(ქალაქი, როგორც ცოცხალი წიგნი)
თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასწავლო პროცესის ავთენტურობა. ინფორმაციის მიწოდება აღარ არის საკმარისი. აუცილებელია ცოდნა იქცეს გამოცდილებად, ხოლო გამოცდილება – გააზრებად და მოქმედებად. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს მოდელს, სადაც ქალაქი აღქმულია არა მხოლოდ როგორც შენობების ერთობლიობა, არამედ როგორც ადამიანური ისტორიების, კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული კონტექსტის სისტემა. როდესაც მოსწავლე ამ სივრცის აღიქვამს, როგორც „წასაკითხ ტექსტს“, სწავლა ავტომატურად იცვლის ბუნებას. ის აღარ არის გარედან მოწოდებული ცოდნა ის ხდება აღმოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩები დიდი ბიბლიოთეკის თაროებია, შენობები – გადაშლილი ფურცლები, ხოლო ადამიანების მოგონებები – ქვეტექსტები. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს რევოლუციურ I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელს, რომელიც მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ ცოდნის შემქმნელად გარდაქმნის.
მეთოდური საფუძველი: I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელი – პროექტი ეყრდნობა სწავლების სამ ურთიერთდაკავშირებულ ფაზას, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივისტულ თეორიებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს (ბრუნერი, დიუი, კოლბი, ვიგოტსკი). ქვემოთ მოცემულია თითოეული ფაზის სტრუქტურული აღწერა:
| ფაზა | დასახელება | მთავარი პედაგოგიური
მიზანი |
ძირითადი აქტივობები |
| I – Informal | არაფორმალური გამოცდილება | ემოციური ჩართულობა, კვლევითი ცნობისმოყვარეობისა და კითხვების გაჩენა. | გარემოში გასვლა, ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, დაკვირვების რუკების შევსება, ინტერვიუები. |
| F – Formal | ფორმალური გააზრება | ემპირიული გამოცდილების
კონტექსტუალიზაცია და აკადემიური ანალიზი. |
საარქივო წყაროებთან მუშაობა, ინფორმაციის გადამოწმება, რუკების დამუშავება. |
| I – Informal | არაფორმალური გამოყენება | ავტორობის გაცნობიერება და ცოდნის საზოგადოებრივ სივრცეში რეალიზება. | საავტორო ტურების დაგეგმვა, ვიდეოგიდების, პოდკასტებისა და გამოფენების შექმნა. |
ფაზების შინაარსობრივი აღწერა
პირველი ფაზა: არაფორმალური გამოცდილება (Informal Experience) ამ ეტაპზე სწავლა იწყება უშუალო გარემოზე დაკვირვებით. მოსწავლეები ტოვებენ საკლასო ოთახს და შედიან კონტაქტში იმ სივრცესთან, რომელსაც ყოველდღე ხედავენ, მაგრამ იშვიათად აკვირდებიან. მასწავლებლის როლი აქ ფასილიტაციაა. მან არ უნდა გასცეს მზა პასუხები, არამედ უნდა დასვას კითხვები, რომლებიც მოსწავლეს შენობის ან ადგილის მიღმა არსებული მნიშვნელობის დანახვაში დაეხმარება.
მეორე ფაზა: ფორმალური გააზრება (Formal Comprehension) კლასში დაბრუნებული მოსწავლეები ახდენენ მოპოვებული მასალის დაკავშირებას ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტებთან. ეს არის ეტაპი, როდესაც ემპირიული გამოცდილება უკავშირდება მეცნიერულ ცოდნას. აქ მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცოდნა არ არის ერთმნიშვნელოვანი, ის მოითხოვს ინტერპრეტაციას და სხვადასხვა ვერსიის შედარებას.
მესამე ფაზა: არაფორმალური გამოყენება (Informal Application) სწავლის ციკლი სრულდება ტრანსფორმაციით: მოსწავლე ინფორმაციის მიმღებიდან ხდება ავტორი და შემქმნელი. როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ტექსტს, რუკას ან ვიდეოს, ის საკუთარ აღმოჩენებს უზიარებს სხვებს. ცოდნა აღარ რჩება კლასში – ის იწყებს მოძრაობას საზოგადოებაში.
ინტერდისციპლინური კავშირები –პროექტი თავისი ბუნებით ინტერდისციპლინურია და მოითხოვს სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციის სინთეზს:
- ისტორია: წყაროების კვლევა, ქრონოლოგიური ანალიზი.
- ქართული ენა და ლიტერატურა: ინტერვიუს ჩაწერა, ტექსტის სტრუქტურირება, ნარატივის შექმნა.
- გეოგრაფია: სივრცითი აღქმა, რუკაზე მუშაობა.
- ICT: ციფრული პროდუქტების შექმნა (ვიდეო, აუდიო, ინტერაქტიული რუკა).
- ხელოვნება: ვიზუალური ანალიზი და ეპოქალური არქიტექტურის ესთეტიკური აღქმა.
ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ჩარჩოს უკეთ საილუსტრაციოდ, განვიხილოთ ინტერდისციპლინური პროექტის ნიმუში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ქალაქის კვლევა ხდება ცოდნის კონსტრუქტირების მთავარი ინსტრუმენტი.
თემატური პაკეტი: „ქალაქის საიდუმლოებები“ (ესგ კავშირით)
სამიზნე ჯგუფი: მე-7 – მე-9 კლასი
თემა: ურბანული მემკვიდრეობა და კულტურული მეხსიერება
1. ესგ-სთან კავშირი და ცნებები
| საგანი | სამიზნე ცნება / სტანდარტი | აქტივობების იდეა |
| ისტორია | ისტორიული წყარო; კულტურული მემკვიდრეობა | კონკრეტული უბნის/ქუჩის ისტორიული რეკონსტრუქცია არქივებისა და ინტერვიუების საფუძველზე. |
| ქართული ენა | ტექსტი; კონტექსტი; ნარატივი | „ქალაქის ხმა“ – პოდკასტის ან ესეს შექმნა, სადაც მოსწავლე აცოცხლებს მივიწყებულ ისტორიებს. |
| გეოგრაფია | გეოგრაფიული გარემო; მდგრადი განვითარება | ინტერაქტიული რუკის შექმნა, სადაც დატანილია ეკოლოგიური და კულტურული წერტილები. |
| ხელოვნება | ეპოქა და სტილი; ვიზუალური კომუნიკაცია | ფოტო-გამოფენა „კონტრასტები“: ძველი და ახალი არქიტექტურის დიალოგი. |
პროექტის განხორციელების ეტაპები (I-F-I მოდელით)
ფაზა I (Informal): „აღმოაჩინე“
აქტივობა: ექსპედიცია შერჩეულ უბანში. მოსწავლეები აკეთებენ ფოტოდოკუმენტირებას, იწერენ „ქუჩის ხმებს“, ესაუბრებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ინსტრუმენტი: „მკვლევრის დღიური“ და დაკვირვების ბარათები.
ფაზა II (Formal): „გაშიფრე კოდი“
აქტივობა: მუშაობა ბიბლიოთეკასა და არქივში. მოპოვებული ფოტოების შედარება ძველ მასალებთან. მასწავლებლების და სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები (მაგ: არქიტექტურული სტილების გარჩევა ხელოვნების მასწავლებელთან).
ინსტრუმენტი: ვენის დიაგრამა (ძველი vs ახალი), ანალიტიკური ცხრილები.
ფაზა III (Informal Application): „გახდი ავტორი“
აქტივობა: პროდუქტის შექმნა. მოსწავლეები ქმნიან ციფრულ გიდს (QR კოდები შენობებზე) ან მართავენ საავტორო ტურს მშობლებისა და თანატოლებისთვის.
პროდუქტი: ვიდეო-ბლოგი, პოდკასტი ან კულტურული მარშრუტის ინტერაქტიური რუკა.
პროექტის შეფასება უნდა იყოს კომპლექსური და ორიენტირებული პროცესზე. რეკომენდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება: შინაარსობრივი სიზუსტე და წყაროების მართებული გამოყენება, ტექსტისა და საბოლოო პროდუქტის სტრუქტურა, შემოქმედებითი მიდგომა, პრეზენტაციის უნარი და თანატოლთა უკუკავშირი.
პროექტის შეფასების რუბრიკა
ეს რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს ობიექტურად შეაფასოს მოსწავლის მიერ გავლილი გზა ინფორმაციის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნა-გაზიარებამდე
| კრიტერიუმი | მაღალი დონე (9-10) | საშუალო დონე (5-8) | დაბალი დონე (1-4) |
| კვლევა და წყაროები (I-F ფაზა) | იყენებს მრავალფეროვან წყაროებს (ინტერვიუ, არქივი); კრიტიკულად აანალიზებს ინფორმაციას. | იყენებს მხოლოდ სტანდარტულ წყაროებს; ინფორმაცია მოწოდებულია ზედაპირულად. | წყაროები მწირია; ვერ ახდენს ინფორმაციის ვერიფიკაციას. |
| ინტერდისციპლინური კავშირები | ნაშრომში ორგანულად ჩანს ისტორიის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის ცოდნის სინთეზი. | ჩანს ცალკეული საგნების ცოდნა, თუმცა მათი კავშირი სუსტია. | საგნობრივი ცოდნა ფრაგმენტულია და არ უკავშირდება ერთმანეთს. |
| შემოქმედებითი პროდუქტი (I ფაზა) | პროდუქტი (პოდკასტი, ტური, რუკა) არის ორიგინალური, გამართული და საინტერესო აუდიტორიისთვის. | პროდუქტი სტანდარტულია; ტექნიკურად გამართულია, მაგრამ აკლია კრეატიულობა. | პროდუქტი დაუსრულებელია ან სუსტად ასახავს კვლევის შედეგებს. |
| რეფლექსია და ავტორობა | მოსწავლე მკაფიოდ აცნობიერებს საკუთარ როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. | მოსწავლე საუბრობს ფაქტებზე, თუმცა უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. | ვერ ხსნის პროექტის მნიშვნელობას საკუთარი გამოცდილებისთვის. |
ამ სასწავლო პროექტის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი გარემოს სხვაგვარად დანახვას. ქალაქი ხდება ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარ როლს აცნობიერებს. ასეთი სწავლა აღარ არის იზოლირებული, ის უკავშირდება ცხოვრებას და თავად ხდება მოტივატორი.როდესაც მოსწავლე სწავლობს გარემოს „წაკითხვას“, ის წყვეტს ქალაქში უბრალო გამვლელად ყოფნას. ის ხდება მკვლევარი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მცველი. სწორედ ამ დროს სწავლა ტოვებს საკლასო ოთახს და ბონუსად გადადის რეალურ ცხოვრებაში.
.



