აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.
მარკოზი, 14,36
„ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი უამრავ დაბრკოლებას გადალახავს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის სამ წელიწადში, ბევრ ჭირ-ვარამს გამოივლის, და, როგორც იქნა, მიაგნებს უცხო მოყმეს. ალბათ, მხოლოდ მან იცის, რად დაუჯდა ეს სამწლიანი თავგადასავალი. რამდენიმეგან კი ამბობს ავთანდილი, „არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან“,
ან
„ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”
მაგრამ, მაგრამ რუსთველი გვეუბნება:
„კაცთა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“.
ჰოდა, არც ავთანდილს აღარ „ახსოვს“ ეს გასაჭირი, ისე, როგორც არ ახსოვს ბევრი ცნობილი ტექსტის, ბევრი თავგადასავლის მაძიებელ პერსონაჟს, ბევრ ზღაპრის გმირს… რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, წარმატების მიღწევის შემდეგ ასეც უნდა იყოს.
მაგრამ…
ჰაგიოგრაფიაში ჩვენ ვხედავთ რეალურ ადამიანებს, რომლებიც უამრავ გასაჭირს გაუძლებენ, საკუთარი სიცოცხლეც მიაქვთ სამსხვერპლოზე, და ამ ყველაფრის უკან ალბათ დგას კიდეც უამრავი ადამიანური დრამა, ტკივილი, ბრძოლა, შინაგანი ჭიდილი… ეს ყველაფერი მათი ცხოვრების მთავარ მიზანს ემსახურება, მათ ამით ყველაზე ძლიერი მტერი უნდა დაამარცხონ.
ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ორი მთავარი მიზანი აქვს: 1. წმინდანების ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, ამ ადამიანების სახელები და საქმეები შემორჩეს ისტორიას; 2. ისინი იქცნენ მაგალითად მომავალ თაობებისთვის – მათ თუ შეძლეს, ესე იგი, ეს ადამიანურ ძალ-ღონეს არ აღემატება, ამიტომ, თუ მოინდომებ, შეგიძლია, მსგავსი მოღვაწეობისთვის შეამზადო საკუთარი თავი.
ჰაგიოგრაფია ამ ორივე მიზანს ძალიან მკაფიოდ გამოხატავს, მაგრამ არ, უფრო სწორად, თითქმის არსად არ აჩვენებს, რის ფასად, რა ტკივილის დათმენად, რა მსხვერპლად უჯდებათ წმინდანებს ამ გზის გავლა. მხოლოდ აქა-იქ თუ გაიელვებს ამოძახილივით. ჩვენ ვერ ვხედავთ, რამდენად გაუჭირდა გრიგოლ ხანძთელს, აბრაამ წინასწარმეტყველივით რომ გაჰყვა ღვთიურ ძახილს და სრულიად ახალგაზრდამ უარი თქვა ოჯახის წევრებთან ერთად ტკბილად ცხოვრებაზე, გადაიხვეწა ტაო-კლარჯეთში და „უპოვარებასა შინა“ ცხოვრებას შეუდგა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, ნერსე ერისთავის კარზე სიყვარულით აღზრდილი. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორი რთული იყო ევსტათი მცხეთელისთვის სპარსელების ბატონობის ჟამს „ქრისტეს ტოზიკსა ვტოზიკობო“, განეცხადებინა და უარი ეთქვა მაზდეანობაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ, საკუთარი რთული გზის გავლა რისი დათმენის ხარჯზე მოახერხეს იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებმა, ან გიორგი ათონელმა. ჩვენ ვერ ვხედავთ, არაბ ჭაბუკ აბოს როგორ გაუჭირდა უცხო ხალხში ქრისტიანობის დაცვა და მისთვის სიკვდილი თავისიანების ხელით. მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ ვერ ვხედავთ… უფრო სწორად, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ თითქოს კანონზომიერად ვიღებთ ამ რეალობას, ეს ადამიანები ჩვენთვის თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითებად იქცევიან და ჩვენც განვადიდებთ მათ ღვაწლს, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ალბათ მათაც სტკიოდათ, სციოდათ, ენატრებოდათ, ეშინოდათ, აღელვებდათ… ამაზე ტექსტები ნაკლებად საუბრობენ. მათი ვნებები ჩვენთვის უცნობია, უცნობი, მაგრამ არა უცხო. აქა-იქ სადღაც ჩნდება ხოლმე და მაშინ ვხვდებით, მართლა რამხელა შეიძლება იყოს ეს მსხვერპლი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით ალბათ იესოს სიტყვებია, შეპყრობის წინ, გეთსამანიის ბაღში ლოცვისას წარმოთქმული: „პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ – როგორც შენ“ (მათე 26,39). თუკი თავად ქრისტე მაცხოვარს, სრულქმნილ კაცსა და ღმერთს, უჭირს ამ მსხვერპლის გაღება, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნება ის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის.
და აი ტექსტი, რომელშიც ჩანს ადამიანური ვნებები – ჩვენი უკვდავი „შუშანიკის წამება“: ვარსქენ პიტიახშის მეუღლე, უკვე წმინდანობის გზაზე შემდგარი, რომელსაც ამ გადაწყვეტილებას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს, განიცდის თავს დატეხილ ახალ რეალობას. განიცდის არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებს, არამედ იმიტომ, რომ განსაცდელის წინაშე მაინც მარტოა, სხვა ვერავინ მოახერხებს მისი ტკივილის ბოლომდე გაზიარებას. ამიტომაც დაიჩივლებს, „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესეო“, ან „უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“, ან „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. აი აქ ნამდვილად ვხედავთ, რომ ეს გზა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, და მისი გავლა დიდ სითამამეს, ამტანობას, სულიერ ძალას, ნებისყოფასა და პრინციპულობას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ წმინდანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ თვალწინ იქცევიან განსაკუთრებულებად, და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს მაგალითს, კიდევ უფრო დამაჯერებელი და გასაგები ხდება ტექსტი ჩვენთვის. აქ სრული ვნება და ტკივილი იჩენს თავს და პერსონაჟიც, რომელიც ღრმად ადამიანურია, უფრო „ჩვენიანია“.
ამ წერილის დაწერის იდეა სულ სხვა ამბავმა შთამაგონა: ლადო გუდიაშვილისეულმა ღვთისმშობლის ფრესკამ ქაშუეთის ტაძარში: ჩვენთვის წმინდანი თითქოს მიუწვდომელია ხშირად, მავედრებელი გამომეტყველებით და ცადაპყრობილი მზერით. ქაშუეთის ღვთისმშობელი კი ძალიან ახლობელია, ერთგვარად ხორცშესხმულია, ერთდროულად წმინდანიცაა და შენიანიც, რომელსაც შენი ბოლომდე ესმის და ბეთანიის ეკლესიის თამარ მეფის ფრესკასავით „ცად თვალნი“ არ აქვს „მიქცეულნი“ და გცნობს შენ, როგორც თავისიანს.