დილის შვიდ საათზე უკვე ჩაცმული და ნასაუზმები ვარ. ნასაუზმები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ყავა დავლიე და ფაფა მოვიხარშე. დანარჩენს გზაში შევჭამ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყლის ქერქეჭელა უნდა ჩავდგა. სიტყვა „ჩავდგაც“ ხმამაღალი ნათქვამია, მე გემზე ვიდგები და „ოჰოჰოიას“ ძახილით გავამხნევებ იმ ხალხს, რომლებსაც რეალურად ევალებათ კონტრაქტით ამხელა აპარატურის ზღვაში ჩაშვება. ქერქეჭელა ზღვის წყლის ქიმიურ ანალიზს გააკეთებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.
ქერქეჭელა ზღვაში EfxiNNOs პროექტის ფარგლებში განთავსდება.
EfxINNOs მიზნად ისახავს ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შავი ზღვის რეგიონში და პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის პლატფორმის ახალი, იაფი, ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი ქსელის შექმნას.
პროექტი აერთიანებს პარტნიორებს ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან, რაც მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და საზღვაო ინოვაციების განვითარებას.
ჩემი მეგზური თურქული ფოლკლორის მოტრფიალეა. სიმართლე გითხრათ, მეც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე, რადგან ზოგჯერ ასეთი ხალხური მელოდია და ტექსტებიც სასიამოვნო მოსასმენია. ახლა, ვინმემ არ მითხრას, ქართულ ფოლკლორს მოუსმინე, რაღა თურქული ჩაგირთავსო. ვუსმენ ბატონო და უფრო დიდი რაოდენობითაც. ეს კი იმ დღეს მეგზურმა აირჩია და შენი სიცოცხლე ვის ხელშიც არის და ვინც საჭეს ატრიალებს, არ უნდა გაანაწყენო და ყველაფერზე კვერი უნდა დაუკრა. თორემ, ვნახეთ გრიგოლეთთან ავარია, სადაც საცობში 40 წუთიც ვიდექით და სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.
ჰოდა, არის ასეთი მომღერალი „Ibrahim Tatlı Ses“ – ტკბილხმიანი იბრაჰიმიო. ჩემი აზრით, ყველაზე ტკბილი ხმა ჰამლეტ გონაშვილს ჰქონდა, მაგრამ იბრაჰიმსაც არა უშავს რა.
https://www.youtube.com/watch?v=epSGrMu8Kbc
„ოი, ოი, ოი ემინე,
არ მომიშორო გვერდიდან, რადგან ცხოვრებაში შენ და ჩემი რწმენა მყავხართ…
ძალიან მიყვარხარ, ემინე….“ და ა.შ. და ა.შ.
სახელი „ემინე“, იმდენჯერ მოვისმინე, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავედი, მტკიცედ გადავწყვიტე, ჩვენს ქერქეჭელას „ემინე“ დავარქვა.
მაშ ასე, ქერქეჭელა „ემინე“ ჯერ ნაპირზე გაიტესტა, მერე გემზე გადაინაცვლა და კაპიტანმაც ბრძანება გასცა:
- ახსენით ღუზა!
ბევრი ვიცურეთ თუ ცოტა, დანიშნულების ადგილზე მივცურეთ და ყვითელ ბანტიანი „ემინე“ ზღვაში განვათავსეთ.
ნაპირზე დაბრუნებულმა სპეციალური აპლიკაცია გავხსენი, სადაც „ემინე“ უკვე ყველა მონაცემს აქტიურად გვაწვდიდა.
მაშ ასე, რას ზომავს „ემინე“?
წყლის ტემპერატურა, სიმღვრივე, გამტარობა, ქლოროფილის კონცენტრაცია, ჟანგბადის კონცენტრაცია, ჟანგბადით გაჯერება, ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილება (BOD).
ყველა პარამეტრის საშუალო მონაცემები 1-9 მაისის ჩათვლით შემდეგნაირად გამოიყურება.
ამ მონაცემებიდან, ზოგიერთის გაზომვა ლაბორატორიაშიც შესაძლებელია. მაგ. ჟანგბადის კონცენტრაციის ლაბორატორიაში გასაზომად შემდეგი პროტოკოლი გამოგვადგება.
საჭირო მასალები:
- წყლის ნიმუში: ნიმუში, რომლის ჟანგბადის შემცველობა (BOD) უნდა გაიზომოს;
- ჟანგბადის შემცველობის (BOD) ბოთლები: 300 მლ ბოთლები, რითაც ნიმუშში დაბინძურებას შევამცირებთ;
- ვინკლერის რეაგენტი: მანგანუმის სულფატი (MnSO₄) და ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი;
- ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი (0.025 N): გამოიყენება გატიტვრისთვის;
- სახამებლის ხსნარი: გატიტვრის ინდიკატორი;
- კონცენტრირებული გოგირდმჟავა (H₂SO₄): ნალექის გასახსნელად;
- გამოხდილი წყალი: განზავებებისა და ანალიზებისთვის;
- ინკუბატორი: ინკუბაციისთვის ინახება 20°C ტემპერატურაზე;
- პიპეტები და ბიურეტები: ზუსტი გაზომვებისთვის.
მეთოდოლოგია:
BDO-ს საწყისი განსაზღვრა
- მომზადება:
წყლის ნიმუში შეაგროვეთ 300 მლ-იან BOD ბოთლში, დარწმუნდით, რომ ჰაერის
ბუშტები არ არის ჩაჭედილი.
თუ ნიმუში მდიდარია ორგანული ნივთიერებით, გააზავეთ გამოხდილი წყლით.
დაამატეთ ვინკლერის რეაგენტი:
1 მლ. მანგანუმის სულფატის ხსნარი, შემდეგ 1 მლ ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი.
ფრთხილად დაახურეთ თავსახური ბუშტების თავიდან ასაცილებლად.
შეანჯღრიეთ ბოთლის რამდენჯერმე გადაბრუნებით. ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში ყავისფერი ნალექი (MnO₂) წარმოიქმნება.
ნიმუშის ფიქსაცია:
დაამატეთ 1 მლ. კონცენტრირებული გოგირდმჟავა. კვლავ გადააბრუნეთ ბოთლი ნალექის სრულად გასახსნელად.
გატიტვრა:
ჩაასხით ფიქსირებული ნიმუშის ნაწილი კონუსურ კოლბაში. დაამატეთ სახამებლის ხსნარის რამდენიმე წვეთი (ინდიკატორი).
გატიტვრა მოახდინეთ ნატრიუმის თიოსულფატით, სანამ ლურჯი ფერი არ გაქრება. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.
ჟანგბადის შემცველობის საბოლოო განსაზღვრა. ინკუბაცია: შეინახეთ დარჩენილი წყლის ნიმუში დალუქულ BOD ბოთლში 20°C ტემპერატურაზე, სიბნელეში 5 დღის განმავლობაში. ეს ხელს უშლის წყალმცენარეების აქტივობას ან ჟანგბადის სინათლით გამოწვეულ ცვლილებებს.
კიდევ ერთხელ განსაზღვრეთ ჟანგბადის შემცველობა.
5 დღის შემდეგ გაიმეორეთ ფიქსაციის, მჟავიანობის და ტიტრაციის ეტაპები, როგორც პირველ დღეს. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.
სამუშაო ფორმულა:
BOD (მგ/ლ)=(V1-V2)XNX8
სადაც:
V1: თიოსულფატის მოცულობა საწყის DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;
V2: თიოსულფატის მოცულობა საბოლოო DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;
N: თიოსულფატის ნორმალობა;
8: ჟანგბადის ეკვივალენტური რაოდენობა.
უკანა გზაზე მხოლოდ საღამოსღა გამოვბრუნდით. გზად კვლავ იბრაჰიმის ტკბილი ხმა „ემინეს“ უმღეროდა. ოღონდ, ახლა „ემინეზე“ არა მხოლოდ სიმღერას ვისმენდი, მის გადმოცემულ მონაცემებსაც ვადევნებდი თვალს.