ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

„შუშანიკის წამება“ და გენდერული დამოკიდებულებები

ქართული ლიტერატურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტექსტი „შუშანიკის წამება“ ასე იწყება: „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი“ – შუშანიკის აღსასრულის შესახებ გიამბობო, გვპირდება ავტორი. ის დაპირებას ნამდვილად ასრულებს, თუმცა მანამდე ვარსქენის ამბავს გვიმხელს – შუშანიკის ვინაობამდე ვარსქენის შესახებ გვესაუბრება, და მხოლოდ ამის შემდეგ გვეუბნება, „და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპასპეტისაი, რომლისათვის ესე მივწერე თქუენდაო“. არადა, ტექსტისთვის მნიშვნელოვანი სწორედ დედოფლის შესახებ თხრობაა, ეს მისი ამბავია, სხვა დანარჩენი ფონი და სამოსელია ამ ამბის.

ისმის კითხვა: რატომ იწყებს საუბარს ავტორი ვარსქენის ისტორიით? ალბათ იმიტომ, რომ თუმცა ვარსქენი ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეა, მოძალადეა, ის მამაკაცია, ოჯახის თავი, და ამით ერთგვარად ყველაფერი ნათქვამია.

ჩემს ვარაუდს ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მსგავსი პასაჟის სხვა ტექსტებში არსებობით განვამტკიცებდი. თუნდაც უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სიტყვები გავიხსენოთ:

„ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

– მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, –

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა“.

 

თამარი მეფეა, მზეა, ბრწყინვალებაა, მაგრამ ქალია, ამიტომ, თუნდაც ძალიან დელიკატურად, მოკრძალებით, სახელის უთქმელად, მაგრამ ჯერ მაინც მამაკაცი უნდა დასახელდეს – ლომი (დავით სოსლანი ან ლაშა-გიორგი), რომელსაც თამარ მეფის იარაღის ტარება შვენის.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ გამოკვეთილა სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე მიანიშნებს „შუშანიკის წამებაში“: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“, „დედათა ბუნებაი იწრო არს“, „სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“ და ა.შ.

ლიტერატურულ ტექსტებს ხშირად განვიხილავთ ხოლმე დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაკავშირებთ თანამედროვეობასთან, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული კონტექსტი – რად, რის ფასად უჯდება შუშანიკს ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელში შესვლაც მოუწია.
ტექსტში ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იკითხება: ადრეფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივი წყობა: პატრიარქალური სისტემა, ქალი ოჯახისა და საზოგადოების ქვესაფუძველში, ქალის როლი რელიგიაში და ეკლესიური თვალსაზრისით. ქმრისა და ცოლის ურთიერთობის მოდელი იმდროინდელ კულტურაში…

და ნაწარმოებიც ამ მინიშნებებს გვაწვდის: შუშანიკის არჩევანი – ქმრის წინააღმდეგ წასვლა (არჩევს რწმენას). მისი უარი გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, ზნეობრივ სიმტკიცესა და სულიერ ავტონომიას. ხოლო, ქმარი – ვარსქენი, ისახება, როგორც ქალის უფლებების უგულებელმყოფელი ფიგურა. მეტიც, ის სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩემმა ცოლმა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, სახლიდან წავიდა და ჩემს საგებელს ნაცარი გადააყარაო, მაშინ, როცა სწორედ თავადაა მთავარი მიზეზი ოჯახის დანგრევისა.

შუშანიკის, როგორც ქალის, როგორც ცოლის პიროვნული არჩევანის მიმართ მეუღლის დამოკიდებულება, უფრო სწორად, ამ არჩევანის უგულებელყოფა დასაწყისიდანვე თვალში საცემია: ვარსქენი სპარსეთის შაჰს ჰპირდება, „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა ესე მე“. თუმცა ამის პირობა შუშანიკისგან მას არ ჰქონია. პიტიახშს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ასეთი წინააღმდეგობა შეხვდება მისგან. სხვა საქმეა, რომ საკუთარი ამბიციებით (და ალბათ ვახტანგ გორგასლის წინსვლის შიშისგან) დაბრმავებული არც იცნობს წესიერად ოჯახის წევრებს. ჰგონია, რომ მის გარშემო ტრიალებს სამყარო. ფაქტობრივად, ვარსქენის ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს კიდევაც მომავალი ამბების განვითარებას. მას რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც ჰქონოდა დედოფლის რეაქციაზე, შეიძლება მსგავსი ნაბიჯი არც გადაედგა ასე დაუფიქრებლად.

შუშანიკსაც აწუხებს ეს უთანასწორობა, ღვთიურ სამსჯავროს ელოდება, რადგან იქ არ იქნება „რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა“.

მსგავსი პასაჟების მოხმობა ტექსტიდან კიდევ შეიძლება და ამ საკითხზე არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება შესაბამის ლიტერატურაში თუ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა, გვეჩვენებინა, როგორ ჩანს ტექსტში სქესთა შორის მიმართება, ეს ისედაც აშკარაა წინა აბზაცებში ნახსენები ეპიზოდებიდან. ამ ერთი პატარა დეტალით იმის ხაზგასმა მსურდა, რამდენადაა მსგავსი დამოკიდებულება გამჯდარი მთლიანად საზოგადოებაში, და რამდენად იგრძნობა ის თუნდაც ამ მცირე მონაკვეთით: დიდი და ნეტარი მოწამის ამბის თხრობას ავტორი „სამგზის საწყალობელი“ ანტიგმირის ისტორიის გადმოცემით რომ იწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“