დაწესებულებას ჰქონდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა (მაგალითად დამთვალიერებელთა ჯგუფების დიდ ან მცირე რაოდენობაზე).
მნიშვნელოვანია ასევე რომ პედაგოგმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს ვიზიტის გეგმა – რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. თავად მასწავლებელმაც უნდა უბიძგოს მოსწავლეებს კითხვების დასმისკენ, თუ მოსწავლეები დაწყებითი საფეხურზე არიან, ამ შემთხვევაში თვითონ მასწავლებელმაც შეიძლება დასვას კითხვები და ამით მიბაძვის სურვილი გაუჩინოს მოსწავლეებს.
ვიზიტამდე:
- გააცანით მოსწავლეებს ვიზიტის მიზანი, მიმართულება და ასევე თუ რა სასწავლო თემატიკას ეხმიანება იგი;
- წინასწარ განსაზღვრეთ ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები;
- სთხოვეთ მოსწავლეებს თან ჰქონდეთ პატარა წიგნაკი და კალამი, რათა მოინიშნონ გიდის მიერ ახსნილი მნიშვნელოვანი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
- დეტალურად გააცანით მოსწავლეებს მუზეუმში ქცევის წესები და უსაფრთხოების ზომები;
- არ დაგავიწყდეთ მოსწავლეთა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყური დაუგდონ გიდსა და მასწავლებელს და მისდიონ ინსტრუქციებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.
ვიზიტის დროს:
- მასწავლებელი უნდა ეცადოს აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, ასე არ გაუჭირდება კლასის მართვა;
- სასურველია აქტივობებს ჰქონდეს ჯგუფური ხასიათი, შეიძლება მცირე ჯანსაღი კონკურენციის პირობებიც შევქმნათ, ეს ბევრად აზარტულს და საინტერესოს გახდის პროცესებს;
- მგზავრობის დროც არ დაკარგოთ ფუჭად. ამ დროს შეიძლება მათ მცირე თამაშობები შევთავაზოთ. მაგალითად „ეკი-ვოკი“ (ასოციაციებით თემატური სიტყვის ამოცნობა). ქუჩებისა და თანმხვედრი მნიშვნელოვანი გეოგრაფიოული ობიექტების დაკვირვება, დასახელება, ისტორიულ ჭრილში განხილვა. ავტომობილებზე დაკვირვება და აღრიცხვა, თუნდაც რა ფერის ან მარკის ავტომობილები ჭარბობს და ა.შ.
ვიზიტის შემდეგ:
- ვიზიტის შემდეგ მოაწყვეთ რაიმე სახის გამაერთიანებელი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები შეძენილი ცოდნისა და ინფორმაციის ანალიზსა და წარდგენას მოახდენენ. შეიძლება ეს იყოს კედლის გაზეთი, ბლოგი საპრეზენტაციო მასალის მომზადება და ა.შ.
- მოსწავლეებს კარგი მუშაობისთვის შეგიძლიათ გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები ან მადლობის ბარათები.
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან
კლასი: მეოთხე
თემა: ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფები
საგანი/ები: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება , სახვითი და გამოყენებითი ხელონება
მიზანი:
ქართული ენა – შეკითხვების შედგენა ინტერვიუსთვის, წერითი პროცესების გააქტიურება, შემოქმედებისა და პრეზენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ბუნება – ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მსჯელობა მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, ინფორმირება ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკოს ამოცნობა, მცენარეებისა და ხერხემლიანი ცხოველების გარკვეული ნიშნის მიხედვით დაჯგუფება;
მე და საზოგადოება – გაიგონ მუზეუმების დანიშნულების შესახებ, სწორად აღიქვან მათი როლი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.
ხელოვნება – სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით სამუზეუმო ექსპონატის შექმნა თიხის ფირფიტებზე.
ნაბიჯი პირველი: მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები. თემის ფარგლებში შეიტყვეს თუ რა ნიშნების საფუძველზე აჯგუფებენ ორგანიზმებს და რამდენ ჯგუფში არიან ისინი გაერთიანებულები; რა განსხვავებაა წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებში, რაში იყენებს ადამიანი სოკოებს, როგორი ბაქტერიები არსებობს და როგორ ავიცილოთ ბაქტერიული დაავადებები თავიდან, რა მნიშვნელობა აქვს ხერხემალს ცხოველთა დაჯგუფებაში და რა ჯგუფებს გამოყოფენ ამის მიხედვით.
ასევე შეძლეს ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, იმსჯელეს მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, გაიგეს ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, ამოიცნეს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკო, დააჯგუფეს მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები გარკვეული ნიშნის მიხედვით .
ნაბიჯი მეორე: საგან მე და საზოგადოების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მუზეუმის თემა. შეიტყვეს თუ რა არის მუზეუმის დანიშნულება, რა სახის მასალას ინახავს იგი, რა ტიპის მუზეუმები არსებობს მსოფლიოში, რა არის ექსპონატი, ვინ არის გიდი და ა.შ.
ნაბიჯი მესამე: სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სახის მუზეუმს. დაადგინეს თუ რა სახის სამუზეუმო ექსპონატები შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულ ნაწილში კი კერამიკული თიხის ფირფიტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი;
ნაბიჯი მეოთხე: ქართულ ენაში მოსწავლეებმა შეისწავლეს ჟანრი ზღაპარი და ჯადოსნური სამყარო. საკლასო ოთახში ჯადოსნური ნივთების მუზეუმის მოწყობის მიზნით , მათ საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სხვადასხვა ნივთი, რომელსაც ჯადოსნური თვისება მიუსადაგეს. თითოეული ექსპონატისთვის დაამზადეს აღწერილობა, წარუდგინეს თანაკლასელებსა და სტუდენტებს და ნივთთან ერთად განათავსეს საგანგებოდ გამოყოფილ საექსპონატე მაგიდაზე.
ნაბიჯი მეხუთე: მშობლებთან შეთანხმებით დაიგეგმა სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების სექციაში. რადგან მოსწავლეთა რაოდენობა ოც ბავშვამდე გახლდათ დახმარება მშობლებს ვთახოვე. თან გვახლდა ოთხი მშობელი.
თანხის დაზოგვის თავალსაზრისით, რადგან ქალაქიდან გასვლა არ გვიწევდა გადავწყვიტეთ მშობლებს თავად ეზრუნათ მოსწავლეთა ადგილზე მოყვანისთვის (საზოგადოებრივი ტარანსპორტით გადაადგილება ბევრად ბიუჯეტური აღმოჩნდა).
მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ვიზიტის მიზანი და ქცევის წესები.
ვიზიტის მიზანი:
- საკლასო სივრცეში შესწავლილი მასალის გაერთიანება და რეალურ სივრცეში გადატანა
- კავკასიის ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა ჯგუფების თვალსაჩინოდ აღქმა;
- ეროვნული კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემისა და დაცვითი თვითშეგნების გაძლიერება;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (მუზეუმში) ქცევის წესების დაცვა/გამომუშავება;
- თვალსაწიერის გაფართოება;
- არასაკლასო გარემოში ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობა;
მუზეუმში ქცევის წესები (შეგიძლიათ თავად მუზეუმის ვებ-გვერდზე იხილოთ, რამდენიმე კი საჭიროებისამებრ დაამატოთ):
- სასურველია, მუზეუმის დათვალიერებამდე გაეცნოთ მუზეუმის გზამკვლევს (ამ შემთხვევაში ვირტუალურად), რომ უკეთ დაგეგმოთ დათვალიერების პროცესი და განსაზღვროთ მოლოდინები;
- დატოვეთ არასაჭირო ნივთები მუზეუმის გარდერობში;
- მოიქეცით თავშეკავებულად, მშვიდად. მიუღებელია ხმამაღლა საუბარი, გადაძახება. არ არის სასურველი საკუთარი შთაბეჭდილებების ზედმეტი ემოციებით გამოხატვა. ასევე არ არის აუცილებელი ხელების ზედმეტად მოძრაობა, თუნდაც მისათითებლად. დაუშვებელია სირბილი საგამოფენო სივრცეში;
- არ დადგეთ დამთვალიერებლის წინ, არ შეუშალოთ ხელი სხვას დათვალიერებაში;
- ყურადღებით მოუსმინეთ გიდს. თუ თქვენთვის მისი საუბარი ნაკლებად საინტერესოა, მოიქეცით ისე რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ;
- არ შეეხოთ ხელით ექსპონატებს. თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები ექსკურსიის დროს, არ შეაწყვეტინოთ საუბარი გიდს. დაუსვით შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის დაასრულებს საუბარს.
- შეიკავეთ თავი მაშინაც კი, როცა არ მოგეწონათ ექსპონატი. არ არის საჭირო უარყოფითი ემოციების ხმამაღლა გამოხატვა;
- თან იქონიეთ პატარა წიგნაკები და კალმები, ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რადგან მომდენო გაკვეთილზე ამ საკითხზე მოვაწყობთ მცირე ვიქტორინას.
- და ა.შ.
აქვე აღვნიშნავ , რომ მოსწავლეებთან ერთად მეც ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მაგალითი მიმეცა ბავშვებისთვის
ნაბიჯი მეექვსე: ვიზიტის შემდეგ მუზეუმიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვაწყვეთ ინტელექტუალური ვიქტორინა – „რა? სად? როდის?“.
კითხვები სრულიად მოიცავდა მუზეუმში მოსმენილ და ნანახ მასალას. დახმარება გამიწია სტუდენტებმა, რომლებიც სკოლაში შესაბამის პრაქტიკას გადიოდნენ, თუმცა ასეთ დროს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ კოლეგებსაც.
ჯგუფებში მოასწავლეები წინასწარ გადავანაწილე. რადგან ისეთი მოსწავლეები , რომლებმაც ვერ შეძლეს მუზეუმში სტუმრობა ერთად არ მოხვედრილიყვნენ და არ აღმოჩენილიყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში , რათა მათი ჩართულობაც მაქსიმალური ყოფილიყო (შეიძლება ითქვას რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან ისინი ყურადღებით უსმენდნენ მსჯელობის პროცესში გუნდის წევრებს, მათ დაევალათ ბარათებზე პასუხების დაწერა, საბოლოოდ კი აღნიშნეს, რომ მეგობრებისგან ბევრი რამ გაიგეს , თუ რა ნახეს და მოისმინეს მუზეუმში) .
სტუდენტები გადანაწილდნენ შემდეგი სახით:
კითხვების შემგროვებელი, პასუხების მცველი და მესამეს ქულათა დაჯამება დაევალა. წამყვანობა და კითხვების დასმა თავად ავიღე საკუთარ თავზე. განწყობისთვის მსვლელობა მუსიკალურად გავაფორმე, რომელიც სატელევიზიო გადაცემიდან იყო. ტაიმერის ხმა (30 წმ) კი ფონად გასდევდა კითხვებზე მუშაობის პროცესს.
- დასაწყისიდანვე ჯგუფებმა შეარჩიეს გუნდის სახელები და დაწერეს როგორც სამაგიდო ბანერზე, ასევე პასუხების ფურცლებზე, რათა პასუხების შემგროვებელს მარტივად დაელაგებინა ისინი;
- თითოეულმა გუნდმა შეარჩია კაპიტანი, რომელიც კაპიტნების ტურში სრულიად მარტო დარჩებოდა შეკითხვის საპასუხოდ;
- 15 შეკითხვიდან 14-ს პასუხობდა გუნდის ყველა წევრი, ხოლო მე-8 შუალედურ შეკითხვაზე მაგიდასთან რჩებოდნენ კაპიტნები („კაპიტნების ტური“) ;
- მასწავლებელს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს სათადარიგო კითხვაც ერთნაირი შედეგების მიღების შემთხვევაში რომ გამოიყენოს (ჩვენ შემთხვევაში ამის აუცილებლობა დადგა);
- მნიშვნელოვანია შედეგები შუალედურადაც გამოაცხადოთ, კაპიტნების ტურის შემდეგ (პასუხების ბლანკი)
- საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ ყველა მონაწილეს , გადაეცით სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს კი შეგიძლიათ სიმბოლურად ქანდაკება „ბუც“ გადასცეთ, რომელსაც გარდამავალი სტატუსი ექნება;
- დაჯილდების დროს აუცილებლად გამოიყენეთ მუსიკალური გაფორმება, რადგან ეს მეტად ამაღლებულ განწყობას ქმნის საკლასო ოთახში;
ვიქტორინის ბოლოს მოსწავლეეებს აუცილებლად დაურიგეთ უკუკავშირის ბარათები/ გასასვლელი ბილეთები, თუნდაც 3, 2, 1.
აქ კი აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ძალიან მოეწონათ პროცესები. სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის დროს კი მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და სათანადო ჩანიშვნებსაც გააკეთებენ, რადგან გამოადგებათ შემდეგი ვიზიტისას.
ნაბიჯი მეშვიდე: მოსწავლეებს მივეცი ინტეგრირებული შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ კედლის გაზეთები სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებზე, სადაც შერჩეული ეყოლებოდათ ერთი ცხოველი და წარმოადგენდნენ მასთან წარმოსახვით ინტერვიუს, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ინფორმაცი,ა რაც მუზეუმში ვიზიტის დროს მიიღეს და ასევე თავადაც უნდა შეევსოთ სხვა საინტერესო ფაქტებითაც.
შემაჯამებელი დავალებები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. წარდგენას ორი სრული საგაკვეთილო დრო დაეთმო, თუმცა ვერცერთ მოსწავლეს ვერ შეატყობდით, რომ პროცესებმა დაღალა, რადგან აქტიურად უსვამდნენ პრეზენტატორს საინტერესო შეკითხვებს და სრულად იყვნენ ჩართულნი იმ შეფასების პროცესში, რომლის რუბრიკაც თავად შექმნეს.
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
- დავალების შინაარსი საინტერესოა, გამოყენებულია მუზეუმში მოსმენილი ინფორმაცია და შევსებულია სხვა დამატებითი მასალით – 3 ქულა;
- ნაშრომს აქვს ინტერვიუს სახე – 1 ქულა;
- საინტერესოდ და უშეცდომოდ წარადგინა მოსწავლემ მასალა – 1 ქულა;
- წარმოდგენილი აქვს თვალსაჩინოებები, მიმზიდველადაა გაფორმებული – 2 ქულა;
- დროში ზუსტად ჩაეტია (3 წთ) – 1 ქულა;
- „ვიცი , ვპასუხობ“ – აუდიტორიის კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა – 2 ქულა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- სატრენინგო მასალა – „სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტიანობისთვის“.



