შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

წვიმად მოსული ზევსი

თქვენ, ჰო, თქვენ, რას ჩაიდენდით საოცნებო ქალის გულისთვის? არა, ამას ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხულობ, თორემ დღეს რომ აღარავინ აღარაფერს აკეთებს, ისედაც ვიცი. ერთი პატარა სერენადის თავიც კი აღარავის აქვს. დროა სხვანაირი, ჩქარი და პრაგმატული. კართან გზა რომ დაგითმონ, უკვე რაღაცას ნიშნავს. თუ გვერდზე გაგწიეს და თვითონვე შეცვივდნენ კისრისტეხით, აუგს ნუ იტყვით – ეტყობა, ეჩქარებოდათ.

მოკლედ, პრაგმატული და ჩქარი დროა. დღეს გალაკტიონის სიტყვებზე – „არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით…” – მხოლოდ კეთილად შეიძლება გაგვეღიმოს. თურმე ასეთებიც ყოფილან.

ახლა ქალბატონებს გკითხავთ: ვინმე სიყვარულს რომ გეფიცებოდეთ და გრძნობის დასტურად საკუთარი მოჭრილი ყური მოგართვათ, რა გუნებაზე დადგებით? მე შემეშინდებოდა… და შევეცდებოდი, რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი. ჯერ ერთი, ასეთ სიყვარულს არ მოვინდომებდი, მეორეც, აბა, წარმოიდგინეთ, თავისი ყურები რომ შემოელეოდა, ხომ შეიძლებოდა, ჩემსაზე გადმოსულიყო?! არა, არ დამწამოთ, რომ ცუდ ფეხზე ავდექი და რას ვწერ, თავადაც არ ვიცი – ასე გენიალური მხატვარი ვან გოგი მოიქცა, საყვარელ ქალს თავისივე მოჭრილი ყური მიართვა. ოღონდ ვან გოგი ტყვიით იწამლებოდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. 37 წლისამ სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში დაასრულა სიცოცხლე. ეს უცნაური საქციელიც მივუტევოთ, რადგან ტყვია მძიმე და ვერაგი მეტალია და მისი პირველი სამიზნე ცენტრალური ნერვული სისტემაა.

ჰოდა, დღეს ტყვიაზე ვწერ. მამაკაცებისადმი მიმართვაც მხოლოდ შესავლისთვის დამჭირდა, თორემ პირველად თქვენ გაგატარებთ კარში. ჩვენ თუ ორი წუთით გვიან აღმოვჩნდით კარს მიღმა, ეგ არაფერი, არ დაგვაგვიანდება.
ტყვია ერთ-ერთი იყო იმ შვიდი მეტალიდან, რომლებსაც ალქიმიკოსები იცნობდნენ. ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ, იცით, რა საჩუქარი გამომიგზავნა? „ალქიმიური ტრაქტატის” ადაპტირებული ვერსია. ჰოდა, თუ ამ ტრაქტატს ჩახედავთ, ტყვიაზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ. მაგალითად, ტყვიას ოქროს ტრანსმუტაციისთვის არ განიხილავდნენ, ანუ ფიქრობდნენ, რომ ტყვია ოქროდ ვერ გარდაიქმნებოდა. სამაგიეროდ, მისგან ტრანსმუტაციისთვის აუცილებელ დანამატს ამზადებდნენ და ის მუდამ გადანახული ჰქონდათ. რეცეპტი ასეთი იყო: აიღეთ ტყვიის ნაჭერი და რკინის კოვზზე გაალღვეთ; გამლღვალი ტყვია იმავე რაოდენობის ვერცხლისწყალს შეურიეთ; მიღებულ მასას იმავე წონის მოხალული მარილი და ძმარი დაამატეთ; ამის შემდეგ მისი ამოშრობა უნდა დაიწყოთ, სანამ მასა არ გაშავდება. სწორედ ასეთი სახით შეგიძლიათ შეინახოთ, როგორც ტრანსმუტაციის ერთ-ერთი ინგრედიენტი. თუ ძმარს „არწივს” დაამატებთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

რას ნიშნავს „არწივი”? „ალქიმიური ტრაქტატის” მეშვიდე თავში, იქ, სადაც სულებზეა საუბარი (შეგახსენებთ, რომ ალქიმიკოსები სულებს ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებებს უწოდებდნენ, უპირატესად მათ, რომლებსაც დამახასიათებელი მძაფრი სუნი ჰქონდათ), აღმოვაჩინე, რომ „არწივი” ამონიუმის მარილებია. შეიძლება ამიაკიც ვიგულისხმოთ.

ტყვია რომ მომწამლავია, ზემოთაც დავწერე. ისტორიიდან ამის შესახებ მრავალი ფაქტის გახსენება შეიძლება. ტყვიით მოიწამლა ბეთჰოვენი, ტყვიას ემსხვერპლა უამრავი ლამაზმანი, რომლებიც კანის გასათეთრებლად ტვიის შემცველ ნელსაცხებლებს იყენებდნენ (ეს ალქიმიკოს ჯაბირის გამოგონება გახლდათ). ტყვიამ შეიწირა ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებიც. იმავე მიზეზით რომის იმპერიაში მრავალი დიდგვაროვანი ოჯახი ამოწყდა, რადგან საკვებს ტყვიის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. გარდა ამისა, ძველი რომის წყალმომარაგების სისტემა ტყვიის მილებისგან შედგებოდა. ამ მილების დიამეტრი 25-27 სმ იყო, სისქე კი – 3-5 სმ. მილებმა რომს წყალიც მისცა და სიკვდილიც. რომაელები ღვინოსაც კი ტყვიის ჭურჭელში ინახვდნენ – მიაჩნდათ, რომ ასეთი ჭურჭელი ღვინოს არ აფუჭებდა და დამახასიათებელ მოტკბო გემოს აძლევდა. ტყვიის ყველა ხსნადი ნაერთი კი შხამია. მოტკბო გემოზე გამახსენდა – ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ზოსიმა ტყვიის აცეტატს ტყვიის შაქარს უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ ნაერთი შაქარივით ტკბილი იყო.

ძველ რომს დავუბრუნდეთ. წყალი, რომლითაც ქალაქი მარაგდებოდა, ნახშირორჟანგს შეიცავდა, რომელსაც ტყვია წყალში ხსნად ჰიდროკარბონატის ფორმაში გადაჰყავდა –  Pb(HCO3)2. წყალთან ერთად ორგანიზმში ტყვიაც ხვდებოდა, გროვდებოდა და ქრონიკულ მოწამვლას იწვევდა. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 25-27 წელი იყო და ყველას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

ვენეციაში „კვნესის ხიდია”. ეს ხიდი შუა საუკუნეების ციხეზე გადის, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. ციხის სხვენში სპეციალური კამერები ჰქონდათ, რომელთა კედლებიც ტყვიით იყო მოფენილი. აქ ზაფხულში ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, ზამთარში კი ყინავდა. „კვნესის ხიდზე” ამ გატანჯული ხალხის კვნესა ისმოდა.

ტყვია ორგანიზმში ან საჭმლის მომნელებელი სისტემის, ან სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდება. სისხლი მას მთელ ორგანიზმში ანაწილებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ტყვიის მტვრის ჩასუნთქვა გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკვებთან ერთად მიღება. ქალაქში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, თუნდაც მეთილირებული ბენზინის გამო, და თუ პოლიმეტალურ საბადოებდსაც ამუშავებენ, იმ ადგილის საქმე ხომ წასულია.

ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ჩაანაცვლებს. რბილ ქსოვილებში (კუნთები, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი) დაგროვებისას ის დაავადება პლუმბიზმს იწვევს. ისევე როგორც სხვა მძიმე მეტალების იონები, ტყვია ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს. თუ ტყვიის კონცენტრაციამ სისხლში ათჯერ მოიმატა, ფერმენტთა აქტიურობა ასჯერ შემცირდება. შთამბეჭდავია, არა? გარდა ამისა, განვითარდება ანემია, გართულდება თირკმელების მუშაობა, დაქვეითდება ინტელექტი.

ღრძილებზე რუხი ნადები მოწამვლის პირველი და უტყუარი ნიშანია. თუ ადამიანს განწყობა უმიზეზოდ ეცვლება და პირში ლითონის გემოც აქვს, მორჩა, მოწამლულა და ეგ არის. ჩვენს დროში ტყვია განსაკუთრებით ბავშვებს ემუქრება. თუ ისინი უხარისხო სათამაშოებით ითამაშებენ და პირშიც ჩაიდებენ, დიდია ალბათობა, სათამაშოს საღებავში არსებული ტყვია მათ ორგანიზმში მოხვდეს. ასე რომ, ჯობს, პატარას ერთი სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე ათი და ტყვიაშემცველი. მოწამვლისას ანტიპოდად ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა კალციუმს ასახელებენ, ოღონდ ჯობს, მოწამლულმა მაინც ექიმს მიმართოს და მე არ დამიჯეროს – მხოლოდ ქიმიკოსი ვარ, ექიმი – არა.

სემირამიდას დაკიდული ბაღები ხომ გაგიგონიათ? აი, ისინი, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ძველ ბაბილონში რომ იყო, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. მათ ამეტისის დაკიდულ ბაღებსაც უწოდებდნენ. ამეტისი ბაბილონის მაშინდელი მმართველის, ნაბუქოდონოსორის, მეუღლე გახლდათ. სწორედ ამ ქალბატონისთვის ააგეს ბაღები ჩვ. წ. აღ-მდე მეშვიდე საუკუნეში. ამ ნაგებობის ჰიდრავლიკურ ნაწილში ასევე ტყვია ყოფილა გამოყენებული.

ჩემი ნათქვამიდან ისე გამოდის, თითქოს ტყვია არაფრისთვის გამოდგება და მხოლოდ ზიანი მოაქვს. არადა, ასე არ არის. მას იყენებენ რენტგენოტექნიკაში, როგორც რენტგენის სხივებისგან დამცავ საშუალებას, მისგან იღებენ მრავალ შენადნობს, იყენებენ აკუმულატორის ფირფიტების, სატელეფონო და ელექტრული კაბელების შემოსაფენების დასამზადებლად, კოროზიამედეგი მასალების მისაღებად. ორგანულ მჟავებთან ტყვია წარმოქმნის ნაერთებს, ე.წ. სიკატივებს, რომლებიც აჩქარებს ტექნიკური ზეთებისა და საღებავების გაშრობას.

ბუნებაში საკმაოდ გავრცელებულია ტყვიის კრიალა, გალენიტი – PbS; შედარებით იშვიათია მინერალი ცერუსიტი – PbCO3 – და ანგლეზიტი – PbSO4. ტყვიის მარილების ქიმიურ დასახელებებს განგებ არ ვწერ – თავად გაიხსენეთ. ისე, აქვე ვიტყვი, რომ ტყვიის შემცველი დაახლოებით 80 მინერალია ცნობილი.

ანტიკურ ლეგენდებში მზეთუნახავი დანაე ცხოვრობს, ცხრაკლიტულშია გამომწყვდეული, და აი, ერთ დღესაც მის სარკმელთან ოქროს წვიმა წამოვა. ეს ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთი ზევსი მივიდა მის მოსანახულებლად და ოქროს წვიმის სახე მიიღო. ასეა, როცა ვინმეს ნახვა ნამდვილად გინდა, რამეს მოიფიქრებ. ზევსის გამბედაობა და ფანტაზია ჩვენ ვინ მოგვცა, მაგრამ „ოქროს წვიმის” გაკეთება შეგვიძლია და ეს ზევს არ უნდა ეწყინოს.

აიღეთ ერთი გრამი ტყვიის აცეტატი (ან ტყვიის ნიტრატი) და ამდენივე კალიუმის იოდიდი. თითოეულს დაასხით 175 მლ ადუღებული წყალი. ტყვიის მარილის წყალხსნარს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა ჩაამატეთ, რომ გამოლექვა შეაჩეროთ. შემდეგ ადექით და ეს ორი წყალხსნარი ერთმანეთში აურიეთ. ნელი გაციებისას ხსნარიდან ტყვიის იოდიდის გამოყოფა დაიწყება. მბრწყინავი ოქროსფერი ქერცლი „ოქროს წვიმად” წამოვა. შეგიძლიათ იხუმროთ, რომ თვით ზევსი გესტუმრათ.

იქვე ისიც შეგიძლიათ დასძინოთ, რომ საქართველოში ზევსივით ბუმბერაზი კაცი ცხოვრობდა, რომელმაც ერთხელ თქვა: „არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით”. ეს კაცი ტყვიით არ მოწამლულა, ამბობენ, სიტყვით მოწამლესო. ჰოდა, ერთ დღესაც ადგა და გაფრინდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი