ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ორგანოთა პარტიტურა

   ჩვენს ცხოვრებაზე მუსიკის გავლენა უკიდეგანოა. მისი ენა უნივერსალურია ყველა ეპოქისთვის, ყველა რასისა და რელიგიისთვის. მუსიკა რაღაცით მეტყველებას ჰგავს: როდესაც ის „ლაპარაკობს”, ჩვენი გრძნობები „ისმენენ”.
მუსიკა ხელოვნებაა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მსმენელზე და ამავე დროს მისგან არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ამიტომ, ბუნებრივია, ის ყველა დროში ხელისუფალთა დიდი ინტერესის საგანი იყო. ხელისუფლება, დემოკრატიული თუ ტოტალიტარული, მუდამ ცდილობდა, ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას, მისთვის ემუშავა.
„ამქვეყნიურ სიტკბოებათაგან მუსიკა მხოლოდ სიყვარულს თუ დაუთმობს პირველობას, თუმცა სიყვარულიც თავისთავად მელოდიაა”.
ა. პუშკინი
პლატონი მუსიკას უმაღლეს ხელოვნებას უწოდებდა, ნეტარი ავგუსტინე – ღვთიურს, კონფუცის კი მიაჩნდა, რომ მუსიკა ცასა და მიწის კავშირს გამოხატავდა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ ისრაელის მეფემ დავითმა მრავალი განკურნა ავი სულისგან ქნარის ჰანგებით.
მუსიკას ძველთაგანვე მიეწერებოდა მაკურნებელი ძალა. სწამდათ, რომ ის ანელებდა დაბერების პროცესს და ახანგრძლივებდა სიცოცხლეს. არაბ ექიმებს მიაჩნდათ, რომ მუსიკას სულში გავლით შეეძლო ავადმყოფი სხეულის მორჩენა და ალბათ არც არაბეთში საავადმყოფოებთან მუსიკოსების თავმოყრა იყო შემთხვევითი.

ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ხმიანობით – რადიკულიტსა და ნერვულ აშლილობას.

ცნობილია, რომ ძველად შამანები და გრძნეულები დასარტყამ ინსტრუმენტებს იყენებდნენ „მაგიური” ხმების გამოსაცემად. შუა საუკუნეებში ავიცენაც კი არ თაკილობდა ნერვული დაავადებების რიტმით განკურნებას (მან თავის „განკურნების წიგნში” მთელი თავი მიუძღვნა მუსიკისა და პულის ურთიერთკავშირს).

ზარების რეკას მიაწერდნენ ბოროტის განდევნის უნარს. მიიჩნევა, რომ ზარს საიდუმლო კავშირი აქვს წმინდა ძალებსა და ადამიანის სულთან; ის აფხიზლებს ცასა და მიწას. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ზარის სამშობლო ტიბეტია.

მზის ღმერთი აპოლონი იმავდროულად მუსიკის ღმერთიც იყო და მედიცინისაც, რაც ამ ორი დარგის მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს.

ქართველებს სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მრავალხმიანი მუსიკალური მემკვიდრეობით. ჩვენს სოფლებში დღესაც ისმის უძველესი შელოცვები, სამკურნალო-სავედრებლები და სხვა.
მუსიკალური თერაპია ოფიციალურად იყო აღიარებული მე-19 საუკუნის ევროპაში. ამ მეთოდს ბევრი წარმატებული ექიმი იყენებდა თავის პრაქტიკაში, ხოლო 1975 წლიდან მუსიკალური თერაპიის ცენტრი მსოფლიოს უამრავ მოწინავე ქვეყანაში დაარსდა – ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში…
განასხვავებენ მუსიკალური თერაპიის პასიურ და აქტიურ ფორმებს. აქტიური ფორმა გულისხმობს სიმღერას, მუსიკის თხზვას ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას, ხოლო პასიური – ჩვენ მიერვე შერჩეული ნაწარმოებების მოსმენას. 

ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ, თუნდაც არც ხმა გვქონდეს და არც სმენა.

საკუთარ ხმას ნუ მივაყურადებთ, ყური ვუგდოთ მხოლოდ შინაგან შეგრძნებებს.

ცალკეული ბგერების ან მარცვლების – „ა” , „ო”, „უ” – გრძელ სუნთქვაზე ხმამაღალი გამღერება კარგად ხსნის სპაზმებსა და სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს.

ვიდრე სწორად სიმღერას ვისწავლიდეთ, აუცილებელია სწორად სუნთქვის სწავლა. ასეთ სუნთქვას თერაპიული მნიშვნელობა აქვს. სუნთქვის მართვის უნარი (ცოდნა) ხელს უწყობს საკუთარი ორგანიზმის მართვას. ის ასტიმულირებს გულის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას, კურნავს ენაბლუობას, ბრონქულ ასთმას, ხსნის გადაღლილობას. 

ყველაზე სასარგებლო სუნთქვა სრული სუნთქვაა. ის ფილტვების ვენტილაციას ახდენს, აუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის შემოდენას დიაფრაგმაზე ზემოქმედებით, ასტიმულირებს გულის, ღვიძლის, კუჭისა და სხვა ორგანოების მუშაობას, არეგულირებს  ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას.
ბუნებაში ყველაფერი განსაზღვრულ რიტმს ექვემდებარება. არც ადამიანის ორგანიზმია გამონაკლისი. მუსიკალური თერაპიის პრინციპი ვიბრაციებს ეფუძნება, იმ ვიბრაციებს, რომლებიც ჩვენშია: გულისცემას, პულსს, სუნთქვის რიტმს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი, განსაკუთრებული რიტმი აქვს, მუსიკალური რიტმები კი ჩვენს ორგანიზმთან ან ჰარმონიულ თანხვედრაში მოდის, ან დისონანსში, ამიტომ თუ მუსიკა სწორად შევარჩიეთ, ის ჩვენს განკურნებას შეძლებს.

დამტკიცებულია, რომ როდესაც ადამიანის რომელიმე ორგანოს ფუნქცია ირღვევა, ის სხვაგვარ რიტმში იწყებს მუშაობას, შესაბამისად, ვიბრაციის სიხშირე და ძალაც იცვლება. საუკეთესო მაგალითია დაავადებული გული (რიტმი ხომ მუსიკის გულია). და აქ მხსნელად მუსიკა გვევლინება, ის მუსიკა, რომელიც რიტმიდან ამოვარდნილ ორგანოსთან უნისონში გვიჟღერს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა სასიკეთოდ მოქმედებს განწყობაზე, ხსნის სტრესს და, რაც მთავარია, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ჩვენს ტვინში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტური რხევები, შენელებული ალფა რიტმიდან მაღალსიხშირიან ბეტა რიტმამდე. მაგალითად, დასარტყამზე ერთი დარტყმა აფეთქების მსგავსია. ჩვენ განმეორებად დარტყმებს გააზრებულად აღვიქვამთ, ხოლო გაუაზრებლად ვექვემდებარებით ინფრაბგერის ზემოქმედებას (შეგახსენებთ, რომ ინფრაბგერა ჩვენი სმენადობისთვის მეტისმეტად დაბალი სიხშირის ბგერაა, რომელიც ამის გამო ძნელად აღიქმება). გავიხსენოთ ცირკში ნანახი საშიში აკრობატული ილეთი, როდესაც დოლზე ჯოხების დანაწევრებული ცემა დაძაბულობას ზრდის – ეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სწორედ აკვიატებული ალფა რიტმის მეშვეობით მოქმედებს.

არსებობს ცნობები, რომ დოლების რიტმის ზემოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები, ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნარკოტიკებს ჰგავს და სიამოვნების ცენტრებს აღიზიანებს. მუსიკა ნებაყოფლობით გვაიძულებს მისი მაგიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებულია ნაწარმოების რიტმზე, ტემპზე, სიხშირეზე, ამპლიტუდაზე, კომპოზიციის წყობაზე, გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. ისინი უშუალოდ მოქმედებენ ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე და როდესაც ეს სფერო სტიმულირდება, ჩვენ ერთგვარ ჰიპნოზურ, ტრანსულ მდგომარეობაში შევდივართ. 

შამანის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია, დაირაზე დარტყმის რიტმი შეათავსოს იმ ადამიანის თავის ტვინის იმპულსებთან, ვისკენაც მიმართულია შელოცვა. და ის ადამიანიც, ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ხდება კოდირებული რიტუალური ტექსტებისა და მოძრაობების ამთვისებელი.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოკვლევებით, მუსიკის სწავლება სასიკეთო გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციაზე. კვლევამ ცხადყო, რომ რეგულარული მეცადინეობა ბავშვის ტვინში კორძიანი სხეულის მოცულობას ზრდის. სწორედ ეს მონაკვეთი განაგებს ინფორმაციის მიმოცვლას თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. შესაბამისად, მისი განვითარება ზრდის თავის ტვინის ნაყოფიერებას.

არსებობს კლასიკური სქემა კონკრეტულ დაავადებებზე ზოგიერთი ნაწარმოების ზემოქმედებისა, რომლის ფორმირება ექსპერიმენტებით მოხდა. მაგალითად:

დადებითად მოქმედებს ნერვულ სიტემაზე და, შესაბამისად, ამცირებს ემოციურ დაძაბულობას კ. დებიუსის „მთვარის შუქი”

ჯ. გერშვინის „ამერიკელი პარიზში” – 

 

 

ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ მოცარტის მუსიკას უნივერსალური მოქმედების უნარი შესწევს. ვ. ა. მოცარტის “ფანტაზია  რე მინორი” –

ამ სტატიის ავტორი არსებულ სქემას ს. რახმანინოვის „რაფსოდიას პაგანინის თემაზე” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის –  

 

და ფ. შუბერტის „ავე მარიას”  შემატებდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი