ოთხშაბათი, აპრილი 1, 2026
1 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

რას „ვხედავთ“ მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას?

მუსიკის აღქმის კოგნიტიურ-სემიოტიკური მექანიზმები.

მუსიკის სწავლება თანამედროვე განათლებაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სმენით აღქმის, სიმღერის ან ნოტების შესწავლით. ადამიანი მუსიკას ხედავს, განიცდის, ახდენს მის ინტერპრეტირებას, ანიჭებს შინაარსს. ბავშვობაში მუსიკა ხშირად აღიქმება ფერების, მოძრაობების, პერსონაჟებისა და ისტორიების წყაროდ. სწორედ ამ პროცესს სწავლობს კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომა.

სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა:

  • რას აკეთებს მოსწავლე გონებრივად მუსიკის მოსმენისას?
  • რატომ „ხედავს“ იგი სურათებს, სცენებს, ემოციებს იქ, სადაც სიტყვები არ არის?

ამ კითხვებზე პასუხის მიღება შესაძლებელია კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომის საშუალებით, რომელიც მუსიკას განიხილავს როგორც ნიშანთა სისტემას, ხოლო ნაწარმოების მოსმენას – როგორც მნიშვნელობის შექმნის პროცესს.

სემიოტიკა არის მეცნიერება ნიშნების, სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების შესახებ. ის იკვლევს, როგორ „კითხულობს“ ადამიანი სამყაროს – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ხმებით, ფერებით, ჟესტებით, გამოსახულებებითა და მუსიკით.

სემიოტიკურ აზროვნებას საფუძველი ჩაუყარეს ფერდინანდ დე სოსიურმა და ჩარლზ სანდერს პირსმა, რომელთა თეორიებიც დღეს აქტიურად გამოიყენება ხელოვნების, განათლებისა და კოგნიტური მეცნიერებების კვლევაში.

ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით, ნიშანი შედგება ორი ნაწილისგან:

  1. აღმნიშვნელი – ის, რასაც ვხედავთ ან ვისმენთ (ბგერა, მელოდია, ფორმა);
  2. აღნიშნული – მნიშვნელობა, რაც მას ჩვენს ცნობიერებაში ენიჭება.

ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჩარლზ სანდერს პირსმა ნიშნების კლასიფიკაცია მე-19 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა. პირსი თანამედროვე სემიოტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის არის, რომ მან ადამიანი როგორც ნიშნების შემქმნელი და ინტერპრეტატორი წინა პლანზე წამოსწია.

ჩარლზ სანდერს პირსი ნიშანს წარმოიდგენს ერთგვარ სამკუთხედად: ნიშანი – ობიექტი – ინტერპრეტატორი.

სწორედ ინტერპრეტატორია გადამწყვეტი მუსიკის აღქმის პროცესში.

პირსი გამოყოფს:

  • იკონურ – მსგავსებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს;
  • ინდექსურ – მიზეზშედეგობრივ – ნიშნებს;
  • სიმბოლურ – შეთანხმებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს.

სემიოტიკა როგორც ნიშნების მეცნიერება გვაძლევს საშუალებას, მუსიკა განვიხილოთ არა მხოლოდ ესთეტიკურ მოვლენად, არამედ ნიშანთა სისტემად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, კოგნიტიურ და კულტურულ გამოცდილებაზე.

მუსიკა როგორც ხელოვნება განსაკუთრებულად სემიოტიკურია, რადგან იგი არ იყენებს სიტყვებს, მაგრამ მოქმედებს ემოციაზე, მეხსიერებაზე, სხეულსა და კულტურულ გამოცდილებაზე.

მუსიკის მოსმენის დროს ადამიანი:

  • ქმნის ვიზუალურ სურათებს;
  • აკავშირებს ბგერებს ემოციებთან;
  • ააქტიურებს წარსულ გამოცდილებას;
  • აყალიბებს შიდა ნარატივებს.

მუსიკა აღძრავს არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ სურათებს, სიუჟეტებს, მოძრაობებს. მოსწავლე არ არის პასიური მსმენელი – ის ხდება მნიშვნელობის შემქმნელი. ეს პროცესი ეყრდნობა კოგნიტიურ მექანიზმებს: ყურადღებას, მეხსიერებას, ასოციაციასა და ფანტაზიას. მუსიკა ხდება ნიშანთა სისტემა, სადაც:

  • ტემპი შეიძლება ნიშნავდეს მოძრაობას;
  • რეგისტრი – სივრცეს;
  • დინამიკა – ემოციურ დაძაბულობას;
  • ტემბრი – პერსონაჟს ან ხასიათს;
  • რიტმი – ენერგიას;
  • პაუზა – მოლოდინს.

