ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წიგნი, რომელიც მშობლებს დაეხმარება

ყველა ჩვენს ბავშვებთან ერთად ვართ.  ისინი კი მუდმივად განცალკევებით თამაშობენ. როცა სხვა ბავშვები და მშობლები უახლოვდებიან, დედა-შვილი ტოვებენ სათამაშო სკვერს. შემდეგ ისევ ბრუნდებიან და აგრძელებენ თამაშს, ზოგჯერ ბავშვის ტირილის გამო დედა კვლავ იძულებული ხდება ბავშვი სკვერს მოარიდოს.

ერთ დღესაც ჩემი შვილი მაშოსთან მიდის სათამაშოდ. მაშოს დედა თავისი შვილის ელექტრონულ, ფერად გიტარას აძლევს, ჩემი შვილი სიმღერას იწყებს, მაშო ტირის და ფეხებს აბაკუნებს. ჩემს შვილს ვთხოვ, გოგონას გიტარა დაუბრუნოს, რადგან მგონია სათამაშო გიტარის გამო ტირის.

“განსხვავებული ხმები, რომ ესმის ამიტომ ტირის. ის აუტისტია”, – ამბობს დედა. 

შემდეგ, გიტარას ვუბრუნებთ და ისინიც და ჩვენც სახლებში მივდივართ. ბავშვების ძილის დროა.

რა ვიცით აუტიზმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აქტუალური და მტკივნეული ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის. რა ვიცით იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ხანდახან ვართმევთ მათ კანონიერ უფლებას იყვნენ ხილულნი სოციუმისთვის და მათაც ჰქონდეთ ჩვენნაირი უფლება იცხოვრონ სრულფასოვნად. ჩვენი საზოგადოების სპექტრი მრავალფეროვანია და ჩვენც ნელ-ნელა უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა ადამიანების შესახებ, რომელთა შესახებაც ადრე არ ვიცოდით, რომლებიც ადრე უჩინარნი იყვნენ ყველასათვის და ნელ-ნელა და,  საბედნიეროდ, შესამჩნევი ხდებიან ჩვენთვის.

“აუტისტი ბავშვი” ეს ერთ-ერთი სრული გამოცემაა ქართულ ენაზე, რომელიც გამომცემლობა “დიოგენემ” წელს გამოსცა. წიგნის ავტორები მარკ ბელასენი და ოლგა შავერნე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები არიან, რომლებიც 30 წელზე მეტია იკვლევენ აუტიზმს. ისინი  ხანგრძლივად მუშაობდნენ  კლინიკებსა და სპეციალურ დაწესებულებებში აუტისტ ბავშვებთან და მოზარდებთან. მართალია, წიგნი მშობლებისთვისაა დაწერილი, მაგრამ ნებისმიერ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის. ავტორები ცდილობენ მკითხველს ახლოდან დაანახონ  აუტისტი ბავშვის და მათი ოჯახის  პრობლემა და საკუთარი, მდიდარი გამოცდილებიდან დაეხმარონ მათ რჩევებით, რათა მშობლებმა უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთ შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა. ფრანგი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ადრე გამოვავლენთ აუტიზმის ნიშნებს, ბავშვს გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს. მაგრამ თუ ბავშვს ამ ჩაკეტილობაში ხანგრძლივად დავტოვებთ, მისი გამოყვანა უფრო და უფრო გართულდება. როგორც ჩანს, პატარა აუტისტები საკუთარ სისტემაში  ერთგვარ სიმშვიდეს პოულობენ. მკვლევრების მიზანია აუტიზმის დიაგნოსტიკა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან გახდეს შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყანაში აუტიზმის გამოვლენა სხვადასხვა ასაკში ხდება. ბავშვის დედასთან ურთიერთობის გამოკვლევის საფუძველზე ცდილობენ აუტიზმის სამი თვის ასაკიდანვე გამოვლენას. მშობლები კი აუტიზმის ნიშნებს სხვადასხვა ასაკში ამჩნევენ, ისინი ან დროულად არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის თავისებურ ქცევას, ან პედიატრი მიიჩნევს, რომ ბავშვის განვითარება ნორმას შეესაბამება და მშობლებს ამშვიდებს. საქმეს ართულებს ექიმების არაკვალიფიციურობა. ბევრი მათგანი კარგად ვერ ერკვევა აუტიზმის სპეციფიკაში, ამიტომ ბევრმა არ იცის, ვისთან უნდა გაუშვას მშობლები.

ეს წიგნი მშობლების დასახმარებლად არის დაწერილი. თუმცა დაეხმარება სხვა ნებისმიერ ადამიანსაც, რომელიც ამ საკითხში გარკვევას ცდილობს და რომელიც შემდეგ სპეციალისტების  რჩევების პრაქტიკაში გამოყენებას ეცდება, რომ თავისი წილი ქვა დადოს აუტიზმთან საბრძოლველად. მთავარი მიზანი კი საერთოა: აუტიზმი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია.

ოლგა შავერნე და მარკ ბელასენი მშობლებს ურჩევენ :

არ შეგეშინდეთ და აპათიურ ბავშვთან ურთიერთობა სცადეთ. შეიძლება, შედეგი სწრაფად ვერ მიიღოთ, მაგრამ მაინც ელაპარაკეთ;

თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინეთ. იფიქრეთ, რას შეიძლება გრძნობდეს თქვენი პატარა, რით შეიძლება მისი დაინტერესება;

თუ პატარა აქეთ-იქეთ ირწევა  და არ იძინებს, ჩარევას ნუ მოერიდებით. ხელში აიყვანეთ და მაგრად ჩაიხუტეთ, რათა მან იგრძნოს, რომ თქვენმა სიყვარულმა მის ინდიფერენტულობას სძლია;

შეძლებისდაგვარად ბავშვს მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახურ სადილში. დასვით სკამზე ისე, რომ მაგიდის სიმაღლეზე აღმოჩნდეს და მიეცით სათამაშოები;

უმღერეთ ან მოუყევით ნებისმიერ რამ, რამაც შეიძლება გაართოს;

ხმამაღლა ელაპარაკეთ ყველაფერზე, რასაც გრძნობთ და განიცდით. თუნდაც ბრაზსა და რისხვაზე. ამან შეიძლება თქვენი მასთან ურთიერთობა შეცვალოს;

არ შეგეშინდეთ და შეაჩერეთ აკვიატებული თამაში, თვითაგრესიული ქცევა. სტერეოტიპების დარღვევით თქვენი პატარა შეიძლება ჩაკეტილობიდან გამოიყვანოთ. არ მოეშვათ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გაინტერესებთ;

ეცადეთ მის ნაცვლად არაფერი გააკეთოთ. ნუ შეუსრულებთ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ჰგავს სხვებს;

თუ გაქცევა სურს, დაიჭირეთ და მაგრად მოეხვიეთ. ამ დროს თქვენი სხეული იცავს მას გარეაგრესიისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი