პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

“გაქცევა თავისუფლებიდან” და კონტრკულტურა

პარადოქსებს რა გამოლევს ჩვენში, მაგრამ მათგან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მაინც ჩვენს “კულტურისტებსა” და “კონტრკულტურისტებს” შორის არსებული დაპირისპირებაა. უცნაური კი ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე უკრიტიკოდ იღებს და ეფუძნება იმ კულტუროლოგიურ სქემას, რომელიც საქართველოში პირველად, ვგონებ, კიტა აბაშიძემ დააფუძნა XX საუკუნის დასაწყისში თავისი “ეტიუდებით”. ამ სქემის მიხედვით, XVIII საუკუნემდე ძირითადად სპარსული კულტურის ეპიგონობიდან გამოსული ქართული კულტურისათვის XIX საუკუნიდან ისეთივე სისხლხორცეული ხდება სხვადასხა ესთეტიკური მიმდინარეობების მონაცვლეობა, როგორც ევროპულისთვის. შესაბამისად, XIX საუკუნე საქართველოში იწყება რომანტიზმით, რომელსაც მოჰყვება რეალიზმი და ასე შემდეგ XX საუკუნის მოდერნიზმით დამთავრებული. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი კულტურის ასეთი ევროპული სვლა-გეზი ძალადობით იქნა შეცვლილი საბჭოთა სოციალისტური რეალიზმით.

გაუგებრობები ამის შემდეგ იწყება.
განსხვავებით დღევანდელი ევროპულად ორიენტირებული ხელისუფლებისა, რომელიც მხარში უდგას “კონტრკულტურისტებს” სხვადასხვა აქციებისა და გამოფენების მოწყობაში, რადგან მათ საქმიანობაში ჩვენი კულტურის მშობლიურ ევროპულ წიაღში დაბრუნების მცდელობას ხედავს, “კულტურისტები” სხვაგვარად იქცევიან.

ამ უკანასკნელთა აზრით, ქართველი “კონტრკულტურისტები” ძირითადად პრივილეგირებული ოჯახებიდან გამოსული, გზაკვალაბნეული და ფეხქვეშ ქართულმიწაგამოცლილი გოგო-ბიჭები არიან, რომლებიც თავიანთ “რეაქტიული ჟღურტულით”, გამომწვევი ყოფაქცევით, “ქართული როკით”, კლასიკური მემკვიდრეობითა და სხვადასხვა ხასიათის ფორმალისტური ჩხირკედელაობით მხოლოდ ზიანს აყენებენ ჭეშმარიტ ქართულ კულტურას. ამ “ჭეშმარიტ ქართულ კულტურას” კი კავშირი აქვს მხოლოდ ასევე “ჭეშმარიტ ევროპულ კულტურასთან”. ხოლო ეს უკანასკნელი “ჭეშმარიტის” სტატუსს, როგორც ჩანს, სიმბოლიზმის შემდეგ კარგავს. ანუ ამგვარი ლოგიკის ძალით “ჭეშმარიტად ქართული” შეიძლება იყოს მხოლოდ “ჭეშმარიდატ ევროპული” რომანტიზმი, რეალიზმი და ნაწილობრივ ნატურალიზმი, ნეორომანტიზმი და სიმვოლიზმი. ეს უკანასკნელიც ჩვენი ცისფერყანწელების ხათრით. კანონგარეშედ რჩება XX საუკუნის ევროპული კულტურის დეკადენტურ-მოდერნისტულ-ავანგარდისტული ესთეტიკური მიმართულებების უზარმაზარი სპექტრი, როგორც “ჭეშმარიტი ევროპული კულტურის” მიღმა მყოფი მავნებლური აბდაუბდა.
გასაოცარი ლოგიკაა.

თითქოს XX საუკუნის ევროპული კულტურა-კონტრკულტურა ისეთივე ნაწილი არ იყოს მთელი დასავლური ცივილიზაციისა, როგორც XIX ან XVIII საუკუნეების კულტურა.
ასეთი “ღრმად მეცნიერული” მსჯელობის ფონზე მართლაც მეტად თანმიმდევრული ჩანს ჩვენი “კონტრკულტურისტების” პოზიცია, რომლებიც ცდილობენ ქართული კულტურა “მშობლიურ ევროპულ წიაღს” დაუბრუნონ.

მართლაცდა, რა უნდა იყოს ამაზე დიდებული?
მაგრამ რეალურად ეს საქმე რატომღაც ვერ გამოდის.
ვერაფრით ვერ გამოდის და, ცხადია, არა ჩვენი “კულტურისტების” ლუღლუღის გამო. ეტყობა, მიზეზები უფრო სერიოზულ სიღრმეზეა მოსაძებნი.
***
ჯერ რუსულსა და მერე საბჭოურ ფილტრებში გამოტარებულსა და რეალურ ევროპას შორის უზარმაზარი განსხვავება აღმოჩნდა. ჩვენს ცნობიერებაში ცარიელი სიტყვების რახარუხს ვერაფრით ვერ გასცდა ევროპული კაცობრიობის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა ინდივიდუალიზმი, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლების დაცვა, საერთოდ დემოკრატია. რაღა უნდა ითქვას ყოველივე ამის გვირგვინზე – კულტურაზე?

ამიტომ, მე მგონი, ნამდვილად არ გვაწყენს საბჭოური სამების უმთავრესი პერსონის – კარლ მარქსის ერთი მშვენიერი დებულების გახსენება, რომლის თანახმადაც დიდი შეცდომაა რომელიმე კულტურის მოწყვეტა მისი შემქმნელი ხალხის ისტორიული ყოფიერების ფუნდამენტური ტენდენციებისაგან და მისი თავისი არსით პრინციპულად განსხვავებული კულტურის კონტექსტში განხილვა.

იქნებ სწორედ ამ მარქსისტული თეზის ჭეშმარიტებას ადასტურებს ის გარემოება, რომ, ვთქვათ, ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინის ან მიკ ჯაგერის დიდად მოყვარულ ქართველს სიტყვათშეხამება “ქართული როკის” ხსენაბზეც კი ტანში სზარავს?

იქნებ ამიტომვე ხდებოდა XX საუკუნის დასაწყისში ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებული ნიცშეანელი ქართველი ახალგაზრდების ელვისებური ტრანსფორმაცია ორთოდოქს პატრიოტებად?
იქნებ სწორედ ამიტომ მოხდა იმავე XX საუკუნის 20-ანი წლების ჩვენებური მოდერნისტების სწრაფი მოდერნიზაცია ადამიანის სულის მგზნებარე ინჟინრებად?

არ ვიცი, რას ფიქრობენ ამის შესახებ ჩვენი თანამედროვე ავანგარდისტები, მაგრამ დასავლურ ცივილიზაციასთან უშუალო კონტაქტი მართლაც რაღაც მეტად ქართულს რომ უპირისპირდება, ფაქტია.

იმას კი თავადვე აღიარებენ, რომ ჩვენს სამშობლოში აბსოლუტური უმრავლესობისათვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო იმ თითოოროლა ადამიანის ნაშრომ-ნაღვაწი, რომლებიც შინაგანი ბუნების, პროტესტის განცდის, ევროპულ კულტურასთან რაღაცნაირი ზიარებისა თუ სხვა რამ მიზეზის გამო, რაღაც გამაღიზიანებლად იცვამდნენ, ბუნდოვნად წერდნენ და გაუგებრად ხატავდნენ.

აღიარებენ და ისევე როგორც ყველანი, ისინიც ხელს საბჭოთა სისტემისაკენ იშვერენ. თითქოს შესაძლებელი იყოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ერის ცნობიერების 70 წელიწადში ისე შეცვლა, რომ მერე მან თავისი ფესვები ვეღარ იცნოს. უფრო მეტიც, მასთან შეხებამ დააზარალოს კიდეც.

ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივ ასე არა ხდება.

ეტყობა, დასავლური ცივილიზაცია თავისი არსით პრინციპულად უცხოა ჩვენი ცნობიერებისათვის. შეიძლება უფრო გასაგები, ვიდრე ავღანელის ან პაკისტანელისათვის, მაგრამ თავისი არსით მაინც უცხო და მიუღებელი.
ამიტომ თუა, რომ ტრადიციული ქართული კულტურა და აშკარად შინაგანად უფრო თავისუფალი კონტრკულტურა ერთმანეთიდან კი არ გამომდინარეობენ და ერთმანეთს კი არ ავსებენ, როგორც ევროპაში, არამედ ერთმანეთს ანგრევენ, როგორც ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული მოვლენები.
***
არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტა სჭირდებოდეს იმის გაცნობიერებას, რომ ის, რასაც ევროპულ კულტურასა და ხელოვნებას ვუწოდებთ, დაწყებული რენესანსიდან პოსტმოდერნიზმამდე (ან პოსტავანგარდიზმამდე – როგორც გნებავთ), ერთი მთლიანობა, ერთი სხეულია, რომელსაც განვითარების საკუთარი, სხვებისგან მკვეთრად განსხვავებული ლოგიკა გააჩნია, რადგან იგი უშუალოდ არის დაკავშირებული იმ ყოფიერებასთან, რითაც ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ევროპული კაცობრიობა. ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და აბსურდულიც კია ამ სისტემიდან ცალკეული რგოლების თვითნებურად ამოგლეჯა მათი საკუთარ კულტურაზე მორგების განზრახვით.

საქართველოს არასოდეს უცხოვრია ევროპის ცხოვრებით, ჩვენს ცნობიერებას არასოდეს არ გადაუტანია ის კატაკლიზმები, რაც ევროპულმა გადაიტანა. ამიტომ იმთავითვე დასაზუსტებელია, მაინც რა კონკრეტული შინაარსი იგულისხმება ისეთ ცნებებში, როგორიცაა ქართული რომანტიზმი ან რეალიზმი. მაშინ იქნებ ისიც გავიაზროთ, რატომაა კონტრკულტურა მიუღებელი როგორც სოციალისტური რეალიზმის, ისე ტრადიციული ქართული კულტურისათვის.

მაგრამ მანამდე ძალზე მოკლედ იმის შესახებ, მაინც რა არის ის უმთავრესი, რამაც ასე რადიკალურად განასხვავა დასავლური ცივილიზაცია თავისი კულტურითა და ხელოვნებით დანარჩენი მსოფლიოსაგან.
***
რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ მიშლე ან ბურკჰარტი, ფაქტია, რომ ევროპაში სწორედ რენესანსად წოდებულ ეპოქაში ხდება აშკარა, დასავლური ცნობიერების იმ სპეციფიკური მიმართულებით მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა კიდეც ის ზემძლავრი ფენომენი, რომელსაც დღეს დასავლურ ცივილიზაციასა და კულტურას ვუწოდებთ.

მოძრაობა, პირველ როგში, იწყება რელიგიაში, მერე ინტელექტუალურსა და ბოლოს, სოციალურ სფეროებში. ადამიანი საკუთარ თავს პოულობს, რაც მართლაც უცნაურია, რადგან მანამდე იგი თავის თავს აღიქვამდა როგორც რასას, ხალხს, პარტიას, კორპორაციას, ოჯახს ან როგორც კოლექტივის კიდევ რაღაც სხვა ფორმას.
მთელი ძალღონით წამოიმართა ინდივიდუალიზმი – სოციალიზირებული რელიგიისა და ფეოდალური სისტემის დაუძინებელი მტერი. ევროპელი ადამიანი იცნობიერებს თავის ავტონომიურობას, პასუხისმგებლობას, ღირსებას, თავისუფლებას, ძალას, უთვალავ შესაძლებლობას და თანდათან იწყებს იმ დაბრკოლებების გზიდან ჩამოშორებას, რომლებიც ამ შესაძლებლობების განხორციელებას ეღობება გზაზე.

დაბრკოლებებს კი ფეოდალურ საზოგადოებაში რა გამოლევს.

ამ თვალსაზრისით, დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის ხერხემალი სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისათვის ანუ ინდივიდუალიზმის ბრძოლა კოლექტივიზმთან. სხვა სიტყვებით – კაპიტალიზმის ბრძოლა ფეოდალიზმთან.

ეს დაუნდობელი, მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა განსაზღვრავს დასავლური კაცობრიობის ყოფიერებასა და, შესაბამისად, კულტურასაც. მიყოლებული რენესანსიდან, ყოველი ესთეტიკური მიმდინარეობა თუ მხატვრული სტილი, იქნება ეს ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი თუ სხვა, თვისებური ანარეკლია იმ მდგომარეობისა, იმ საფეხურისა, რომელზედაც ამ პერიოდში იმყოფება ევროპული კაცობრიობის ცნობიერება, როგორც უმთავრესი ბრძოლის ველი ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმის უსასტიკესი ომისა.

ამიტომ არ არსებობს თავისთავად უდიდესი კულტურის ინდოეთში ინდური კლასიციზმი, სპარსეთში – სპარსული რომანტიზმი ანდა ჩინეთში – ჩინური მოდერნიზმი.

არც შეიძლება არსებობდეს, რადგან რელიგიურ სიღრმეებსა და მისტიკურ ვიზიონებს მიცემული აღმოსავლური ცნობიერება არასოდეს დაინტერესებულა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არასოდეს მიუნიჭებია ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობისათვის. შესაბამისად, აღმოსავლეთში არც არასოდეს დამდგარა Mმწვავედ ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ანუ აღმოსავლეთის ინდივიდუალიზმი ძირითადად მისტიკაში ვლინდება და ოდნავადაც არ იტკიებს თავს კოლექტივიზმთან ბრძოლით.

ამგვარი ბრძოლა საერთოდ უცხოა აღმოსავლური ცივილიზაციებისათვის.
შესაბამისად, არც ფეოდალიზმს დამუქრებია დღემდე რაიმე სერიოზული საშიშროება. ეგ არის მხოლოდ, რომ დასავლური ცივილიზაციის სულ უფრო მზარდი ზეგავლენითა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, იგი სისტემატურად იცვლის ფორმებს. არსი უცვლელი რჩება.
***
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროპაში ყოველი ესთეტიკური მიმდინარეობა თავისებური ბარომეტრია იმ ვითარებისა, რამდენადაა ამ პერიოდში ადამიანი თავისუფალი ანუ რა მდგომარეობაა ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმის ფრონტზე.

ასე რომ, რენესანსულ ხელოვნებაში აფეთქებული ადამიანის სხეულის კულტი, მისი სრულქმნილება, მისი მშვენიერება, მისი აპოთეოზი უშუალოდ უკავშირდება ამ ეპოქაში წარმოქმნილი ჰუმანიზმის არსს – ადამიანის არსების პატივისცემას, მისი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენას, პიკო დელა მირანდოლას “სიტყვის” პათოსს.
ბაროკო და კლასიციზმი, რომლებიც უშუალოდ მოსდევენ რენესანსს, ამ პერიოდისათვის ისევ ძალამოცემული კოლექტივიზმის ესთეტიკას აფუძნებენ. ბაროკოს საერთოდ აღარ აინტერესებს ადამიანის თავისუფლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი თავისი ესთეტიკურ-ფორმალისტური ხასიათით, შინაარსის სიღარიბითა და ცარიელი კონტრასტების თამაშით, ძირითადად ძლიერთა ამა სოფლისათა თავდაჯერებულობის, მაძღარი ყოფისა და სიმდიდრის პომპეზურ გამომხატველად დეგრადირება.

მაგრამ ამ დროისათვის კვლავ მომძლავრებული ფეოდალური სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ ბაროკო ვერ დააკმაყოფილებდა. აბსოლუტური მონარქიისათვის რენესანსული ინდივიდუალიზმი და თავისუფალი ადამიანი, ცხადია, მხოლოდ ანარქიისა და უწესრიგობის წყაროა, მაგრამ იგი ვეღარც პიროვნების შუასაუკუნეობრივ ნიველირებას მოახერხებს.

გამოსავალი კლასიციზმმა მონახა. მან მხოლოდ სანახევროდ მიიღო პიროვნება, რასაც ადასტურებს მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანი – მსოფლმხედველობრივი ანტინომიურობა. იგი სისტემატურად უპირისპირებს ერთმანეთს გონებასა და გრძნობას, მოვალეობასა და სურვილებს, საზოგადოებრივსა და პირადულს, რაციონალურსა და ირაციონალურს და ამ ბრძოლაში ყოველთვის მოვალეობის ასრულებას, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის პირადულის მსხვერპლად შეწირვას უჭერს მხარს. ხოლო კოლექტივიზმის ასეთ, შედარებით დახვეწილ ფორმის რაციონალიზმის კულტით ამართლებს.
***
კლასიციზმმა 300 წელი იარსება, მაგრამ ევროპულ გონში ბოლომდე მაინც ვერასოდეს ვერ აღმოიფხვრა რენესანსული თავისუფალი ადამიანის იდეალისაკენ სწრაფვა. XVIII საუკუნეში კლასიცისტური ცალმხრივობის საპირისპირო რეაქციად მხატვრულ შემოქმედებაში გვევლინება სენტიმენტალიზმი, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში რენესანსული იდეალების ახალი ძალღონით აღორძინება მაინც განმანათლებლობის დამსახურებაა.
1789 წლის საფრანგეთის დიდი რეოლუცია აღმოჩნდა ის გიგანტური სოციალური კატაკლიზმი, რომელმაც ინდივიდუალიზმის საუკუნეობრივი ბრძოლა კოლექტივიზმის წინააღმდეგ, პირველის სასარგებლოდ გადაწყვიტა. უკვე მორყეულ ფეოდალიზმს უკანასკნელი ბურჯიც გამოეცალა. მანამდე რელიგიურადა და ინტელექტუალურად თავისუფალი ადამიანი სოციალურადაც გათავისუფლდა.

მაგრამ ევროპულ გონს წინ დიდი იმედის გაცრუება ელოდა.

საქმე ის არის, რომ ევროპის საუკეთესო ადამიანების საუკუნეობრივი ოცნებების განხორციელებას სრულიადაც არ მოჰყვა ისეთი შედეგები, როგორსაც ელოდნენ – თავისუფალი ადამიანი ოდნავადაც არ გამხდარა იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე გახლდათ.

ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო იმედგაცრუება.

ინტელექტუალებისა და შემოქმედი ნატურების მიერ შექმნილი ვითარება აღიქმებიდა როგორც სრული კოლაფსი, კატასტროფა. ფეოდალიზმზე უარის თქმასა და ადამიანის გათავისუფლებას არ მოჰყვა არც საზოგადოების გონივრული მოწყობა, არც ცხოვრებისეული წინააღმდეგობების წაშლა და არც საყოველთაო იდეალური კეთილდღეობის დამყარება.

ევროპული ცნობიერება ჯერ ვერ ფლობს აუცილებელი ბოროტების თეორიას. იგი ვერაფრით ვერ ეგუება იმ იდეის კრახს, რომლის თანახმადაც, ადამიანის სრული გათავისუფლებით ამქვეყნად სამოთხის აშენება შეიძლება.
ასეთი იდეალისტური ხასიათის იმედების ფონზე მართლაც შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო იმის აღმოჩენა, რომ გამარჯვებულმა ინდივიდუალიზმმა კი არ გააუქმა ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ისინი. კოლექტივიზმის მკაცრად რეგლამენტირებული ყოფიერებიდან თავდახსნილი ადამიანური ეგოიზმი, ცხადია, უკიდურესად გაამძაფრებდა ყოველგვარ წინააღმდეგობებს, შეუბრალებლად გააშიშვლებდა ცხოვრების სისასტიკეს, სიდუხჭირეს, გაუტანლობას, დაუნდობლობას…
***
რომანტიზმი სწორედ ამ სასოწარკვეთილების, ამ შოკის ამსახველი ესთეტიკური მიმდინარეობაა ევროპულ კულტურაში.

რომანტიზმი ამთავრებს ევროპული კულტურის ბავშვობასა და სიყმაწვილეს და იწყებს მოწიფულობის ხანას, როცა მანამდე მიღებული ცოდნა და გამოცდილება სულ სხვა ხარისხში გადადის და სულ სხვა აზრსა და დატვირთვას იძენს. იგი ნიადაგს უმზადებს რეალიზმს.

რომანტიზმით ევროპულ კულტურაში იწყება გამარჯვებული ინდივიდუალიზმის ხანა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, გასაგებია, ევროპული ცივილიზაციის რა რთული და მნიშვნელოვანი პროცესები დაედო საფუძვლად ამ მხატრულ სტილს და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ევროპული კულტურის ისტორიაში.
***
რა საერთო აქვს, რანაირად შეიძლება დავუკავშიროთ ეს პროცესები იმხანად საქართველოში მიმდინარე პროცესებს?!

მართალია, ევროპული გონის ამ ყოვლისმომცველი კრიზისის ექომ რუსეთის გავლით ჩვენამდეც ჩამოღწია, მაგრამ ამ გზით ინსპირირებული შემოქმედებითი პროცესები არც რუსეთში და, მითუმეტეს, არც ჩვენში, რასაკვირველია, თავისი არსით არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპულის ადეკვატური მოვლენა. სავსებით ბუნებრივია” რომ ის, რასაც ჩვენ ქართულ რომანტიზმს ვუწოდებთ, ადგილობრივი პრობლემატიკის დამუშავებით არის დაკავებული. ადგილობრივ პრობლემატიკას კი, ჩვენდა საუბედუროდ, აბსოლუტურად არაფერი ჰქონია საერთო იმ მოვლინებთან, რომლებმაც ევროპაში რომანტიზმად წოდებული მხატვრული სტილი წარმოქმნეს.
ისევე როგორც საერთოდ აღმოსავლეთში, ინდივიდუალიზმს არც ჩვენში ჰქონია ოდესმე ისეთი ძალა და მნიშვნელობა, რომ კოლექტივიზმს დაპირისპირებოდა და საზოგადოებრივი ცნობიერების ისეთი რადიკალური მეტამორფოზა მოეხდინა, როგორიც ევროპაში მოახდინა. თუმცა იმავე აღმოსავლეთისაგან განსხვავებით ჩვენში არც მისტიციზმი აყვავებულა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გარემოებას, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ევროპა ნამდვილად არ არის, მაგრამ არც კლასიკური აზიაა. იგივე ვითარება ერთ ჯერ პასუხგაუცემელ კითხვასაც აჩენს: ნეტა მაინც რას მიველტვოდით, რა გვინდოდა, საით მოვდიოდით?
ასეა თუ ისეა, ჩვენებური რომანტიზმი იქნება, რეალიზმი თუ სხვა რამ, მხოლოდ პირობითად უნდა ჩაითვალოს ასეთად, რადგან მიუხედავად ზოგიერთი საერთო გარეგნული ნიშნისა, არაფერი საერთო არა აქვს ევროპულ პირველწყაროსთან.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენში გამეფებულ ყრუ პროვინციალურ ფეოდალიზმს არავითარი საფრთხე არც გარედან და, რაც მთავარია, არც შიგნიდან არ დამუქრებია. ამიტომ ჩვენებური რომანტიზმი ძირითადად დამოუკიდებლობის დაკარგვითა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მართლაც საარაკო პირადი უყისმათობითა და იშვიათი პოეტური ნიჭიერებით იკვებება.
***
ქართულ ფეოდალურ ცნობიერებას საფრთხე ცოტა მოგვიანებით, კერძოდ, XIX საუკუნის 60-ინი წლებიდან ემუქრება და ისიც “გარედან”. ყირიმის ომში ინდივიდუალისტურ ევროპასთან ჭიდილში სამარცხვინოდ დამარცხებული რუსეთის იმპერია ცდილობს გამარჯვებული მტრისგან ზოგი რამ გადაიღოს
ასე ხელოვნურად იწყება კოლექტივიზმის წიაღში ინდივიდუალისტური ცნობიერების მიერ შექმნილი ზოგიერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და ეკონომიკური ურთიერთობის დანერგვა, რამაც მთელ იმპერიაში დიდი აღრეულობა და ქაოსი გამოიწვია.

პატრიარქალურ-ფეოდალური ცნობიერების საქართველოსთვის ეს გარემოება ყველა ჯალალედინ-მურვან ყრუს შემოსევაზე უფრო სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ასე რომ, კაპიტალისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემის ზოგიერთი ელემენტის ფრთხილად დანერგვის მცდელობმაც კი მეტად სერიოზული ნგრევა გამოიწვია ჩვენში. ძველი ცნობიერება ვერაფრით ვერ ეგუებოდა განსხვავებული ცნობიერების მიერ შექმნილი ფასეულობებით ცხოვრებას. დაიწყო ხალხის მასობრივი გაღატაკება, ტრადიციების მსხვრევა. ეს მართლაც უსერიოზულესი განსაცდელი იყო (რაღაც ამგვარი რამ ხდება დღესაც!). გარედან შემოტანილი ვეღარ ახერხებს არსებობას.

რა საერთო აქვს ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ცნობიერებას ევროპულთან, რომლის წიაღშიაც იბადება ისეთი ესთეტიკური მიმინარეობა, როგორიცაა რეალიზმი?

ჩვენს თერგდალეულებს არ შეეძლოთ რეალისტები ყოფილიყვნენ.

ის მხატვრული სტილი, რომელსაც ევროპაში რეალიზმი ეწოდა, ანარეკლია დასავლური ცნობიერების განვითარების იმ ფაზისა, როცა “რომანტიკული კრიზისის” შემდეგ ევროპული გონი იცნობიერებს იდეალისტური ოცნებების უნიადაგობას, დედამიწაზე სამოთხის აშენების შეუძლებლობას. ამიერიდან იგი უკვე ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე იღებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ინდივიდუალიზმი მუდმივი მოძრაობაა, მუდმივი პრობლემებია, მუდმივი კრიზისია და ამ გზაზე ყოველმა კაცმა მარტოდმარტო, მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა იაროს.

რომანტიკოსებისაგან განსხვავებით, რეალისტები ახერხებენ ცხოვრება ისეთად მიიღონ, როგორიც არის კიდეც ის სინამდვილეში – არც ცალმხრივად უარყოფილი და არც დადებითი, არც ჯოჯოხეთი და არც სამოთხე.
სულ სხვა ამოცანას იცნობიერებენ ჩვენი თერგდალეულები: ისინი ხალხის გადარჩენას ცდილობენ, ერთი იდეის, ერთი აზრის გარშემო მის დარაზმვას მიელტვიან. ამისათვის კი არც რეალიზმი გამოდგებოდა თავისი ესთეტიკით და მითუმეტეს, არც რომანტიზმი. ამისთვის კლასიციზმი იყო ზედგამოჭრილი, მისი რაციონალიზირებული კოლექტივიზმით. ამიტომაა, რომ თერგდალეულთა შემოქმედებისა და მოღვაწეობის გამჭოლი ისეთი აშკარად კლასიცისტური იდეა, როგორიცაა მსოფლმხედველობრივი ანტინომიურობა, მათ მაინცდამაინც ბუალოს ტრაქტატისაგან არ უსესხებიან, ამას მოითხოვდა საზოგადოებრივი ცნობიერების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათი მოღვაწეობით ჩვენში საფუძველი ეყრება კოლექტივიზმის უფრო დახვეწილ, რაციონალიზებულ ფორმას, როცა ერი, სამშობლო, საზოგადოება იმ რანგის ფასეულობებად ცხადდება, რომლებთან შედარებითაც ადამიანის პიროვნება, მისი ტკივილები, მისი ინტერესები სათვალავშიც კი არაა ჩასაგდები. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს იდეა დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ კულტურაში და ჩვენს “კონტრკულტურისტებსაც” სწორედ მასთან უწევთ ბრძოლა.
***
სხვათა შორის, ასეთ უცნაურ, მაგრამ მაინც ნამდვილად ჩვენი ყოფიერებიდან ამოზრდილ “კლასიკურ რეალიზმს” თავისი ძალა და მნიშვნელობა არც საბჭოურ პერიოდში დაუკარგავს და ახლა უკვე “კლასიციხტურ სოციალისტურ რეალიზმად” გვევლინება.

ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო ჭეშმარიტებას, რომ საბჭოთა სახელმწიფო ფაქტიურად იმავე ცნობიერების პროდუქტია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში იმპერიის მესვეურთაგან ზემოდან ფრთხილად დაშვებული ინდივიდუალისტური ფასეულობების დამანგრეველ ზემოქმედებას კლასიცისტურ რაციონალიზირებულ კოლექტივიზმს უპირისპირებს.

მარქსიზმ-ლენინიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს რაციონალიზმს. კოლექტივიზმის იდეას იგი მაქსიმალურად წმენდს ყოველგვარი ზიზილ-პიპილებისაგან და იმის გაკეთებას ცდილობს, რაც მე-17 საუკუნის ფრანგულ აბსოლუტურ მონარქიებსაც კი არ უცდიათ. ცდილობს და ახერხებს კიდეც – საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის, ყველა ნიუანსის რეგლამენტაციას. ეს იყო კოლექტივიზმის ზეიმი, მისი ციტადელი.

საერთოდ, ვისაც საბჭოთა კავშირი ერთი მუჭა ხულიგანი ბოლშევიკების დესტრუქციული ახირებების შედეგად მიაჩნია, დიდ შეცდომას უშვებს. “ბოროტების იმპერია” იგი მხოლოდ დასავლური სამყაროსა და იმ იშვიათი ტიპის ადამიანებისათვის იყო ჩვენში, რომელთაც შინაგანად არანაირად არ შეეძლოთ კოლექტივისტურ ფერხულში ჩაბმა. ინდივიდუალისტური დასავლეთისა და კოლექტივისტური აღმოსავლეთის საუკუნეობრივ დაპირისპირებაში აღმოსავლეთს არასოდეს ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, როგორიც საბჭოთა კავშირის არსებობისას ჰქონდა. იგი თავისი არსით სხვა არაფერი იყო, თუ არა ფეოდალური სახელმწიფოს მაქსიმალურად რაციონალიზირებული ფორმა, რომლის ორგანულ ნაწილს, სამწუხაროდ, საქართველოც წარმოადგენდა.

მაგრამ ამჯერად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დასავლურმა სამყარომ აღმოსავლეთის ეს მრისხანე ფორპოსტი, ეს გიგანტური მონსტრი, იარაღით კი არა, თავისი ცივილიზაციითა და კულტურით დაამარცხა.
დასავლეთის ინდივიდუალისტური ცივილიზაცია აღმისავლეთის კოლექტივისტურ ცივილიზაციებთან შეხებისას მათზე გამხრწნელ ზეგავლენას ახდენს. თუმცა არა სპეციალური განზრახვით, არა რაღაც მითიური მასობრივი კულტურით. უბრალოდ ასეთია კანონზომიერება – დასავლეთი ხრწნის და ანგრევს აღმოსავლეთს.
***
ინდივიდუალისტური ცნობიერების განვითარების სისწრაფემ განსაკუთრებით იმატა XIX საუკუნეში, ევროპაში კოლექტივიზმის საბოლოო დამარცხების შემდეგ. დასავლური ცივილიზაციის ეს ფენომენი კარგად ჩანს მის კულტურაზე დაკვირვებითაც. საუკუნეების მანძილზე მდორედ გაწელილი რენესანსის, ბაროკოსა და კლასიციზმის ფონზე რომანტიზმი, რეალიზმი და ნატურალიზმი ელვისებური სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს.
სისწრაფე კიდევ უფრო მატულობს XX საუკუნეს დადგომასთან ერთად, როცა ევროპულ კულტურაში მთავრდება სინამდვილის ობიექტურად შემეცნების მცდელობები და იწყება უკიდურესად სუბიექტური ხელოვნების ერა.
***
“ღმერთის სიკვდილით” შეძრული XX საუკუნე თავისი ორი მსოფლიო ომით, არნახული ტექნიკური პროგრესით, თერმობირთულ კატასტროფაში დანთქმის შიშით, გაუცხოებითა და ეგზისტენციალური უსახლკარობის გაცნობიერებით, განაპირობებს დასავლური ცნობიერების სრულიად ახალი ხარისხის კრიზისში შესვლას. ამ გარემოებას არამცთუ რაიმე შველის, პირიქით, ხელსაც კი უწყობს სახელმწიფოს მოწყობის თითქმის იდეალური მოდელი და აქამდე არნახული მატერიალური სიმდიდრე, მასობრივი კომფორტი და ფუფუნება, რაც იმას მოასწავებს, რომ “გარეგანი” პრობლემების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ანუ თითქმის აღარ დარჩა აღარცერთი ისეთი ჰუმანიტური იდეა თუ ოცნება, რომელიც ან არ განხორციელებულიყოს, ანდა მისი განუხორცილებლობა არ გამხდარიყოს ნათელი. თითქოს საჭირო ხდება რაღაც პრინციპულად ახალი, რაღაც გაუგებარი ნახტომი სრულიად შეუცნობელში…

მანამდე კი დასავლური ცივილიზაცია და კულტურა ციებცხელებიანივით ცდილობს ბოლომდე ამოწუროს, ბოლომდე გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამყაროს შემეცნებისა, მისი ასახვისა და მერე პოსტმოდერნიზმის სახით თითქოს ყოველივე აქამდე გაკეთებულის, აქამდე შემეცნებულის კოლაჟსაც მიმართავს.

XX საუკუნის დასავლური კულტურის ყველა ეს ძიება აბსოლუტური თავისუფლების ნიშნით, შეუზღუდავად მიმდინარეობს და თანდათანობით კონტრკულტურიდან კულტურად შეიწოვება მოდერნად და ავანგარდად წოდებული უთვალავი მიმართულება, რომელთა უმრავლესობა გვერდიგვერდ არსებობს.

გამომდინარე კრიზისის სპეციფიკური ხასიათიდან, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, იქნება ეს უაღრესად დისჰარმონიული ესთეტიკა, საგანთა ხილული ფორმებისადმი უნდობლობა და ჭეშმარიტების მათ “შიგნით” და მათ მიღმა ძიება თუ კონცეპტუალურობა და პირიქით, ადამიანური გონების შესაძლებლობების მიმართ ეჭვით აღვსება.

მათ შორის აღარ შეიმჩნევა ისეთი მნიშვნელოვანი არსობრივი განსხვავება, როგორიც არსებობდა XX საუკუნებდე არსებულ ესთეტიკურ მიმდინარეობებს შორის, რომელთა მონაწილეობა ყოველთვის მოასწავებდა დასავლური ცნობიერების ახალ დონეზე, ახალ საფეხურზე ასვლას.

ასეა თუ ისე, დასავლური სამყაროს მოდერნიზმი, ავანგარდიზმი და XX საუკუნის მუსიკალური ფენომენი – როკი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ვიღაც ქარაფშუტა, ექსცენტრული ან ნარკომანი ჯეელების ხულიგნურ გამოხტომად. თითქმის ყოველი მიმართულება, ჩვენი “კულტურისტებისათვის” ზოგჯერ ალბათ ფრიად სკანდალურიც, ალბათ ფრიად პორნოგრაფიულიც, დიდი ხანია კონტრკულტურად აღარ აღიქმება და დასავლური კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა, რადგან ყოველი მათგანი გაგრძელებაა ინდივიდუალისტური საზოგადოების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციისა – მაქსიმალურად შეულამაზებლად შეიმეცნოს საკუთარი თავი ახალ რეალობაში, მაქსიმალურად შეულამაზებლად გაიაზროს ის აბსურდული სამყარო, რომელშიაც იგი დღეს არსებობს.
***
ალმანახი “კონტრკულტურა” მოწმობს, რომ რაღაც ამგვარი მოვლენა საქართველოშიც არსებობდა და Dდღესაც არსებობს. შეიძლება ძალზე სუსტად, შეიძლება ზოგჯერ გაუცნობიერებლად, ზოგჯერ კი გაცნობიერებულადაც, მაგრამ ის მაინც არსებობს.

ეს ფაქტია.

თუმცა საქმე ამაში არ არის.

საქმე ის არის, რომ იგი არანაირად არ უკავშირდება იმას, რასაც ჩვენი “კულტურისტები” ასე ამაყად და პათეტიკურად “ქართულ სულად” მოიხსენიებენ ხოლმე. პირიქით, ჩვენი კონტრკულტურის თავისუფლება, სუბიექტივიზმი, აღმზრდელობით ფუნქციებზე უარის თქმა, პიროვნების წინ წამოწევა საზოგადოების უკან დახევის ხარჯზე და სხვა ამგვარი ინდივიდუალისტური თვისებები საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქართული კულტურის იმ “კლასიცისტურ” ხერხემალს, რომელიც თერგდალეულებმა შექმნეს.

ამიტომ რჩება იგი მუდამ უცხო სხეულად ჩვენი კულტურის სხეულზე.

ამიტომ სდევნიდა მას საბჭოთა “კლასიცისტური სოცრეალიზმი”.

ამიტომ არის იგი დღესაც მიუღებელი ჩვენი კულტურის მუშაკებისთვის.
მიუხედავად ამისა, ეჭვი არ არის, დღევანდელი სიტყვის თავისუფლების მეშვეობით აქამდე სუსტი კონტრკულტურა თანდათან უფრო მომძლავრდება, რითაც კიდევ უფრო გაზრდის იმ დისკომფორტის განცდას, რომელშიაც დღეს მთელი საქართველო იმყოფება. ეს კი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კიდევ უფრო დააჩქარებს იმ პროცესს, რომელსაც ერიხ ფრომმა თავის დროზე “თავისუფლებიდან გაქცევა” უწოდა. მითუმეტეს, რომ ასეთი გაქცევის გამოცდილება უკვე გვაქვს: XX საუკუნის დასაწყისში “დიად საბჭოეში” გავიქეცით.
დღეს XXI საუკუნის დასაწყისია.,
საით და რა ფორმით გავიქცევით დღეს?

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=173&composition=501 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი