სანამ, ჩემი მესამე შვილი გაჩნდებოდა, ძალიან მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ რაც შეიძლებოდა დიდხანს დამეცვა ის გაჯეტებთან ურთიერთობისგან და მისი გარემო თამაშით, ბევრი სიტყვებით, ბევრი დადებითი ემოციით და წიგნებით ყოფილიყო გაჯერებული. ის ახლა წლის და სამი თვის გოგონაა, ეკრანის გარეშე იზრდება და უკვე რამდენიმე საყვარელი წიგნი აქვს, რომლის გარეშეც საღამოს დასაძინებლად არ მიდის. მაშომ კარგად იცის, მას შემდეგ რაც, ორი მეგობრის, ბაჭიას და თაგვის თავგადასავალს წავუკითხავ, ეს ნიშნავს, რომ ძილის დროც დამდგარა. ჩემმა გოგონამ ეს პატარა, მხიარული ამბები ისე შეიყვარა, წიგნების დანახვაზე სახე უნათდება და დღეში რამდენჯერმე ვკითხულობთ ხოლმე თაგვის და ბაჭიას არაჩვეულებრივ სათავგადასავლო ამბებს, აღვწერთ ილუსტრაციებს, ვპოულობთ ახალ დეტალებს, ახალ ნივთებს და ორივეს გვაბედნიერებს წიგნთან ურთიერთობის სიხარული.
წიგნიერების განვითარება ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის და სამომავლო ცხოვრებისთვისაც. ბავშვს უკვე მუცელშიც ესმის ჩვენი ხმები, ამიტომ წიგნის კითხვა, მასთან საუბარი და კომუნიკაცია მუცლადმყოფ ბავშვსაც ძალიან სჭირდება. შეიძლება ითქვას, ამ დროიდან უკვე ყალიბდება წიგნიერების საფუძვლები ბავშვებში და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.
რა არის წიგნიერება?
წიგნიერება კითხვისა და წერის უნარია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. წიგნიერების განვითარება არ იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი პირველად წაიკითხავს წიგნს დამოუკიდებლად. ეს პროცესი, ბევრად ადრე იწყება, ბავშვის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის სიტყვებს თამაშით სწავლობს, გარემოს სმენითა და ხედვით შეიმეცნებს. სწორედ ეს პერიოდია წიგნიერების განვითარების ადრეული ეტაპი, როდესაც ჩვენი ბავშვი მზადაა შეისრუტოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, ითქმება, კეთდება და ხდება. პატარა დამკვირვებელი მზადაა მთელი სამყარო შეიმეცნოს, ოღონდ ჩვენ არ დაგვეზაროს მისთვის ამ კარის შეღება.
მივყვეთ წიგნიერების განმარტებას და ვნახოთ რა პროცესებს გადის ბავშვი იმ ეტაპამდე, სანამ ის მზად იქნება წერა-კითხვის ფორმალური შესწავლისთვის.
ამ პროცესის მთავარი კომპონენტებია:
ფონემური გარჩევის უნარი – როდესაც ბავშვი იაზრებს, რომ სიტყვები შედგება გარკვეული ბგერებისგან.
ენობრივი განვითარება – ლექსიკური მარაგის ზრდა, გრამატიკული სტრუქტურების ათვისება.
ნარატიული უნარების ჩამოყალიბება – ბავშვს შეუძლია და აქვს მოსმენის უნარი, შეუძლია მოყვეს რაიმე ამბავი და გადმოსცეს საკუთარი აზრი.
ბეჭდური ტექსტის გაცნობა – წიგნებთან, ასოებთან, ილუსტრაციებთან ინტერაქცია.
წერის წინარე უნარები – ხაზვის, ფურცელზე ფოკუსირების და ფიქრის ნახატით გადმოცემა.
ადრეული წიგნიერების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ყველაზე უმთავრესი ის პირველი სოციალური სივრცეა, სადაც ბავშვი იზრდება, ანუ ოჯახური გარემო. მშობლის მიერ წაკითხული ზღაპრები, ყოველდღიური, აქტიური და ყურადღებიანი დიალოგები, სიმღერები და რითმები ასტიმულირებს ბავშვის ადრეული წიგნიერების განვითარებას და ეხმარება მას ამეტყველებაში.
თამაშზე დაფუძნებული სწავლება – მოსმენის, როლური თამაშების, სიმღერების მეშვეობით ბავშვები ძალდაუტანებლად ეუფლებიან ენობრივ სტრუქტურებს და ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით სწავლობენ კითხვასა და წერას.
ბავშვების წიგნიერებისადმი დამოკიდებულება, წიგნების მიმართ სიყვარული და მოტივაცია შეისწავლოს წერა-კითხვა, განისაზღვრება იმ კულტურული ნორმებითაც, რაც მათ ირგვლივ არსებობს. ისეთ საზოგადოებაში, სადაც კითხვა ყოველდღიურობის ნაწილია, ბავშვებიც უფრო ადრეულ ასაკში ინტერესდებიან წერით და კითხვის პროცესით.
კვლევები ადასტურებს , რომ წიგნიერების ადრეულ ასაკში განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ბავშვთა მომდევნო აკადემიურ მიღწევებს. ბავშვები, რომლებსაც 5-6 წლის ასაკში კარგი სიტყვიერი და ფონოლოგიური უნარები აქვთ, უფრო სწრაფად ეუფლებიან წერა-კითხვის ტექნიკას სკოლაში. ეს საფუძველი მათ ასევე ეხმარებათ სხვადასხვა საგანში წარმატების მიღწევაში – მათ შორის მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
რა შეიძლება გავაკეთოთ ყოველდღიურად წიგნიერების წახალისებისთვის?
- კითხვის ყოველდღიური პრაქტიკა – წავუკითხოთ ბავშვს ხმამაღლა, სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ლიტერატურა.
- საუბარი და ჩაკითხვები მნიშვნელოვანია – წაკითხულის შემდეგ დავუსვათ კითხვები, მოვისმინოთ მისი აზრი და განვავითაროთ დიალოგი.
- წავახალისოთ წერითი უნარები – მივცეთ ფანქარი, პასტელები, საღებავები და ფურცელი და დავეხმაროთ გამოსახოს სიმბოლოები.
- აღწერეთ გარემო, რომელშიც მასთან ერთად იმყოფებით, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, გაუზიარეთ სხვადასხვა ემოცია.
წიგნიერების ადრეულ ასაკში განვითარება ის ფუნდამენტია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის სამომავლო განათლებას და პიროვნული განვითარების გზასაც. მშობლების, ბავშვთან დაკავშირებული პირების და მასწავლებლების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ასწავლო ბავშვს და ხედავდე, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება ის, არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, რომელიც შეიძლება მასთან ერთად გაიზიარო სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის და აღმოჩენის გზაზე.