პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ესე ისტორიის სწავლებაში

ისტორიის მასწავლებლები ალბათ დამეთანხმებიან, რომ სასკოლო რეფორმების დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისას პედაგოგები აშკარა უპირატესობას ანიჭებდნენ ზეპირ მეტყველებას (გაკვეთილის მოყოლას). რეფორმების საწყის ეტაპზე ამ მიზნით თითქმის ყველა საგანში, მათ შორის – ისტორიაშიც, ძალზე პოპულარული გახდა ტესტები. ამჟამად მასწავლებლის გადასაწყვეტია, ცოდნის შემოწმების რომელ ფორმას მიიჩნევს მართებულად ამა თუ იმ შემთხვევაში, არჩევანი კი საკმაოდ ფართოა: პრეზენტაცია, ტესტირება, ექსპერიმენტი, პროექტი, რეფერატი, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია… სადავო არ არის, რომ მასწავლებლის მოვალეობაა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი მეთოდებით შეუმოწმოს მოსწავლეებს ცოდნა, რათა ყოველ მათგანს მიეცეს თავისი განსხვავებული უნარების გამოვლენისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, მასწავლებლები იმაშიც დამეთანხმებიან, რომ მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საკამათო ასპექტია. რაც უფრო კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად მიუდგება მასწავლებელი ამ საკითხს, მით უფრო მეტი ძალისხმევის გაღება მოუხდება მას. არ მინდა ვამტკიცო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი „არაზუსტი” მეცნიერების შემთხვევაში, როგორიც ისტორიაა, მოსწავლეთა შეფასება კიდევ უფრო რთულდება. მოგეხსენებათ, უამრავი ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა დღემდე განსჯის საგანია. ასეთი მოვლენების განხილვისას მასწავლებლები მიმართავენ სხვადასხვა აქტივობას  (დებატებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს და სხვ.), რომლებიც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ეს აქტივობები უვითარებს მოსწავლეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა პრეზენტაცია, ლოგიკური მსჯელობა, თანამშრომლობა. მაგრამ ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული ამ აქტივობების დროს მასწავლებელი ვერ ახერხებს სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვას. ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლემ გამოთქვა თავისი მოსაზრება – ზოგი თავს შეიკავებს, ზოგს დრო არ ეყოფა აზრის იმგვარად ჩამოსაყალიბებლად, როგორადაც სურდა. ამასთანავე, თავის გამოჩენასთან დაკავშირებული ეს აქტივობები ყოველთვის ვერ იქნება იმის საწინდარი, რომ მოსწავლეებმა ბოლომდე გაიაზრეს წაკითხული ტექსტი, სიღრმისეულად ჩასწვდნენ საკითხის არსს. სწორედ ამ ნაკლოვანებათა გამოსწორების საშუალებას გვაძლევს წერითი დავალებები. წერითი დავალების დროს მოსწავლე ინდივიდუალურად, მშვიდ ვითარებაში მუშაობს. ცდილობს, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს და არგუმენტებით გაამყაროს თავისი მოსაზრება. ამ დროს მას არ უხდება თავისი აზრის მართებულობაში სხვების დარწმუნება, არც განსხვავებული მოსაზრებისთვის ანგარიშის გაწევა და კომპრომისი. სამაგიეროდ, მოსწავლეს ისტორიული კონტექსტის საფუძვლიანად გააზრება მოეთხოვება. ამასთანავე, ის ბუნებრივად იწყებს კრიტიკულ აზროვნებას და იუმჯობესებს წერის კულტურას. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ფორმაა წერითი დავალება (ესე). ურიგო არ იქნება, თუ სემესტრის განმავლობაში მოსწავლე რამდენიმე ესეს დაწერს. იმისთვის, რომ მასწავლებელს გაუადვილდეს მოსწავლეების შეფასება, ხოლო მოსწავლეს – ესეს დაწერა, მასწავლებელმა წინასწარ უნდა გააცნოს მას ესეს წერის წესები, სტრუქტურა და სხვა მოთხოვნები, რომლებიც სწავლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაა.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ის სირთულეებიც, რომლებიც შესაძლოა ესეს წერისას წარმოიშვას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსწავლეს მასწავლებლის დაუხმარებლად გაუჭირდება თავისი ნამუშევრისთვის სტრუქტურულად გამართული ფორმის მიცემა. ამ პრობლემის დაძლევის ყველაზე მოხერხებული გზაა მოსწავლისთვის ესეს ჩარჩო-ფორმის შეთავაზება. ეს თავად მასწავლებლებისთვისაც საჭიროა, რადგან მათ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში დაეხმარება. ესეს წერისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თავიანთი ცოდნის საილუსტრაციოდ მოეთხოვებათ არა დეტალური ინფორმაციის გადმოცემა, არამედ საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება. 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ, კერძოდ, ესეს სათაური. როგორ გაართმევს თავს მოსწავლე ესეს, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებულ სათაურზე. სწორედ ასეთმა სათაურმა უნდა მისცეს შესაძლებლობა მოსწავლეს, მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია, გამოთქვას ვარაუდი, წამოჭრას ჰიპოთეზა. სათაური გარკვეულწილად ესეს სტრუქტურასაც განაპირობებს. მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომ მოსწავლემ მასში აპრიორულად დაინახოს „ჭეშმარიტება”, რამაც შესაძლოა განაპირობოს მისი არჩევანი. სათაური ისეთი ფორმით უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს, რომ მან მეტ-ნაკლებად თანაბრად წარმოიდგინოს ორივე პოზიცია და არჩევანი თავად გააკეთოს. ამასთანავე, სათაური არ უნდა იყოს ბუნდოვანი, რათა მოსწავლეს მეტისმეტად არ გაურთულოს ამოცანა. რაც შეეხება თემას, ალბათ უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ მოსწავლეს შევთავაზებთ ესეს დაწერას არა რომელიმე გლობალურ საკითხზე, არამედ კონკრეტულ ფაქტზე. მაგალითად, ნაცვლად საფრანგეთის რევოლუციის შეფასებისა, შევთავაზებთ დაასაბუთოს ან უარყოს ლუი მეთექვსმეტის სიკვდილით დასჯის მართებულობა.

კლასიკური გაგებით, ესე სამი ნაწილისგან შედგება. პირველია შესავალი პარაგრაფი, რომელშიც მოსწავლე აყალიბებს თავის პოზიციას (სასურველია, ისეთი ფორმით, რომ თავიდანვე აღუძრას ინტერესი მკითხველს). მას მოსდევს ძირითადი პარაგრაფები, რომლებშიც მოსწავლეს მოჰყავს თავისი არგუმენტები და ამტკიცებს მათ; ზოგჯერ განიხილავს საპირისპირო მოსაზრებასაც და მათ გაბათილებას ცდილობს; შეიძლება ჰიპოთეზების წამოჭრაც. დაბოლოს, მესამე, დასკვნითი პარაგრაფი, რომელშიც ესეს ავტორი კიდევ ერთხელ მოკლედ აყალიბებს თავის პოზიციას, ამჯერად – ესეში მოყვანილი არგუმენტების შეჯერების საფუძველზე. 
მოსწავლის ესეს ჩარჩო 

ესეს პირველ პარაგრაფში მოსწავლე აყალიბებს თავის პოზიციას და მოჰყავს ორი არგუმენტი მის გასამყარებლად. მაგრამ კარგი დასაწყისისთვის ეს არ არის საკმარისი; ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ თავიდანვე მიიპყრონ მკითხველის ყურადღება, მაგ., პოპულარული გამონათქვამით, ყველასათვის ნაცნობი ციტატით, სანდო სტატისტიკური მონაცემებით, თუმცა ყოველივე ეს დაკვირვებით უნდა იქნეს შერჩეული, რათა მოსწავლის პოზიცია გაამყაროს, ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა და მოსწავლეთა უმეტესობა ამას თავდაპირველად ალბათ ვერ მოახერხებს. მეორე და მესამე პარაგრაფები მოსწავლის არგუმენტების დასაბუთებას ეთმობა. სასურველია, მოსწავლემ მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები. შეიძლება პარაგრაფების მოკლე შემაჯამებელი წინადადებებით დასრულება (მაგ., ასე: „როგორც ვხედავთ…”). მეოთხე პარაგრაფი იმითაა საინტერესო, რომ მოსწავლემ საკითხს ოპონენტის თვალით უნდა შეხედოს, მოიყვანოს ერთი კონტრარგუმენტი და სცადოს მისი არგუმენტირებულად გაბათილება. მოსწავლე პარაგრაფს დაახლოებით ასე დაიწყებს: „შესაძლოა, ოპონენტები შემეკამათონ…”, მოიყვანს კონტრარგუმენტს და შეეცდება დაასაბუთოს, რატომ არის ის მის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე სუსტი. მეხუთე პარაგრაფი დასკვნას ეთმობა. მოსწავლე კიდევ ერთხელ მოკლედ და კრეატიულად დაასაბუთებს თავის მოსაზრებას და ეცდება, ეფექტურად დაასრულოს ესე. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ ესემ მკითხველისთვის გასაგები უნდა გახადოს ავტორის მოსაზრება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში მის მართებულობაში დაარწმუნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი