იყო და არა იყო რა… ეს ფრაზა ყველა ბავშვს იმ ასაკიდან ჩაესმის, რომელშიც ჯერ საკუთარი თავის შეცნობაც კი უჭირს. დედის, მამის, ბებია-ბაბუების ბაგეებიდან რამდენჯერ გაჟღერებულა ეს ჯადოსნური სიტყვები. საკმარისია მათი წარმოთქმა და თითოეული მათგანი ზღაპრული მზეთუნახავების, მზეჭაბუკების, ფასკუნჯებისა და დევების სამყაროში იძირება.
აქედან იწყება პირველი შეხება სიკეთესა და ბოროტებასთან, პერსონაჟებთან ერთად ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად ბრძოლა, ცხრაკლიტულში დამწყვდეული გმირების გამოსახსნელად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა…
ზღაპარი ის ლიტერატურული ჟანრია, რომლის წაკითხვა, ერთი შეხედვით, იმდენად მარტივია, რომ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ბავშვისგან. ზღაპრების კითხვის ასაკიც პირობითად განსაზღვრა საზოგადოებამ – ერთიდან რვა-ცხრა წლამდე. მერე უკვე „სერიოზული“ ლიტერატურის დროა. ამიტომ მოზარდ და ზრდასრულ ასაკში მათ იშვიათად თუ უბრუნდება ადამიანი.
პატარაობიდანვე მნიშვნელოვანია ზღაპართან შეხება.
ზღაპრის გაცნობისას პატარა მკითხველი ყველა ეპიზოდის, ყველა პერსონაჟის წარმოდგენას ცდილობს, მის გონებაში ერთიანად ჩნდება სურათები. ეს წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი ამ დროს ყველა დეტალს ისე წარმოიდგენს, როგორც მხოლოდ მას სურს და შეუძლია, ყველასა და ყველაფრის ჩაურევლად. მას არასდროს უნახავს ასთავიანი დევი, ამიტომ სიკეთესთან მებრძოლი მრისხანე გოლიათის სახე წარმოსახვაში თავისებურად უნდა შექმნას. მფრინავი ხალიჩაც სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას სურს. წარმოსახვასთან ერთად იწყება პერსონაჟებთან „დამეგობრებაც“. ბავშვმა უკვე აირჩია, ვის უნდა უგულშემატკივროს, მთელი გონებითა და ემოციით ვისი მხარე დაიჭიროს – გზადაგზა ფიქრობს, როგორ დაამარცხებს ბოროტებას სიკეთე და ბედნიერი დასასრული შვებას ჰგვრის მის „პატარა“ გულს. ამ თავგადასავლის დროს სწავლობს, როგორ დააღწიოს თავი განსაცდელს. როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას ზღაპრის გმირები – ნაცარქექია, მეჩონგურე, წიქარა… გაიაზრებს, რომ ძალით კი ვერ გაუმკლავდება დიდ ბოროტებას, არამედ სიტყვით, მოხერხებულობით, გონებაგამჭრიახობით…
ზღაპარი წარსულის გამოძახილია, ხალხის სიბრძნე სტრიქონებს შუა იკითხება, ფარული კოდები დაფიქრებასა და ამოხსნას საჭიროებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვი პატარაობიდანვე ვაზიაროთ ზღაპარს, მოზარდ ასაკში კვლავ წავაკითხოთ. ზრდასრულ ასაკში კი თავად წაუკითხავს შვილებს.
ყოველ ეტაპზე ზღაპარი ახალ საფიქრალს მოიტანს და მასში დაფარული სიბრძნის ამოკითხვას თუ კოდების ამოხსნასაც თანდათან შეძლებს მსმენელი თუ მკითხველი.
ჩემი მეოთხეკლასელებისთვის ქართული ხალხური ზღაპრების გაცნობის მიზანიც სწორედ ეს იყო. ბიძგი სახელმძღვანელოში არსებულმა თავმა მოგვცა. „ხელოვნების ძალა“ – ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ხალხურ ზღაპარს „მეჩონგურე“, რომელშიც გრძნობით ამღერებული მთავარი პერსონაჟი დაუმარცხებელ გველეშაპს მოათვინიერებს. აქ სიკეთე ხელოვნების დახმარებით იმარჯვებს, რაც აღმოჩენა იყო ბავშვებისთვის.
გავყევით ზღაპრების გზას და მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ მიზნის მისაღწევად. ვის არ შევხვდით, რას არ წავაწყდით – წიქარასა და სალხინო და საჭირვარამო სალამურს, ჭინჭრაქასა და დევისგან გამოტაცებულ ფანდურს, ვაზისა და ბულბულის სტვენა-გალობას, ზღაპარში აჟღერებულ „მრავალჟამიერს“…
და ვინაიდან ზღაპარი და ხელოვნება ჩვენს გაკვეთილებზე ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ახალი გამოწვევის დრო დადგა. უნდა დავფიქრებულიყავით, მართლა ასეთი ძლიერი ზემოქმედება ძალუძს თუ არა ხელოვნებას.
თუ გაკვეთილი ცოცხალია, თუ კლასი ინტერესით არის ჩართული პროცესში, თუ ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა მოსწავლეების გულსა და გონებაში გაივლის, ახალ იდეებს რა გამოლევს. და აი, გაკვეთილზევე გაჩნდა იდეა – მოვიწვიოთ ჩვენი თანაკლასელი ილიკოს მამა და ვასაუბროთ იმაზე, რა ძალა აქვს ხელოვნებას – ჩონგურის სიმებსა და მრავალ ხმაში ამღერებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
კარგ სტუმრებს კარგი მასპინძლობა სჭირდება და ამიტომ ბავშვებმაც საგანგებოდ იმუშავეს ზღაპრის თემაზე. აირჩიეს სასურველი ზღაპრები და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარალელური კლასი და მათი საყვარელი ანუკი მასწავლებელი. შექმნეს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები და საინტერესო ანოტაციები თითოეული ზღაპრისთვის. ნაწარმოების შინაარსის მოკლედ გადმოცემა და საკუთარი მოსაზრების დართვა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია მეოთხეკლასელისთვის. ჯგუფებში მუშაობით შეხედულებების გაცვლა ხდება და საინტერესო შედეგიც დაიდო. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ანოტაციები დაწერეს.
ამგვარ პროექტებში კლასების თანამშრომლობა უფრო ცოცხალსა და ნაყოფიერს ხდის სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებს საერთო ინტერესები უჩნდებათ და ადვილად მეგობრდებიან.
როგორც ყველა, ეს ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.
ახალი გამოწვევის დრო დადგა – ზღაპრებში ამოკითხული უცხო სიტყვებისა და ფრაზების განმარტებითი ლექსიკონის შექმნა.
მასზე მსჯელობა უკვე დაწყებულია კლასში.


