კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

Canva საგანმანათლებლო სივრცეში – ციფრული დიზაინის პლატფორმა როგორც სწავლების, შეფასებისა და უკუკავშირის ინოვაციური ინსტრუმენტი

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მუდმივად საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს, საკლასო ოთახებსა თუ მის მიღმა ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და მსოფლიოში, ამ კუთხით, მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას. ასეთი მიდგომა  ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ვიზუალური წიგნიერება და ციფრული კომპეტენციები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს Canva, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ფუნქციონალით, სასწავლო პროცესში მისი ინტეგრირების სიმარტივის თვალსაზრისით სულ უფრო მეტ აღიარებას პოვებს პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის.[1] წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს მიმოიხილოს Canva-ს არსი, მისი შესაძლებლობები პრაქტიკული მაგალითების მოხმობითა და ასევე მისი პოტენციალი უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტად გამოყენების კუთხით.

რა არის canva?

Canva არის ონლაინ გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მათ შორის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შექმნან მაღალი ხარისხის გრაფიკული პროდუქტი. პლატფორმა, მომხმარებლებს სთავაზობს მზა შაბლონების, დიზაინის ელემენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური შიგთავსის შესაქმნელად.  Canva-ს ხელსაწყოები მარტივია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დიზაინის სპეციალური ცოდნის გარეშეც კი შექმნან მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალები.

Canva გვთავაზობს როგორც უფასო, ისე პრემიუმ (Canva Pro) ვერსიებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სპეციალურ პაკეტს – Canva for Education. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სისტემაზე და კომფორტულია სამუშაოდ.

მისი შესაძლებლობებიდან გამოვყოფდი:

  • მზა შაბლონები და მდიდარი ვიზუალური მასალები;
  • ერთდროული მუშაობა რამდენიმე მომხმარებლის მიერ;
  • პროექტების გაზიარება რედაქტირების ან მხოლოდ ნახვის უფლებებით;
  • კომენტარების სისტემა უკუკავშირისა და შეფასებისთვის.

როგორ დავრეგისტრირდეთ პლატფორმაზე?

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, ვუთითებთ სტატუსს იქნება ეს მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი თუ უმაღლესი დაწესებულების აკადემიური პერსონალი, რაც საშუალებას აძლევს პლატფორმის ალგორითმს შეარჩიოს შემოგვთავაზოს ჩვენზე მორგებული დიზაინის შაბლონები. 2018 წელს დავრეგისტრირდი როგორც მასწავლებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომივიდა საგანმანათლებლო პაკეტზე უფასო წვდომის შემოთავაზება. ამისათვის, უნდა ამეტვირთა/გამეგზავნა პედაგოგობის დამადასტურებელ დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან). აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ადმინისტრაციამ მომცა წვდომა საგანმანათლებლო პაკეტზე.

როგორ შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლემ Canva?

Canva-ს ინტეგრაცია სასწავლო პროცესში შეიძლება მრავალი ფორმით. ის ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ინფორმაციულად მდიდარი ფორმით წარდგენაში, ხოლო მოსწავლეებს – შემოქმედებითი, თანამშრომლობით, ციფრული წიგნიერებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.

კოვიდ პანდემიის შემდეგ Canva-ს აქტიურად ვთავაზობ მოსწავლეებს და ვნერგავ სწავლა-სწავლების პროცესში. Canva მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. მას სასწავლო პროცესში რამდენიმე მიმართულებით ვიყენებ:

  1. საშინაო დავალებების შესასრულებლად;
  2. ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ პროექტებზე სამუშაოდ;
  3. შეფასებისა და უკუკავშირის დასაბრუნებლად.

პლატფორმის გამოყენებას ვიწყებ მე-7 კლასიდან მოქალაქეობისა და გეოგრაფიის საგნობრივ დისციპლინებში. პირველ რიგში ვასწავლი პლატფორმის გამოყენებასა, რის შემდეგაც გადავდივართ მარტივი დავალებებისა თუ სამუშაოების შესრულებაზე.

მოსწავლეები ქმნან ციფრული პორტფოლიოს, სადაც ათავსებენ  ნამუშევრებს, დავალებებსა და პროექტებს. შემდეგ, ამ პორტფოლიოზე წვდომას აძლევენ მასწავლებელს, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა. მოსწავლე მასწავლებელს ამატებს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან მომხმარებლის სახელის ჩაწერით. შეტყობინება კი მოდის ელ. ფოსტაზე. მასწავლებელი საკუთარ კაბინეტში ხედავს ყველა პროექტს, დავალებასა თუ პრეზენტაციას, რომლებიც გაუზიარეს მოსწავლეებმა.

ჯგუფური პროექტის შემთხვევაში, მოსწავლეებს შეუძლიათ ერთდროულად მოამზადონ პრეზენტაცია სკოლაში ან საკუთარი სახლებიდან. ამისათვის, გაზიარების ღილაკის გამოყენებით ამატებენ ერთმანეთს რედაქტირების უფლებით.  ეს კომპონენტი ხელს უწყობს თანამშრომლობითი მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.

შეფასება და უკუკავშირი Canva-ს გამოყენებით

Canva იდეალურია პროექტზე დაფუძნებული შეფასებისთვის. მოსწავლეები ქმნიან კომპლექსურ/შემაჯამებელ პროდუქტებს, როგორებიცაა: პრეზენტაციები, პოსტერები, ინფოგრაფიკები და ა.შ.

შემაჯამებელი შეფასებისა და უკუკავშირისთვის აქტიურად ვიყენებ კომენტარის ფუნქციას. ამ ფუნქციის გამოყენება შეძლება როგორც მთლიან პროდუქტზე/პრეზენტაციაზე, ასევე ცალკეულ გვერდებსა თუ სლაიდებზე. თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეფასების მიმართ.

პედაგოგის მიერ გაცემული უკუკავშირი თუ გაკეთებული შეფასება მისდის მოსწავლეს/ჯგუფს. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მარტივად შეუძლიათ ცვლილებების გაკეთება, რედაქტირება და ა.შ.  გარდა აღნიშნულისა, პლატფორმა იძლევა საშუალებას მოსწავლემ ან მასწავლებელმა შექმნას თვითშეფასების ფორმები/რუბრიკები, შეფასების რუბრიკები და სხვა.

 

შეჯამება

Canva წარმოადგენს მრავალმხრივ ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესს. მისი ინტეგრაცია სასწავლო გარემოში სთავაზობს მრავალ უპირატესობას როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს, განსაკუთრებით ვიზუალური კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების კუთხით.

საგანმანათლებლო კონტექსტში Canva-ს გამოყენება ხელს უწყობს:

  • სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური ფორმით წარდგენას;
  • მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდას;
  • 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას;
  • შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის გამდიდრებას.[2]

 

[1]Nabila Farhana Jamaludin,  Siti Farahin Sedek (2024). ” CANVA as a Digital Tool for Effective Student Learning.”

https://www.researchgate.net/publication/382628607_CANVA_as_a_Digital_Tool_for_Effective_Student_Learning_Experience

 

[2] “Canva Tool Students’ Views on Using Canva as an All-In-One Tool for Creativity and Collaboration.” file:///C:/Users/User/Downloads/CanvaTool.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“