სემიოტიკური მიდგომის გამოყენებას მუსიკის გაკვეთილზე აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები:

  • ავითარებს კრიტიკულ და სიმბოლურ აზროვნებას;
  • აძლიერებს ემოციურ ჩართულობას;
  • ხელს უწყობს მეტაკოგნიტიური უნარების გააქტიურებას (რას ვგრძნობ ნაწარმოების მოსმენის დროს? რატომ?);
  • ზრდის მოსწავლეთა მეტყველებით და ვიზუალურ თვითგამოხატვას.

 

შესაძლო სირთულეები

  • მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
  • საჭიროა მასწავლებლის მაღალი პროფესიული მზაობა;
  • დროის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის მუსიკა არის: „ვიღაცის სიარული“, „მზე, რომელიც ამოდის“, „სევდიანი ადამიანი“. ეს ინტერპრეტაციები მოსწავლის ცნობიერებაში წარმოადგენს მუსიკის სემიოტიკურ დეკოდირებას.

კოგნიტიური პროცესები (ყურადღება, მეხსიერება, ასოციაცია, ფანტაზია) მუსიკის მოსმენისას ერთიანდება და ქმნის შიდა ვიზუალურ და ემოციურ სურათებს. სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: რას ვხედავთ მუსიკის მოსმენისას?

წარმოგიდგენთ რამდენიმე გაკვეთილის მაგალითებს.

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: I

თემა: „რას ვხედავთ, როცა მუსიკას ვუსმენთ?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გაიგებს, რომ მუსიკა შეიძლება რაღაცას უსიტყვოდ „გვეუბნებოდეს“;
  • შეძლებს მოსმენილი მუსიკის ემოციით, მოძრაობით ან ნახატით გადმოცემას;
  • მიხვდება, რომ მუსიკის მოსმენისას ყველას შეიძლება განსხვავებული სურათი წარმოესახოს;
  • ისწავლის ყურადღებით მოსმენას.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 ემოციური ჩართვა

 

მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ბავშვებო, გიყვართ ზღაპრები? დღეს მუსიკა მოგიყვებათ ზღაპარს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

• შეიძლება თუ არა, ზღაპარი სურათებით იყოს გადმოცემული?

• შეიძლება თუ არა, ზღაპარი ხმებით იყოს გადმოცემული?

2 მომზადება მოსმენისთვის – სხეულით აღქმა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– გთხოვთ, თვალები დახუჭოთ,

ხელები მუხლებზე დაიდოთ,

არ ილაპარაკოთ

და უსმინოთ მუსიკას გულისყურით.

3 „ჯადოსნური მუსიკა“ მოსწავლეები უმენენ კამილ სენ-სანსის „აკვარიუმს“.

მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მუსიკა დაიწყება. მოუსმინეთ მას და დააკვირდით, რას „დაინახავთ“.

4 ემოციის აღმოჩენა მუსიკის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება კლასს:

– როგორ ფიქრობთ, როგორი იყო მუსიკა?

ü  მხიარული

ü   მშვიდი

ü   იდუმალი

ü   ძილის მომგვრელი

(ბავშვები ხელით ან სახის გამომეტყველებით ანიშნებენ პასუხს)

შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორი იყო მუსიკა? ნელი თუ სწრაფი?

მუსიკის მოსმენისას მოძრაობა გინდოდათ თუ მშვიდად ყოფნა?

5 სემიოტიკა სურათად – „რას ვხედავთ?“ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– მუსიკის მოსმენისას ხომ არ ,,დაინახეთ“ წარმოსახვით

ü  წყალი?

ü  თევზი?

ü  მოცურავე ადამიანი?

ü  ზღაპრული ადგილი?

მასწავლებელი არ აძლევს მინიშნებას მოსწავლეებს. თუ მოსწავლე ამბობს: „ვარსკვლავები დავინახე“, – ეს პასუხიც მისაღებია.

მასწავლებელი აჯამებს:
– ბავშვებო, მუსიკა ყველა ადამიანს თავის ისტორიას უყვება.

6 შემოქმედებითი აქტივობა – „დახატე მუსიკა“ მასწავლებელი აძლევს დავალებას:

– ახლა დახატეთ ის, რაც მუსიკის მოსმენისას „დაინახეთ“.

მასწავლებელი ძალიან ხმადაბლა ფონად რთავს იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს.

მასწავლებელი:

• არ ასწორებს ნახატებს;

• არ ამბობს: „ეს არ არის სწორი“;

• მხოლოდ ეკითხება მოსწავლეს:

–         რა დახატე?

–         რატომ აირჩიე ეს ფერი?

7 გაზიარება – მნიშვნელობის მიღება რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნახატს. მასწავლებელი ეკითხება:

– როგორი იყო ეს მუსიკა შენთვის: მხიარული თუ მოწყენილი, სწრაფი თუ ნელი?

– რას აკეთებდა შენს ნახატში ეს პერსონაჟი?

მოსწავლე სწავლობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

8 მოძრაობითი აქტივობა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა ვეცადოთ, მუსიკა სხეულით გამოვხატოთ და შევიგრძნოთ.

ისმის იგივე მუსიკალური ნაწარმოები.

მოსწავლეები:

• ნელა მოძრაობენ;

• „ცურავენ“;

• ხელებით გამოსახავენ ტალღებს.

მუსიკა გადადის მოძრაობაში. ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური გადატანა.

9 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

  • უსმენს თუ არა მოსწავლე მუსიკას ყურადღებით;
  • გამოხატავს თუ არა ემოციას;
  • რეაგირებს თუ არა მუსიკაზე მოძრაობით ან ნახატით.

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ჩართულობას.

10 მოსწავლის თვითშეფასება – მუსიკის მოსმენისას მე დავინახე…

– მუსიკამ გამახარა / დამამშვიდა…

– მომეწონა, როცა…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის ემოციური აღქმა?

• რომელმა აქტივობამ გამოიწვია ყველაზე დიდი ჩართულობა?

• რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მოსწავლეები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

Ø  სწავლობს მოსმენას;

Ø  გრძნობს, რომ მუსიკა „ლაპარაკობს“;

Ø  იწყებს სამყაროს აღქმას ნიშნებით.

ეს არის სემიოტიკის დასაწყისი სიტყვების გარეშე.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: II

თემა: „ერთი მუსიკალური ნაწარმოები – ბევრი სურათი“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გააცნობიერებს, რომ ერთსა და იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს;
  • შეძლებს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ემოციით, სურათით და სიტყვით გადმოცემას;
  • შეძლებს პასუხის დასაბუთებას: „რატომ ვიფიქრე ასე“;
  • განივითარებს ყურადღებით მოსმენის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარებს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 წინარე ცოდნის გახსენება

 

 მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– გახსოვთ, წინა გაკვეთილზე მუსიკის მოსმენისას რას ვაკეთებდით?

– რას ვხატავდით?

– ყველას ერთნაირი ნახატი გვქონდა?

მასწავლებელი აჯამებს:

– ესე იგი, მუსიკა ყველასთვის ერთნაირად არ „ლაპარაკობს“.

2 ,,მოსწავლეებთან შეთანხმება“ მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მოვუსმენთ სხვა მუსიკალურ ნაწარმოებს. გთხოვთ:

  • ყურადღებით მოუსმინოთ,
  • დაიმახსოვროთ, რას გრძნობთ
  • და რა სურათი ჩნდება თქვენს წარმოსახვაში.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ვგრძნობ…
  • ვხედავ…
3 ნაწარმოების მოსმენა – „დილა მუსიკაში“ მოსწავლეები ისმენენ „დილას“ ედვარდ გრიგის „პერ გიუნტიდან“.

მასწავლებელი წინასწარ არ ამბობს, რომელ ნაწარმოებს მოისმენენ.

4 ემოციის ამოცნობა ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებლი სვამს კითხვას:

– როგორი იყო ეს მუსიკა?

ü  ნათელი

ü  მშვიდი

ü  მხიარული

ü  დამამშვიდებელი

– ეს მუსიკა უფრო დილას ჰგავს თუ საღამოს?

– რატომ?

5 „რას ვხედავდი?“ – ვიზუალური წარმოსახვა მასწავლებელი სვამს კითხვას:

– რა დაინახეთ:

ü  მზე?

ü  ბუნება?

ü  ადამიანები?

ü  მოძრაობა?

თუ მოსწავლეების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება, მასწავლებელი ამბობს:

– ყოჩაღ, ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა დაგვაფიქრებს.

6 მეორე მოსმენა – ყურადღებით დაკვირვება მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:

  • როდის ისმის მუსიკა უფრო ხმამაღალა?
  • როდის ისმის მუსიკა უფრო ხმადაბლა?

მასწავლებელი მუსიკას მეორედ ასმენინებს მოსწავლეებს, მერე კი დაფაზე წერს მარტივ სქემას:

  • ჩუმი – რას ვხედავ?
  • ხმამაღალი – რას ვხედავ?
7 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის ორი სურათი“ დავალება:

ფურცელი იყოფა ორ ნაწილად:

  1.  რას ვხედავდი მუსიკის დასაწყისში
  2.  რას ვხედავდი მუსიკის ბოლოს

მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ ეკითხება:

– რატომ შეცვალე სურათი?

– რა შეძლო მუსიკამ?

მოსწავლე იწყებს მიზეზშედეგობრივ აზროვნებას.

8 განსხვავებული აზრის მიღება რამდენიმე მოსწავლე მასწავლებელს აჩვენებს ნახატს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– ვის ჰქონდა სხვანაირი ნახატი?

– შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?

მასწავლებელი აჯამებს:

– მუსიკაში შეიძლება ბევრი სწორი პასუხი არსებობდეს.

9 მოძრაობითი აქტივობა – „მუსიკის ნაბიჯები“ მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:

– ვეცადოთ, მუსიკა ნაბიჯებით გამოვსახოთ.

ისმის მუსიკა:

• ნელი მუსიკა – ნელი ნაბიჯები

• ხმამაღალი – ფართო მოძრაობები

მივიღეთ მარტივი სქემა: მუსიკა – სხეული – აზრი

10 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;

• ასახელებს თუ არა ემოციას;

• ცდილობს თუ არა, ახსნას, „რატომ“.

ფასდება მოსწავლეთა ჩართულობა და აზროვნება.

11 მოსწავლის თვითშეფასება • მუსიკის მოსმენისას მე ვიგრძენი…

• დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

• ყველაზე მეტად მომეწონა…

12 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა ბავშვებმა ემოციის სიტყვებით გადმოცემა?

• გაჩნდა თუ არა განსხვავებული ინტერპრეტაციები?

• რამდენად უსაფრთხოდ გამოხატავდნენ აზრს?

13 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას და დაკვირვებას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა არის ნიშანი;
✔ იწყებს აზრის დასაბუთებას.

სემიოტიკა აქ უკვე ფიქრად გადაიქცევა.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: III

თემა: „რას გვიყვება მუსიკა, როცა არაფერს ამბობს?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გაიგებს, რომ მუსიკა არის ნიშნების ენა;
  • შეძლებს მუსიკის მოსმენისას სიუჟეტის, პერსონაჟის ან ემოციური მდგომარეობის „დანახვას“;
  • დაასაბუთებს, რატომ ფიქრობს ასე;
  • გაიგებს, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ემოციას და აზრს იწვევს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 ემოციური ჩართვა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ბავშვებო, დღეს ერთ საკითხზე უნდა ვიფიქროთ:

• როგორ შეიძლება მუსიკა მოგვიყვეს ამბავს სიტყვების გარეშე?

• შეგიმჩნევიათ, რომ მუსიკის მოსმენისას თვალწინ რაღაც „წარმოგიდგებათ“?

• როგორ ფიქრობთ, ფილმებში რატომ არის მუსიკა?

• შეიძლება თუ არა, მუსიკამ დაგვიხასიათოს პერსონაჟი?

2 სემიოტიკური ხიდი მასწავლებელი მარტივად უხსნის მოსწავლეებს:

– წარმოიდგინეთ, რომ:

• წითელი ფერი ნიშნავს „საფრთხეს“;

• მწვანე – „შეგიძლია, წახვიდე“.

ეს ფერები ნიშნებია. მუსიკაშიც ასეა – ხმები ნიშნებად იქცევა.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ხმა – აზრი
  • მუსიკა – ამბავი

ეს უკვე არის სემიოტიკა.

3 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – მუსიკა როგორც პერსონაჟი მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სერგეი პროკოფიევის „პეტია და მგელს“. არ უხსნის, რა ნაწარმოებია ეს და ვინ არიან მისი პერსონაჟები.

დავალება: თქვენი ამოცანაა, მუსიკამ თავად გიამბოთ.

მასწავლებელი აცნობს ინსტრუქციას მოსწავლეებს:

– მუსიკის მოსმენისას:

• დახუჭეთ თვალები;

• არ წეროთ და არ ილაპარაკოთ;

• მხოლოდ მუსიკას უსმინეთ.

4 მოსმენის შემდეგ – სემიოტიკური კითხვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ „დაინახეთ“ წარმოსახვით რომელიმე პერსონაჟი ?

– ეს მუსიკა კეთილია თუ საშიში?

– ნელია თუ სწრაფი?

– მარტო იყო ეს პერსონაჟი თუ სხვებთან ერთად?

მასწავლებელი არ უსწორებს პასუხებს მოსწავლეებს. ყველა პასუხი სწორია და მისაღებია, თუ მოსწავლე მას არგუმენტირებულად დაასაბუთებს.

5 მეორე მოსმენა – ანალიზით მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ ნაწარმოებს და დავაკვირდეთ:

• რომელი ინსტრუმენტი ჟღერს?

• როდის იცვლება მუსიკის ხასიათი?

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები ავსებენ მას სიტყვებით ან ნახაზით.

6 დისკუსია მასწავლებლი სვამს კითხვებს:

– შეიძლება, ეს მუსიკა სხვა ისტორიასაც გვიყვებოდეს?

– თუ შენ და შენი მეგობარი სხვადასხვა რამეს ხედავთ, რომელი ცდება?

მოსწავლეები ხვდებიან მთავარ იდეას: მუსიკის მოსმენისას არ არსებობს „ერთი სწორი პასუხი“, ის მსმენელის გონებასა და წარმოსახვაშია.

ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური აზროვნება.

7 შემოქმედებითი აქტივობა მასწავლებელი სთავაზობს დავალებას:

– დახატე სცენა, რომელიც მუსიკის მოსმენისას „დაინახე“ შენს წარმოსახვაში
ან

– დაწერე სამი წინადადებით: „ეს მუსიკა ჩემთვის არის…“

მასწავლებელი არ აფასებს ნახატის ხარისხს – აფასებს აზრის, შინაარსის გადმოცემას.

8 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;

• ასაბუთებს თუ არა პასუხს;

• აღწერს თუ არა მუსიკალურ ელემენტებს (ნელი, სწრაფი, ხმამაღალი).

9 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლე ასრულებს წინადადებებს:

• დღეს მუსიკაში მე „დავინახე“…

• მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

• შემდეგ გაკვეთილზე მინდა…

10 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა ბავშვებმა მუსიკის „წაკითხვა“?

• რომელმა კითხვამ გამოიწვია ყველაზე დიდი ფიქრი?

• რას შეცვლიდნენ შემდეგ გაკვეთილზე?

11 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა აზრის მატარებელია;
✔ ბუნებრივად იწყებს სემიოტიკურ აზროვნებას.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: IV

თემა: „იცვლება თუ არა აზრი, როცა მუსიკა იცვლება?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • შეადარებს ორი განსხვავებული მუსიკის მნიშვნელობას;
  • დააკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს (ტემპი, დინამიკა, ტემბრი) ემოციასა და სიუჟეტთან;
  • დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
  • მიიღებს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 აზროვნების ჩართვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ ერთ და იმავე ამბავს ორი ადამიანი სხვადასხვანაირად მოგიყვათ, შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?

– შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები იყოს „მხიარულიც“ და „სერიოზულიც“?

– რა იწვევს მუსიკაში ცვლილებას – ხმა თუ ჩვენი აღქმა?

2 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ ყურადღების ფოკუსი მასწავლებელი დაფაზე წერს :

• ტემპი

• ხმამაღალი/ხმადაბალი

• განწყობა

მერე კი კლასს აძლევს ინსტრუქციას:

– ახლა მოვუსმენთ ორ მუსიკალურ ნაწარმოებს. თქვენი ამოცანაა, დააკვირდეთ, რა იცვლება და რას იგრძნობთ.

3 პირველი მოსმენა – ენერგია და მოძრაობა მუსიკალური ნაწარმოები №1: ანტონიო ვივალდი, „გაზაფხული“

მოსწავლეები ისმენენ ფრაგმენტს. მასწავლებელი აძლევს მათ ინსტრუქციას:

– არ წეროთ;

– მოუსმინეთ და დააკვირდით სხეულის რეაქციას.

4 პირველი რეაქცია – სემიოტიკური კითხვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– რას გრძნობდით?

– გინდოდათ მოძრაობა?

– ეს მუსიკა უფრო ღია სივრცეს ჰგავს თუ დახურულს?

დაფაზე ვწერთ ბავშვების მიერ ნათქვამ სიტყვებს:

• მხიარული

• ცოცხალი

• მოძრაობა

მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს სქემას:

მუსიკა – ემოცია -სიტყვა

5 მეორე მოსმენა – კონტრასტი მუსიკალური ნაწარმოები №2: (მასწავლებელი ირჩევს უფრო მშვიდი ხასიათს ნაწარმოებს)

მოსწავლეები უსმენენ მუსიკას.

6 შედარება – მნიშვნელობის შეცვლა დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მასწავლებელი სათითაოდ ეკითხება მოსწავლეებს:

– რატომ არის ეს მუსიკა შენთვის განსხვავებული?

– რა იგრძენი?

იწყება კოგნიტიურ-სემიოტიკური ანალიზი.

მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.

7 დისკუსია – ბევრი სწორი პასუხი მასწავლებელი სვამს მთავარ კითხვას:

– შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები ერთ ადამიანს სიხარულს ჰგვრიდეს, მეორეს კი აფიქრებდეს?

მოსწავლეები მსჯელობენ.

8 შემოქმედებითი აქტივობა – „ორი სცენა“ მასწავლებელი კლასს აძლევს დავალებას:

– დახატეთ ორი განსხვავებული სცენა: ერთი – პირველი მუსიკალური ნაწარმოებისთვის,
მეორე – მეორისთვის

ან

– დაწერეთ 3-3 წინადადებით:

• „პირველი მუსიკა ჩემთვის არის…“

• „მეორე მუსიკა ჩემთვის არის…“

ვიზუალური და ვერბალური ნიშნები ერთიანდება.

9 შეფასება მასწავლებელი აფასებს:

• შეადარა თუ არა მოსწავლემ ორი მუსიკალური ნაწარმოები;

• გამოიყენა თუ არა სიტყვები „იმიტომ, რომ…“;

• პატივს სცემს თუ არა სხვების აზრს.

10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

– დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

– აზრი შემეცვალა, როცა…

– ყველაზე საინტერესო იყო…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა შედარება?

• რომელი მუსიკალური ელემენტი იყო ყველაზე გასაგები?

• რამდენად თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს მოსწავლეები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

✔ სწავლობს შედარებით მოსმენას;
✔ აკავშირებს მუსიკას აზრთან;
✔ იწყებს არგუმენტირებულ მსჯელობას.

სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: V

თემა: „მუსიკა როგორც ამბავი: დასაწყისი, კონფლიქტი და დასასრული“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • აღიქვამს მუსიკას როგორც ამბავს თავისი განვითარებით;
  • ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობისა და განტვირთვის მომენტებს;
  • შეძლებს მოსმენილის სიუჟეტად გარდაქმნას;
  • დაასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას მუსიკალური ნიშნებით.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 აზროვნების პროვოცირება მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

– როგორ ფიქრობთ, ყველა ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული?

– შეიძლება თუ არა ამბის „მოყოლა“სიტყვების გარეშე?

– თუ ფილმის ყურებისას ხმას გამორთავთ, რა დანაკლისს იგრძნობთ?

– დღეს მუსიკას მოვუსმენთ ისე, თითქოს წიგნს ვკითხულობთ.

2 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ სიუჟეტური ჩარჩო მასწავლებელი დაფაზე წერს სამ სიტყვას:

• დასაწყისი

• დაძაბულობა

• დასასრული

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოსმენისას იფიქრონ:

• სად დაიწყო ამბავი?

• სად გახდა ყველაზე დაძაბული?

• როგორ დასრულდა?

ეს არის კოგნიტიური სქემა, რომელიც ბავშვებს მოსმენაში ეხმარება.

3 მოსმენა – „ბრძოლა მუსიკაში“ მოსწავლეები ისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას (I ნაწილი).

პირველი მოსმენისას მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას:

– არ წეროთ; უბრალოდ მიჰყევით მუსიკას, როგორც ამბავს.

მოსწავლეები უსმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს.

4 პირველი რეაქცია – სიუჟეტის შეგრძნება მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორი იყო დასაწყისი – მშვიდი თუ მოულოდნელი?

– როდის იგრძენით დაძაბულობა?

– ეს მუსიკა უფრო ბრძოლას ჰგავს თუ გზას?

მოსწავლე ჯერ გრძნობს სიუჟეტს, შემდეგ ასახელებს.

5 მეორე მოსმენა – ნიშნებზე დაკვირვება მასწავლებელი:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:

• როდის ემატება მუსიკას ჟღერადობა, როდის ჟღერს ხმამაღლა?

• როდის ჩნდება განმეორებადი რიტმი?

• როდის წყდება თითქოს სუნთქვა?

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.

აქ ხდება ნიშნის ამოცნობა:

• ხმამაღლა = დაძაბულობა

• პაუზა = მოლოდინი

6 დისკუსია მასწავლებელი სვამს ძირითად კითხვებს:

– რატომ ქმნის ეს მუსიკა დაძაბულობას?

– კომპოზიტორმა ეს განზრახ გააკეთა თუ შემთხვევით?

– შეიძლება, ამ მუსიკას სხვა ამბავიც ჰქონდეს?

მასწავლებელი ხაზს უსვამს:

– ბავშვებო, ჩვენ არ ვეძებთ „ერთ სწორ პასუხს“, ჩვენ ვეძებთ დასაბუთებულ აზრს.

7 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის სცენარი“ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას (არჩევით):

• ვარიანტი I – წერითი: დაწერე მოკლე ამბავი (5-7 წინადადება), რომელსაც ეს მუსიკა მოგაგონებს.

• ვარიანტი II – სქემა

დახატე:

• დასაწყისი;

• დაძაბულობა;

• დასასრული.

აუცილებელი პირობა: მოსწავლე უნდა პასუხობდეს კითხვას: „რატომ დავწერე ასე /დავხატე ასე?“

8 არგუმენტირებული საუბარი რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს.

მასწავლებელი ეკითხება:

– რომელი მუსიკალური მომენტი დაგეხმარა ამ ამბის შექმნაში?

– სხვანაირად შეიძლებოდა თუ არა?

ყალიბდება კრიტიკული მოსმენა.

9 შეფასება -აზროვნებაზე ორიენტირებული • შეძლო თუ არა მოსწავლემ სიუჟეტის აგება?

• დააკავშირა თუ არა ემოცია მუსიკალურ ნიშნებთან?

• იყენებს თუ არა არგუმენტს („იმიტომ, რომ…“)?

10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

– მუსიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო…

– მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

– შემდეგ გაკვეთილზე უკეთ მოვუსმენ, როცა…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის სტრუქტურის აღქმა?

• რომელ ეტაპზე გაუჭირდათ ყველაზე მეტად?

• გაჩნდა თუ არა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

✔ მუსიკას აღიქვამს როგორც განვითარებად ამბავს;
✔ ამოიცნობს დაძაბულობასა და განტვირთვას;
✔ სწავლობს მნიშვნელობის შექმნას და დასაბუთებას.

სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: VI

თემა: „რას ამბობს მუსიკა თავის ეპოქაზე?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გააცნობიერებს, რომ მუსიკა დაკავშირებულია ეპოქასა და ადამიანების ცხოვრებასთან;
  • ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობას, პროტესტს, იმედს ან ტრაგედიას;
  • შეძლებს მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტში ინტერპრეტაციას;
  • დაასაბუთებს საკუთარ აზრს ისტორიული და მუსიკალური ნიშნებით.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 გაკვეთილის დასაწყისი – აზრის პროვოცირება  მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ ადამიანი ცხოვრობს რთულ დროში, შეიძლება თუ არა, ეს მის მუსიკაში იგრძნობოდეს?

– შეიძლება თუ არა მუსიკა იყოს ჩუმი პროტესტი?

– როგორ ფიქრობთ, მუსიკა მხოლოდ გასართობია?

ვამზადებთ ნიადაგს სემიოტიკური გააზრებისთვის.

2 კონტექსტის მინიმალური მიწოდება მასწავლებელი:

– ზოგი კომპოზიტორი მუსიკით ამბობს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ეპოქა
  • განცდა
  • მუსიკა
3 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – „დაძაბული ეპოქის ხმა“ მოსწავლეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს – დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიას.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას:

– მოუსმინეთ და დაფიქრდით:

  • ეს მუსიკა უფრო მშვიდია თუ დაძაბული?
  • რას გრძნობთ?
4 პირველი რეაქცია – ემოციური კოდი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორ ფიქრობთ, ეს მუსიკა შიშს იწვევს თუ სიმტკიცეს?

– წარმოიდგინეთ, ეს მუსიკა ფილმში რომ იყოს, რა მოხდებოდა?

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:

  • დაძაბული
  • მძიმე
  • წინააღმდეგობა
5 მეორე მოსმენა – მუსიკალური ნიშნების ამოცნობა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მეორედ მოუსმინონ მუსიკალურ ფრაგმენტს და დააკვირდნენ:

  • განმეორდება თუ არა ერთი და იგივე მელოდია;
  • როდის ძლიერდება ხმა;
  • როდის გრძნობენ ზეწოლას.

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.

მუსიკა იწყებს „ლაპარაკს“ სიმბოლურად.

6 კონტექსტის გახსნა – ისტორიული სემიოტიკა მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს:

– ეს მუსიკა დაიწერა მაშინ, როცა ქალაქი ალყაში იყო.

მასწავლებელი მოსწავლეებს არ აწვდის ბევრ დეტალს – მხოლოდ ერთ ფაქტს ამცნობს.

შემდეგ სვამს კითხვებს:

– განმეორებით მოსმენისას შეცვალა თუ არა ამ ფაქტმა თქვენი ემოცია?

– რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განმეორებადი მუსიკა?

მოსწავლე ხედავს, რომ კონტექსტი ცვლის მნიშვნელობას.

7 დისკუსია – მუსიკა როგორც მესიჯი მასწავლებელი სვამს საკვანძო კითხვებს:

– შეიძლება თუ არა, ეს მუსიკა იყოს წინააღმდეგობის ნიშანი?

– კომპოზიტორი გვამცნობს რაღაც მნიშვნელოვანს?

– შეიძლება, მუსიკა იყოს „დუმილის ენა“?

მიმდინარეობს სრულფასოვანი სემიოტიკური მსჯელობა.

8 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის წერილი ეპოქას“ დავალება (არჩევით):

ვარიანტი I – წერითი

  • დაწერე მოკლე ტექსტი:

„რას გვიამბობს ეს მუსიკა ადამიანებზე, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ?“

ვარიანტი II – სქემა

  • დახატე:

§  ეპოქა;

§  განცდა;

§  მუსიკა როგორც მათი დამაკავშირებელი ხაზი.

მოსწავლემ უნდა ახსნას, რატომ ფიქრობს ასე.

9 შეფასება -კრიტიკული აზროვნება
  • აკავშირებს თუ არა მოსწავლე მუსიკას კონტექსტთან?
  • მოჰყავს თუ არა არგუმენტები?
  • პატივს სცემს თუ არა განსხვავებულ ინტერპრეტაციას?
10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

  • ამ მუსიკამ დამაფიქრა…
  • მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
  • ახლა სხვანაირად მოვუსმენ…
11 მასწავლებლის რეფლექსია
  • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა კონტექსტის გააზრება?
  • როდის შეიცვალა მათი მოსმენა?
  • რამდენად ღრმა იყო მსჯელობა?
12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ ხედავს მუსიკას როგორც ისტორიულ ნიშანს;
✔ სწავლობს მნიშვნელობის კონტექსტში წაკითხვას;
✔ ავითარებს კრიტიკულ და კულტურულ აზროვნებას.

სემიოტიკა გადაიქცევა მსოფლმხედველობად.

 

სემიოტიკური მეთოდი კულტურის სფეროებში და, მათ შორის, მუსიკაში გვეხმარება, განვიხილოთ ნიშან-სიმბოლოთა ფუნქციონირება სხვადასხვა რაკურსით, გვეხმარება, ჩავწვდეთ მოზაიკურად აწყობილ და დაშიფრულ შინაარსს.

მუსიკის კოგნიტიურ-სემიოტიკური აღქმის სწავლება დაწყებით საფეხურზე ხელს უწყობს არა მხოლოდ მუსიკალური უნარების განვითარებას, არამედ მოსწავლეთა კოგნიტიურ და ემოციურ ზრდასაც. მუსიკა გარდაიქმნება აზრის, ემოციისა და მნიშვნელობის მატარებელ სისტემად, სადაც მოსწავლე ხდება არა პასიური მსმენელი, არამედ აქტიური ინტერპრეტატორი.

სემიოტიკური მიდგომა მუსიკის გაკვეთილზე ქმნის სივრცეს, სადაც მოსწავლე სწავლობს, რას ხედავს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას და რატომ. ის აღარ უსმენს მხოლოდ ყურით – ის კითხულობს, ხედავს და ფიქრობს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რა არის სემიოტიკა?

https://mastsavlebeli.ge/?p=3856

  1. სემიოტიკა – მეცნიერება, მეთოდოლოგია, მსოფლხედვა

https://mastsavlebeli.ge/?p=1766

  1. სემიოტიკა

https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/

  1. https://eprints.iliauni.edu.ge/526/1/სემიოტიკა%201.pdf
  2. Hajdu P., Kroó K. Lotman in the context of semiotic literary criticism: Introduction. Neohelicon. 2022;49: 579580. https://doi.org/10.1007/s11059-022-00674-6
  3. Torop P. Lotman’s semiotics of literature in terms of “space as language”. Neohelicon. 2022; 49, 581-591

https://doi.org/10.1007/s11059-022-00659-5

  1. 7. Денисов, А. В. Музыкальный язык: структура и функции / А.В. Денисов. – СПб.: Наука, 2003
  2. Powers, H. S. Language Models and Musical Analysis / H.S. Powers // Ethnomusicology. – 1980.- Vol. 24. – № 1. – Р. 1-60

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“