შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წითელი ჰოლოკოსტი – სტალინური რეპრესიები

წყარო [1]- გულაგი„1929-1953 წლებში, სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. 1,6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა [2]. ბანაკებში მყოფთ უსუსურად კვებავდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისთვის საჭირო ტანისამოსით, ფაქტობრივად, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები.გულაგის სისტემა შეგნებულად ემყარებოდა სისასტიკეს [3].
გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში – ხეტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გადაასახლეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც ცოცხლები გადაურჩნენ ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს.
1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სისტემა ოფიციალურად გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეკრეტით, რომელიც 1960 წლის 25 იანვრით თარიღდება” [4].
ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ არის, რომ ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ თითქმის ყველას გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის გულაგების შესახებ დღეს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? [5]
ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ გადასახლებულთა რაოდენობა გულაგებში 30 000-იდან (1928 წ.) 2 მილიონამდე (1932 წ.) იყო. 1938 წლისთვის დასახელებული იყო 8 მილიონი, თუმცა პერესტროიკისა და საჯაროობის/სსრკ-ს დაშლის შემდეგ ზოგიერთმა ისტორიკოსმა გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა, რომლის თანახმად, 1939 წელს გადასახლებულთა საერთო რაოდენობა 3 მილიონს შეადგენდა. ამის თაობაზე დღემდე კამათობენ. ციფრები 3-4-დან 6-7 მილიონამდე მერყეობს. ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია.

სტალინის პერიოდში რეპრესირებულებს ხალხის მტრებსუწოდებდნენ. სასჯელი ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ დახვრეტას ან გულაგებში გაგზავნას, ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში „სამშობლოს მოღალატეთა” ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით, როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი”.
რეპრესიები შეიძლება დაიყოს როგორც ქრონოლოგიურად (პერიოდებად), ასევე თემატურად: წითელი ტერორი, კოლექტივიზაცია, დიდი წმენდა, ექიმთა საქმე, მეგრელთა საქმე… მათ ახორციელებდნენ ჩეკა [6], მისი მემკვიდრე უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. რეპრესიები ხორციელდებოდა როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს წითელმა არმიამ „გაათავისუფლა”, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.
მოგონება I [7],[8]
ბარბარე ანდრიასოვა შალვა კიღურაძის მეუღლე იყო. შალვა კიღურაძე 1937 წელს დააპატიმრეს და „მავნებლობის” ბრალდებით დახვრიტეს, ბარბარე კიღურაძე კი, როგორც „ხალხის მტრის ოჯახის წევრი”, შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს. მან ყაზახეთში, ტემნიკოვსკის ბანაკში, ხუთი წელი გაატარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად. 1999 წელს გამოიცა მისი წიგნი „Eтому преступлению нет срока давности”.
„დედა დააპატიმრეს ამ სახლში და ორთაჭალის ციხეში მიიყვანეს. როგორც მიყვებოდა, როცა საკანში შეიყვანეს, ყველა მისი ნაცნობი და მეგობარი იმ საკანში დახვდა. სამი თვე იყვნენ ეს ქალები საქართველოს ციხეში. მერე ღამე – თოვდაო, როგორც ამბობდა – ღია საბარგო მანქანებზე დასვეს და რკინიგზის სადგურისკენ წაიყვანეს. როგორც ჩანს, გაჟონა ინფორმაციამ, რომ გადასახლებაში მიჰყავდათ, აქა-იქ ხალხი იყოო შეგროვილი, რომლებიც ხელის აუწევლად და უსიტყვოდ გვანიშნებდნენ, რომ მათ ყველაფერი იცოდნენო. შემდეგ ჩასვეს, „ტავარნიაკს” რომ ეძახიან, ისეთ მანქანაში, რომლითაც ადრე ალბათ საქონელი გადაჰყავდათ. დიდხანს მიდიოდნენ, არაადამიანურ პირობებში მგზავრობდნენ, მაგრამ თან წერილებს წერდნენ, რომლებსაც სადგურებზე ყრიდნენ იმ იმედით, რომ ვინმე მიხვდებოდა, ისინი საფოსტო ყუთში ჩაეყარა. თუმცა ჩემს ოჯახს არც ერთი წერილი არ მიუღია. დედა ერთადერთი იყო იმ ქალებში, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა და მას აძლევდნენ საშუალებას, ბანაკიდან გასულიყო, სადაც აშენებდა საღორეებს, საქონლის სადგომებს”, – ჰყვება ბარბარე ანდრიასოვა-კიღურაძის შვილი ნინო კიღურაძე.
მოგონება II [9],[10]
რაისა აბრამია-მიქაძე 1937 წელს დააპატიმრეს მეუღლესთან, არჩილ მიქაძესთან ერთად. არჩილ მიქაძე იყო საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რომელიც გადაასახლეს და შემდეგ დახვრიტეს. რაისა აბრამია-მიქაძე მოქანდაკე გახლდათ. ის, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი, მოხვდა რეპრესირებული ქალების სპეციალურ ბანაკში – სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკში (алжир), საიდანაც რვა წლის შემდეგ დაბრუნდა.
„მახსოვს ვიღაც კაცები ჩემს სახლში. მამა მეფერებოდა, თეთრი ლაბადა ეცვა. დედა როცა გადასახლებაში მიჰყავდათ, ფიცრის საწოლები იყო, სადაც ქალები თევზებივით იყვნენ ჩაწყობილნი. საშინელი პირობები, ბღავილი, ტირილი. დედამ საკუთარი პერანგის ნაჭერი მოხია, რომელზეც ფანქრით დაწერა, რომ გვასახლებენ, მივყავართ აქა და აქ, თბილისის მისამართიც დააწერა და სთხოვდა, ვინც იპოვიდა, გადაეგზავნა, მერე ეს ნაჭერი ასანთის კოლოფში ჩაადო და ერთ-ერთ სადგურზე დატოვა. ჩვენ მივიღეთ ის. მახსოვს, როგორ გავშალეთ რუკა და ბიძაჩემი და ოჯახის წევრები ეძებდნენ იმ ადგილს. მახსოვს, როგორ წამიყვანეს დედასთან ციმბირში, სულ სამი საათით შემოჰყავდა ბადრაგს… მაგრამ მე ეს უცხო ქალი მაწუხებდა, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ამ ქალს ჩემგან. მახსოვს, როცა უკვე მოვდიოდით, დედა აღარ გვაჩვენეს, მოშორებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყვნენ, მაგრამ მე გავყავი ხელი და მახსოვს, როგორ დაესივნენ ქალები ჩემს ხელს, მეფერებოდნენ და ტიროდნენ”, – იხსენებს ჯინა მიქაძე-კალატოზიშვილი, რაისა აბრამია მიქაძის შვილი. [11]
აქტივობა: მრგვალი მაგიდა – დისკუსია
ორგანიზება: აქტივობისთვის წინასწარ მოაწყვეთ საკლასო ოთახი მაგიდების წრიული განლაგებით.
უამრავი გადასახლებული საქართველოდან (და არამხოლოდ საქართველოდან) გადასახლების შემდეგაც არ ლაპარაკობდა სტალინის შესახებ კრიტიკულად. ისინი ხშირად ამბობდნენ: „ეს სტალინს არ გაუკეთებია”, ან „მან ეს არ იცოდა”. როგორ ფიქრობთ, რა იყო ასეთი დამოკიდებულების მიზეზი? (აქ ძალინ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იმსჯელონ დეტალურად; ვიდრე ამ კითხვას დაუსვამთ, გააკეთებინეთ სიტუაციური ანალიზი). მას შემდეგ, რაც ისინი დაწერენ ესეს, დასვით ეს კითხვა და ამსჯელეთ მოსწავლეები ამ საკითხის შესახებ.
სიტუაციური ანალიზი
სიტუაცია 1
1934 წელია და შენ ხარ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშა. კითხულობ „პრავდას”, რომელშიც საუბარია მეორე ხუთწლიან გეგმაზე, რომელიც საოცარი წარმატებით შესრულდა. დანარჩენი მუშები შენსავით ამაყობენ იმით, რომ ეკუთვნიან მუშათა კლასს და საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეში დიდი როლი აკისრიათ როგორც პროლეტარებს. ღამით შენ დაბრუნდი შენს კომუნალურ ბინაში, რომელსაც იყოფ სამ სხვა ოჯახთან ერთად. გყავს ორი შვილი, რომლებიც დადიან სკოლაში და არიან ახალგაზრდული პიონერული ორგანიზაციის წევრები. წაიკითხე სტახანოვის12 შესახებ და იმედი გაქვს, რომ შენც მოგეცემა შესაძლებლობა, მედალი მოიპოვო. შენ გაგიგონია რეპრესიების შესახებ, თუმცა პირადად არავის იცნობ ისეთს, ვინც გადაასახლეს. 
სიტუაცია 2 
1936 წელია. შენ თბილისის პარტიის მთავარ სამმართველოში მუშაობ. ხარ გადასახლებული კულაკის ქალიშვილი, მაგრამ იმედი გაქვს, რომ არავინ გამოიძიებს შენს წარსულს – წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავ. შენ იცი, რომ უამრავი ადამიანი დააპატიმრეს შენს სამმართველოში 1934 წელს (შენც იმიტომ აგიყვანეს, რომ ახალი კადრები სჭირდებოდათ). ასევე იცი, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა დაპატიმრებულს ბრალი დაედო ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულში და გამოცხადდა ხალხის მტრად. ეს კანონი ვრცელდება ოჯახის ყველა წევრზე – მათაც აპატიმრებენ. 

დავალება
მოსწავლეებმა დაწერონ ესე ამ სიტუაციებზე დაყრდნობით და გამოიყენონ ქვემოთ დასმული კითხვები:
● ამ ორი ადამიანიდან, შენი აზრით, რომელი უფრო ადვილად გამოხატავდა საჯაროდ პირად აზრს სტალინის შესახებ? პასუხი დაასაბუთე ლოგიკურად (პასუხის გაცემისას გამოიყენე ეპოქის ცოდნა, მაგალითები/ფაქტები, იმსჯელე არგუმენტებით და გამოიტანე დასკვნა).
● რომელ მათგანს „უწინასწარმეტყველებდი” გულაგში გადასახლებას? რატომ?
● როგორ ფიქრობ, რომელიმე მათგანს სამსახურის ან ცხოვრების პირობების შეცვლა რომ მოენდომებინა, რა უნდა გაეკეთებინა ამისთვის? 
● ახსენი ისტორიკოსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი„დიდი სიჩუმე” – როგორ გესმის ის?
● მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეთ და განიხილეთ თითოეული ფოტო [12]. რა ემოციას აღძრავს ეს ფოტოები, რა არის ხაზგასასმელი, დასამახსოვრებელი?
● დაავალეთ მოსწავლეებს, გამოიკვლიონ საქართველოში რეპრესირებული ერთ-ერთი პიროვნება (დაე, მათ თავად აირჩიონ საკვლევი პირი – გამოჩენილი ადამიანი, მათი დიდი ბაბუა/ბებია თუ ვინმე სხვა. სასურველია, კვლევაში ყურადღება გაამახვილდეს რეპრესირებული პირის (ოჯახის) სტატუსზე და პერიოდზე).
● ასევე საინტერესოა, მოსწავლეებმა გამოიკვლიონ საკუთარი წინაპრები – იყვნენ თუ არა ისინი საბჭოთა ნომენკლატურის ნაწილი? რეპრესირებულები? თუ ასეთი ოჯახის წევრი ცოცხალი ჰყავთ, სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ, მოსწავლეებთან შეთანხმებით შეადგინოს კითხვარი, რომელიც შემდგომ, უკვე შევსებული, იქცევა „კლასის” ისტორიულ წყაროდ. 
● ჩატარების შემდეგ მოსწავლეებს გამოატანინეთ დასკვნა. 
● სადისკუსიო კითხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯორჯო აგემბენის ციტატა ოსვენციმის შესახებ: „ადამიანი არის ის, ვინც უფრო მეტხანს იცოცხლებს, ვიდრე ადამიანი” 14; სთხოვოთ მოსწავლეებს, ახსნან ეს ციტატა და დაუკავშირონ თემას.
● გაკვეთილი (გაკვეთილები) დაუკავშირეთ დღევანდელობას. შემაჯამებელ კითხვად დასვით: „რატომ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებსაც კვლავ ჰგონიათ, რომ სტალინმა ეს არ იცოდა?” რისი ბრალია აზრთა სხვადასხვაობა ამ პიროვნების შეფასებისას? 

[1] https://www.saveyourheritage.com/soviet_crimes.htm

[2] https://www.radiotavisupleba.ge/section/stalin-60/3096.html

[3] https://www.radiotavisupleba.ge/media/photogallery/stalin-era-gulag-prison-camps/24776318.html

[4] რადიო თავისუფლება – https://www.radiotavisupleba.ge/section/stalin-60/3096.html

[5] https://www.saveyourheritage.com/soviet_crimes.htm

[6] ჩეკა – საგანგებო უშიშროების სამსახური წლიდან

[7] https://liberali.ge/ge/liberali/articles/114227/ რეპრესირებული ქალები

[8] https://www.youtube.com/user/sovlab

[9] https://liberali.ge/ge/liberali/articles/114227/ რეპრესირებული ქალები

[10] https://www.youtube.com/user/sovlab

[11] ბმული

[12] სტალინური გულაგი დენისოვიჩის თვალითhttps://www.radiotavisupleba.ge/media/photogallery/stalin-era-gulag-prison-camps/24776318.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი