შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კვლევის უნარების განვითარება მათემატიკის სწავლების პროცესში

დღეს ძალიან აქტუალურია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების თემა. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საინტერესო სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ჩატარების საშუალებას აძლევს. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისთვის.

„ტრადიციული გაგებით, სიტყვა „წიგნიერება” გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.

რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც.

სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიის და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ., სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენის) უნარი”.

რით არის მნიშვნელოვანი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება? იგი დაკავშირებულია რეალური ვითარებიდან გამომდინარე პრობლემასთან, რომელთანაც შეხება უწევს მოსწავლეს. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს მას, პასუხი გასცეს კითხვას: „რა საჭიროა?” 

„რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უკეთეს შედეგს იღებენ სკოლაში”, – მიაჩნია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ პერკინსს. მეცნიერის განმარტებით, მეტაკოგნიცია გულისხმობს აზროვნებას იმის შესახებ, როგორ ვაზროვნებთ, ანუ მოსწავლეთა ცოდნასა და წარმოდგენებს თავიანთი კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესახებ. ამ თემას დევიდ პერკინსი ფართოდ აშუქებს თავის პედაგოგიურ ნაშრომში „თეორია ერთი”.

ამ თეორიის საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მკაფიო ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. მკაფიო ინფორმაცია გულისხმობს, „რა”, „როგორ” და „როდის” უნდა გაკეთდეს. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია და მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე ცდილობს იპოვოს გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.

დაწყებით საფეხურზე IV კლასის მათემატიკის სტანდარტის სწავლების ერთ-ერთი მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს, თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგებისა და წარმოდგენის საშუალებებს, რაც მოსწავლეებისთვის სირთულეს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსწავლე (პიაჟეს აზრით) კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე იმყოფება. მას უკვე შესწევს უნარი აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ფლობს, მაგრამ უჭირს აბსტრაქტული აზროვნება, განზოგადება, სინთეზი. რომელიმე კონკრეტული ამოცანის ამოხსნა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.

სვეტოვანი დიაგრამების შესწავლის დროს მოსწავლეები ზედაპირულად სწავლობენ თემას და ვერ ახერხებენ მის სიღრმისეულ წვდომას, ამიტომ მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ რეალურად გადასაჭრელი ამოცანა, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს.

ამ სიტუაციაში ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მომაჩნია პროექტი, რომელიც კვლევის ელემენტებს შეიცავს. ასეთი ტიპის აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას, არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას.

მაგალითად, მოსწავლეებმა გამოკითხვის შედეგად შეაგროვონ სკოლის მოსწავლეთა მონაცემები დაბადების თვეების მიხედვით, დაახარისხონ და წარმოადგინონ ისინი ჯერ ცხრილების სახით, ხოლო შემდეგ ეს მონაცემები დაიტანონ სვეტოვან დიაგრამაზე. ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. მათ თავად აირჩიეს კლასები, სადაც ჩაატარებდნენ გამოკითხვას. თითოეულ ჯგუფს გავუნაწილე დავალებები.

მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის დირექტორს და კლასის დამრიგებლებს, გააცნეს შეხვედრის მიზანი და დააზუსტეს მთელი სკოლის, ყველა კლასის მოსწავლის სახელი და გვარი. მომდევნო ეტაპზე მათ დაიწყეს შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან და ჩაატარეს გამოკითხვა: „როდის არის შენი დაბადების დღე?” ეს აქტივობა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მონაცემების შეგროვების შემდეგ მოსწავლეებმა მონაცემები გადაიტანეს ცხრილებში და კლასების მიხედვით წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები, რომელ თვეს რამდენი მოსწავლე იყო დაბადებული. 

დავალებების დასრულების შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგინეს შეკრებილი მონაცემები. შემდეგ მთელმა კლასმა ერთობლივად ამოკრიბა თითოეულ თვეში დაბადებულ მოსწავლეთა რაოდენობა, დააჯამა და ამ სტატისტიკის მიხედვით შევადგინეთ მთელი სკოლის მოსწავლეთა სვეტოვანი დიაგრამა. შედეგი ძალიან საინტერესო გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბადებულია მაისში. აქვე დაიბადა ამ პროექტის სახელწოდებაც: „ყველაზე მადლიანი თვე”. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს.

სწავლების ამ მიდგომას ძლიერებთან ერთად ერთი სუსტი მხარეც აქვს: თუ კლასში სსსმ მოსწავლეა, მას გაუჭირდება ამგვარ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისთვის შესაფერისი დავალების მიცემა. მაგალითად, შეიტანოს მონაცემები მისთვის წინასწარ გამზადებულ ცხრილში სპეციალური აღნიშვნით. შეიძლება, მეწყვილესთან ერთად მივიდეს ინტერვიუსთვის – ეს მას დიდ სტიმულს მისცემს, უფრო თავდაჯერებული გახდება და ხალისით ჩაერთვება სწავლების პროცესში.

მათემატიკის შინაარსი ყოველთვის არ უკავშირდება რეალობას და აბსტრაქტულია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შევძლებთ დავუკავშიროთ იგი სხვა სასწავლო საგნებს და პრაქტიკულ სიტუაციებს. სასწავლო პროექტი ყოველთვის გულისხმობს მონაცემთა მოპოვებას, მათ დამუშავებას, ანალიზს, წარმოდგენას და დასკვნის გამოტანას, ყოველივე ეს კი მათემატიკის სასკოლო კურსის ძირითადი კომპეტენციაა.
გამოყენებული ლიტერატურა: 
1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წელი;
2. განვითარებისა და სწავლების თეორიები;
3. ჟ. პიაჟე, კოგნიტური განვითარების თეორია;
4. დ.  პერკინსი, „თეორია ერთი”.
ნინო ჯოჯიშვილი
გორის რაიონის ს. მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი