ისტორიის სწავლების პროცესს მნიშვნელოვანი მიზნები აქვს, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას, არამედ ისტორიული აზროვნების, ანალიზის, კვლევის უნარების განვითარებასა და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. სტანდარტის შედეგების მიხედვით, ეს მიზნები შეიძლება ასე დაჯგუფდეს:
- ცოდნის დაგროვება და გაგება/გააზრება
რაც გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა:
- შეისწავლონ ისტორიული ფაქტები და მოვლენები;
- მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლონ ისტორიული პროცესების თანმიმდევრულად გააზრება.
- ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარება
რაშიც მოიაზრება, რომ მოსწავლეებმა:
- შეძლონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება ისტორიული წყაროების გამოყენებით;
- მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა და შეფასება.
- ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბება
რაც ორიენტირებულია მოსწავლეების უნარზე:
- გააცნობიერონ ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და დროში მიმდინარე ცვლილებები (ეპოქის აღქმა);
- შეძლონ თანამედროვე პრობლემების ისტორიულ კონტექსტში გააზრება.
- კულტურული და გლობალური პერსპექტივა
რომლის თანახმად, ისტორიის სწავლება ეხმარება მოსწავლეებს:
- გაიაზრონ კულტურათა მრავალფეროვნება და
- გლობალური პროცესების დინამიკა.
ამგვარი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს, უბრალოდ კი არ დაიზეპიროს ფაქტები, არამედ სიღრმისეულად გაიაზროს და გლობალურ კონტექსტში აღიქვას ისტორიული პროცესები.
დასახული მიზნების მისაღწევად ისტორიის სწავლების მეთოდიკა სხვადასხვა კომპონენტს იყენებს. მათ შორისაა ისტორიული გეოგრაფიაც, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, ისტორიული მოვლენები სივრცულ კონტექსტში განიხილოს და კრიტიკულად გააანალიზოს, „ცოცხლად“ აღიქვას გარდასული ეპოქები.
მაგალითად, ისტორიის სასწავლო კურსში ისტორიული გეოგრაფიის აქტიურად გამოყენების მიზნით მასწავლებელს შეუძლია, დაგეგმოს ასეთი აქტივობები:
აქტივობა 1: შესთავაზოს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს ტექსტზე, ვიზუალურ მასალასა და რუკებზე (იხ. რუკა 1 და რუკა 2) მუშაობა (ისტორია, VII კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“) და პასუხი კითხვებზე:
- როგორ შეუწყო ხელი მდინარეების სიახლოვემ უძველესი ცივილიზაციების (შუმერები, ეგვიპტე…) განვითარებას?
- რა გავლენა მოახდინა ნილოსმა, ტიგროსმა და ევფრატმა პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე?
- როგორ უწყობდა ხელს გეოგრაფიული გარემო მიწათმოქმედების განვითარებასა და ეკონომიკურ აღმავლობას უძველეს მსოფლიოში?
მოსწავლეები მუშაობენ ინტერესით, უვითარდებათ უნარი, „დაინახონ“ ისტორიული პროცესები დროსა და სივრცეში. შედეგად გამოაქვთ საინტერესო დასკვნები.
აქტივობა 2: შესთავაზოს მოსწავლეებს (ისტორია, VIII კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“)და მონღოლთა დაპყრობების რუკა (რუკა 3) და ევრაზიის ფიზიკური რუკა (რუკა 4) სთხოვოს, გაანალიზონ ისინი და იმსჯელონ, რომელი გეოგრაფიული კომპონენტები უწყობდა ხელს მონღოლებს, სწრაფად გაეფართოებინათ თავიანთი იმპერია?
აქტივობა 3: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ National Geographic -ის რუკებზე და
- მონიშნონ კოლუმბის, ვასკო და გამას და მაგელანის და ა.შ. ექსპედიციების გზები (რუკა 5);
- იმსჯელონ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა გეოგრაფიულ აღმოჩენებს მსოფლიო მოსახლეობაზე, კულტურასა და ეკონომიკაზე?
რუკა 5
- „დიდი აბრეშუმის გზის“ მარშუტების რუკაზე იპოვონ ევროპის ქვეყნებიდან აზიისკენ მიმავალი სავაჭრო მარშრუტები (რუკა 6);
რუკა 6.
- მოხაზონ აბრეშუმის გზის თანამედროვე მარშუტები (რუკა 7);
რუკა 7
- რუკა 7
- გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და იპოვონ კავშირები ამ მოვლენებს შორის;
- მოიყვანონ არგუმენტი მტკიცებულებაზე: „შუა საუკუნეების საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენდა დიდი აბრეშუმის სავაჭრო გზა“;
- გაიაზრონ საერთაშორისო ვაჭრობისა და გეოგრაფიის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის კონტექსტში;
- იმსჯელონ გეოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე;
- ამოირჩიონ კონკრეტული სახელმწიფო და იმსჯელონ სახელმწიფოს პოლიტიკისა და გეოგრაფიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ;
- დროისა და სივრცის კონტექსტის გათვალისწინებით გააცნობიერონ ისტორიული ცვლილებების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროსთვის.
მიღებული პასუხების საფუძველზე მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნებს და იმსჯელებენ, როგორ უკავშირდება საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიულ პროცესებს, შეაფასებენ საქართველოს ისტორიულ როლს საერთაშორისო კონტექსტში და გაიაზრებენ ამ პროცესში გეოგრაფიის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ რამდენადაც ისტორიის სწავლება სკოლაში სპირალურ პრინციპზეა აგებული, მოსწავლეებს შეუძლიათ, ყოველ მომდევნო საფეხურზე უფრო და უფრო ღრმად და დეტალურად გაიცნონ ერთი და იგივე ისტორიული მოვლენები.
მაგალითად:
- საბაზო საფეხურზე „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ სწავლებისას მოსწავლეები სწავლობენ, ვინ იყვნენ მთავარი აღმომჩენები (კოლუმბი, მაგელანი…), რომელ წლებში მოხდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და როგორ შეიცვალა ამ მოვლენათა კვალობაზე ევროპისა და მსოფლიოს რუკა; იყენებენ მსოფლიოს რუკას და დაიტანენ ზედ გეოგრაფიულ მარშრუტებს;
- საშუალო საფეხურზე იმავე თემის გავლისას მოსწავლეები აანალიზებენ:
- გეოპოლიტიკურ შედეგებს (ახალი იმპერიების გაჩენა, კოლონიალიზმი);
- ეკონომიკურ ცვლილებებს (გლობალური ვაჭრობა, ახალი ბაზრების გახსნა) და კულტურულ გავლენებს (ადგილობრივი ცივილიზაციების განადგურება და კულტურათა შერწყმა);
- გამოიყენებენ ისტორიულ რუკებს, რომლებზეც თვალსაჩინოა ახალი გზებისა და მიწების დაპყრობის პროცესი და შედეგები;
- იმუშავებენ პირველწყაროებზე და შეაფასებენ იმდროინდელ მოგზაურთა ჩანაწერებს.
რაც შეეხება რუკასთან ურთიერთობას, მოსწავლე:
- საბაზო საფეხურზე მარტივად მონიშნავს ისტორიულ მოვლენებ (იმპერიის საზღვრები, მომთაბარე ტომების მიგრაციის გზები), ხოლო საშუალო საფეხურზე მას უკვე შეუძლია რთული გეოპოლიტიკური პროცესებისა და სივრცითი ცვლილებების (მაგალითად, იმპერიების აღმავლობისა და დაცემის მიზეზების) ანალიზი. მაგალითად, რომის იმპერიასთან დაკავშირებით საბაზო საფეხურზე ის მარტივად აღწერს იმპერიის გაფართოების ძირითად ეტაპებს, ხოლო საშუალო საფეხურზე აანალიზებს იმპერიის დაცემის შიდა და გარე მიზეზებს და აფასებს მის გეოგრაფიულ მემკვიდრეობას.
თუ აქტივობაა დისკუსია/დებატები ან კომპლექსური დავალებები:
- საბაზო საფეხურზე მოსწავლე პასუხობს მარტივ კითხვებს: „რა დაედო საფუძვლად გეოგრაფიულ აღმოჩენებს?“, ხოლო საშუალო საფეხურზე შეუძლია, კომპლექსური, პროექტული კვლევები ან დებატები აწარმოოს თემაზე: „გეოგრაფიის გავლენა ისტორიის განვითარებაზე“ (მაგალითად, „მთიანი რეგიონების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე“ და ა.შ.).
მაშასადამე, ისტორიული გეოგრაფია როგორც ეფექტური ინსტრუმენტი აერთიანებს დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას და უზრუნველყოფს მრავალმხრივ ისტორიულ განათლებას, ამიტომ სასურველია ამ კომპონენტის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.