პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები

სახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ფილოსოფოსების, იურისტებისა და ისტორიკოსების სერიოზული განსჯის საგანი. უდიდესს მოაზროვნეთა მთელი თაობები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეცათ პასუხი შეკითხვაზე – თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში? მაგალითვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პლატონის, არისტოტელეს, კონფუცის, იბნ ხალდუნის, მაკიაველის, ჰობსის, მონტესკიეს, ჰეგელის და სხვათა ნაშრომები, რომლებიც ამ თემას ეძღვნება. 

ნებისმიერი საგნის ან მოვლენის ანალიზისას, პირველ რიგში, საჭიროა დავადგინოთ მისი წარმოშობა. სახელმწიფოს წარმოშობის შესწავლას აქვს არა მარტო შემეცნებითი და აკადემიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც. ამგვარი ანალიზი საშუალებას იძლევა ღრმად ჩავწვდეთ ამ ინსტიტუტის სოციალურ ხასიათს და მისი  ფუნქციონირების  მრავალფეროვან მექანიზმებს.  

საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა სახელმწიფოს წარმოშობის სხვადსხვა თეორიები რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არა მარტო ამ თეორიათა შემქნელების, არამედ  იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის და ინტელექტუალური საზოგადოების გამწყობას გამოხატავდა. წინამდებარე სტატიის მიზანია,  გავაცნოთ საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგებს სახელმწიფოს წარმოშობის ძირითადი თეორიები, რომლებსაც ისინი სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

თეოლოგიური თეორია – (ძვ.ბერძ. Teos – ღმერთი, logos – სწავლება, აზრი, სიტყვა) ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოძღვრებაა.  ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოშობა და არსებობა ღვთაებრივი ნების გამოხატულებაა. აქედან გამომდინარე  ხელისუფლება მარადიული და  შეუცვლელია, ხოლო მისადმი მორჩილება აუცილებელია. ეს მოძღვრება გვეუბნება, რომ ხელისუფალნი მოქმედებენ ღმერთის სახელით, მათი ძალაუფლება ღვთაებრივ ხასიათს ატარებს, ხოლო სახელმწიფოში გამოცემული კანონები ღვთაებრივ სამათლიანობას შეესაბამება.

ძველ სამყაროში სახელმწიფოს წარმოშობის რელიგიურ-მითოლოგიური თეორიები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, რაც იმდროინდელი საზოგადოების ისტორიული განვითარებით აიხსნება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოსაყოფია ძველ ეგვიპტური, ბაბილონური, ჩინური თუ ინდური მოძღვრებები.  ასე მაგალითად, ხამურაბის კანონებში პირდაპირ წერია მეფის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ: „ღმერთებმა დაადგინეს მეფე ხამურაბი „შავთავიანების” ბრძანებლად” ….. „ადამიანი არის ღმერთის ჩრდილი, მონა არის ადამიანის ჩრდილი, ხოლო მეფე ღმერთის სწორია”.

 

ჩინური მოძღვრების მიხედვით, იმპერატორი ცის შვილად იწოდებოდა.

სახელმწიფოს ღვთაებრიობის იდეას  ზოგიერთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსიც ემხრობოდა. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მოძღვრებამ შუა საუკუნეებში შეიძინა, როდესაც დღის წესრიგში საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემა დადგა. ქრისტიანული და ისლამური დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფო, ისევე როგორც ყოველივე ამ ქვეყანაზე ღმერთის შემოქმედების ნაყოფია. ამიტომ, სახელმწიფოს არსსა და ბუნებაში ჩაწვდომა შეუძლებელია, ხოლო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა დიდ ცოდვად ითვლება.

დასკვნის სახით შევეცდებით თეოლოგიური თეორიის რეზიუმირებას:

სახელმწიფო შეიქმნა ღმერთის ნებით;
სახელმწიფო ინსტიტუტები მარადიული, უცვლელი და წმინდაა;
ამ ინსტიტუტების შექმნა და გაუქმება არ არის ადამიანზე დამოკიდებული;
ხელისუფლება წარმოადგენს ღმერთის ნების აღმსრულებელს დედამიწაზე;
თეოლოგიური თეორია მოუწოდებს საზოგადოებას:
აღიარონ მეფეთა ხელისუფლება (ეს დოქტრინა გავრცელებული იყო შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში)  როგორც წმინდა და ღმერთის ნებისგან მომდინარე;
არავინ შეეცადოს ღმერთის მიერ დადგენილი წესრიგის შეცვლას.

პატრიარქალური თეორია – ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და რომში. მის ფუძემდებლად ევროპაში არისტოტელე ითვლება. ეს თეორია გარკვეული ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თუმცა შუა საუკუნეების აბსოლუტიზმის ეპოქაში კვლავ აღორძინდა და ჩვენს დრომდე მოაღწია. 

პატრიარქალური თეორიის მიხედვით, ადამიანი, როგორც კოლექტიური არსება ისწრაფვის სხვა ადამიანთან ურთიერთობას და ოჯახის   შექმნას, ხოლო ოჯახის განვითარება წარმოშობს სახელმწიფოს. არისტოტელე სახელმწიფოს იმ პროდუქტად მიიჩნევს, რომელიც ოჯახების გამრავლების, გავრცობისა და გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. ფილოსოფოსი თვლიდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არის გაგრძელება გვაროვნულ საზოგადოებაში არსებული მამის (პატრიარქის) ხელისუფლებისა. 

ჩინეთში, სახელმწიფოს, როგორც დიდი ოჯახის თეორია განავითარა კონფუციმ. იმპერატორის ძალაუფლებას ის აიგივებდა მამის ძალაუფლებასთან, ხოლო მმართველისა და  ქვეშევრდომების ურთიერთობას – ოჯახურ ურთიერთობასთან, სადაც უმცროსები ყოველთვის უნდა ემორჩილებოდნენ უფროსის ნებას. რაც შეეხება  მმართველებს, ისინი ვალდებულნი არიან იზრუნონ ხელქვეითებზე, როგორც საკუთარ შვილებზე.  

XVII საუკუნის მოაზროვნემ – ფილმერმა, თავის ნაშრომში – „პატრიარქი”, კიდევ უფრო განავრცო ეს თეორია. მისი აზრით, მონარქის ხელისუფლება შეუზღუდავია, რადგანაც მომდინარეობს ადამისგან, რომელმაც ძალაუფლება ღმერთისგან მოიპოვა. ამიტომ ადამი არა მარტო კაცობრიობის მამამთავარია, არამედ მისი ბრძანებელიც, ხოლო მონარქებმა, როგორც ადამის შთამომავლებმა მემკვიდრეობით მიიღეს მისგან საკუთარი ძალაუფლება.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო თავისებური „დიდი ოჯახია”. რომელიც მრავალი პატარა ოჯახისგან შედგება. პატრიარქალური თეორიის მიხედვით: 

მონარქი არის საკუთარი ხალხის მამა;
საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია მეფის (მამობრივი) ზრუნვის გარეშე;
მეფე მოქმედებს ქვეშევრდომების დაცვისა და კეთილდღეობისთვის (როგორც მამა ზრუნავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის);
ქვეშევრდომები ვალდებულნი არიან პატივი სცემ და დაემროჩილონ მეფეს, როგორ ოჯახის წევრები საკუთარ მამას. 

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია – წარმოიშვა XVII – XVIII საუკუნეებში და მიმართული იყო წოდებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც გამეფებული იყო კანონის წინაშე უთანასწორობა და უმცირესობის (მმართველი ფენების) სრული ბატონობა უმრავლესობაზე. ამ თეორიის შემქნელები იყვნენ: ჰუგო გროციუსი – ჰოლანდიელი მოაზროვნე და იურისტი; ჯონ ლოკი და თომას ჰობსი – ინგლისელი ფილოსოფოსები; შარლ მონტესკიე, დენი დიდრო, ჟან ჟაკ რუსო – ფრანგი განმანათლებლები.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას სხვაგვარად „ბუნებით სამართალსაც” უწოდებდნენ, რადგანაც წარმოდგენილი კონცეფციების ძირითად იდეას წარმოადგენდა ის, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ღმერთისგან ან ბუნებისგან მონიჭებული ბუნებრივი უფლებები. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ საზოგადოებას უფლება აქვს დაამხოს ხელისუფლება ძალადობრივი, რევოლუციური გზით, თუ სახელმწიფოს მესვეურები არღვევენ ადამიანთა უფლებებს. საყურადღებოა, რომ ამ დებულებამ ადგილი ჰპოვა აშშ-ს თავისუფლების დეკლარაციაში.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს საფუძვლად უდევს ე.წ. „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რომელიც შემდეგ დებულებებს მოიცავს:

