ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სასწავლო გაჩერებებით სწავლების  პრაქტიკული ასპექტები

სწავლებაში ჰუმანისტური მიდგომები  დანერგვა მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის პროდუქტიულ  ჩართულობას უზრუნველყოფს. ჰუმანისტური პედაგოგიკის ფუძემდებლებმა კარლ როჯერსმა და აბრაჰამ მასლოუმ ჩამოაყალიბესჰუმანისტური  თეორიული საფუძველი, რომელიც ხაზს უსვამს სწავლებისას მოსწავლის ინდივიდუალური პოტენციალის  განვითარების მნიშვნელობას. კარლ როჯერსის მიხედვით, ჰუმანისტური თეორიის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ თავში ატარებს განვითარების პოტენციალს. შესაბამისად, სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია და შინაარსობრივად დატვირთული.

ჰუმანისტური პედაგოგიკა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს:

  1.  მოსწავლე სწავლობს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია და რაც მის ცნობისმოყვარეობას აღძრავს;
  2.  სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და არა მასწავლებელი ან სასწავლო პროგრამა;
  3. განათლების მიზანი არის პიროვნების მთლიანი პოტენციალის გამოვლენა;
  4. პოზიტიური სასწავლო გარემო – სადაც მოსწავლეებს აქვთ უსაფრთხოების, პატივისცემისა და მიღების განცდა.

ჰუმანისტური მიდგომების საკლასო ოთახში დანერგვის მეთოდური ინსტრუმენტებია:

  • რეფლექსიური წერა;
  • ემპათიური უკუკავშირი;
  • ლეპბუკების გამოყენება;
  • სასწავლო მენიუ;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
  • გაჩერებებით სწავლება;
  • თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები;
  • როლური თამაშები, სიმულაციები დაშ.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია ჰუმანისტური სწავლების ერთ-ერთი მეთოდის — “გაჩერებებით სწავლების” — გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე. განხილულია შესაბამისი აქტივობა, რომელიც ერწუხის ბრძოლას ეხება. ეს ისტორიული მოვლენა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სწავლება ჰუმანისტური მიდგომით შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებმა არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა მიიღონ, არამედ განივითარონ კრიტიკული აზროვნება, ისტორიული ემპათია და ანალიტიკური უნარები.

მეთოდი: გაჩერებებით სწავლება

„გაჩერებებით სწავლება” (Stations Learning) წარმოადგენს ინტერაქტიულ მეთოდს, რომელიც გულისხმობს გაკვეთილის მსვლელობისას განსაზღვრული ეტაპების ან “გაჩერებების” გაწერას, სადაც მოსწავლეები ასრულებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ეს მეთოდი ეხმარება მათ ახალი ინფორმაციის ეტაპობრივად გააზრებაში, მასზე რეაგირებასა და შეფასებაში.

გაჩერებებით სწავლების მეთოდის უპირატესობები:

  1. დიფერენცირებული სწავლება – მოსწავლეებს საშუალება აქვთ იმუშაონ საკუთარი ტემპითა და სწავლის სტილით;
  2. მრავალფეროვანი აქტივობები – სხვადასხვა ტიპის დავალებები აკმაყოფილებს მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებს;
  3. აქტიური ჩართულობა – მოსწავლეები არიან პროცესის აქტიური მონაწილეები და არა პასიური მსმენელები;
  4. თანამშრომლობითი უნარების განვითარება – ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას;
  5. სწავლის ხარისხის გაუმჯობესება – ინფორმაციის ეტაპობრივი დამუშავება აღრმავებს გაგების დონეს.

გაჩერებებით სწავლების დაგეგმვის ეტაპები:

  1. გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა – რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა;
  2. გაჩერებების დაგეგმვა – გაკვეთილის დაყოფა ლოგიკურ ეტაპებად;
  3. აქტივობების შერჩევა – თითოეული გაჩერებისთვის შესაბამისი დავალებების მომზადება;
  4. რესურსების მომზადება – საჭირო მასალებისა და რესურსების უზრუნველყოფა;
  5. შეფასების სტრატეგიების განსაზღვრა – როგორ შეფასდება მოსწავლეთა პროგრესი და მიღწევები.

გაჩერებებით სწავლების მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ისტორიის სწავლებისას, რადგან საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა შეისწავლონ ისტორიული მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან, გააანალიზონ პირველწყაროები, იმსჯელონ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და განივითარონ ისტორიული ემპათია. ქვემოთ განხილულია კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება ერწუხის ბრძოლის სწავლებისას.

ერწუხის ბრძოლის ისტორიული კონტექსტი

სანამ უშუალოდ აქტივობას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია მოკლედ მიმოვიხილოთ ერწუხის ბრძოლის ისტორიული კონტექსტი.

ერწუხის ბრძოლა მოხდა 1105 წელს, დავით IV აღმაშენებლის მეფობის პერიოდში. იგი წარმოადგენდა გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან გათავისუფლების გზაზე. ბრძოლა გაიმართა სოფელ ერწუხთან, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა გამოიყენა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგია:

  1. მოულოდნელობის ფაქტორი – დავითმა მტერს მოულოდნელად, გამთენიისას შეუტია;
  2. ადგილმდებარეობის გამოყენება – ბრძოლა გაიმართა ვიწრო ხეობაში, რამაც სელჩუკებს არ მისცა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება;
  3. მოქნილი ტაქტიკა – ქართველთა ლაშქარმა გამოიყენა მანევრირების ტაქტიკა და მტრის ძალების დაქსაქსვა.

ერწუხის ბრძოლა დასრულდა ქართველთა გამარჯვებით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ტერიტორიების გათავისუფლებასა და ქვეყნის გაერთიანებას. ამ გამარჯვებამ ასევე განამტკიცა დავით აღმაშენებლის ავტორიტეტი და შექმნა წინაპირობა შემდგომი წარმატებებისთვის, მათ შორის დიდგორის ბრძოლისთვის (1121).

აქტივობა: „ერწუხის ბრძოლის ინფოგრაფიკა”

მიზანი

მოსწავლეებმა შეისწავლონ ერწუხის ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობა, გააანალიზონ ბრძოლის სტრატეგია და მეფე დავით აღმაშენებლის როლი, იმუშაონ ემპათიასა და კრიტიკულ აზროვნებაზე დაყრდნობით, განივითარონ ინფორმაციის ანალიზისა და შეჯამების უნარები.

სამიზნე ჯგუფი

VIII-IX კლასის მოსწავლეები

საჭირო რესურსები

  • ვიდეომასალა ერწუხის ბრძოლის შესახებ;
  • ბრძოლის გრაფიკული გამოსახულება (რუკა, სქემა);
  • წინასწარ მომზადებული კონვერტები დავალებებით;
  • ფლიპჩარტები, მარკერები, ფერადი ფანქრები;
  • ისტორიული წყაროები (ამონარიდები “ქართლის ცხოვრებიდან”, თანამედროვე ისტორიკოსების ნაშრომებიდან).

გაკვეთილის მსვლელობა

I გაჩერება – ბრძოლასთან გაცნობა (15 წუთი)

მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს მოკლე შესავლით, რომელშიც გააცნობს მოსწავლეებს შესასწავლი თემის მნიშვნელობას. შემდეგ აჩვენებს მოკლე ვიდეომასალას ერწუხის ბრძოლის შესახებ.

მასწავლებლის აქტივობები:

  • წარადგენს გაკვეთილის თემასა და მიზნებს;
  • აჩვენებს ვიდეომასალას;
  • სვამს შეკითხვებს ვიდეოს შინაარსის შესახებ;
  • წარადგენს XII საუკუნის საქართველოს ისტორიულ კონტექსტს.

მოსწავლეთა აქტივობები:

  • უყურებენ ვიდეოს;
  • პასუხობენ კითხვებს;
  • აყალიბებენ პირველად შთაბეჭდილებებს.

მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • ვიდეო უნდა იყოს მოკლე (5-7 წუთი) და ინფორმაციული;
  • კითხვები უნდა იყოს როგორც ფაქტობრივი, ასევე ანალიტიკური;
  • მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსწავლის ჩართულობა.

II გაჩერება – მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად (5 წუთი)

მასწავლებელი იყენებს რაიმე ინტერაქტიულ მეთოდს (მაგალითად, ფერადი ბარათების გამოყენება, შემთხვევითი დაჯგუფება, ან თემატური დაყოფა) მოსწავლეების სამ ჯგუფად გასანაწილებლად.

მასწავლებლის აქტივობები:

  • ხსნის ჯგუფური მუშაობის პრინციპებს;
  • ანაწილებს მოსწავლეებს;
  • უზრუნველყოფს, რომ ჯგუფები იყოს ჰეტეროგენული.

მოსწავლეთა აქტივობები:

  • იკავებენ ადგილებს შესაბამის ჯგუფებში;
  • ეცნობიან ერთმანეთს (საჭიროების შემთხვევაში);
  • არჩევენ ჯგუფის ლიდერს/პრეზენტატორს.

მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • ჯგუფები უნდა იყოს დაბალანსებული აკადემიური მოსწრების მიხედვით;
  • დროის ეფექტურად გამოყენებისთვის, დაჯგუფების პროცესი უნდა იყოს მოქნილი და სწრაფი.

III გაჩერება – დავალებების შესრულება (25 წუთი)

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს გადასცემს კონვერტში მოთავსებულ დავალებებს და აჩვენებს ბრძოლის გრაფიკულ გამოსახულებას. ყველა ჯგუფი იღებს განსხვავებულ დავალებას და “მისიას”.

პირველი ჯგუფის დავალება:

  • შექმნან ერწუხის ბრძოლის დეტალური გეგმა სქემის სახით;
  • გრაფიკულ გამოსახულებაზე დაყრდნობით, აღნიშნონ ჯარების განლაგება;
  • განსაზღვრონ მთავარი სტრატეგიული პუნქტები;
  • აღწერონ ბრძოლის მიმდინარეობის ეტაპები.

მეორე ჯგუფის დავალება:

  • ჯგუფი იყოფა ორ ნაწილად: ერთი წარმოადგენს დავითის ისტორიკოსის პოზიციას, მეორე – მოწინააღმდეგის ისტორიკოსის;
  • შექმნან ორი განსხვავებული ჩანაწერი ბრძოლის შესახებ სხვადასხვა პერსპექტივიდან;
  • წარმოაჩინონ თითოეული მხარის მოტივაცია, სტრატეგია და შეფასება;
  • განიხილონ, რატომ შეიძლება განსხვავდებოდეს ისტორიული ნარატივები.

მესამე ჯგუფის დავალება:

  • კრიტიკულად შეაფასონ ბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • განიხილონ, რა ფაქტორებმა განაპირობა ქართველთა გამარჯვება;
  • იმსჯელონ, რა შეიძლებოდა განსხვავებულად მომხდარიყო და რა შედეგები მოჰყვებოდა ამას;
  • შეაფასონ ბრძოლის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის.

მასწავლებლის აქტივობები:

  • დეტალურად განმარტავს თითოეული ჯგუფის დავალებას;
  • უზრუნველყოფს საჭირო რესურსებით;
  • დაკვირვებით ადევნებს თვალს მუშაობის პროცესს;
  • საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება და აძლევს მითითებებს.

მოსწავლეთა აქტივობები:

  • ეცნობიან და იაზრებენ დავალებას;
  • ანაწილებენ ფუნქციებს ჯგუფის შიგნით;
  • ამუშავებენ მიწოდებულ ინფორმაციას;
  • ამზადებენ პრეზენტაციებს.

მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • დავალებები უნდა იყოს გასაგები და კონკრეტული;
  • სამუშაო დრო უნდა იყოს საკმარისი, მაგრამ არა ზედმეტად გაწელილი;
  • მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი და არა დირექტიული ხელმძღვანელი.

IV გაჩერება – დისკუსია და შეჯამება (20 წუთი)

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას. ჯგუფები წარადგენენ თავიანთი მუშაობის შედეგებს. შემდეგ იმართება დისკუსია, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ დასკვნებს.

მასწავლებლის აქტივობები:

  • მოდერაციას უწევს პრეზენტაციებს;
  • სვამს დამაზუსტებელ და გამაღრმავებელ კითხვებს;
  • ხელს უწყობს ჯგუფებს შორის დიალოგს;
  • აჯამებს გაკვეთილს, ხაზს უსვამს ბრძოლის მნიშვნელობას.

მოსწავლეთა აქტივობები:

  • წარადგენენ თავიანთი ჯგუფის ნამუშევარს;
  • უსმენენ და კითხვებს უსვამენ სხვა ჯგუფებს;
  • მონაწილეობენ დისკუსიაში;
  • გამოთქვამენ მოსაზრებებს გაკვეთილის შესახებ.

მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • პრეზენტაციები უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული (4-5 წუთი თითოეული ჯგუფისთვის);
  • დისკუსია უნდა იყოს კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული;
  • მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

შეფასება

აქტივობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. ისტორიული ცოდნა – რამდენად ზუსტად იყენებენ მოსწავლეები ისტორიულ ფაქტებს;
  2. ანალიტიკური უნარები – რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  3. ისტორიული ემპათია – რამდენად კარგად ახერხებენ მოსწავლეები სხვადასხვა პერსპექტივის გააზრებას;
  4. თანამშრომლობა – რამდენად ეფექტურად მუშაობენ მოსწავლეები ჯგუფში;
  5. პრეზენტაცია – რამდენად მკაფიოდ და დამაჯერებლად წარადგინეს შედეგები.

შეფასება შეიძლება იყოს როგორც განმავითარებელი (მასწავლებლის უკუკავშირი), ასევე შემაჯამებელი (ქულების მინიჭება).

ჰუმანისტური ასპექტის შეფასება

აღნიშნული აქტივობა ეფუძნება ჰუმანისტური სწავლების პრინციპებს და ხელს უწყობს:

  • ფიქრისა და სწავლის ცნობიერ პროცესად ქცევას – მოსწავლეები აქტიურად იაზრებენ ისტორიულ მოვლენებს და არ არიან პასიური ინფორმაციის მიმღებები;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური ჩართულობის გაძლიერებას – თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უნარები და ინტერესები;
  • ისტორიულ მოვლენათა მიმართ ემპათიური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას – მოსწავლეები სწავლობენ მოვლენების შეფასებას სხვადასხვა პერსპექტივიდან;
  • თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სწავლას – ჯგუფური მუშაობა და დისკუსია ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას;
  • მოსწავლეთა ავტონომიურობას – მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებებს და ავითარებენ დამოუკიდებელი მუშაობის უნარებს;
  • შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას – დავალებები მოითხოვს კრეატიულ მიდგომას და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

ჰუმანისტური მიდგომის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანისტური მიდგომა მრავალი უპირატესობით ხასიათდება, მისი განხორციელება შეიძლება გარკვეულ გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული:

  1. დროის სიმცირე – ჰუმანისტური აქტივობები ხშირად მოითხოვს მეტ დროს, ვიდრე ტრადიციული ლექციური მეთოდი.
    • გადაჭრის გზა: გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვა, დროის ზუსტი განაწილება თითოეული გაჩერებისთვის.
  2. შეფასების სირთულე – კრეატიული და რეფლექსიური დავალებების შეფასება რთულია სტანდარტიზებული კრიტერიუმებით.
    • გადაჭრის გზა: მრავალფეროვანი შეფასების მეთოდების გამოყენება, რუბრიკების შემუშავება.
  3. მოსწავლეთა მზაობა – ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება არ იყოს მზად აქტიური მონაწილეობისთვის.
    • გადაჭრის გზა: ეტაპობრივი გადასვლა ტრადიციული მეთოდებიდან ჰუმანისტურ მიდგომებზე, მხარდამჭერი გარემოს შექმნა.
  4. მასწავლებლის მომზადება – ჰუმანისტური მიდგომა მოითხოვს მასწავლებლისგან განსხვავებულ უნარებს.
    • გადაჭრის გზა: პროფესიული განვითარების აქტივობები, კოლეგებთან თანამშრომლობა, რეფლექსია.

ინტეგრაცია სხვა საგნებთან

“გაჩერებებით სწავლების” მეთოდი და ჰუმანისტური მიდგომა შესაძლებელს ხდის ისტორიის ინტეგრაციას სხვა საგნებთან, რაც ხელს უწყობს ჰოლისტურ სწავლებას:

  • გეოგრაფიასთან – ბრძოლის ადგილმდებარეობის შესწავლა, რელიეფის გავლენა სამხედრო სტრატეგიაზე;
  • ლიტერატურასთან – ისტორიული ნარატივების შექმნა, მხატვრული ტექსტების ანალიზი;
  • ხელოვნებასთან – ბრძოლის სცენების ვიზუალური გამოსახვა, ისტორიული რეკონსტრუქციები;
  • სამოქალაქო განათლებასთან – ლიდერობის, პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრიობის საკითხების განხილვა.

მეთოდის ადაპტაცია სხვადასხვა საფეხურისთვის

“გაჩერებებით სწავლების” მეთოდი მოქნილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის:

  • დაწყებითი საფეხური (V-VI კლასები) – მარტივი დავალებები, მეტი ვიზუალური მასალა, თამაშის ელემენტები;
  • საბაზო საფეხური (VII-IX კლასები) – ანალიტიკური დავალებები, როლური თამაშები, დისკუსიები;
  • საშუალო საფეხური (X-XII კლასები) – კომპლექსური კვლევითი პროექტები, პირველწყაროების ანალიზი, დებატები.

გაჩერებებით სწავლების თანამედროვე მიდგომები

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, “გაჩერებებით სწავლების” მეთოდი შეიძლება გამდიდრდეს ციფრული რესურსებით:

  • ვირტუალური ტურები – ისტორიული ადგილების ინტერაქტიული დათვალიერება;
  • ციფრული რუკები – ბრძოლის მიმდინარეობის ინტერაქტიული ვიზუალიზაცია;
  • მობილური აპლიკაციები – QR კოდებით დაკავშირებული დავალებები;
  • შერეული სწავლება – ფიზიკური და ვირტუალური გაჩერებების კომბინაცია.

დასკვნა

გაჩერებებით სწავლების მეთოდის გამოყენება ჰუმანისტური მიდგომით სწავლებისას   მოსწავლეს საშუალებას გახდეს აქტიური შემოქმედი, განმხილველი და ანალიტიკოსი. ერწუხის ბრძოლის სწავლების მაგალითზე განხილული აქტივობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ისტორიული მასალის სწავლება გახდეს არა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრების, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ფორმა.

ჰუმანისტური პედაგოგიკის პრინციპების დანერგვა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ხელს უწყობს ისეთი თაობის აღზრდას, რომელიც არამხოლოდ იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, არამედ შეუძლია კრიტიკულად გააანალიზოს წარსული, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და გამოიყენოს ეს ცოდნა თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საბოლოოდ, განათლების ჰუმანისტური მიდგომა არის არა მხოლოდ სწავლების მეთოდი, არამედ ფილოსოფია, რომელიც აღიარებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და პოტენციალს, ქმნის მხარდამჭერ და სტიმულის მიმცემ გარემოს და ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. როჯერსი, კ. (1969). თავისუფლება სწავლისთვის. კოლუმბუსი: ჩარლზ მერილის გამომცემლობა.
  2. მასლოუ, ა. (1968). განათლების ფსიქოლოგიისკენ. პრინსტონი: ვან ნოსტრანდი
  3. ჯავახიშვილი, ი. (1982). ქართველი ერის ისტორია. ტ. II. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  4. Tomlinson, C. A. (2014). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of All Learners (2nd ed.). Alexandria, VA: ASCD.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“