ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირველი მსოფლიო ომი და განათლება (ნაწილი მე-3)

შესავლისათვის
მსოფლიო ანუ ტოტალური ომი ხშირად გაგებულია ისეთი ვიწრო მნიშვნელობით, როგორიცაა სახელმწიფოებისა და ხალხების მონაწილეობა ამ ომში და მათი რაოდენობა, თუმცა ტოტალური ომის დეფინიცია გაცილებით ღრმაა და გულისხმობს ვითარებას, როდესაც სახელწიფო ტოტალურად იყენებს ადამიანურ, სამხედრო, მატერიალურ რესურსებს მტრის დასამარცხებლად. პრაქტიკული გაგებით ეს ნიშნავს:

● უზარმაზარი სამხედრო ძალის შექმნას სავალდებულო გაწვევის ხარჯზე;
● მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართვას ქვეყანაში ინდუსტრიის წარმოებისთვის;
● მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსების კონტროლს;
● მთავრობის მიერ მედიის კონტროლს მოქალაქეთა მორალური წახალისების მიზნით – მთავრობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსახლეობა მტერს აფასებს ერთნაირად და ადეკვატურად და მზად არის, ძალა არ დაზოგოს მის დასამარცხებლად;
● ახალი ფასეულობებისა და მიდგომების გაჩენას და დანერგვას;
● პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს;
● ცვლილებებს სოციალურ სფეროში, კულტურაში, განათლებაში.

ტოტალურმა ომმა განაპირობა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები, რომელთა ანალიზი დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის სოციალური თუ კულტურული ცვლილებებიც, რომლებმაც რევოლუციასავით გადაუარა ომისდროინდელ თუ ომის შემდგომი პერიოდის მსოფლიოს.

ისტორიის სწავლების მიზანი არ არის მხოლოდ ომების სწავლება, თუმცაღა თავად ომი, მისი მიზეზებისა თუ შედეგების ანალიზი საკმაოდ მნიშვნელოვანია მე-20 საუკუნის ისტორიის შესაფასებლად. ქართულ სივრცეში ომების სწავლა-სწავლება ხშირად ვიწროდ ესმით – ჩვენს სკოლებში აქცენტი ჯერ კიდევ რაოდენობაზე დაისმის და არა ხარისხზე, სიღრმეებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ყველაფერი დადის იქამდე, როდის მოხდა სომას, ვერდენის, იპრის ომები; რამდენი დაიჭრა, რამდენი დაიღუპა; რომელი ვაგონი იყო მნიშვნელოვანი (კატის გამოცდა  ისტორიაში იდეალური მექანიზმია დამახსოვრება-დაზეპირებისთვის!). იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გვერდით, რაც პირველმა მსოფლიო ომმა მოუტანა კაცობრიობას, სრულიად იგნორირებულია სოციალური და კულტურული ცვლილებები, რომლებსაც ისტორიკოსები ხშირად რევოლუციურ მოვლენებად მოიხსენიებენ.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ომის პერიოდში ან რა ხდებოდა ქვეყნებში მაშინ, როდესაც მსოფლიოში ომი მძვინვარებდა.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა განათლების საკითხია. მსოფლიო ომმა ბიძგი მისცა ახალ იდეებს, ახალ ფილოსოფიურ მიდგომებს და, საზოგადოდ, განათლების ახალ პოლიტიკას.

სწორედ ამიტომ ციკლი „პირველი მსოფლიო ომი” ისეთი თემებით დავიწყე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ ისტორიკოსებისთვის. ცენზურა აშშ-სა თუ ბრიტანეთში, მასწავლებლის უფლებები ევროპასა თუ ამერიკაში, განათლების პოლიტიკის მიზანი 1918 წლის ამერიკაში, ბრიტანეთის 1918 წლის განათლების აქტი, ვფიქრობ, საინტერესო და დამაფიქრებელია.
ბრიტანეთის 1918  წლის განათლების აქტი
 
ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე დასავლეთის მთავრობებმა განათლების სისტემაზე ფიქრი და დისპუტი დაიწყეს. განათლებას განიხილავდნენ გეოპოლიტიკურ ჭრილში, სადაც არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს უნდა მიქცეოდა ყურადღება, არამედ სოციალურსა და კულტურულსაც. ამიტომაც მოიპოვეს ბრიტანეთის განათლების რეფორმატორებმა მხარდაჭერა არსებული საგანმანათლებლო მიდგომის კრიტიკით და იმის ხაზგასმით, რომ გერმანიისა და ამერიკის საგანმანათლებლო სისტემები ამ მხრივ გაცილებით დახვეწილი იყო.

პუბლიცისტი თომას გრინვუდი (ის, იმავდროულად, გახლდათ რამდენიმე ტექნიკური ჟურნალის რედაქტორი და ბრიტანეთის საჯარო ბიბლიოთეკების ადვოკატი) ჯერ კიდევ 1894 წელს წერდა, რომ ბრიტანეთი განათლების მხრივ ჩამორჩებოდა ამერიკასა და გერმანიას, მაგრამ „ბრიტანეთის განათლების სისტემის არსი არ უნდა ყოფილიყო შეჯიბრება – მას საკუთარი უნდა შეექმნა”.

სხვა რეფორმატორები აღნიშნავდნენ, რომ 1914 წელს გერმანია შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტს ხარჯავდა განათლებაზე, მაშინ როდესაც ბრიტანეთი – მხოლოდ 1.5%-ს.

ბრიტანელი პოლიტიკოსი ლორდი ჰალდანი მიიჩნევდა, რომ ნაციონალური განათლების ადეკვატური სისტემის არარსებობამ დააზარალა ბრიტანეთის ეკონომიკაც და კომერციული პოზიციაც.

მიუხედავად დისპუტისა და კრიტიკისა, ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეძლო ეფექტური რეფორმების განხორციელება საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის კუთხით. „განათლება არ არის პოპულარული ბრიტანეთში”, – წერდა განათლების რეფორმის ადვოკატი 1913 წელს.

თუმცა პირველმა მსოფლიო ომმა აიძულა ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები, განათლების საკითხი უფრო სერიოზულად განეხილათ. ომით გამოწვეულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო იმის გააზრებას, რომ საჭირო იყო განათლებისა და მეცნიერების უკეთ დაფინანსება. და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები მთლიანად ომზე იყვნენ გადართულნი და საომარ ვითარებაში მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი შეიარაღებაზე დაისმოდა, მათ გააცნობიერეს, რომ საჭირო იყო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სერიოზული ინვესტიციის დაბანდება.

ტრადიციული განათლების მოწინააღმდეგენი 
როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, გაზეთ „ტაიმსის” საგანმანათლებლო დამატებამ აღნიშნა, რომ „ყოველ მსოფლიო ომს თან სდევს ცვლილებები განათლებაში”, თუმცა სტატიის ავტორებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, რა ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო სასწავლო სფეროში. განათლების სპეციალისტებსა და პოლიტიკოსებს აინტერესებდათ ერთი რამ – თავს მოეხვიათ სკოლებისთვის საკუთარი იდეები. მეცნიერებისა და უტილიტარიზმის ადვოკატებს, ისევე როგორც პროგრესული განათლების სპეციალისტებს, თავ-თავიანთი თვალსაზრისი ჰქონდათ, თუმცაღა თანხმდებოდნენ მთავარ იდეაზე: ლიბერალური სწავლების ტრადიციული მეთოდები რეფორმების გზით უნდა შეცვლილიყო.

ტრადიციული განათლების საწინააღმდეგოდ ამოსავალი წერტილი იყო იმაში დარწმუნება, რომ ტრადიციული განათლება ვერ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს, რაც აუცილებელი იყო თანამედროვე მსოფლიოს ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. ომის შემდგომმა განვითარებამ გამოავლინა „ინგლისის მეცნიერებისა და ტექნიკის დრამატული ხარვეზები სწავლებაში”. ტრადიციული ლიბერალური განათლება შეფასებულ იქნა როგორც ძველი, დრომოჭმული, ზედმეტად აკადემიური სისტემა, რომელიც არ იყო მორგებული მოსწავლეების/სტუდენტებისა და საზოგადოების საჭიროებებს. ტექნიკური და მეცნიერული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე აქცენტის დასმა გაკრიტიკებულ იქნა და შეფასდა როგორც ბრიტანეთის „არქაული” მიდგომის მეთოდი. „გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, არის არა კრუპის არსენალი, რომელიც აწარმოებს ძირითად შეიარაღებას და წყალქვეშა გემებს, არამედ სკოლები”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა 1918 წელს.

ლოიდ ჯორჯი ასევე აღნიშნავდა, რომ ბრიტანული განათლება იყო ზედმეტად ფესვგადგმული, მტკიცე, რომ ის უფრო მოქნილი უნდა გახდარიყო და მორგებოდა თანამედროვე გამოწვევებს. ომის პერიოდში ტრადიციულ განათლებას ხშირად სდებდნენ ბრალად საეჭვო ანტიმეცნიერულ სტერეოტიპებს. 1916 წლის 2 თებერვალს „ტაიმსში” გამოქვეყნდა წერილი „მეცნიერების უგულებელყოფა”, რომელსაც ხელი მოაწერა 36-მა წამყვანმა მეცნიერმა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ომის პერიოდში ბრიტანეთის რეგრესი სხვა მიზეზებთან ერთად გამოწვეული იყო იმითაც, რომ ოფიციალურმა პირებმა ცოტა რამ იცოდნენ იმის შესახებ, რასაც ისინი თავად ეძახდნენ „მეცნიერებასა” თუ „ფიზიკის მეცნიერებას”. ავტორები აღნიშნავდნენ, რომ სამოქალაქო სამსახური „კლასიკურ” განათლებამიღებულებს უპირატესობას ანიჭებდა „მეცნიერული” განათლების მქონეებთან შედარებით. 
შედეგი

ომის პერიოდში ბრიტანეთის განათლების მინისტრმა ფიშერმა ბრიტანეთის ქალაქებსა და სოფლებში იმოგზაურა, რათა სკოლებში არსებული ვითარება გამოეკვლია. მოგზაურობისას იგი კრიტიკის მართებულობაში დარწმუნდა.
ფიშერის გრძელვადიანი მიზანი განათლების სფეროში თანამედროვე მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინება და სტანდარტების გადახედვა იყო, რადგან, როგორც თავად აღნიშნავდა, „განათლება არ ეკუთვნოდათ მხოლოდ ინდივიდებს – განათლება ეკუთვნოდა საზოგადოებას”.

1918 წელს ბრიტანეთში დაიწერა განათლების აქტი, რომლის მიხედვითაც სასკოლო ასაკი 12-იდან 14 წლამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის იმპლემენტაცია მხოლოდ 1921 წელს დაიწყო, ეს გახლდათ პირველი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი რეფორმებისა, რომლებიც შემდგომ 1944 წლის განათლების აქტით დაიხვეწა. 1918 წლის განათლების აქტის ავტორი, განათლების მინისტრი ფიშერი, აღნიშნავდა, რომ „აუცილებელია, ისწავლებოდეს ცხოვრების წესის უნარი”. მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის საგანმანათლებლო აქტს მრავალი ხარვეზი ჰქონდა, ის ერთმნიშვნელოვნად აღიარებდა სახელმწიფოს უდიდეს პასუხისმგებლობას განათლების კომპეტენტურობაში. ომის შემდეგ დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ გამხდარიყო განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი. 
1918 წლის განათლების აქტი (1902 და 1944 წლების განათლების აქტებთან ერთად) მიჩნეულია მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად განათლების სფეროში. მის შექმნაში უდიდეს წვლილი მიუძღვის ჰერბერტ ფიშერს, რომელიც ბრიტანეთის განათლების მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული პირველი არაპოლიტიკოსი იყო (ის ისტორიკოსი გახლდათ და 1916-დან 1922 წლამდე ეკავა მინისტრის პოსტი), ამიტომ დოკუმენტს ხშირად „ფიშერის აქტსაც” უწოდებენ. ისტორიკოსები (მაგალითად, დინ აჩესონი) აღნიშნავენ ამ დოკუმენტის შექმნაში ფიშერის პიროვნულ როლს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი