ბოლო ექვსი წელია, იმდენი მასალა და კვლევა არცერთ თემაზე არ წამიკითხავს, რამდენიც აუტიზმზე. ამის მიზეზი – რეზია. მადლობა მას ამისთვის. რეზიმ თვალსაჩინოდ დამანახა და მიმახვედრა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მასში არსებული გზებიც, თითქმის არასდროს, არის სწორხაზოვანი. ზოგიერთი ბავშვი რეალობას ისე არ ხედავს, როგორც უმრავლესობა. მათი შემეცნების მარშრუტი სრულიად განსხვავებულია.
მეტაფორული ხედვა – კარი, რომელიც სხვა მხრიდან იღება
რეზისთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ აუტიზმი არ არის „დახურული კარი“. ეს არის კარი, რომელიც უბრალოდ სხვა მხრიდან იღება. თუ ჩვენს ხელთ არსებული გასაღები არ ერგება საკეტს, ეს საკეტის ბრალი არ არის. რეზის გზა უფრო მეტად ჰგავს სპირალს, სადაც ერთი და იმავე წერტილთან დაბრუნება არა რეგრესი, არამედ გააზრებისა და დეტალებში ჩაღრმავების პროცესია.
ანალიტიკური მიდგომა – ქცევა, როგორც ენა
როდესაც რეზი „იჭედება“ ხმაურში ან თავს არიდებს ინსტრუქციის შესრულებას, ეს არ არის ერთგვარი კომუნიკაცია. ქცევა ხდება ენა, რომელიც გვეუბნება: „აქ ძალიან ხმაურიანია“, „მეშინია შეცდომის“ ან „დავიღალე“ და მე მინდა ვისწავლო ამ ენის კითხვა, რათა არ დავკარგო მთავარი — კავშირი მასთან.
ინსტრუქცია, როგორც შესაძლებლობა
მასწავლებელი აუტიზმის გზაზე არ არის მხოლოდ ცოდნის გამცემი, ის გზის თანამგზავრია. როდესაც ჩვენ ვცვლით ინსტრუქციას, ვამარტივებთ ნაბიჯებს ან ვიყენებთ ვიზუალურ მხარდაჭერას, ჩვენ რეალურად არ ვამცირებთ მოთხოვნას – ჩვენ ვზრდით შესაძლებლობას – ვიპოვოთ, მივაგნოთ და მივცეთ ბავშვს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის მისაღებია.
პაუზის ძალა
აუტიზმის მქონე ბავშვისთვის „ჩუმი დრო“ აუცილებელია აზრების დასალაგებლად. პაუზა არ ნიშნავს უმოქმედობას; ეს არის ინფორმაციის გადამუშავების აქტიური ფაზა. უნდა მივცეთ „დროის უფლება“, რათა მან საკუთარი რიტმით შეძლოს პასუხის პოვნა და უკავშირი.
სოციალური განზომილება – კლასი /ჯგუფი, როგორც მიღების სივრცე
ინკლუზია არის პროცესი, რომელიც გვასწავლის, რომ ყველა ერთნაირი არ არის და არც უნდა იყოს. როცა განსხვავებულობა ნორმად იქცევა, ბავშვები სწავლობენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ წერია – ემპათიას და ადამიანის უპირობო მიღებას.
ემოციური პარტნიორობა: მშობელი და სკოლა
აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ისევე, როგორც რეზის დედა ყოველდღიურად ეძებს გზებს, რომ ბავშვმა შეძლოს ის, რაც სხვებისთვის ბუნებრივია. როცა ბაღი და სკოლა ამ გზაში პარტნიორი ხდება, ქრება დაპირისპირება. ჩვენ ვხდებით ერთიანი ძალა, რომელიც ბავშვის ინტერესებს დარაჯობს.
უნიკალურობის სილამაზე
განვითარება და სწავლა იწყება იქ, სადაც ბავშვი იგრძნობს: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე აქ შემიძლია“. აუტიზმი არ არის გადახვევა სწორი გზიდან, ეს თავად არის გზა, რომელსაც თავისი უნიკალური ლოგიკა და სილამაზე აქვს. ჩვენი გვევალება არ ვეცადოთ ბავშვის სურვილების და ქცევის მორგება ვიწრო ჩარჩოებში, არამედ ჩამოვხსნათ ჩარჩოები ისე, რომ მასში ყველა ბავშვის უნიკალურობამ დაიდოს ბინა.
განათლება არ ნიშნავს სწორხაზოვნებას. ის თითოეული ადამიანის შინაგანი ლოგიკის პატივისცემასა და აღმოჩენას გულისხმობს.
თვალსაჩინოებისთვის



