შეესაბამება თუ არა ბრალდება სინამდვილეს

ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ბაგრატიონთა დინასტიას საქართველოს სამეფო ტახტი უფლის ნებით ეპყრა. ღმერთთან წილნაყარი, “ღვთივკურთხეული და მირონცხებული” ეს საგვარეულო, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, “მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისათვის თავდადებულობით” იყო ცნობილი (ქართული მწერლობა, 8, თბ., 1990, გვ. 59). ბაგრატიონთა გვარის 30-მდე მეფე, X საუკუნიდან მოყოლებული, სათავეში ერთიან საქართველოს ედგა, 50-ზე მეტი კი ცალკეულ “საქართველოებს” – ქართლს, კახეთსა და იმერეთს – განაგებდა. ღირსებით, სახელმწიფოებრივი მართვა-გამგებლობის უნარითა თუ სხვა თვისებებით, ცხადია, ყველა თანაბარი არ ყოფილა; იყვნენ უფერული და სუსტი მმართველებიც და იყვნენ გამორჩეულნიც, რომელთაც “აღმაშენებლის”, “თავდადებულის”, “ბრწყინვალისა” და “დიდის” სახელი დაიმკვიდრეს. თუმცა, მთლიანობაში, ბაგრატიონები, ვისთანაც საუკუნეთა განმავლობაში ასოცირდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადებითად შევიდნენ და ეს საკამათოდ არ მიიჩნევა. ეს აზრი მკაფიოდ გამოითქვა 1802 წელს კახეთში გამართულ სახალხო ყრილობაზეც, რომელსაც თავადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის მრავალი ათასი წარმომადგენელი ესწრებოდა. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის გასაგზავნ პეტიციაში კახელები წერდნენ: მოწყალეო ხელმწიფევ! მანიფესტით გამოცხადებულია, თითქოს ჩვენ საკუთარი მეფე უარგვეყოს და რუსეთის მფარველობაში შემოსვლა უმეფოდ გვეთხოვოს. “ჩვენს მეფეებს რა დაუშავებიათ, რომ უარვყოთ… ეს ჩვენი აზრი არ არის, მაცთურ კაცთაგან მოგონილიაო” (АКАК, т. I, Тифлис, 1866, გვ. 387-388). ყოველივეს მიუხედავად, რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, თითქოს ქართლ-კახეთის უკანასკნელ მონარქს გიორგი XII-ს საკუთარი სამეფო რუსეთისათვის გადაეცეს.

ჯერ კიდევ 1812 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით, გიორგი XII-ის საფლავზე საქართველოს მთავარმართებელმა, გრაფმა პაულიჩიმ, დაადგმევინა სპილენძის ფილა, რომლის წარწერაშიც ნათქვამია: “მეფე გიორგიმ… თავის ქვეშევრდომთა სიკეთისთვის, მათი სამუდამო კეთილდღეობისთვის, 1799 წ. საქართველო რუსეთის იმპერატორს დაუთმო”. ამ წარწერას ახსენებს რუსი პოეტი მ. ლერმონტოვიც პოემაში “მწირი”: “Такой то царь в такой-то год, вручал России свой народ”.

აღსანიშნავია, რომ აზრი მეფე გიორგი XII-ის მიერ ქვეყნის რუსეთისათვის დათმობის თაობაზე ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც აისახა. მაგალითად, ერთ ხალხურ ლექსში ნათქვამია: “ქალაქ სიონის საყდარი ბაგრატიონთ ააგესა, მათ რომ ქართლი რუსებს მისცეს, ვაი, რა ჭკუა წააგესა”. ან კიდევ: “ღვდელი საყდარში შევიდა, შევიდა და დაიფიცა, წმიდა გიორგი გაუწყრეს, ვინც რომ ქართლი რუსებს მისცა” (ქართული ლიტერატურის მუზეუმი, შალვა ამირეჯიბის ფონდი, საქ. # 26960/27, გვ. 43-44).

ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინამდვილეს.

ჯერ გავარკვიოთ, საიდან იღებს სათავეს და რა საფუძველს ემყარება ეს შეხედულება. ამ მხრივ ერთადერთი სამხილი 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისადმი გაგზავნილი მეფე გიორგი XII-ის მიმართვებია, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში “სათხოვარ პუნქტებად” იწოდება.

რამ განაპირობა “სათხოვარ პუნქტებში” გამოხატული გიორგი XII-ის განზრახვა, “მფარველობითი” ურთიერთობის ნაცვლად ქართლ-კახეთის რუსეთზე “ვასალური” დამოკიდებულება აღიაროს? რა აიძულებდა მეფეს, კიდევ უფრო შეეზღუდა თავისი სუვერენული უფლებები და დაედო “სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად”?

ცნობილია, რომ ქართლ-კახეთი გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგაც მეზობელ იმპერიათა ცილობისა და თავდასხმების ასპარეზად რჩებოდა. ამას ერთვოდა საშინაო სირთულეებიც და ეს ყოველივე სამეფოს დაცემას იწვევდა. პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა კი ერთგვარი გაზვიადებით, ასე აღწერს ქვეყნის მაშინდელ მდგომარეობას: საქართველო ისეთ მძიმე ავადმყოფს ჰგავდა, რომელსაც “ძლივსღა შეუძლია, მკურნალს თავისი სისუსტე ამცნოსო”.
ასეთ ვითარებაში გიორგი XII ხსნას მხოლოდ რუსეთისგან ელოდა, მიაჩნდა, რომ ურუსეთოდ საქართველოში ქრისტიანობა გაქრებოდა. “თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერვინ დაიცავს საქრისტიანოსა… სხვა პატრონი არა გვყავს ჩვენ, გარდა რუსთა ხელმწიფეთა” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978, გვ. 152).

რუსეთის “პატრონობა” მეფეს იმის საწინდრად ესახებოდა, რომ შეინარჩუნებდა ტახტს, მოიგერიებდა გარეშე მტრებს და ქვეყანაში წესრიგსა და სტაბილურობას აღადგენდა. ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, გიორგი ფიქრობდა, რომ “დაპირება მტრისაგან საქართველოს დაცვისა მხოლოდ მაშინ გახდებოდა რეალური, თუკი იგი თავის მრავალ უფლებაზე უარს იტყოდა და თავის სურვილებს მინიმუმამდე დაიყვანდა”.

კერძოდ, რას ითვალისწინებდა “სათხოვარი პუნქტები” ან ნიშნავდა თუ არა ისინი გიორგი XII-ის უარს სამეფო ტახტზე და ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას? ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს სცემს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მამია დუმბაძე. ჯერ კიდევ 1963 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერდა: “ჩვენს განკარგულებაში არსებული მასალის კრიტიკული შესწავლა, განსაკუთებით კი გიორგის მიერ თავისი ელჩებისთვის პეტერბურგში გაგზავნილი “სათხოვართა პუნქტები” 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორისათვის წარსადგენად, არ იძლევა საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ მეფე საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში დავადანაშაულოთ” (М. Думбадзе, Из истории борьбы грузинского народа против колониальной политики царизма, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, # 5, 1963, გვ. 72).

მიუხედავად ამისა, ბრალდება, რომელიც სათავეს გენერალ ლაზარევისგან უნდა იღებდეს, ხოლო შემდეგში რუსულ ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურაშიც გავრცელდა, გიორგი XII-ს მთლად მოხსნილი არა აქვს. გენერალ ლაზარევისგან მომდინარეობს ინფორმაციაც, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის განზრახვა სუვერენულ უფლებათა უკიდურესი შეზღუდვის შესახებ ცნობილი ყოფილა გიორგი XII-ის მრჩეველთა მხოლოდ ვიწრო წრისათვის და ამის თაობაზე თვით მემკვიდრე დავითიც კი საქმის კურსში არ ყოფილა. იგი მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გასცნობია რუსეთის იმპერატორისადმი გიორგის მიერ გაგზავნილ ერთ საიდუმლო წერილს, რომელშიც მეფე რუსთ ხელმწიფეს წლიურ ჯამაგირსა და რუსეთში სოფლების გამოყოფას სთხოვდა. დავითს სასწრაფოდ სამეფო მდივანი თუმანიშვილი დაუბარებია და უკითხავს, “Известен ли он сей бумаге, но как при написании оной царь привел Туманова к присяге, что б никому не объявлять, то сей отвечал, что он не знает; он (Давид, – ო. ჯ.) на сие сказал: Батюшка нас зарезал!” (АКАК, т. I, გვ. 189).

პირველწყაროთა თანახმად, 1799 წლის 7 სექტემბერს გიორგი XII-მ პეტერბურგში წარგზავნილ თავის ელჩებს გარსევან ჭავჭავაძეს, ელიაზარ ფალავანდიშვილსა და გიორგი ავალიშვილს ასეთი “წერილობითი დარიგება” და “გარდაწყვეტილებითი ჰაზრი” მისწერა: “უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელო ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატორო ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978 , გვ. 91).

გიორგი XII-ის დავალებით, ქართველ ელჩებს იმპერატორისაგან უნდა მოეთხოვათ წერილობითი დასტური, რომ “სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი”. ამ ფრაზას, რომელსაც რუსულ ენაზე შემდეგი ფორმულირება მიუღია: “не прекрашать въ доме моемъ царскаго званiя, а допустить царствовать наследственно как это было при предкахъ моихъ” (А. Цагарели, Грамоты и другiе историческiе документы XVIII столетiя, относящiеся до Грузии, т. II, вып. СПБ., 1902, გვ. 287), – გიორგი XII-ის ცხოვრების აღმწერი პლატონ იოსელიანი ასე განმარტავს: “რათა არა გაუქმდეს მეფობა ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარში”. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებულ “დარიგებაში” გიორგი XII დასძენდა: თუ ჩემი ეს თხოვნა გათვალისწინებული არ იქნა, “მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლური ქცევისა”. აქ გიორგი არათუ ტახტის დათმობას აპირებს, არამედ, იმპერატორის მიერ მისი წინადადების მიუღებლობის შემთხვევაში, მზად არის სრულიად გაწყვიტოს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატით გაფორმებული კავშირიც კი და მასთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობით შემოიფარგლოს. სხვათა შორის, მეფობის შენარჩუნებას თავისთვის და მემკვიდრე დავითისთვის გიორგი XII იმპერატორისადმი სხვა წარდგინებაშიც ითხოვდა: “თქვენის იმპ. დიდ-მი განპყრობილი ხელი ჩემი თქვენი დიდებულებისაგან არ უგულებელ იქმნას… და რაგვარადცა თქვენგან მე ვიყო დაუტევებელ, ეგრეთვე მემკვიდრე ჩემი დავით” (ზ. ცქიტიშვილი, გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982, გვ. 150). ამასთან, პავლე I-ისადმი გიორგი XII-ის ნოტაში, რომელიც დათარიღებულია 1798 წლის 30 ივნისით, ლაპარაკია პეტერბურგიდან ქართლ-კახეთის ელჩის გამოწვევის განზრახვაზეც, თუ რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს მეფის თხოვნას და გააჭიანურებს საქართველოს დახმარებას.

“სათხოვარი პუნქტები” რომ მეფის უფლებაზე ხელის აღებას და რუსეთის იმპერიასთან უპირობო შეერთებას არ გულისხმობდა, კარგად აქვს შემჩნეული რუს ისტორიკოსს ნ. დუბროვინს. მისი სიტყვით, გიორგი XII ცდილობდა, რუსეთის ჯარითა და ფინანსებით ესარგებლა და არც მეფობის უპირატესობა დაეკარგა (Н. Дубровин, История войны и владычества русских на Кавказе, т. 3. СПб, 1886, გვ. 239).

საყურადღებოა ალექსანდრე ბატონიშვილის ერთი ცნობაც, რომელსაც დავიმოწმებთ 1803 წლის 1 ივლისით დათარიღებული მისი წერილიდან იმპერატორ ალექსანდრე I-ისადმი. ბატონიშვილი აღნიშნავს: გიორგიმ, “მსასოებელმან ქრისტიანესაგან ხელმწიფისა შევედრა თვისი სახლი, რათამცა დაიცვას მშვიდობასა შინა და არა განსრულიყო მეფობა სახლით ჩვენით” (АКАК, т. II, გვ. 156).

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის ე. ხოშტარია-ბროსეს მიერ მიკვლეულ საარქივო დოკუმენტში, რომელიც “სათხოვარი პუნქტების” ერთ-ერთ ვარიანტადაა მიჩნეული, ასევე აღნიშნულია: გიორგი XII “ქვეშევრდომებრივ ითხოვს მიღებასა თანა მისისა სამეფოისასა იყოს იგი დატევებულ და შემდგომად მისა მემკვიდრენიცა მის მისნი მეფედ ტახტსა ზედა ხარისხითა მეფობისათა” (ე. ხოშტარია-ბროსე, რუსეთი და საქართველო “ტრაქტატიდან” შეერთებამდე, კრებულში “ქართული დიპლომატია”, წელიწდეული, 6, 1999, გვ. 33).

ქართლ-კახეთის მეფის “სათხოვარი პუნქტების” მთავარი დებულება იყო, რომ რუსეთს საქართველო სამუდამო მფარველობაში მიეღო, ხოლო საქართველოს ტახტი, აგრეთვე სამუდამოდ, გიორგის ჩამომავლობის ხელში დარჩენილიყო (შ. ამირეჯიბი, ადამიანები და საქმენი, ჟურნ. „კავკასიონი”, პარიზი, 1930, წგნ. მეოთხე, გვ. 51).

მკვლევარი რ. ლომინაძე მიიჩნევს, რომ “გიორგი XII რუსეთს “მფარველობითი ტრაქტატის” ნაცვლად “ქვეშევრდომობის ნოტას” სთავაზობდა, რაც ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეზღუდული ავტონომიური სახელმწიფოებრივი ერთეულის სახით შესვლას გულისხმობდა” (რ. ლომინაძე, რუსეთის ბატონობის დამყარება საქართველოში, თბ., 2000, გვ. 110).

ზურაბ ავალიშვილის აზრით, საქართველო ესწრაფოდა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატზე უფრო “მჭიდრო დაახლოებას”, რათა ამ გზით მაინც დაეყოლიებინა რუსეთი ქართლ-კახეთის დაცვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (З. Авалов, Присоединение Грузии к России. СПб., 1901, გვ. 195).

ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ქართველი ელჩების მიერ პეტერბურგში “სიტყვიერად წარდგენილი” “სათხოვარი პუნქტების” სახელით ცნობილი ქართლ-კახეთის მეფის ნოტა გადამუშავებული და რედაქტირებულია საიმპერატორო კარის მაღალ რუს მოხელეთა მონაწილეობით. ამას გვაფიქრებინებს იმპერატორ პავლე I-ის ფრაზა გენერალ კნორინგისადმი საიდუმლო რესკრიპტიდან: “Дело сие трактуются здесь”, – და ისიც, რომ პავლემ 1800 წლის 15 ნოემბერს ზუსტად იცის, რა ეწერება ორი დღის შემდგომ, 1800 წლის 17 ნოემბერს, მისთვის ოფიციალურად წარსადგენ გიორგი XII-ის ნოტაში (П. Бутков, Матерiалы для новой истори Кавказа съ 1722 по 1803 годъ, кн. II. СПб., 1869, გვ. 462).

ქართველი მეფე-მთავრები და მათი “საგარეო ურთიერთობათა სამსახურები” XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ნაკლებად იყვნენ ჩახედულნი ახალი დროის დიპლომატიურ ლაბირინთებში, აკლდათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება. რაფიელ ინგილოს სიტყვით, “მეფე გიორგიცა და მის ახლო მდგომნიც კმასაყოფელად ვერა ყოფილან დახელოვნებულნი საერთაშორისო უფლების ნომენკლატურაში”. არადა, დიპლომატიური დოკუმენტის შინაარსს მხოლოდ მასში გამოყენებული ცნებების დეფინიცია როდი განსზღვრავს; ზოგჯერ ამ მხრივ ერთი შეხედვით უბრალო ენობრივი ნიუანსიც კი შეიძლება მნიშნელოვანი გამოდგეს. რუსულ დიპლომატიურ ლექსიკაში ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროიდან აღინიშნა დიდი ცვლილება, დაიწყო ევროპული ტერმინოლოგიის დანერგვა და მათი საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში გამოყენება, რაც ჯერ კიდევ უცხო იყო ქართული სინამდვილისათვის. ასე რომ, ამ საქმეში დიდად გაწაფულ რუს დიპლომატებს, “რაკი რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა” (ი. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თბ., 2006, გვ. 45), არ გაუჭირდებოდათ აქცენტების იმგვარად გადანაცვლება, რომ გიორგი XII-ის “სათხოვარი პუნქტებიდან” მათთვის სასურველი ტექსტი მიეღოთ. ამ ფორმისა და შინაარსის ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის მფლობელობას აღმოსავლეთ საქართველოში კანონიერ საფუძველს შეუქმნიდა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც რუსეთის არქივებში მოიძია და გამოსცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მასალები, ხსენებული ნოტის გამო აღნიშნავს: გიორგი XII-ის მიერ თავისი ელჩებისადმი მინიჭებული რწმუნებულებით, ელჩებმა ორ ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის განახლება, – ო. ჯ.) 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 6 პუნქტისაგან შემდგარი ნოტა წარადგინეს. სწორედ ამ ნოტაში ჩამოყალიბებულ ძირითად დებულებათა განვრცობით პეტერბურგში შეიქმნა უკვე 16 პუნქტის შემცველი “სათხოვარი პუნქტები” (А. Цагарели, დასახ. წიგნი, გვ. XXXVII).

“სათხოვარ პუნქტებში” ფორმულირებული წინადადება “навсегда принять подданство Всероссийской империи” რუსეთის საიმპერატორო კარმა ისეთი შინაარსით აღიქვა, როგორც თვითონ სჭირდებოდა: თითქოს ქართლ-კახეთი იმპერიის შემადგენლობაში შესვლას უბრალო ტერიტორიის სახით, ყოველგვარი იურიდიული სტატუსისა და უფლებრივი მდგომარეობის გარეშე ითხოვდა. რუსებმა გიორგი XII-ის ნოტა მეფის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობის სრული უარყოფის აქტად მიიჩნიეს, რისი მსგავსიც იქ არაფერია. რა კომპრომისულიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ნოტა 1783 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით, იგი მაინც არ ამტკიცებს მეფის მიერ სუვერენობაზე სრულიად ხელის აღებას. “მასში სულაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს სუვერენობის უარყოფა, ე. ი. თვითმკვლელობა” (ა. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველო, ტ. I, პარიზი, 1951, გვ. 173-174).

ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ გიორგი XII არც მეფობის დათმობის, არც თავის შემდგომ ტახტის გაუქმებისა და არც ბაგრატიონთა დინასტიის შეწყვეტის მოსურნე არ ყოფილა. ამასთან, ცნება “ქვეშევრდომობა” (“подданнство”) იმ დროს ფრიად ეფემერული ხასიათისა იყო, მოიცავდა არა მხოლოდ სრულ ინკორპორაციას, მოხარკეობას, ვასალიტეტ-სიუზერენიტეტის სტატუსს, არამედ ნამდვილ მფარველობითს ურთიერთობასაც, რომელიც არ უკარგავდა პროტეჟეს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს (ლ. ალექსიძე, საქართველო-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1983, გვ. 178). მაშასადამე, გაირკვა, რომ გიორგი XII-ს აზრად არ ჰქონია ქართლ-კახეთის უმეფოდ დატოვება, ყოველ შემთხვევაში, მისი წარდგინებები რუსეთის იმპერატორისადმი ამას გამორიცხავს, რადგან სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ახლა განვიხილოთ, “გადასცა” თუ არა მან საკუთარი ქვეყანა რუსეთის იმპერიას. დავუშვათ, რაღაც ამის მაგვარი მართლაც იკითხება ე.წ. სათხოვარ პუნქტებში. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ნოტის სახით საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს დესპანებმა გარსევან ჭავჭავაძემ, ელიაზარ ფალავანდიშვილმა და გიორგი ავალიშვილმა წარუდგინეს და მას არ ჰქონდა გიორგი XII-ის ხელმოწერა. ნოტა 1800 წლის 17 ნოემბერს ჯერ აპრობირებულ იქნა იმპერატორ პავლე I-ის მიერ, შემდეგ კი გამოიგზავნა თბილისში, რათა იგი გიორგი XII-საც დაედასტურებინა (“სათხოვარი პუნქტების” აპრობაცია დიპლომატიური ხერხი იყო, თორემ საიმპერატორო კარს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის შემოერთების საკითხიო, შენიშნავს რუსი ისტორიკოსი ო. მარკოვა. О. Маркова, Присоединение Грузии к России в 1801 году, Историк-марксист, 1940, № 3,გვ. 79). თუ დოკუმენტის ტექსტს ქართლ-კახეთის მეფეც მოიწონებდა და მასზე ოფიციალურად ხელს მოაწერდა, ამ შემთხვევაში იგი იურიდიულ ძალას შეიძენდა. მაგრამ საქმე არც ამით მთავრდებოდა – ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მომზადებულიყო და გაეფორმებინათ ახალი ორმხრივი ხელშეკრულება _ “ორითავე მხრით საიმპერატორო აქტი” (“Обоюдный императорский акт”).

ჩვენ არ ვიცით, როგორ სახეს შეიძენდა თბილისში პეტერბურგიდან ჩამოტანილი “სათხოვარი პუნქტები”, რას მიიჩნევდა მიუღებლად ქართველი მეფე, ან შეცვლიდა თუ არა საერთოდ რამეს დოკუმენტის რუსულენოვან ვერსიაში. მით უმეტეს, მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება იმის თაობაზე, რა შინაარსისა იქნებოდა საბოლოო შეთანხმების დოკუმენტი. გიორგი XII 1800 წლის 28 დეკემბერს ისე გარდაიცვალა, რუსეთიდან გამოგზავნილი “თავისი” სათხოვარი პუნქტები თვალით არ უნახავს და, ბუნებრივია, მასზე არც ხელი მოუწერია. ამდენად, ამ საბუთს იურიდიული ძალმოსილება არ შეუძენია, იგი მხოლოდ ისტორიულ რელიკვიად დარჩა (უფრო მეტი მნიშვნელობითა და ფასით რუსეთისათვის, ვიდრე საქართველოსთვის). შესაბამისად, არ გაფორმებულა არც მომდევნო შეთანხმების დოკუმენტი – ორმხრივი საიმპერატორო აქტი.

რაკი ამგვარი აქტი ბუნებაში არ არსებობს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან ინკორპორაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ნებაყოფლობით შეერთებად. აქედან გამომდინარე, სამშობლოს ღალატში უსაფუძვლო ბრალდება თავისთავად ეხსნება გიორგი XII-ს, რომელსაც ქვეყანა არავისთვის გადაუცია. გიორგი გარდაიცვალა როგორც სუსტი და უფლებაშეკვეცილი, მაგრამ რეალურად ცალკე არსებული ქართული სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი მეფე.

კომენტარები

comments