ამას წინათ მეგობარმა მთხოვა, გამეგზავნა კითხვები სკოლაში მიმდინარე ინტელექტუალური კონკურსისთვის „რა? სად? როდის?“
ამ კონკურსში სკოლა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული და ბავშვებიც ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ მის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
გასულ წელსაც იგივე თხოვნა მივიღე და მეც საკმაოდ ვიხალისე კითხვების შედგენისას. წელს კი დავფიქრდი იმაზე, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მსგავს საგანმანათლებლო თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსით მოსწავლეებისთვის და რამდენად ეფექტური და ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის.
თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება აუცილებლობა, რომ სწავლება არ იყოს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა — ის უნდა იქცეს შემოქმედებით, ინტერაქციულ პროცესად. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, ვფიქრობ, არის ინტელექტუალური თამაშები.
სკოლაში, სადაც მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნება რთულია, ამგვარი აქტივობების ჩართვა სწავლას აქცევს საინტერესო, აზარტულ და მრავალმხრივ განვითარებად პროცესად.
რატომ ინტელექტუალური თამაშები?
ინტელექტუალური თამაშები (როგორებიცაა „რა? სად? როდის?“, ვიქტორინა, ლოგიკური დავალებები თუ გამოცანები) არ არის მხოლოდ გართობა:
- მოტივაციას ზრდის — სახალისოა ბავშვებისთვის;
- აქტიურად მუშაობს გონება — ლოგიკური, კრეატიული, ასოციაციური და კრიტიკული აზროვნება ერთდროულად ერთვება;
- მოსწავლეებს უმაღლდებათ თვითშეფასება — სწორი პასუხი, ერთგვარად, გამარჯვებასთან ასოცირდება;
- ავითარებს გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს — თამაშების უმეტესობა გუნდურ ფორმატში ტარდება.
რომელ საგნებში შეიძლება გამოყენება?
ინტელექტუალური თამაშები უნივერსალურია. მათი ადაპტაცია თითქმის ყველა საგნისთვის შეიძლება.
გარდა ამისა, ინტელექტუალური თამაშები კომპლექსურად ავითარებს მრავალფეროვან საბაზისო და მეტაკოგნიტურ უნარებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაც არის განსაზღვრული:
- ლოგიკური აზროვნება
- კრიტიკული და ანალიტიკური წვდომა ინფორმაციაზე
- გუნდური მუშაობა და დისკუსია
- ემოციური ინტელექტი — სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა
- სიტყვის გამართულობა და აზრის ჩამოყალიბება
- დროის მართვა და სტრატეგიული აზროვნება
ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან. ინტელექტუალური თამაში გართობასა და გამოწვევას აერთიანებს — ეს ერთგვარი გონებრივი „სპორტია“, რომელიც მათი ასაკისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია.
განსაკუთრებით შედეგიანია თემატური თამაშები (მითოლოგია, დეტექტივი, სამეცნიერო ვიქტორინა), ნაკლებად ფორმალური გარემო (წრეებში, გუნდებში, კლასგარეშე გაკვეთილებზე), ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებასთან (ცნობილი ფრაზების ან სიმბოლოების ახსნა ყოველდღიურ კონტექსტში)…
პრაქტიკული მაგალითები
- „სიმბოლოს გამოცნობა“ ლიტერატურაში: მოსწავლეებს წარედგინებათ აღწერა, და მათ უნდა გამოიცნონ სიმბოლო (მაგ. ცეცხლი, მზე, რძე).
- „ვინ იყო ეს?“ ისტორიაში: მინიშნებებით თანდათან იხსნება ისტორიული პირის ვინაობა.
- „გადაარჩინე გმირი!“ ბუნებისმეტყველებაში: მოსწავლეებმა ლოგიკით უნდა დაადგინონ, როგორ დააღწიონ თავი საფრთხეს.
ინტელექტუალური თამაშები საგაკვეთილო პროცესში არ არის მეორეხარისხოვანი — ის, შესაძლოა, იქცეს სასწავლო პროცესისთვის მთავარ მოტივატორად.
ისინი აერთიანებს ცოდნას, აზროვნებასა და თამაშით შეძენილ გამოცდილებას — სწორედ იმ ასპექტებს, რომლებიც ბავშვების ნამდვილ განვითარებას უწყობს ხელს.
მასწავლებლის როლიც იცვლება — ის ხდება მოთამაშე–მმართველი, რომელსაც შეუძლია ბავშვებს დაუტოვოს სივრცე იფიქრონ, იკამათონ.
კითხვა განსჯისთვის:
შეიძლება კი ისეთი გაკვეთილი, რომელშიც ბავშვები „თამაშობენ“, აღმოჩნდეს გაცილებით პროდუქტიული, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილი?
ვფიქრობ, შეიძლება.
თქვენ რას ფიქრობთ?
როგორ დავგეგმოთ ინტელექტუალური თამაში:
- განვსაზღვროთ მიზანი
რა გვინდა, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ან განიმტკიცონ ამ თამაშით:
- ლიტერატურულ პერსონაჟებთან ასოციაციური კავშირი,
- ისტორიულ მოვლენათა თანმიმდევრობა,
- ლოგიკური აზროვნების სტიმულირება.
- შევქმნათ შესაბამისი კითხვები, რომლებიც მოსწავლემ შეიძლება გამოიცნოს მინიშნებებით, არ მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას, იწვევს მსჯელობას ან კამათს გუნდში (თუმცა, ზოგჯერ ფაქტობრივი ცოდნის გააქტიურებაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, სხვადასხვა საკითხზე ფოკუსირებისთვის).
- კითხვები (და პასუხებიც ) ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ ორაზროვნება გამოირიცხოს.
- მოსწავლეები დავყოთ 3-5 კაციან ჯგუფებად.
- 5. ყურადღება მივაქციოთ დროს: კითხვაზე — მაქსიმუმ 1 წუთი.
შესაძლოა, წინასწარ განვსაზღვროთ კიდეც გუნდის სპიკერი, რომელიც პასუხს გამოაცხადებს.
ძალიან ხშირად ინტელექტუალური თამაშები სცილდება ვიწრო საგაკვეთილო პროცესს და საერთო სასკოლო აქტივობად იქცევა ხოლმე, რასაც უკვე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეებისთვის ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობას, ამაზე, ვფიქრობ, მასწავლებლების მოსაზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია:
ნათელა წულაია, სსიპ ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ინტელექტუალური თამაშის, „აბას“ ორგანიზატორი
„ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, საწინააღმდეგო აზრის კორექტულად დაფიქსირებას. უჩნდებათ ინტერესი სხვადასხვა საგნის მიმართ, ბევრს კითხულობენ, უყურებენ ფილმებს, სპექტაკლებს, უსმენენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და იძიებენ უამრავ ინფორმაციას, ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მუშაობენ ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო საგნებში, იფართოებენ და იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, ეს თამაშები ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, მხარში დგომასა და მხარდაჭერას სწავლობენ. ყოველწლიურად იკვრება კარგი ინტელექტუალური გუნდი, რომელიც სკოლის სახელით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს და ჩვენთვის კარგი დასაყრდენია. უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა და ახალბედა, გამოუცდელ ბავშვებს უფროსები ყველაფერში მხარში უდგანან და ეხმარებიან.
ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესია, ვცდილობთ, ისეთი კითხვები შევადგინოთ, რომ გავითვალისწინოთ მათი ასაკი, შესაძლებლობები. თამაშისას ხშირად შეგვიცვლია კითხვები, როცა რომელიმე გუნდი ზედიზედ ვერ ახერხებს ქულის აღებას – მარტივ შეკითხვას ვაძლევთ ხოლმე, რომ მოტივაცია მიეცეთ. ამით თამაში ცოცხლდება და პროცესი ისევ იძენს აზარტს.
რაც მთავარია, გუნდები შეთანხმებულად, ურთიერთშეთანხმებით მუშაობენ და ეხმარებიან ერთმანეთს“.
ნათია დავითაია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი:
„ჩვენი სკოლა ფეხს ნამდვილად უწყობს გამოწვევებს და ცდილობს, მხოლოდ სასკოლო საგნებზე არ იყოს ორიენტირებული, მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეს და გარკვეული აქტივობებით განუვითაროს ის უნარები, რომლებიც აუცილებელია სამომავლოდ. ამიტომ სწავლებისას მიზნად ვისახავ, ვიპოვო და მოსწავლეებამდე მივიტანო სწავლების ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ისინი მეტს ისწავლიან და სკოლაც აღარ იქნება უწინდებურად მოსაწყენი. ვფიქრობ, მხოლოდ სწავლების შინაარსი კი არ უნდა იყოს მასწავლებლის ყურადღების ცენტრში, არამედ იმ მეთოდების პოვნაც, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისით აითვისებენ თემას.
ამ მიზნის მისაღწევად წლების განმავლობაში არაერთი თამაში თუ აქტივობა შემიქმნია. მათ შორის გამორჩეულია „რა? სად? როდის?“ – ზუსტი სატელევიზიო ფორმატით. აღნიშნული მეთოდი სასკოლო სივრცისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა. გარდა იმისა, რომ ამ თამაშებმა მათ მისცა მოტივაცია, უფრო მეტი განათლება მიეღოთ, ასევე მისცა საშუალება, გამოევლინათ მრავალფეროვანი უნარები: დაგეგმვის, სცენარის შექმნის, ჯგუფური მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემის. მსგავსი გარემო ურთიერთობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა. ამ დროს მოსწავლეები საერთო მიზნის, ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან, ერთმანეთისადმი ნდობა და პატივისცემა უყალიბდებათ.
პირველი სეზონის დასაწყისში პროცესს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა უკვე მესამე წელია გრძელდება და აქტუალურობას არ კარგავს. ყოველი სასწავლო წლის მეორე სემესტრის დადგომას ჩვენს სკოლაში ახალი სეზონის მოლოდინი ახალისებს. სეზონისთვის მზადებას კი მოსწავლეები თავად იწყებენ, ყოველგვარი ძალდატანებისა და მითითებების გარეშე.
ბედნიერი ვადევნებ თვალს ამ ფაციფუცს და ვფიქრობ, დიახ, მიზანს მივაღწიე.“
ინტელექტუალური თამაშები სასკოლო გარემოში ხელს უწყობს როგორც საგნობრივი უნარების განვითარებას, ისე სოციალიზაციასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
ინტელექტუალურ თამაშებს გაკვეთილზე სიხარული, ინტერესი და კვლევის სურვილი შემოაქვს. როცა ბავშვები სწავლობენ თამაშით, ისინი აღარ ეძებენ სწავლისგან გაქცევის გზებს — ისინი თვითონ ეძებენ ცოდნას. ასეთ გარემოში გაკვეთილი აღარ არის რუტინა, არამედ ხდება თავგადასავალი, სადაც ბავშვები სწავლობენ აზროვნებას, თანამშრომლობას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ინტელექტუალური თამაშები არ უნდა იყოს მხოლოდ პერიოდული აქტივობა — ისინი უნდა იქცეს სწავლების ბუნებრივ ნაწილად. ასე აღვზრდით შემოქმედ და მოაზროვნე თაობას, რომელსაც სწავლა უყვარს.