პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქიმია, საქმის და სამშობლოს სიყვარულით

ქართველი ქალი განსაკუთრებულია. ვიცი, მკითხველი ორ კატეგორიად დაიყოფა, ნაწილი დამეთანხმება, მეორე კი ჩაიცინებს, რა სხვა ეროვნების ქალები ნაკლები რითი არიანო. სრულიად არაფრით, მაგრამ  ქართველ ქალებზე ვწერ.
დღეს არა ზოგადად ქალებზე, ქიმიკოს ქალებზე უნდა დავწერო. თავისი საქმის ორ პროფესიონალზე, ქიმიაზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანზე. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ქიმიკოსების წრეში ისინი ახსოვთ და კეთილად იგონებენ.
ქიმიის არ ცოდნის, არ სიყვარულის პრობლემები სკოლიდან მოდის. ვერ არის დღევანდელი მოსწავლე სათანადოდ დაინტერესებული. ქიმია ცდის გარეშე რომ ვერ ივარგებს, ალბათ დამეთანხმებით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამაში აი, ის მეორე სკეპტიკოს მკითხველთა ნაწილიც დამემოწმება, მართალიაო.  კატალიზატორზე საუბრობ? ნუ დაიწყებ მომაბეზრებელი თეორიით. მაშინვე ლე შატელიეს პრინციპს ნუ გამოუკრავ დაფაზე. ზოგი შეშინდება, ზოგს არ დააინტერესებს, ეს ყველაფერი პროტესტის გრძნობაში გადაიზრდება და ჩემი სტუდენტის, თორნიკეს მსგავსად იტყვიან: რატომ უნდა მესწავლა ქიმია სკოლაშიო? მაგრამ, თუ ლამაზი ცდებით „შეიტყუებ” და ულუფა-ულუფა მიაწვდი თეორიას, კანონსაც ისწავლის და ფორმულასაც. შეიძლება ამით აღფრთოვანებული სულაც არ იყოს, მაგრამ მაინც ისწავლის. 

დღევანდელი სკოლების უმეტესობას ლაბორატორია არ აქვს. ზოგიერთს რაღაც აღჭურვილობა გაჩნია, მაგრამ რეაქტივები არ აქვს. ფოთის პირველ სკოლაში ყოფილხართ? აუცილებლად შეიარეთ, გაოცდებით. რამდენიმე უზარმაზარი ოთახი მხოლოდ ქიმიისთვისაა დათმობილი.  ცალკეა  ქიმიის კაბინეტი სადემონსტრაციო მაგიდით, რეაქტივების და ჭურჭლის საცავი ოთახები ცალკე და საკლასო ოთახი, სადაც თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ცდას გააკეთებს ცალკე. ეს ყველაფერი კი ამ სკოლის პედაგოგის, ქიმიკოსი ქალის თინა ჭოჭუას  დამსახუებაა.

კოლეგები დღესაც იხსენებენ, რაღაცნაირი სევდიანი გამოხედვა ჰქონდაო. ალბათ განვლილი მძიმე ცხოვრების დაღი თუ იყოო. როდესაც დავინტერესდი, მაინც რა გადახდა ასეთი თქო, მეც გავოცდი.

სკოლაში მხოლოდ მსმენელად მიუღიათ. საკლასო ჟურნალში მისი გვარი არ ჩაუწერიათ და მასწავლებლებს მისი გამოკითხვის უფლებაც კი არ ჰქონიათ. მოგვიანებით კი, როგორც „სამშობლოს მოღალატის” შვილი, სკოლიდანაც გაუძევებიათ.  სკოლის მასალა დამოუკიდებლად შეუსწავლია, ეს არაერთ უძილო ღამედ დაჯდომია, სკოლის დამთავრება კი მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ კეთილი ადამიანების რჩევით, ის მამის ბიძაშვილმა იშვილა. ქიმია უყვარდა განსაკუთრებულად და სწორედ ის აირჩია მომავალ პროფესიად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კვლავ ფოთს დაუბრუნდა და 1940 წლიდან ჯერ მეორე, შემდეგ პირველ სკოლაში დაიწყო ქიმიის შეყვარება ბავშვებისთვის. მაშინვე შეამჩნია, რომ სკოლას ქიმიის კაბინეტი არ ჰქონდა. ერთ საკლასო ოთახში ქიმიის ორი კარადა იდგა თვალსაჩინო მასალით. ასეთ პირობებში რომელ ქიმიურ ცდებზე იყო საუბარი? ქალბატონ თინას კი კარგად ესმოდა, რომ ქიმიის სწავლა ცდის გარეშე არ შეიძლება! „რკინის ქალამნები ჩაიცვაო”-გამოთქმა გვაქვს ასეთი, ჰოდა სწორედ თინა ჭოჭუაზე  შეიძლება ითქვას. შედეგად? შედეგად სკოლამ მიიღო: 1.ქიმიის კაბინეტი ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებისთვის. 2. ქიმიის კაბინეტი გაკვეთილების ჩასატარებლად. 3. ოთახი, სადაც რეაქტივები და ჭურჭელი ინახება. აქვე ე.წ. ხელნაკეთ აპარატურასაც შეხვდებით, რომელიც  სხვადასხვა ქიმიური პროცესებისთვის გამოიყებნება. 4. ოთახი გამოფენისთვის. მერწმუნეთ ასეთ მოწყობილ ლაბორატორიას თავისი სათავსოებით ნებისმიერი უნივერსიტეტი ინატრებდა. ეხლა ჩემს შთაბეჭდილებას გიზიარებთ, რომელიც ამ სკოლაში ქიმიის ლექციების წაკითხვის დროს მივიღე. ლექციებს საქართველოს   ქალაქების სკოლებში ვკითხულობდი და ყველამ მომიტევოს, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი-ქიმია ყველაზე მეტად სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებმა იცოდნენ, საოცარ კითხვებს მისვავდნენ და მეც  რაღაც სხვანაირი ხალისით მივდიოდი მათთან.

რესპუბლიკის დამსახურებული მეთოდისტ-მასწავლებელი, ფოთის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის-კაბინეტ ლაბორატორიის დამაარსებელი, ფოთის საპატიო მოქალაქე, მრავალი მედლის კავალერი, ქიმიკოსი ქალი თინა ჭოჭუა 2007 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ  მის საქმეს სკოლაში ორი ქიმიკოსი ქალი-ნატრული ტაბიძე და  ქეთევან  გერსამია აგრძელებენ.

პედაგოგიური ინსტიტუტი არსებობდა, პუშკინის სახელს ატარებდა. ბევრი ირონიით „ნუცას სკოლას” ეძახდა. რა გითხრათ, ეს იმაზეა დამოკიდებული თვითონ სტუდენტს რა სურს, თორემ მე უცხოური უნივერსიტეტების დიპლომის მქონე თავცარიელებიც მინახავს.  შემდეგ სულხა-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. ჯერ კიდევ მაშინ, პუშკინის სახელს რომ ატარებდა, ქიმიის კათედრისთვის განკუთვნილ დერეფნებში მკაცრი გამომეტყველების  ტანმორჩილ ქალბატონს შეხვდებოდით. ეს ქიმიკოსი ქალი, პროფესორი ელენე ნანობაშვილი იყო. ეს კათედრა სწორედ მან დაარსა. ქიმიის სპეციალობაც მან შემოიტანა და დაამკვიდრა. ასე გაჩნდა სპეციალობები „ქიმია და ბიოლოგია” და „ბიოლოგია და ქიმია” (რუსული სექტორი). ქიმია დიდი მეცნიერებაა, ქიმიურ დისციპლინათა დიფერენცირებაც სასწავლო გეგმის შექმნისას ქალბატონ ელენეს ეკუთვნოდა. თვითონ ზიკური და რადიაციული ქიმიის სპეციალისტი იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში „ქიმია და ბიოლოგია”  სპეციალობის სტუდენტებს რადიაციული ქიმიის ლექციებიც ეკითხებოდათ. ქრომატოგრაფია, რენდგენოსტრუქტურული ანალიზი, pH-ის განსაზღვრა, ეს იმ მეთოდთა ძალიან მწირი ჩამონათვალია, რაც ელენე ნანობაშვილმა კათედრაზე დანერგა. აპარატურის შესყიდვაზეც თავადვე ზრუნავდა.  ინსტიტუტში პირველი სადისერტაციო ნაშრომებიც ქიმიის მიმართულებით სწორედ ელენე ნანობაშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი იყო. იაპონია, ამერიკა, კანადა, გერმანია, ინგლისი – იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც სამეცნიერო კონფერენციებზე ქალბატონი ელენე მომსხსენებლად არა ერთხელ იყო მიწვეული. საოცრად მკაცრი ქალბატონი განსაცვიფრებლად თბილიც იყო. სტუდენტებს და თანამშრომლებს ძალიან უყვარდათ და დღემდე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებენ.  თანამშრომელს უსაყვედურებდა, მაგრამ თუ საჭირო იყო ბოლომდე დაიცავდა, მისი უნებური შეცდომაც კი თვითონ შეეძლო დაებრალებინა. 

ქიმიკოსი ქალი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე ნანობაშვილი 100 მონიგრაფიის, 500 სამეცნიერო სტატიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი იყო.

 ისტორიული მონაცემებით პირველი ქიმიკოსი ქალი ყოფილა, სახელად ტაპუტი, რომელიც ჩვ. წ.ა.  ეგვიპტეში ცხოვრობდა, ყვავილების ხსნარების გაფილტვრით  არომატულ ნაყენებს ამზადებდა.  დისტილაციის პროცესიც პირველად ამ ქალბატონის სახელს უკავშირდება. ტაპუტის შემდეგ მრავალმა ქალმა აირჩია ქიმია პროფესიად. ზოგი თავისმა საქმემ წარმოაჩინა, ზოგი კიდევ ჩუმად საქმიანობდა ლაბორატორიასა თუ საკლასო ოთახში. ასეთი ქალები მთელ მსოფლიოში იყვნენ და არიან მიმოფანტულნი. თუმცა დღეს ორ ქართველ ქალბატონზე მომინდა მომეთხრო, რადგან ქართველი ქალი განსაკუთრებულია.  ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი