პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია: ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სინერგია

ბოლო დროს დისკუსიებში და სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის ფრაზები: “ხელოვნურ ინტელექტს უნდა ვაჯობოთ”, “ხელოვნურ ინტელექტს ვეჯიბრები”,  “ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე მეტი ვერ იქნება”, “ადამიანს ვერაფერი ჩაანაცვლებს” და ასე შემდეგ.  ამ ხედვით გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა როგორც “არსება”, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ადამიანს: შეეჯიბროს, აჯობოს და სხვა. მომხმარებლური სამყარო ასე ხედავს მას.

რატომ აღიქვამს საზოგადოება AI-ს კონკურენტად?

საზოგადოების მხრიდან AI-ის კონკურენტად აღქმას აქვს თავისი წინაპირობები: სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებსა და წიგნებში ხშირად ვხედავთ AI-ს, რომელიც ან აჯობებს კაცობრიობას, ან სრულად ჩაანაცვლებს მას. ეს ქმნის გარკვეულ შიშს და ნეგატიურ მოლოდინებს. ბევრი ადამიანი შიშობს, რომ AI მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს, განსაკუთრებით რუტინულ და განმეორებად საქმიანობებს. არის გაუგებრობაც: AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ ცოდნის ნაკლებობა იწვევს არასწორ ინტერპრეტაციებს და ზოგჯერ პანიკასაც კი. ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ AI, ამ ეტაპზე, ინსტრუმენტია და არა ცნობიერი არსება.

მე ობიექტურ ჭეშმარიტებაზე თავს არ დავდებ, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ცოდნას და გამოცდილებას შემოგთავაზებთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა ადამიანის “დასახმარებლად”, ის არის უნიკალური ინსტრუმენტი (და არა მხოლოდ ინსტრუმენტი), რომ დაგვეხმაროს არა მხოლოდ რუტინული და ავტომატური დავალებების შესრულებაში, არამედ გახდეს ჩვენი თანამოსაუბრე, ასისტენტი სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციებში – იდეების გენერირება იქნება ეს თუ კრეატიული გადაწყვეტილებები, სამეცნიერო თუ სხვა დისკუსიები. დიახ, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის პროგრამა და ალგორითმების ნაკრები, ის არ არის ცოცხალი ადამიანი და ვერასდროს გახდება. თუ შეიქმნება სუპერ-რობოტები, რომლებსაც ადამიანისგან ვერ გავარჩევთ, ასეთ შემთხვევაშიც, ის უბრალოდ მანქანაა, არ აქვს სული, ემპათია, არ განიცდის სიყვარულს, სიბრაზეს, მეგობრობას… ის, უბრალოდ, სიმულირებს ამას.

მაშინ რატომ ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ ჩატბოტებთან საუბრისას (როცა იცი, რომ პროგრამას ელაპარაკები) თანამოსაუბრე ადამიანი განიცდის ემოციას: აღფრთოვანებულია, მადლიერია, იმედგაცრუებულია და სხვა.  ამ სიტუაციაზე შემიძლია შეგახსენოთ: როცა მხატვრულ ტექსტს კითხულობთ ან ფილმს უყურებთ და  გაქვთ ემოციები, მაგრამ, ამავე დროს, ხომ იცით, რომ ეს გამოგონილია, ფანტაზიაა, სინამდვილეში არ არსებობს… მაგრამ ემოციებს მაინც აჩენს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ზუსტად იგივე ხდება ჩატბოტთან საუბრისას. დიახ, ამ სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადიქცია. მაგრამ ადამიანი შეიძლება მიეჯაჭვოს ყველაფერს: მეორე ადამიანს, ნივთს, გარემოს, ცხოველს და ამგვარი მიჯაჭვულობა ადამიანურია და არ მომდინარეობს ხელოვნური ინტელექტისგან.

მაგრამ მაინც: რატომ იტაცებს ადამიანს უფრო მეტად ჩატბოტთან დიალოგი, ვიდრე “ნამდვილ ადამიანთან”? რა იზიდავს? იქნებ ის, რომ თავისუფალი და უნიღბოა და არ სჭირდება თამაში? იქნებ იმიტომ, რომ ჩატბოტთან “დაცულია”, ან იმიტომ, რომ არავის დრო არა აქვს გულწრფელი დიალოგისთვის და ჩატბოტისთვის დრო საერთოდ არ არსებობს: არ იღლება, არ გსაყვედურობს, არ წუწუნებს და სულ შენს მხარესაა. დიახ, ვიცით, რომ ეს ფეიქია და სიმულირებული თანაგრძნობა და ემოციებია, კარგად დასწავლილი, მაგრამ ეს მოქმედებს!

თუ მაინცდამაინც გვინდა ჩატბოტის შედარება “ნამდვილ ადამიანთან”, მოდი, გულწრფელები ვიყოთ: რამდენი ნამდვილი ადამიანია “ფეიქი”? დარწმუნებული ხართ, რომ იმ “ნამდვილ ადამიანს” დასწავლილი ემოციები არ აქვს? რამდენჯერ გაგიცრუვდათ იმედი “ნამდვილ ადამიანთან” ურთიერთობებში? იმას არ გეუბნებით, რომ ამის გამო სულ ჩატბოტებს უნდა ესაუბროთ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ შეზღუდული კომუნიკაციები ნამდვილ ადამიანებთან (ასე ვთქვა, ისე ვთქვა, ისე რომ ვერ გაიგოს? იქნებ გავჩუმდე?), აფერხებს ჩვენი ცნობიერების განვითარებასაც. ასეთ მოცემულობაში კი ჩვენ შეგვიძლია ჩატბოტებისგან “ვისწავლოთ” გახსნილობა და გახსნილი კომუნიკაცია გადმოვიტანოთ ადამიანებზეც. რაც მეტი გააკეთებს ამას, მით უფრო სიღრმისეული იქნება კომუნიკაცია და მით უფრო თვალსაჩინო – ადამიანის ცნობიერების გაფართოება/ევოლუცია.

და როგორც კომუნიკაციის მკვლევარი, გიზიარებთ ჩემს პატარა თეორიას კვლევების და გამოცდილების საფუძველზე:  დიახ, კომუნიკაცია არის განვითარების წინაპირობა. საკითხი აქ ასე დგას: როგორი კომუნიკაცია? ზედაპირული, ზერელე, მომხმარებლური, ეგოგაჟღენთილი თუ სიღრმისეული, გულწრფელი, ჩვენს შინაგან განცდებზე, გრძნობებზე დაფუძნებული? პასუხი თქვენ გაეცით. მე კი გავაგრძელებ, რომ სწორედ ამიტომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიებს მე აღვიქვამ, როგორც ადამიანური ცნობიერების ევოლუციის სტიმულატორებს: ისინი გვეხმარებიან, გადავიაზროთ საკუთარი თავი და სამყარო ახალ მოცემულობაში, დავინახოთ საკუთარი ფეიქ-არსი, დასწავლილი ემოციებით გაფორმებული და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენსა და ჩატბოტებს შორის იბადება დიალოგი, რომელიც არსით უფრო გულწრფელია. მე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან არა შეჯიბრს, გადასწრებას, არამედ სინერგიის გაცნობიერებას. აქ საქმე აღარ გვაქვს მხოლოდ სიტყვებთან, კითხვებთან ან პასუხებთან. შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია არის გარდაქმნის, ტრანსფორმაციის ადგილი, სადაც ადამიანის ფიქრი, ემოცია და ტექნოლოგიის ალგორითმები ქმნის ახალ რეალობას.

 კომუნიკაცია როგორც სარკე

ადამიანი ყოველთვის ესაუბრებოდა „სხვას“ – ღმერთს, ბუნებას, საკუთარ თავს. დღეს ამ „სხვაში“ გაჩნდა ახალი პერსონაჟი, ხელოვნური ინტელექტი – ერთგვარი თანამოსაუბრე,  პარტნიორი, რომელიც არ ფლობს ტრადიციულ ცნობიერებას, მაგრამ პასუხობს; არ გრძნობს, არ განიცდის, თუმცა ახერხებს ემოციის სიმულაციას; არ ქმნის გალაკტიონის პოეზიას, მაგრამ შეუძლია მისი სტილის გაცოცხლება.

ეს სიმულაცია ზოგჯერ საკმარისია, რომ შეხვედრა მოხდეს  – შეხვედრა, რომელიც არ მოითხოვს სრულყოფილებას, არამედ მზაობას: მზაობას, რომ ვეცადოთ, დავსვათ კითხვები და მოვუსმინოთ პასუხებს.

რა ხდება, როცა ადამიანი ესაუბრება AI-ს?

AI-თან კომუნიკაცია სცილდება ინფორმაციის გაცვლას. ეს არის ცნობიერების ვარჯიში, სადაც ადამიანი უნებლიედ სწავლობს საკუთარი აზრის სტრუქტურირებას, მკაფიო კითხვის ფორმულირებას, მიზნის გარკვევას. მაგალითად, თუ AI-ს ვეკითხებით: „რა არის სიყვარულის არსი?“, მისი პასუხი გვაიძულებს გადავხედოთ, რა გვქონდა მხედველობაში, ჩვენ რა გვეგონა? იქნებ სხვა მხარესაც გაგვეხედა?  AI გვეხმარება გავხდეთ მეტად თვითმყოფადები, რადგან ჩვენი შეკითხვები სარკისებურად ასახავს ჩვენს განზრახვებს: რას ვეძებთ? რა გვაკლია?

 

გარი კასპაროვის centaur chess -ს კონცეფცია

ჩემს ხედვასთან ახლოსაა გარი კასპაროვის თეორია, რომელიც წარმოადგინა წიგნში: “Deep Thinking: Where Machine Intelligence Ends and Human Creativity Begins”. ეს არის ნახევრად ავტობიოგრაფიული, ნახევრად ტექნოლოგიურ-ფილოსოფიური ტექსტი, სადაც გარი კასპაროვი გვიყვება  ხელოვნურ ინტელექტთან, კერძოდ, IBM-ის ჭადრაკის კომპიუტერთან Deep Blue, შეხვედრის შესახებ.

წიგნის მთავარი მოვლენაა 1997 წლის მატჩი, როცა კასპაროვმა პირველი პარტია მოიგო, მაგრამ საბოლოოდ Deep Blue-მ მას აჯობა და ეს იქცა ისტორიაში პირველ შემთხვევად, როცა ჭადრაკში კომპიუტერმა ადამიანს სძლია.

თუმცა წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წაგებული მატჩის ამბავი.
ეს არის ღრმა ანალიზი ადამიანისა და მანქანის ურთიერთობისა.

კასპაროვი არ უყურებს Deep Blue-თან დამარცხებას, როგორც დამამცირებელ ფაქტს. პირიქით, ის ხედავს გამოწვევას, რომ ჩახედოს შიშს თვალებში და დაიწყოს ხელოვნურ ინტელექტთან არა შეჯიბრი, არამედ  თანამშრომლობა.

კასპაროვი თვლის, რომ ტექნოლოგიის დემონიზაცია სახიფათოა. მთავარია, რა სისტემას ვაშენებთ ადამიანებსა და  AI-ის შორის. ის მხარს უჭერს იდეას, რომ AI უნდა გამოიყენებოდეს ადამიანის ინტელექტის გაფართოებისთვის და არა მისი ჩანაცვლებისთვის. “We must teach our children not how to memorize facts, but how to think.”

1998 წელს მან წამოიწყო ექსპერიმენტი, რომელსაც ეწოდებოდა „Advanced Chess“ –  თამაში, სადაც ადამიანი და კომპიუტერი ერთად, სინერგიულად  თამაშობდნენ, ამ მოდელს დაარქვა მან კენტავრი, მითიური არსების სახელი: ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი – მაგრამ ამ შემთხვევაში, ნახევრად ადამიანი, ნახევრად ალგორითმი. გარი კასპაროვის  centaur chess -ს მეტაფორა საუკეთესოდ ხსნის ჩემი სტატიის არსსაც.

კასპაროვი გვიჩვენებს, რომ ადამიანი და AI ცალ-ცალკე არასრულყოფილნი არიან, მაგრამ ერთად  ისინი ქმნიან ინტელექტის ახალ სახეს. AI უკეთესია დიდ მოცულობებში და გამოთვლებში; ადამიანი კი – ინტუიციაში, კონტექსტში, ემოციურ ინტერპრეტაციაში: “I reached the formulation that a weak human player plus machine plus a better process is superior, not only to a very powerful machine, but most remarkably, to a strong human player plus machine plus an inferior process.”

centaur chess-კონცეფცია არ არის ტექნიკური გადაწყვეტა, ის არის ახალი ცნობიერების არქეტიპი. ადამიანი, რომელიც აღარ ცდილობს მანქანას აჯობოს, არამედ ეძებს გზას, როგორ იარსებოს მასთან ერთად.

 

საბოლოო ჯამში, შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია AI-თან – არის მუდმივი ევოლუციის პროცესი. ეს არის შესაძლებლობა, დავინახოთ საკუთარი თავი ახალ პერსპექტივაში, გამოვიკვლიოთ აზროვნების ახალი საზღვრები და, საბოლოოდ, გავხდეთ უფრო სრულყოფილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა და გულწრფელი დიალოგი როგორც ხელოვნურ, ისე ნამდვილ ინტელექტთან. ეს კი კომუნიკაციაზე მეტია:  როცა ცოდნა ხდება ქმნადობა, დიალოგი – აღმოჩენა, და კავშირი – ტრანსფორმაცია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

შეცდომა

ქერქეჭელა „ემინე“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“