პირველყოფილ სისტემაში არ არსებობდა სახელმწიფო. საზოგადოება იმყოფებოდა „ბუნებრივ მდგომარეობაში”, რომელიც სხვადასხვა ავტორებს განსხვავებულად ესმოდათ (განუსაზღვრელი პირადი თავისუფლება, „ყველას ომი  ყველას წინააღმდეგ”, საყოველთაო კეთილდღეობა – „ოქროს ხანა” და სხვა);

თითოეული ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა და არ ითვლისწინებდა – სხვების ინტერესებს, რაც იწვევდა „ყველას ომს   ყველას წინააღმდეგ”, რომლის შედეგად არაორგანიზებულ საზოგადოებას შეეძლო საკუთარი თავის განადგურება;

ეს რომ არ მომხდარიყო, ადამიანებმა გააფორმეს ერთმანეთთან „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რომლის ძალითაც, ურთიერთგადარჩენის საფასურად, თითოეული მათგანი უარს ამბობდა თავისი ინტერესების ნაწილზე;
ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოიშვა ინტერესთა შეთანხმების, ურთიერთთანაცხოვრების, ურთიერთდაცვის ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფო განასახიერებს;
 საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას შემდეგ შედეგები ჰქონდა:
საფუძველი გამოეცალა თეოლოგიურ და პატრიარქალურ შეხედულებებს სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მათთან ერთად დაიმსხვრა მითი ხელისუფლების სიწმინდის და უცოდველობის შესახებ. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ   გავლენა მოეხდინათ ხელისუფლებაზე;
გადაიდგა ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ;
ფაქტიურად  შეიქმნა სახალხო სუვერენიტეტის იდეა, რომელისც გულისხმობდა შემდეგს –  ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს და მას ეკუთვნის;
სახელმწიფო სტრუქტურები  და ხელისუფლება არ არსებობენ თავისთავად, არამედ უნდა ემსახურებოდნენ ხალხის ინტერესებს და იყვნენ მის სამსახურში;
ამ თეორიამ ფაქტიურად მოუმზადა ნიადაგი რესპუბლიკური სისტემის ჩამოყალიბებას;
„საზოგადოებრივი ხელშეკრულების” მიხედვით, ხალხსა და სახელმწიფოს აქვთ ურთიერთვალდებულებები – ხალხი იცავს კანონებს, იხდის გადასახადებს, იხდის სამხედრო და სხვა სახის მოვალეობებს. სახელმწიფო არეგულირებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს, სჯის დამნაშავეებს, ქმნის ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის აუცილებელ პირობებს და იცავს მოქალაქეებს გარეშე საფრთხისგან.

ორგანული თეორია –   XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიმუშავა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა  ჰერბერტ სპენსერმა. ამ თეორიის წარმოშობა უკავშირდება საბუნებისმეტყველო დარგების სწრაფ განვითარებას, თუმცა მსგავსი იდეები ჯერ კიდევ პლატონმა გამოთქვა, როდესაც სახელმწიფო ადამიანის ორგანიზმს შეადარა.

დარვინიზმის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა იურისტმა და სოციოლოგმა დაიწყეს ბიოლოგიური კანონზომიერებების (ევოლუცია, ბრძოლა არსებობისთვის და სხვა) გავრცობა სოციალურ პროცესებზე. 

ორგანული თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იქმნება და ვითარდება ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად:

ხალხი ქმნის სახელმწიფოს, როგორც უჯრედები – ცოცხალ ორგანიზმს;

სახელმწიფო ინსტიტუტები ანალოგიურია ადამიანის ორგანიზმისა: მმართველები – თავის ტვინის, კომუნიკაციები (ფოსტა, ტრანსპორტი და სხვა) და ფინანსები – სისხლძარღვთა სისტემის,რომელიც ორგანიზმის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ხოლო მუშები და გლეხები (მწარმოებლები) – ხელებს.

 

სახელმწიფოებს, ისევე როგორც ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებობს კონკურენცია. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად იმარჯვებს უძლიერესი და ყველაზე ორგანიზებული. მაგ., რომის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია ან აშშ. ბუნებრივი გადარჩევის პირობებში სახელმწიფო იხვეწება და ყველაფერ უსარგებლოს თავიდან იშორებს. მაგ., აბსოლუტური მონარქია, ხალხისგან მოწყვეტილი ეკლესია და სხვა.

ფსიქოლოგიური თეორია – ჩამოაყალიბეს პოლონელმა იურისტმა და სოციოლოგმა პეტრაჟევსკიმ და ფრანგმა სოციოლიგმა ჟან გაბრიელ ტარდმა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიის საფუძველზე. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო წარმოიშვა ადამიანის ფსიქიკის განსაკუთებული თვისებების შედეგად. ამ თვისებებში იგულისხმება:

უმრავლესობის სურვილი იყოს დაცული და დაემორჩილოს უფრო ძლიერს;
ძლიერი ინდივიდების სურვილი ბრძანებლობდნენ სხვა ადამიანებზე;
ძლიერი ინდივიდების უნარი იქონიონ ფსიქოლოგიური გავლენა მასებზე და დაუმორჩილონ ისინი საკუთარ ნებას;
ზოგიერთი ინდივიდის სურვილი არ დაემორჩილოს საზოგადოებას, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, ჩაიდინოს დანაშაული და ა.შ. სახელმწიფოს ვალია ამ კატეგორიის ადამიანების განეიტრალება.

ფსიქოლოგიური თეორიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს გვაროვნული საზოგადოების ელიტა – ბელადები, შამანები, ქურუმები, რომლებიც საკუთარი ფსიქიკის თავისებურებებიდან გამომდინარე ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ საზოგადოების სხვა წევრებზე.

ძალადობის თეორია – როგორც სახელმწიფოს წარმოშობის მთავარი ფაქტორი ჯერ კიდევ უძველეს წარსულში ჩაისახა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა ამგვარი მოძღვრება იყო ჩინელი სახელმწიფო მოხელე შან  იანი, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწეობდა.  XIX საუკუნეში ძალადობის თეორია მეცნიერულ დონეზე დიურინგმა (გერმნელი ფილოსოფოსი), გუმპლოვიჩმა (ავსტრიელი სამართალმცოდნე და სოციოლოგი) და კაუცკიმ (გერმანელი ფილოსოფოსი) დაამუშავეს.

სახელმწიფოს წარმოშობის მთავარ მიზეზად ისინი თვლიდნენ დაპყრობას, ძალადობასა და ერთი ტომის მიერ სხვების დამორჩილებას. ზოგიერთ შემთხვევაში,  ამგვარი მიზეზები გარეშე ხასიათს ატარებდნენ (გარედან მოხვეული ძალადობა), ხოლო, ზოგ შემთხვევაში ძალადობა საზოგადოების შიგნით წარმოიშობოდა (შინაგანი ძალადობა).

შინაგანი ძალადობის დროს  საზოგადოების ერთი ჯგუფი ძალადობრივი გზით იმორჩილებდა უმრავლესობას (გუმპლოვიჩი). გარეშე ძალადობისას სახელმწიფოს არსებობა აუცილებელი იყო დაპყრობილი ხალხებისა და ტერიტორიების სამართავად (ოპენჰაიმერი). 

როგორც წესი ძალადობა გამოიხატებოდა ძლიერი უმცირესობის მიერ მატერიალური ფასეულობების  მითვისებაში:

ხარკის აკრეფაში;
მმართველთა ტერიტორიების გაფართოებაში;
მიწების შემოღობვასა და გლეხების ტერიტორიებიდან აყრაში;
სხვა ფორმის ძალადობაში. 

ძალადობის თეორიის გასამყარებლად მის ავტორებს მოჰყავდათ რომის იმპერიის, მონღოლოთ იმპერიის, დიდი ბრიტანეთის და სხვათა მაგალითები.

ირიგაციული (ჰიდრავლიკური) თეორია – შეიმუშავა გერმანელმა მეცნიერმა კარლ ავგუსტ ვიტფოგელმა. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზი გახდა ის, რომ დიდი მდინარეების (ნილოსი, ტიგროსი და ევფრატი, იანძი და ხუანხე, ინდი და განგი) ნაპირებზე  მიწათმოქმედების  წარმართვამ კოლექტიური შრომა მოითხოვა. 

ცალკეულ გლეხს ან ადამიანთა მცირე ჯგუფს  არ შეეძლო  დიდი მდინარეების რესურების დამოუკიდებლად გამოყენება. ამისთვის აუცილებელი იყო მთელი მოსახლეობის მობილიზაცია, რომელიც ამ მდინარეების გასწვრივ ცხოვრობდა. სწორედ ამ მობილიზაციისთვის საჭირო გახდა სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის ინსტიტუტები უზრუნველყოფდნენ ყველა იმ სამუშაოს ჩატარებას, რომელიც მოსავლის მოყვანას გულისხმობდა. ამგვარი მობილიზაციისთვის სახელმწიფო იძულებული იყო გაეტარებინა მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკა, რაც შემდეგში გამოიხატებოდა: ის იყო მმართველიც, განმანაწილებელიც და აღმწერიც. ამგვარ ფაქტორებს ხელისუფლება უკიდურესს დესპოტიზმამდე მიჰყავდა. 

ირიგაციული თეორიიდან გამომდინარე, შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ გეოგრაფიულ და კლიმატურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს გაჩენისთვის.  

ეკონომიკური თეორიის – ფუძემდებლებად გვევლინებიან კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო ჩამოყალიბდა პირველყოფილი საზოგადოების ეკონომკური განვითარების შედეგად, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფოს და სამართლის გაჩენის მატერიალური პირობები და წარმოშვა სოციალური ცვლილებები საზოგადოებაში.

ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკური განვითარების შედეგად რთულდება საზოგადოებრივი ურთიერთობები, მისი წარმოებითი და განმანაწილებელი სფეროები, მისი „საერთო საქმეები” (ენგელსი). ეს კი მოითხოვს მმართველობის დახვეწას, რასაც სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მივყავართ. 

ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო წარმოიშობა შემდეგ ფაქტორებს ეფუძნება;

გაჩნდა შრომის დანაწილების პრინციპი (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა);
წარმოიშვა ზედმეტი პროდუქტი;
სხვისი შრომის მითვისების გამო საზოგადოება დაიყო კლასებად – ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად;
წარმოიშვა კერძო საკუთრება და ხელისუფლება;
ექსპლუატატორთა ბატონობის შესანარჩუნებლა შეიქმნა ძალადობის სპეციალური მექანიზმი სახელმწიფოს სახით.  

რასობრივი თეორია – შექმნა ფრანგმა სოციოლოგმა ჟოზეფ გობინომ. ამ თეორიის მიხედვით, კაცობრიობა დაყოფილია მაღალ და დაბალ რასებად. პირველნი მოწოდებულნი არიან იბატონონ, ხოლო მეორენი ბრმად დაემორჩილონ მათ. გობინოს აზრით, სახელმწიფოს გაჩენა აუცილებელია ერთი რასის მუდმივი  ბატონობის უზრუნველსაყოფად  სხვა რასებზე. 

ინცესტის თეორიის –  შემქნელად გვევლება ფრანგი ანტროპლოგი კლოდ ლევი-სტროსი, რომლის თანახმადაც, ინცესტის (სისხლის აღრევა; საქორწინო ურთიერთობები ახლო ნათესავებს შორის) აკრძალვა იყო ამოსავალი წერტილი ცხოველთა სამყაროდან ადამიანის გამოყოფისა, საზოგადოების სტრუქტურირებისა და სახელმწიფოს გაჩენისა. თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინცესტის აკრძალვის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. გვარში ამოქმედდნენ სპეციალური ორგანოები, რომელთა დანიშნულებაც იყო ერთი მხრივ, გვარს შიგნით სისხლის აღრევის ძალადობრივი მოსპობა, ხოლო, მეორე მხრივ, ქალთა ურთიერთგაცვლის მიზნით სხვა გვარებთან ურთიერთობის რეგულირება. სწორედ ეს პირველყოფილი ორგანოები გახდნენ სახელმწიფო სტურქტურების წინამორბედნი.  

წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ პედაგოგებისთვის გაგვეცნო ის ძირითადი თეორიები (თუმცა, არა ყველა), რომლებიც სახელმწიფოს წარმოშობას ეხება. მიზანი ამ ნაშრომისა იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლებმა შესძლონ კლასში მუშაობისას გამოიყენონ სტატიაში მოტანილი ინფორმაცია, როგორც რესურსი.  სტატია სხვადასხვა სასწავლო აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მაგ:

შეადარეთ ერთმანეთს მოცემული თეორიები. დაადგინეთ მსგავსებები და განსხვავებები.
რომელი თეორია მიგაჩნიათ თქვენთვის მისაღებად და რომელი მიუღებლად. დაასაბუთეთ, რატომ?
რა პოლიტიკური, ეკონომიკური, კუტურული თუ სხვა მიზეზები გახდა საფუძველი ამ თეორიების შექმნისა?
რა გავლენა იქონია საზოგადოების განვითარებაში ამა თუ იმ თეორიამ?
და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი