პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კითხვა სიყვარულს და ოცნებას ჰგავს

ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით დავესწარი ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას. მისი თემა მოზარდებში წიგნიერების ამაღლება და პოპულარიზაცია გახლდათ. სანამ ჩემი შვილი ბიბლიოთეკის საცავებში დარბოდა, მე კი წიგნებს მისგან ვიცავდი, წავაწყდი გამოცემებს, რომლებმაც სენტიმენტალური განწყობა აღმიძრა. არ უკითხავთ, თორემ მზად ვიყავი, ჩემი ბავშვობის წიგნებზე დაუსრულებლად მელაპარაკა. გამახსენდა ჩემები წიგნით ხელში: მამაჩემი – საწოლზე წამოწოლილი, დეიდაჩემი – სადილობისას და თხილის კნატაკნუტით, დედაჩემი – ყველგან, სადაც კი კითხვა შეიძლებოდა, ბაბუა – განმარტოებით, სახლის გვერდით მდგარ პატარა სახლუკაში, სადაც გაყვითლებული გაზეთებისა და წიგნების მთა იდგა, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა განმარტოება და რადიოს მოსმენა. ბიძაჩემს კი დისწულებთან ერთად უყვარდა კითხვა და ჩვენც ხმამაღლა და მორიგეობით ვკითხულობდით „უფლისწულს და მათხოვარს”, ტომ სოიერისა და ჰეკლბერ ფინის თავგადასავალს, მასთან ერთად ჩაგვიწყდებოდა და აგვიკანკალდებოდა ხმა… ვკითხულობდით შუადღისას, მდინარეზე წასვლამდე, ვკითხულობდით იქიდან დაბრუნების შემდეგ, წვიმიან ამინდში, აივანზე, უფროსების თბილ ჯემპრებში გახვეულები, ყავის ფინჯნით ხელში და ღამით, როცა ყველას ეძინა, მოპარულ შუქზე და პარაფინის სანთლების ალზე, თვალებს რომ გვთხრიდა; ვკითხულობდით გაკვეთილებს შორის შესვენებებზე… ეს იყო ერთადერთი სასიამოვნო საქმიანობა და ერთადერთი საპატიო მიზეზი საქმისთვის თავის ასარიდებლად.
ღონისძიებას ბიბლიოთეკის თანამშრომლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მწერლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელები ლაპარაკობდნენ წიგნის როლზე ჩვენს ცხოვრებაში, მე კი ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების აზრი მაინტერესებდა, რომლებიც პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ და დარბაზის ბოლო რიგში ისხდნენ. ველოდი, რას იტყოდნენ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, მაგრამ მათ სიტყვაც არ დაუძრავთ.
მართლა აღარ კითხულობენ დღეს წიგნებს… ან კითხულობდნენ კი ოდესმე? მაშ, რამ გამოიწვია წიგნისგან ასე დაშორება? ამხელა დისტანცია რამ გააჩინა? ნუთუ მართლა ყველაფერი ტელევიზორის ან ელექტრონული დამპყრობლის გამო ხდება, ყველაფერი მას რომ გადავაბრალეთ? იქნებ დროა ასეთი? ნუთუ შეიძლება, ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ, ათასი მიზეზი მოვიშველიოთ, რომ წიგნის წაუკითხაობა გავამართლოთ? ნუთუ ტყუილად ყიდულობენ მშობლები ფერად წიგნებს შვილებისთვის? მართლაცდა, ვისი ბრალია, რომ ადამიანები ასე დაშორდნენ წიგნებს? ოჯახის? სკოლის? კითხვაზე არაორიენტირებული სასწავლო პროცესის? იმ მძიმე სოციალური ფონის, ყველგან რომ აწვდენს თავის საცეცებს? იქნებ, უბრალოდ, სურვილის უქონლობა საქმე, რის აღიარებაც ყველას გვიჭირს? გულახდილები რომ ვიყოთ, ყველაზე რელევანტური პასუხი ალბათ ეს იქნებოდა.
და მაინც, ჩვენ, ყველა, ვინც ვყიდულობთ წიგნებს და გადაუშლელად ვაწყობთ ჭერში – თაროებზე, ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ახალგაზრდა თაობა უბრალოდ უწიგნურია და ტელევიზორის ყურებისა და ინტერნეტში ძრომიალის მეტს არაფერს აკეთებს, ჩვენ, ყველა, მშობლები და მასწავლებლები, ვუჩიჩინებთ ბავშვებს, იკითხონ, მაგრამ მაგალითს არასდროს ვაძლევთ. ვკითხულობთ დასკვნებს და ვეცნობით სტატისტიკას, რომ კვლევამ საქართველოს სკოლებში წიგნიერების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა, შეიძლება ითქვას, საგანგაშოც კი. რა საწყენია! „ჩვენ ხომ წიგნიერი ერი ვართ”, მაგრამ იშვიათად გადავაწყდებით ტრანსპორტში ან ქუჩაში ადამიანს წიგნით ხელში. შინაც კი იშვიათად ვკითხულობთ წიგნებს, ხოლო ბავშვები ჩვენთან ერთად არიან ჩართული პოლიტიკური თოქშოუებისა და მდარე გადაცემების ორომტრიალში.
სიტყვები არსად წასულან, ეს ჩვენ შევაქციეთ მათ ზურგი. ეგებ მათაც, ცოტა არ იყოს, მობეზრდათ მკითხველის გულგრილობა, ქანცგაწყვეტილი ცხენებივით (დანიელ პენაკი) ჩაწვნენ ფურცლებში და ელოდებიან თავიანთ პატრონებს, რომლებიც წვალებით ამოათრევენ მათ, სუნთქვააჩქარებულები და ამ მეტად რთული საქმიანობისგან ოდნავ გაბეზრებულები…
დანიელ პენაკი თავის ნაწარმოებში „რომანივით საკითხავი” სწორედ წიგნისა და მოზარდის დამაკავშირებელ გზებზე საუბრობს, გზებზე, რომლებიც ამ ურთიერთობას არ აქცევს ტანჯვად, აუტანელ, გულისგამაწვრილებელ რუტინად. პენაკი არ არის ჯოხიანი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს წიგნის წაუკითხაობისთვის დასჯის; ის ყველა ბილიკის მოსინჯვას ცდილობს, რათა შეაღოს სარკმელი წიგნის სამყაროში, თუმცა არჩევანსაც უტოვებს მოზარდს – არ წაიკითხოს. „კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე – მას ხომ, ჩვენი აზრით, კითხვის მეტი არაფერი ევალება. გასაგებია, რომ ბავშვი თავს არიდებს „საწამებელ იარაღს”, მაგრამ თუ შევეცდებით, კითხვა სიამოვნებად გადავუქციოთ, მაშინ თავადაც სიამოვნებით მიეცემა მას”, – წერს პენაკი.”
კითხვა ხომ სწორედ ესაა – სიხარულის, სიამოვნებისა და ბედნიერების განცდა, რომელიც ძალიან ჰგავს სიყვარულს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი