ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პოსტკონვენციური მორალი და ქართული ლიტერატურის პერსონაჟები

მხატვრული ლიტერატურა რომ დიდ ზემოქმედებას ახდენს მოსწავლეთა მორალურ განვითარებაზე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება. ამჯერად კოლბერგის მორალური განვითარების თეორიაზე ვიმსჯელებთ და შევეცდებით, ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა მორალურ განვითარებას ლიტერატურის გაკვეთილებზე.

კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას სამ დონედ ჰყოფდა: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური. ყოველი დონე ორი სტადიისგან შედგება და განსხვავებული მორალური აზროვნებით, მსჯელობით ხასიათდება. მორალური განვითარების სტადიებს ყველა ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული ტემპით. მომდევნო სტადიაზე გადასვლასთან ერთად ადამიანთა მორალური აზროვნება უფრო დახვეწილი და რთული ხდება. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, მორალური განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება ადამიანი, ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ როგორ გადაწყვეტს იგი დილემას, არამედ მის მსჯელობას, არგუმენტებს _ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აზროვნებს პოსტკონვენციურად. საზოგადოების ნაწილი წესებს ბრმად ემორჩილება, ნაწილი კი ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ. 

კოლბერგის თეორიის მიხედვით, პოსტკონვენციურ დონეზე მოაზროვნე ადამიანები თვლიან, რომ წესები საჭირო და ცვალებადი მექანიზმებია, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში. მათი აზრით, წესები არ არის ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. პოსტკონვენციურად მოაზროვნე ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი მორალური პრინციპებით სწორი და არასწორი საქციელის შესახებ. Eეს პრინციპები, ჩვეულებრივ, ისეთ ღირებულებებს მოიცავს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და სამართლიანობა.  
ამ მხრივ ბევრ საინტერესო მხატვრულ სახეს ვნახავთ ქართულ ლიტერატურაში. მკვეთრად გამოხატული პოსტკონვენციური აზროვნებით გამოირჩევიან ვაჟას გმირები. 

შევჩერდებით ,,ალუდა ქეთელაურზე’’. ალუდაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა მუცალის სიკვდილმა. მომაკვდავი მუცალის დანახვამ, რომელიც ნატყვიარს ბალახით იფარავდა, ალუდას სიკვდილის მთელი საშინელება გააცნობიერებინა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას მკლავი არ მოეჭრა მუცალისათვის. მან მაშინვე, ყოველგვარი შინაგანი ყოყმანის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება, დაერღვია ტრადიცია, მამა-პაპათა ადათი: არ აჰყარა იარაღი დამარცხებულს, არ მოაჭრა მარჯვენა. აქ ჩანს, თუ რამდენად ძლიერია ალუდას პიროვნებაში პოსტკონვენციური აზროვნება. 

აღსანიშნავია, რომ ვაჟას გმირები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არა მარტო გონების, არამედ გულის ხმასაც ემორჩილებიან და სწორედ ამიტომაც არის მათი გადაწყვეტილება ურყევი და პიროვნების შინაგანი ძალის  გამომხატველი.

ალუდა ხევსურებს ამცნობს, თუ როგორ გარკვევით გაიგონა მან საკუთარი გულის ხმა მუცალის მოკვლის შემდეგ:
,,გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე, დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა’’.  
,,ალუდა ლაპარაკობს გულზე, როგორც ცოცხალ არსებაზე. საქმე ისაა, რომ ამის შემდეგ პოემის გმირი ადათ-ჩვეულებების, ტრადიციების, თემური სიბრძნის ნაცვლად თავის ერთადერთ მრჩევლად საკუთარ გულს გაიხდის’’ (გურამ ასათიანი).

მორალური განვითარების პოსტკონვენციურ დონემდე ადამიანები მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ. მოაზროვნე ადამიანებიც კი წესებსა და ნორმებს დაუფიქრებლად ემორჩილებიან და იშვიათად შეაქვთ ეჭვი მათ სისწორესა და სამართლიანობაში. ამ თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულია ალუდა. მას შეახსენებენ თემის წესებს:

,,წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მოსჭერ დანითა’’.

ალუდა თავს უფლებას აძლევს, თავად შეაფასოს წესები მათი სამართლიანობის მიხედვით:   ,,ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა’’. 

წესებზე მაღლა დგებიან ქალებიც ვაჟას შემოქმედებაში. გავიხსენოთ სანათა (,,ბახტრიონი’’), რომელსაც ჰყოფნის შინაგანი ძალა და გამბედაობა, სალოცავში მამაკაცის როლი იტვირთოს:

,,საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთელი,
და ხატი უდიდებია,
მარტოდმარტოკა დიაცსა 
ხატ-ღმერთი უხსენებია’’.

სანათა კი არ უარყოფს წესებსა და თემის ტრადიციებს, უბრალოდ, ბრმად არ ემორჩილება მათ. მან არ დაუშვა, რომ წმინდა გიორგის დღეობაზე სანთელი არ დანთებულიყო, საკლავი არ დაკლულიყო. სანათას თავისი სიმართლე აქვს, რომელშიც ის ბოლომდე დარწმუნებულია. ეს აძლევს მას ძალას:

,,უკაცურთ კაცობა გვმართებს,
სანამ სული გვჩრავს პირშია, 
ხატიც შეგვინდობს ცოდვასა, 
რო გვნახავს გასაჭირშია’’.  

                                                                          

არა წესებისადმი, ტრადიციებისადმი ბრმა მორჩილებით, არამედ უაღრესად პიროვნული დამოკიდებულებით გამოირჩევა ოთარაანთ ქვრივი. არის წესები, ადათები, რომელთაც ის არად დაგიდევთ. ასეთ დროს ის არც საზოგადოების აზრს ითვალისწინებს და არც სხვათა გავლენის ქვეშ ექცევა. მას შეუძლია, ფიზიკურად, მამაკაცივით იმუშაოს. ოთარაანთ ქვრივს ხალხის აზრი არ აბრკოლებს:
,,თავისი ხელით სთესავს, ჰბარავს, ჰმარგლის, და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელენი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ.
_ თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, _ ამბობდა ხოლმე, _ მითამ მე რითი ვარ ნაკლები ა იმ დამპალ გოგიაზედ. თუ იმას ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, თუ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია, რა საპყარი და დავრდობილი მე მნახესო’’.

უნდა ითქვას, რომ არის ტრადიციები, რომელთა მიმართაც ოთარაანთ ქვრივი დიდ ერთგულებას იჩენს. იგი თავად აკეთებს არჩევანს, რომელი ტრადიცია მიიღოს და რომელი უარყოს. ის ბრმად არ მიჰყვება წეს-ჩვეულებებს. ცხოვრების ყველა ნაბიჯი სიღრმისეულად აქვს გათვლილი და არჩევანსაც სრულიად გააზრებულად აკეთებს:
,,ქმრის ანდერძს არ უღალატა. ოჯახიც შეინახა, სარჩო-საბადებელსაც თუ არა მიუმატა, არა დააკლო რა, იარაღსაც კარგად უვლიდა და მკვდარსაც უურვებდა იმით, რომ ყოველ კვირას კორკოტსა და წანდილს ჰხარშავდა იმისი სულის საცხონებლად და ყოველ წელს აწირვინებდა’’.
როდესაც პოსტკონვენციურ მორალზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირები. დღემდე საკამათო თემად რჩება ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობა.
ითვლება, რომ რენესანსულ ინდივიდუალიზმს, გათავისუფლებული პიროვნების მასშტაბურ ზრდას უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა _ ადამიანის თვითნებობის გაძლიერება, თვითნებობის სტიქიის მიერ ზნეობრივი ჯებირების რღვევა. ეს ფაქტი, ზოგადად, გასათვალისწიებელია, როდესაც სასიძოს მოკვლაზე ვსაუბარობთ, თუმცა ამ საკითხს ჩაღრმავება სჭირდება. თუ კარგად გავიხსენებთ ტარიელისა და ნესტანის თათბირს, ვნახავთ, რომ ისინი დაწვრილებით განიხილავენ შექმნილ ვითარებას და მოვლენათა განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებს ხედავენ:

,,თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაეკიდოთ, ინდოეთი გარდაქარდეს’’.
არის სხვა ვარიანტიც:
,,კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანეთსა გავეყარნეთ ძოწეული გაგვიფლასდნენ”.

ისინი ეძებენ გამოსავალს. ჩანს, რომ ‘’უბრალო სისხლის’’ დაღვრა არც მათთვის არის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტულ  ვითარებაში ხვარაზმელი უფლისწულის მოკვლა არის ,,ქმნა მართლისა სამართლისა’’. მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მაინც სადავოა ამ გადაწყვეტილების ზნეობრივი ასპექტი, მაგრამ ფაქტია: ამ პერსონაჟებს აქვთ მკვეთრად გამოხატული პოსტკონვენციური აზროვნება.Eეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით და არ ემორჩილებიან  წესებს, თუ ისინი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
,,რუსთაველის გმირები თავიანთი სიყვარულის, პიროვნული ღირსების და ინტერესების, კანონიერი უფლებების დაცვისას მეფესაც არ ეპუებიან. მათ აქვთ მკაფიო სახელმწიფოებრივი ცნობიერება, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფოს შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს, არაფრად ჩააგდოს პიროვნების ინტერესები და არ ეგუებიან ამას. ასე დრამატულად გამოხატავს რუსთაველი თავის ახალ იდეას _ თავისუფალი პიროვნების დაბადებას და ამქვეყნიური თვითდამკვიდრების იდეას. მწვავე კონფლიქტის წარმოსახვით დაგვანახებს იგი ფასეულობათა ახალ კრიტერიუმს. ჭეშმარიტი და ეთიკურია ის, რაც თავისუფალი პიროვნების სიყვარულსა და ბედნიერებას უწყობს ხელს, ბოროტებაა ყველაფერი, რაც მას ეწინააღმდეგება’’ (თამაზ ვასაძე).

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ მართალია, პოსტკონვენციურ დონეზე აზროვნება პიროვნების განვითარების შედეგია, მაგრამ ჩნდება ერთგვარი პრობლემა: როგორი იქნება პიროვნების მიერ გაკეთებული არჩევანი? ასეთ დროს ხშირად ,,ბეწვის ხიდზე’’ გადის ადამიანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ქართულ ლიტერატურაში მრავლად არის იმის მაგალითები, როდესაც ურთულესი მორალური დილემის წინაშე მდგარი პერსონაჟები ღირსეულ არჩევანს აკეთებენ (მაგალითისთვის იკმარებდა ბათუს გახსენება აკაკი წერეთლის ,,გამზრდელიდან’’). ეს მაგალითები ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ამ ფასეულობებით გაზრდილი ადამიანის არჩევანი იქნება არა მარტო გონივრული და პიროვნებისათვის სასარგებლო, არამედ ღირსეულიც.     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი