სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

აგრესია ანუ  რას გვიყვება ბავშვის ქცევა?

წარმოიდგინეთ, რომ შიგნიდან იწვით, ყელში ბურთი გაქვთ გაჩხერილი, გარშემო კი ყველა მხოლოდ თქვენს ცუდ ნიშნებზე, დაგვიანებებზე ან უხეშობაზე საუბრობს. სწორედ ასე გამოიყურება მოზარდობა პერიოდი, როცა ის უკვე აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ არც დიდია. ის სადღაც შუაშია გაჭედილი, სადაც ჰორმონები, გაურკვევლობა და საკუთარი თავის ძიება ერთმანეთშია არეული. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ის უბრალოდ უზრდელია“, „ყველაფერს აპროტესტებს“, „არავის პატივს არ სცემს“. ჩვენ ვხედავთ ნიღაბს აგრესიას, ხმამაღალ პასუხებსა და გაჯახუნებულ კარებს, მაგრამ იშვიათად ვიხედებით რა ხდება ამ ნიღბის მიღმა. სინამდვილეში, მოზარდის აგრესია თითქმის არასდროს არის მიმართული პიროვნულად ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მისი შინაგანი ქაოსის, შიშისა და მარტოობის გამოძახილი, რომელსაც სკოლის დერეფნებში სხვა სახელი ვერ მოუძებნეს.

ყოველი გაკვეთილი ხშირად პატარა ომს ემსგავსება, ყოველი შენიშვნა კი აფეთქებულ ნაღმს. თუ თქვენს გვერდით არის მოზარდი, რომელიც ყოველ სიტყვაზე „ბრძოლისთვის“ არის მზად, იცოდეთ ის თქვენი მტერი არ არის, უბრალოდ დიდ ქარიშხალშია მოყოლილი და ემოციების მართვა ჯერ არ უსწავლია. აგრესია მისი „ჯავშანია“, რომლითაც ის საკუთარ დაუცველობას მალავს. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა და უსიტყვო ყვირილი, რომლითაც ბავშვი დახმარებას გვთხოვს, ოღონდ ისე, რომ სუსტი არ გამოჩნდეს.

სკოლის ყოველდღიურობაში ეს ბრაზი ათასნაირ ფორმას იღებს. ერთისთვის ეს ღია პროტესტია, სადაც მოსწავლე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს წესებს. მეორისთვის აგრესია უფრო შეფარულია ის ირონიაში, თანაკლასელების დაცინვაში ან დემონსტრაციულ ქცევაში ვლინდება. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. თუმცა, ამ ყველაფრის უკან ყოველთვის რაღაც სხვა ამბავი იმალება.

მაგალითად, 13 წლის გიორგის შემთხვევა ავიღოთ: მისი მუდმივი მზადყოფნა კონფლიქტისთვის ერთი შეხედვით დისციპლინურ პრობლემას ჰგავდა, თუმცა რეალურად ეს იყო სახლში არსებული დაძაბულობისგან გამოწვეული შინაგანი ქაოსის გამოძახილი. გიორგის ქცევა არ იყო მიმართული მასწავლებლის წინააღმდეგ ეს მისი სულის ყვირილი იყო, მცდელობა, სადმე მაინც მოეხდინა იმ ბრაზის რეალიზება, რომელსაც შინ ვერ გამოხატავდა. ანას შემთხვევაში კი, რომელიც მუდმივად კონფლიქტში შედიოდა გარშემომყოფებთან, აგრესია თავდაცვის ერთგვარ „ჯავშნად“ იქცა. მას ეშინოდა, რომ გარიყავდნენ და ამიტომ თავად გახდა „შეუვალი“, რათა პირველს მას არ სტკენოდა. მოზარდი ყველაზე მეტად მაშინ იქცევა აუტანლად, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

აგრესიის მიღმა თითქმის ყოველთვის დგას შიში, ტკივილი, დაბალი თვითშეფასება ან იმის განცდა, რომ მას ვერავინ იგებს. მოზარდს უჭირს ამ მძაფრი და წინააღმდეგობრივი ემოციების გააზრება, ამიტომ ირჩევს ყველაზე სწრაფ გზას – ქმედებას. სწორედ ამ კრიზისულ მომენტში ხდება გადამწყვეტი ჩვენი, ზრდასრულების რეაქცია. მკაცრმა ტონმა, საჯარო შენიშვნამ ან მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომამ შეიძლება ეს ცეცხლი კიდევ უფრო გააღვივოს. მოზარდი, რომელიც სამყაროსგან მხოლოდ თავდასხმას ელის, ასეთ დროს უფრო მეტად იკეტება საკუთარ ნაჭუჭში.

ბევრად ეფექტურია მშვიდი, თანმიმდევრული და ემპათიური პოზიცია. როდესაც ჩვენ არ ვამცირებთ მოზარდს სხვების წინაშე, არამედ ვპოულობთ დროს მასთან პირისპირ სასაუბროდ, ჩვენ მას ვუბრუნებთ ღირსების განცდას. უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მიუღებელი ქცევა და ბავშვის პიროვნება. უბრალო, მაგრამ გულწრფელი ფრაზაც კი – “ვხედავ, რომ ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ და მინდა გითხრა, რომ შენი მესმის, მოდი ერთად ვცადოთ ამის მოგვარება“ – ხშირად უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე ნებისმიერი დირექტივა თუ საყვედური. იმისათვის, რომ სკოლა და ოჯახი გახდეს სივრცე, სადაც ემოციებს „მართავენ“ და არა „ახშობენ“, საჭიროა სისტემური მიდგომა. ეს გულისხმობს სიმშვიდის შენარჩუნებას კრიზისულ მომენტში, მოზარდისთვის არჩევანის უფლების მიცემას (რაც მას პასუხისმგებლობის გრძნობას უღვიძებს) და მისი თუნდაც მცირე, პოზიტიური ნაბიჯების დანახვას. ემოციებზე მუშაობა იქნება ეს კლასის საათი, ოჯახური ვახშამი თუ გულახდილი დისკუსია – ეხმარება მათ, ისწავლონ ბრაზის გარდაქმნა კონსტრუქციულ ენად.

საბოლოო ჯამში, ემპათია არ ნიშნავს წესებზე უარის თქმას ან დათმობას, ის ნიშნავს გაგებას. თუ ჩვენ ვისწავლით მოზარდის აგრესიის „წაკითხვას“, დავინახავთ არა „რთულ ბავშვს“, არამედ ადამიანს, რომელიც დახმარებას, აღიარებასა და უსაფრთხოებას ითხოვს. ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ის საყრდენი, რომელიც მას ამ ქარიშხლიან პერიოდში გადარჩენაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“