ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

კრეატიულობა პრობლემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოში

ცხოვრება სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში სულ უფრო მრავალფეროვანი და რთული ხდება, რაც ადამიანისგან მოითხოვს არა ჩვეულ მოქმედებებს, არამედ აზროვნების მოქნილობას, სწრაფ ორიენტაციას და ადაპტაციას. მნიშვნელოვანია, ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით უნარებს, შეეძლოს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.

შემოქმედებითობა უმთავრესი აზროვნებითი ინსტრუმენტია და არა სასწავლო საგანი. შემოქმედებით აზროვნებას სჭირდება ვარჯიში, ის ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებისა და გარემოს კავშირში. ამ უნარის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებენ ფსიქოლოგებიც და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, ააგოს თავისი სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და წარმოაჩინოს თავისი თავი ამ სამყაროში.

სასწავლო საქმიანობის უმეტესი ნაწილი გულისხმობს ცოდნის მიღებას, უნარების გამომუშავებას, მოცემული აზრის გაანალიზებას და სხვებისთვის მიწოდებას, იზრდება სკოლის როლი აქტიური, ინიციატივიანი და კრეატიული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედარებითმა ანალიზმა ნათლად აჩვენა საგანმანათლებლო სისტემის გავლენა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა უმთავრესი მოთხოვნაა და მის განვითარებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც სასწავლო პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებაა.

ფსიქოლოგიაში კრეატიულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად გამოიყენება. ტერმინი „კრეატიულობა“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creation, რაც ნიშნავს რამის შექმნას. კრეატიულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ეს არის აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია, თითქოს ჩვეულებრივსა და გასაგებ მოვლენებში რაღაც უჩვეულო დაინახოს.

„არსებობს თუ არა თვისებები, რომლებიც კრეატიულ ადამიანებს გამოარჩევს? მათ და სხვა ადამიანებს შორის განსხვავება ერთი სიტყვით რომ გამოვხატო, სავარაუდოდ, სიტყვა „კომპლექსურობას“ ავირჩევდი. ვგულისხმობ, რომ ისინი აზროვნებისა და ქმედების ისეთ ტენდენციებს ავლენენ, რომლებიც სხვებს არ გააჩნით“ (მიჰაია ჩიქსენტმიჰაი, 2012:48). კრეატიულობასთან დაკავშირებული პიროვნული თავისებურებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის ერთნაირია. გამოიყოფა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი, ასეთი ადამიანები მიისწრაფვიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების, რისკიანი მოქმედებებისა და თავიანთი უნარების შემოწმებისკენ.

შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ედუარდ დე ბონო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურ შრომად გადავაქციოთ. „შესაბამისი გარემოს შექმნითა და კარგად შერჩეული მეთოდების გამოყენებით ინდივიდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიან შემოქმედებით ნატურად ვაქციოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლენს ამ უნარს“ (ე. ბონო, 2005:245). დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერთა დიდი ნაწილი აზროვნებას ინდივიდის პიროვნულ თვისებად აღიარებდა და მის გაუმჯობესებას შეუძლებლად მიიჩნევდა. კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია კრეატიულობის განვითარება, გაძლიერება და ხელშეწყობა.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება ხშირად ერთმანეთში ერევათ, რადგან ორივე უნარი პრობლემური სიტუაციების გადაჭრისთვის არის აუცილებელი და თითქმის ერთდროულად გამოიყენება.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს შესაბამისი ან საუკეთესო პასუხის მოძებნას, ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას. შემოქმედებითი აზროვნების დროს დასაშვებია ერთზე მეტი პასუხის არსებობა, იგი მოითხოვს წარმოსახვის გააქტიურებას.

შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, არაშაბლონური აზროვნება, რომელიც გვეხმარება პრობლემის არასტანდარტული, ორიგინალური გზით მოგვარებაში. ის ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, პრობლემური საკითხების მყისიერი მოგვარებით. შემოქმედებითობა ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებისა და გარემოს კავშირში. შემოქმედ ადამიანებს შესწევთ უნარი, მოერგონ თითქმის ყოველგვარ სიტუაციას და მათ ხელთ არსებული მწირი რესურსებით სასურველ მიზანს მიაღწიონ.

მოსწავლის წარმოსახვის ჩართვა სწავლების პროცესის აუცილებელი კომპონენტია. ის სწავლების არსია, სწორედ ის აძლევს აზრს იმ შინაარს, რომლის გადაცემაც გვსურს. ის ავითარებს აზრის მოქნილობას. კრეატიულობისა და შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესს და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებასაც, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის ახალს. შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტული საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი.

რა შემთხვევაშია აუცილებელი, მასწავლებელმა დაგეგმოს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელი ინტერვენციები?

კვლევების თანახმად, თუ მოსწავლეებისთვის უმთავრესია სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დამახსოვრება, მათ უჭირთ პრობლემის გამოკვეთა და ამ პრობლემის გადაჭრა, როდესაც დავალება იძლევა სხვადასხვა ხერხით შესრულების საშუალებას ან არსებობს პასუხის რამდენიმე ვარიანტი, საიდანაც მოსწავლეს მოეთხოვება მისი გადაჭრის ორიგინალური გზის მოფიქრება. მისთვის რთულია პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის რამდენიმე გზის განხილვა, პასუხში ერთგვარი სუბიექტურობის ელემენტის დაშვება, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა და შეფასება, შედეგის გაუმჯობესება. საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: თუ მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობისას კრეატიულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ მოკრძალებას იჩენენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების დროს, გარკვეული ნაწილი კი საერთოდ არ მონაწილეობს დისკუსიაში.

როგორც ცნობილია, აზროვნება იწყება იქ, სადაც ჩნდება პრობლემა და მისი გადაჭრისთანავე მთავრდება. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს კომპლექსურ აზროვნებას: ანალიტიკურს, შემოქმედებითს, კრიტიკულს. კვლევების მიხედვით, სტანდარტული ამოცანები უფრო აფერხებს, ვიდრე სტიმულს აძლევს კრეატიული იდეების გენერირებას. როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრის გზებს განვიხილავთ, ჩნდება ახალი იდეები – ისეთ გარემოში, სადაც არ არის ნეგატიური და კრიტიკული კომენტარები, არ აქვთ არასწორი შეფასების შიში.

აღნიშნული უნარის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს არაპირდაპირი სწავლების მეთოდები:

  • საკლასო დისკუსია;
  • როლური თამაშები;
  • გონებრივი იერიში;
  • პროექტებით სწავლება;
  • პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება.

გაგაცნობთ ჩემს ერთ-ერთ სასწავლო პროექტს, რომელმაც ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენებას და ახალი, კრეატიული იდეებისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.

იმ პერიოდში მე-9 კლასში ვმუშაობდი თემაზე „წრე და წრეწირი“. წრეწირთან დაკავშირებული კუთხეებისა და მონაკვეთების თვისებების გამოყენება ამ პრაქტიკული ხასიათის ამოცანაში, მათემატიკური მოდელირება, პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტა ძალიან დამეხმარა მოსწავლეებისთვის მისი აქტუალობის დამტკიცებაში.

პრობლემა: გაეცანით სპორტული თამაშის – რაგბის წესებს. წრეწირთან დაკავშირებული კუთხეების (ჩახაზული კუთხე, მკვეთი კუთხე) თვისებების გამოყენებით ახსენით: რატომ ცდილობს მორაგბე, ლელო კარის ცენტრის ახლოს გაიტანოს?

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ულამაზესი და ვაჟკაცური სპორტული თამაშის – რაგბის წესებს. კლასში რამდენიმე ბიჭი მისდევდა სპორტის ამ სახეობას. ინიციატივა ერთმა მათგანმა აიღო. მას აკადემიურად დაბალი მოსწრება ჰქონდა და საგნისადმი ინტერსს არ ამჟღავნებდა, თუმცა დიდი ენთუზიაზმით გაუწია ორგანიზება პროექტს, თანაკლასელებს დაათვალიერებინა რაგბის მოედანი, აუხსნა თამაშის წესები, ესაუბრა ცნობილ მორაგბეებზე, მათ წარმატებებზე, მსოფლიო რაგბის სიახლეებზე, ყურადღება გაამახვილა ლელოს დადებაზე, რომელიც 5 ქულის მომტანია, გარდასახვის რეალიზებას კი 2 ქულა მოაქვს. გარდასახვა ლელოს დადების ხაზიდან სრულდება. დამრტყმელს სურვილისამებრ შეუძლია ბურთის წინ ან უკან გაწევა. მთავარი პრინციპია, ლელოს დადებისას მოთამაშემ ბურთზე კონტროლი არ დაკარგოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოსწავლეები გაეცნენ ელექტრონულ რესურსებს:: https://www.youtube.com/watch?v=WqG4YZNF0ys

https://liberali.ge/articles/view/35565/ragbis-tsesebi–is-rats-unda-vitsodet

https://www.world.rugby/the-game/laws/law/1

https://www.nbcolympics.com/news/rugby-101-olympic-rules-and-regulations

„ციფრული აბორიგენები“, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტსაც დაუკავშირდნენ. ტერმინი „ციფრული აბორიგენი“ (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის ეკუთვნის. ის ამგვარად მოიხსენიებს ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს.

Chat GPT ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მოდელია. შემქმნელებმა მას ყველაფერი ასწავლეს, რაც საჯაროდ მოიპოვება ინტერნეტსივრცეში. ეს არის განუსაზღვრელი ინფორმაცია, რაც მას საშუალებას აძლევს, ამოცანის გადაჭრისას გააანალიზოს მილიარდობით ვარიანტი და აირჩიოს საუკეთესო. Chat GPT-ს IQ დღესდღეობით 155-ია. შედარებისთვის – აინშტაინისა 160 იყო. ადამიანის IQ-ს დღეისთვის ცნობილი მაქსიმუმი 210-ია. Chat GPT-ს ახალი ვერსია წინამორბედზე 10-ჯერ ჭკვიანია, რაც მისი განვითარების სისწრაფეზე მიუთითებს.

Chat GPT-ს პასუხი: „რაგბიში ლელოს გატანა კარის ძელთა ცენტრთან აადვილებს შემდგომ გარდასახვის დარტყმას. ლელოს გატანისას გუნდს აქვს შესაძლებლობა, დაამატოს დამატებითი ქულები გარდასახვის დარტყმით, რომელიც აღებულია ლელოს გატანილი ადგილიდან, პერპენდიკულარული ადგილიდან.

თუ ლელო დატანილია ცენტრთან ახლოს, დარტყმა შეიძლება შესრულდეს უფრო პირდაპირი პოზიციიდან, რაც ამცირებს დარტყმის კუთხეს და მანძილს. ცენტრალური პოზიცია აძლევს დამრტყმელს უკეთეს შანსს, ზუსტად დაარტყას ბურთი ძელსა და ძელს შორის, რაც ზრდის ლელოს დამატებით ქულებად გარდაქმნის ალბათობას“.

დასკვნა: რაგბი კომპლექსური თამაშია და მისი რეგულირებისთვის არაერთი წესი არსებობს. ერთ-ერთი წესის მიხედვით, გარდასახვისა და ლელოს დადების წერტილები უნდა მდებარეობდეს ერთ წრფეზე, ხოლო იმის დადგენა, რამდენი მეტრით იქნება დაშორებული გარდასახვის წერტილი კარის ხაზიდან, მორაგბის გადასწყვეტია. მორაგბეები თავიანთი გამოცდილებით ადგენენ კარის ხაზიდან საუკეთესო დაშორებას და ზრდიან გარდასახვის განხორციელების ალბათობას. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოვუძებნით მათემატიკურ ახსნას.

განვიხილოთ სამი შემთხვევა.

 

შემთხვევა 1-ელი

ლელოს წერტილი მდებარეობს ძელებს შორის.

 

CD – კარების სიგრძე (6 მეტრი)

AB – მანძილი ლელოს წერტილიდან გარდასახვის წერტილამდე

 

გამოვთვალოთ კუთხე, რომლის ფარგლებშიც მორაგბეს შეუძლია გარდასახვის შესრულება. რაც უფრო დიდია კუთხე, მით უფრო მეტია გარდასახვის შესრულების ალბათობა.

ტანგენსი (tg) არის მოპირდაპირე და მიმდებარე კათეტების შეფარდება. ტანგენსის რიცხვითი მნიშვენელობის გარკვევის შემდეგ შესაძლებელია მისი მეშვეობით შესაბამისი კუთხის ზომის დადგენა.

ჩვენ გვაინტერესებს კუთხე CBD. BC=BD, სამკუთხედი CBD ტოლფერდაა, აქედან გამომდინარე, AB სიმაღლეცაა, ბისექტრისაც და მედიანაც, ამიტომ კუთხე CBD ორჯერ დიდია კუთხე CBA-სა და კუთხე ABD-ზე.

1)  AB=10 მ, < CBD=4°

2)  AB=20 მ, < CBD=17°

3)  AB=30 მ, <CBD=12° 20 ‘

4)  AB=40 მ, < CBD=8 ° 40 ‘

შემთხვევა მე-2

ლელოს დადების წერტილი დაშორებულია ძელებიდან 28 და 34 მეტრით.

ჩვენ გვაინტერესებს კუთხე ACB. მისი გამოთვლა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:

<ACB=<DAC – <ABC (რადგან კუთხე DAC სამკუთხედ CAB-ს გარე კუთხეა)

ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია, კუთხეების DAC-ს და ABC-ს ტანგენსის დახმარებით შევასრულოთ გამოთვლა და ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი კუთხის ზომა.

შედეგები:

1)  CD=10 მ, < ACB=3°20 ‘

2)  CD=20 მ, <ACB=5 °

3)  CD=30 მ, < ACB=5° 30’

4)  CD=40 მ, < ACB=5° 30 ‘

ამ გამოთვლების მეშვეობით ვიგებთ, რატომ ცდილობენ მორაგბეები ლელოს დადებას ძელებს შორის. ასევე დადგინდა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც, მანძილის გაზრდით კუთხეც იზრდება, შემდეგ ზრდა მცირდება და თითქმის იგივე რჩება, ბოლოს კი იწყებს კლებას. ეს, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველ შემთხვევაში ყველაფერი საგრძნობლად სწრაფად ხდება, მეორეში კი შედარებით ნელა.

შემთხვევა მე-3

კუთხე AEB ჩახაზული კუთხეა და გამოითვლება AB რკალის ორზე გაყოფით, ხოლო კუთხე AKB მკვეთი კუთხეა და არის MN და AB რკალების სხვაობის ნახევარი.

ამოცანის ამ კუთხით გადაწყვეტამ, მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაიწყო კვლევა, კიდევ სად შეიძლება იქნეს გამოყენებული ცენტრული, ჩახაზული და მკვეთი კუთხეების თვისებები. იყო ბევრი ვერსია, მათ შორის მცდარიც, თუმცა მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, აგებდნენ წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეებს რვეულში, დაფაზე და წარმოსახვით, როგორც აღნიშნეს. ფიქრის, ანალიზის, კამათის, არგუმენტირების, წარმოსახვის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შეუძლებელია, ისინი არ იყოს გამოყენებული მშვილდოსნობაში. მშვილდის ფორმა და დამიზნების კუთხე წრეწირთან დაკავშირებული გეომეტრიული ცნებების გამოყენებას მოითხოვს. გაჩნდა ახალი იდეები ზუსტი დამიზნებისთვის ცენტრული და ჩახაზული კუთხეების დასადგენი გამოთვლების შესასრულებლად.

საქართველოში მშვილდოსნობა ოდითგანვე იყო გავრცელებული როგორც ნადირობისა და თავდაცვის საშუალება. მოსწავლეებს მისი ისტორიისა და წესების შესწავლის სურვილი გაუჩნდათ, რაც ახალი აქტივობის დაგეგმვის საშუალებას მაძლევდა.

პრობლემის იდენტიფიცირებამ, სხვადასხვა კუთხით მისმა შესწავლამ, მრავალფეროვანი იდეებიდან უკეთესი ვარიანტის შერჩევამ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.

კრეატიულობის შეფასების აბსოლუტურად ობიექტური გზა არ არსებობს, თუმცა მსგავსი აქტივობები ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეებს:

* შეუძლიათ მოიფიქრონ ახალი იდეები;

* დაიცვან თავიანთი იდეები;

* ეძებონ პრობლემები ახალ იდეებში;

* იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე;

* იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას;

* დამოუკიდებლად აკეთებენ არჩევანს;

* შეუძლიათ კრეატიული მუშაობა;

* ამაყობენ საკუთარი კრეატიული ნამუშევრებით, ინიციატივებითა და იდეებით.

მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის, პროდუქტიული აზროვნების გაუმჯობესებისთვის, წარმოსახვის გაძლიერებისთვის აუცილებელია:

  • მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, გამოავლინონ გაკვეთილზე ფანტაზია, წარმოსახვის უნარი;
  • წავახალისოთ ახალი (ორიგინალური) იდეებისთვის;
  • ხელი შევუწყოთ დისკუსიებისა და დებატების ხშირ გამოყენებას, მივცეთ თავისუფალი სივრცე აზრის გამოთქმისთვის;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას;
  • ხშირად გამოვიყენოთ როლური თამაშები;
  • მივცეთ მათ არჩევანის საშუალება პროექტების, დისკუსიის, დებატების თემების განსაზღვრისას;
  • ცალკეული მეთოდის ან აქტივობის დაგეგმვის წინ გავეცნოთ საჭირო ლიტერატურას;
  • ხშირად განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც აამაღლებს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს;
  • მივცეთ მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვის საშუალება;
  • დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ნაპოვნი გამოსავლის გაუმჯობესების შესაძლებლობაზე;
  • დავგეგმოთ გაკვეთილები ისე, რომ ისინი ხელს უწყობდეს იდეების გენერირებას.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა გააბათილა მითი იმის შესახებ, რომ კრეატიულობა თანდაყოლილი ან გენეტიკურია. პირიქით, ახლა მეცნიერებს მიჩნიათ, რომ კრეატიულობა არის უნარი, რომლის განვითარება შესაძლებელია რეგულარული პრაქტიკითა და ვარჯიშით. კრეატიულობის მთავარი ასპექტია აზროვნების რუტინული შაბლონებისგან თავის დაღწევა. კონკრეტულ სფეროში ცოდნის მდიდარი მარაგი კრეატიულობის საწინდარია, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, ადამიანს შეეძლოს საკითხისა თუ მოვლენის სხვა კუთხით დანახვა და პრობლემის რესტრუქტურიზება, რაც მის არსში ღრმად წვდომის საშუალებას იძლევა.

გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები:

  1. გორგოძე ს., მ. ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010წელი;
  2. Э. Боно, Серьёзноетворческоемышление, 2005, изд. «Белорусскийдомпечати»;
  3. კრიტიკულიდაშემოქმედებითიაზროვნება, წარმოსახვითიგანათლება, სამოქალაქოგანვითარებისინსტიტუტი, თბილისი, 2012;
  4. ლევან ალფაიძე,საუბარი სერკენრობინსონთან – რატომგახდაშემოქმედებითიაზროვნებაასეთიმნიშვნელოვანი? ge, 24 ნოემბერი, 2015;
  5. https://mastsavlebeli.ge/?p=11897
  6. https://plato.stanford.edu/entries/creativity/
  7. https://99designs.com/blog/creative-thinking/what-is-creativity/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“