ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა შეიძლება იყოს მძიმე?

რას შეიძლება გამოხატავდეს სიტყვა „მძიმე”? სასვენ ნიშანს, კი ბატონო. თანაც ისეთი დიდი მნიშვნელობისას, რომ მისი გამოტოვება ან არასწორ ადგილას დასმა ზოგჯერ სრულიად ცვლის ნააზრევის შინაარს.

კიდევ რა შეიძლება იყოს მძიმე? მაგალითად, ცხოვრება. ესეც ნაცნობი თემაა… არასოდეს მესმოდა, რად ერგო მავანს მძიმე და მავანს იოლი ცხოვრება. თანაც ეს მეორე, ვისაც იოლი ხვდა წილად, სულაც არ სჯობია იმას, ვინც მძიმე ჭაპანს ეწევა. შესაძლოა, პირიქითაც კი იყოს, მაგრამ ასეა და მორჩა – ერთისა ბამბაც ჩხრიალებს, მეორე კი გამეტებით იქნევს კაკლით სავსე ტომარას, მაგრამ საქმეში ხარ? – არავის ესმის. ალბათ, ამ დროს თუ იტყვის კაცი:
„ნეტავ სიცოცხლის მამგონი 
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია…
ბევრი სიმწარე მინახავს, 
ბევრიც სხვა გადამხედია…”
კიდევ რა შეიძლება იყოს მძიმე?

შთაბეჭდილება… ჰო, ესეც შეიძლება, რამემ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინოს, ან სულაც პირიქით, სხვებს დაუტოვო მძიმე შთაბეჭდილება საკუთარ თავზე. თუმცა სიმძიმეს ყველა თავისებურად აღიქვამს.
ტერენტი გრანელი მძიმე ბედისწერაზე წერდა:
„ახლა მძიმეა ეს ბედისწერა,
გულით მივყვები მე ჩემს სტრიქონებს,
ასე დაღლილი ბალახში ვწევარ,
ასე დაღლილი მე შენ გიგონებ”.
თუმცა სხვა ლექსში უკვე იმასაც ამბობდა, რომ არც სიკვდილის შიში იყო იოლი:
„ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე…”
გალაკტიონს გული ზოგჯერ კუპრის ლუქდადებული კარივით ემძიმებოდა:
„ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე,
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი…”
კიდევ რა შეიძლება იყოს მძიმე?

ტვირთი, გამოცდა (შეიძლება ცხოვრებისეულიც), შეცდომა… ეს უკანასკნელი ექიმებს, მასწავლებლებს და ქიმიკოსებს ძვირად გვიჯდება. ექიმს სხვისი ჯანმრთელობით და სიცოცხლით თამაშის უფლება არ აქვს. მასწავლებელს არ აქვს სხვისი სულიერი სამყაროს დამახინჯების უფლება. ქიმიკოსს ლაბორატორიაში საკუთართან ერთად ხშირად სხვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც აბარია.

ხარაჩოზე მდგომ მუშას, რა, აქვს შეცდომის უფლებაო? – იკითხავს მავანი. არ აქვს და ასე უსასრულოდ შეიძლება პროფესიების ჩამოთვლა. გამოდის, რომ ჩვენი თითოეული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

თუმცა ყველა შეცდომა მძიმე არ არის. მაგალითად, თუ დიასახლისს ფუმფულა ბისკვიტი ჩაუვარდა ან ცხრამეტნაოჭიანი ხინკალი ვერ მოახვია, ეს მსუბუქ შეცდომად ჩავუთვალოთ. უფრო მეტიც – თუ ტორტის ცხობა ან ხინკლის კეთება საერთოდ არ იცის, ესეც არაფერია.

თანაც, ისევე როგორც ყველაფერი, „მძიმეც” პირობითი ცნებაა. ცხოვრებას, რომელიც მე მძიმე მომეჩვენება, სხვამ შესაძლოა იოლიც კი უწოდოს. ან, მაგალითად, თოვლიანი ამინდი ჩემთვის მძიმეა, სხვისთვის კი სახალისო და სათამაშო.

ამიტომ, მოდი, იმაზე დავწერ, რაც მართლა მძიმეა.

გაეროს კომისიის მიერ განსაკუთრებით საშიშ მძიმე მეტალებად მიჩნეულია: ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი, ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, კობალტი, ვანადიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, სტიბიუმი. თუმცა ამ მეტალების ნაწილს ადამიანის ორგანიზმიც შეიცავს. მათი უმეტესობა d-მეტალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად შეუძლიათ კომპლექსწარმომქმნელ რეაქციებში ჩართვა და ბიოლიგანდებთან სხვადასხვა სახის კომპლექსნაერთის წარმოქმნა. სპილენძი შედის მიტოქონდრიის სუნთქვითი ჯაჭვის ფერმენტების შემადგენლობაში, კობალტი – ციანკობალამინის, ვიტამინ B12-ის შემადგენლობაში, რკინა ცილების: ჰემოგლობინის, მიოგლობინის, ფერიტინის – შემადგენელი ნაწილია, ნიკელი და თუთია მეტალდამოკიდებული ფერმენტების ერთი ჯგუფის ფერმენტთა აქტივატორები არიან. ყველა ერთად კი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის. 

მათგან განსხვავებით, ვერცხლისწყალი, კადმიუმი და ტყვია ძალზე საშიშია ორგანიზმისთვის. მათ თიოლურ შხამებს უწოდებენ. ორგანიზმში მოხვედრისას მათი იონები ცილების თიოჯგუფებთან (გოგირდშემცველ ჯგუფებთან) წარმოქმნიან მდგრად ნაერთებს და ამგვარად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ორგანიზმში დარჩენა. ბუნებრივია, ისინი უფრო იმ ცილებთან წარმოქმნიან მდგრად ნაერთებს, რომლებიც უფრო მეტად შეიცავენ გოგირდშემცველ ამინმჟავებს. შედეგად ეს მეტალები პათოლოგიურ პროცესებს იწვევენ, მათი პირდაპირი სამიზნე კი ცენტრალური ნერვული სისტემა, ღვიძლი და თირკმელებია. 

მოდი, კვლავ ცნება „მძიმეს” დავუბრუნდეთ და ის ორი მეტალი დავასახელოთ, რომლებიც „ყველაზე მძიმეს” ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან. ეს ორი ირიდიუმი და ოსმიუმია. ორივე პლატინის ჯგუფში შედის. მათი სიმკვრივე 22,6 გ/სმ3-ია. მაშასადამე, ტყვიაზე ორჯერ მძიმეა, რკინაზე სამჯერ მძიმე და ალუმინზე რვანახევარჯერ მძიმე. პლასტმასის კუბიკები ხომ ყველას გვინახავს? ჰოდა, საშუალო ზომის ასეთი კუბები წარმოვიდგინოთ, ოღონდ ერთი – ირიდიუმისგან, მეორე კი ოსმიუმისგან დამზადებული. თითოეული მათგანის წონა 23 კგ იქნება. ერთ ასეთ კუბს მე ცალი ხელით ვერ ავწევდი. თქვენ?

როდესაც ქიმიკოსთან მძიმე ელემენტს ახსენებენ, ის საყოველთაო მნიშვნელობით მძიმეზე კი არ იწყებს ფიქრს, არამედ მძიმე ატომების მქონე ელემენტებზე. მაგალითად, ოქროს ატომები ირიდიუმის ატომებზე მძიმეა, მაგრამ კრისტალურ მესერში იმგვარადაა განლაგებული, რომ ოქრო უფრო მსუბუქი გამოდის.

მძიმე ატომების მქონე მეტალია ბისმუტიც. პერიოდულ სისტემაში მისი ნომერია 83. ბისმუტს მეთხუთმეტე საუკუნიდან იცნობენ. ეს ოდნავ მყიფე, ფოლადისფერი მეტალია, რომელსაც ვარდისფერი დაჰკრავს. ბუნებაში თავისუფალი სახითაც გვხვდება, თუმცა იშვიათად. თავად ბისმუტი მყიფეა, თუმცა მისი 0,003%-ის დამატება უჟანგავ ფოლადში ან ალუმინში მათ პლასტიკურობას ზრდის. ბისმუტისა და მანგანუმის შენადნობს უნიკალური მაგნიტური თვისებები ახასიათებს. მისგან ძლიერ მაგნიტებს ამზადებენ. თუ ბისმუტის კრისტალებს ხელოვნურად გავზრდით, არაჩვეულებრივი სილამაზე წარმოგვიდგება თვალწინ. მყარ მდგომარეობაში ბისმუტს თხევადთან შედარებით ნაკლები სიმკვრივე აქვს. ამავე თვისებას ფლობს წყალი და ტყვია. ბისმუტის ოქსოქლორიდი BiOCl კაშკაშა სადაფისფერია. მას დეკორატიულ საღებავებშიც იყენებენ, თუმცა მისი გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო საგზაო ნიშნებისთვის განკუთვნილი საღებავის დამზადებაა. ბისმუტის ქლორიდი BiCl3 სინათლეზე მუქდება, მაგრამ თუ სიბნელეში მოვათავსებთ, ისევ გაბაცდება. ამ მარილს ფოტოქრომული სათვალის – ე.წ. ქამელეონის – მინების შემადგენლობაშიც შეხვდებით. ბისმუტი ერთი ძალიან საინტერესო შენადნობის ნაწილიც არის. მას ვუდის შენადნობს უწოდებენ. მისი შემადგენლობა ასეთია: 50% ბისმუტი, 27% ტყვია, 13% კალა და 10% კადმიუმი. ამ შენადნობის ლღობის ტემპერატურა 68 გრადუსია.

ერთხელ ამერიკელმა ფიზიკოსმა და გამომგონებელმა რობერტ უილიამ ვუდმა მეგობრები სტუმრად მიიწვია. თან დაჰპირდა, გაგაოცებთო. სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა და… ჩაის დალევა შესთავაზა. მეგობრებიც მაგიდას შემოუსხდნენ, ჭიქებში შაქარი ჩაიყარეს (ეტყობა, ჯანსაღი ცხოვრება არ აღელვებდათ) და მორევას შეუდგნენ. ყველას ერთიმეორის მიყოლებით ჩაის კოვზები ჭიქაში ჩაუდნა. ეს ვუდის მორიგი ხუმრობა გახლდათ. კოვზები ვუდის შენადნობისგან იყო დამზადებული. თუმცა თავად შენადნობი ვუდის დაბადებამდე 8 წლით ადრე, 1860 წელს შექმნა ინგლისელმა ინჟინერმა, რომლის გვარიც… ასევე ვუდი იყო.

არსებობს ასევე შენადნობი როზე. შემადგენლობით ვუდის შენადნობს ჰგავს – მისი 50% ბისმუტია, ტყვია და კალა კი 25-25%. ამ შენადნობს ელექტრულ დამცველებში იყენებდნენ.
კიდევ რა შეიძლება იყოს მძიმე?

თურმე შემოქმედებაც შეიძლება მძიმე იყოს. ოღონდ სიტყვა „შემოქმედებაში” პოეტი ალბათ მაინც ცხოვრებას გულისხმობს…

„შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,
თუკი ატარე ნამუსის ქუდად,
არ გაგიკვირდეს არც ერთი მარცხი,
წარმატება კი გიკვირდეს მუდამ…” (შოთა ნიშნიანიძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი