ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეკლამის დროს დაწერილი ისტორია

რეკლამა
თუ გიყვართ? გეთანხმებით, არც
მე, თუმცა იძულებულნივართ, ვუყუროთ, ხანდახან მაინც, როდესაც საინტერესო
გადაცემის ყურებას უბოდიშოდ გვაწყვეტინებენ და ათასი რამისკენ მოგვიწოდებენ. ახლაც
სწორედ ასე, უბოდიშოდ გაწყვიტეს გადაცემა, ეკრანიდან ჯერ ხელების დაბანისკენ მოგვიწოდეს,
მერე სახის კანის იმგვარად დარბილება შემოგვთავაზეს, რომ თოთო ბავშვისას დამსგავსებოდა,
ბოლოს სარეცხ ფხვნილებზე გადავიდნენ და შეგვახსენეს, რა არის საჭირო იმისთვის, სუფთად
რომ გვეცვას. ერთი სიტყვით, მთელი ბლოკი საბან და სარეცხ საშუალებებს მიუძღვნეს…
ჩემმა სტუდენტებმაც სწორედ დღეს დამოუკიდებლად მოხარშეს ლაბორატორიაში საპონი და ძალიან
ამაყობდნენ ამით.

 

ალბათ
გაიოცებთ, სად ლაბორატორია და სად რეკლამაო. რეკლამა მართლაც არაფერ შუაშია; უბრალოდ,
ისე მოხდა, რომ სწორედ მისი ყურებისას ვწერ ამ წერილს – საპნის ისტორიაზე.

თუ
დაგაინტერესეთ, დავიწყებ.

 

ჩვ.
წ. აღ-მდე გალელი და გერმანელი ტომები საპონს თხის ქონისა და წიფლის ნაცრისგან ამზადებდნენ.
ისტორიულ წყაროებში ისიც არის ნათქვამი, რომ ამ ველურმა ტომებმა ქონისა და ნაცრისგან
შესანიშნავი საცხის დამზადება იცოდნენ, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
მართალია, ეს ტომები რომის იმპერიას ემორჩილებოდნენ, მაგრამ საცხის დამზადების რეცეპტს
ალბათ საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან რომაელები ტანს ნაცრით ან დაფქული ცარცით იბანდნენ.

გაინტერესებთ,
რით აიხსნება ნაცრის რეცხვითი უნარი?

 

ნაცარი
დიდი რაოდენობით შეიცავს პოტაშს – K2CO3-ს, კალიუმის კარბონატს,
რომელიც წყალში გახსნისას ჰიდროლიზდება:

K2CO3+H2O KHCO3+KOH

CO32-+H2OHCO3+OH

ტუტეები
ხელს უწყობს რთული ეთერების, მათ შორის – ცხიმების, ჰიდროლიზს. ჰიდროლიზის შედეგად
მიიღება წყალში ხსნადი ცხიმოვანი მჟავას კალიუმის მარილი და გლიცერინი.

 

ლეგენდის
თანახმად, საპონი რომაელებმა გამოიგონეს. ძველ რომში საპოს (Sapo) მთაზე მსხვერპლშეწირვა
აღესრულებოდა – ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად და წვავდნენ. წვის დროს გამოყოფილი
ცხოველური ცხიმი ხის ნაცარს ერეოდა, წვიმის დროს კი ეს მასა მდინარე ტიბრში ჩაედინებოდა,
სადაც ხალხი თეთრეულს რეცხავდა. მათ შეამჩნიეს, რომ ქაფიანი წყლით სარეცხი უკეთესად
ირეცხებოდა, ეს ღმერთების საჩუქრად მიიჩნიეს და ამ წყალში ბანაობაც დაიწყეს, თუმცა
დაკვირვებულ ადამიანს წყლის აქაფების მიზეზის დადგენა არ გაუჭირდებოდა (სურ. 1. რომის
მოქალაქე). სიტყვა
საპონიც(იტალ. sapone) სწორედ ამ მთის სახელიდან მომდინარეობს.

 

რომის
დაცემის შემდეგ საპონი მრავალი საუკუნის განმავლობაში მივიწყებული იყო. მისი წარმოება
მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყო და მას მხოლოდ მცოდნე აფთიაქარები ამზადებდნენ.

მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში სარეცხად ხმარობდნენ კვერცხის გულს, ცხელ რძეს, ლუდის საფუარს,
ცხოველის შარდს (შარდი დროთა განმავლობაში ამიაკად და ურეატებად იშლება, რაც წყლის
აქაფებას იწვევს), ზოგიერთი მცენარის ფესვებსა და ნაყოფს (სურ. 2) (დადგენილია, რომ
ზოგიერთი მცენარე საპონინებს – ბუნებრივ გამრეცხ ნივთიერებებს – შეიცავს), ხარის ნაღველს
(ტანსაცმელს ხარის ნაღველში აწყობდნენ, შემდეგ წყალში გაავლებდნენ, გაშრობისას ქვიშას
აყრიდნენ და ჯოხს ურტყამდნენ; ასეთი მეთოდით დამუშავებულ ტანსაცმელს წყალში აწყობდნენ,
დააყრიდნენ ნაცარს და რამდენიმე დღით ტოვებდნენ (სურ. 3).

 

ჰამბურგში
განათლებით ქიმიკოსმა ჰ. შვარცკოფმა გახსნა
შვარცკოფის მაღაზია, სადაც სამკურნალო საშუალებებთან ერთად პარფიუმერიული
ნაწარმიც იყიდებოდა. 1905 წლისთვის მაღაზია დიდ კომპანიად იქცა. პირველმა სწორედ შვარცკოფმა
შექმნა თხევადი საპონი და შამპუნი.

 

საიდან
დაებადა მას შამპუნის შექმნის იდეა?

ეს
აზრი მას ბუნებრივმა ნივთიერებებმა – საპონინებმა შთააგონა, რომლებსაც აქაფება ახასიათებს
(სურ. 4).

 

შუა
საუკუნეებში ევროპაში საპონი პოპულარული არ ყოფილა. მე-18 საუკუნემდე საფრანგეთის არისტოკრატიას
მიაჩნდა, რომ ჰიგიენის ეს საშუალება კანს აზიანებდა. მარსელსა და ნეაპოლში საპონს ზეითუნის
ზეთისა და სოდისგან ამზადებდნენ (ზეითუნის ზეთს ზეთისხილის მარტივი დაწნეხით იღებდნენ
და მას პროვანსულს უწოდებდნენ). ინგლისში კი 1399 წელს მეფე ჰენრი IV-მ შემოიღო საპატიო
ორდენი, რომლის მფლობელებიც აბანოში საპნით დაბანის უფლებით სარგებლობდნენ.

 

რით
განსხვავდება ინდუსტრიული საპონი კუსტარულისგან?

ქიმიური
რეაქცია ცხიმსა და ნაცარს (ან სოდას) შორის წარმოადგენს შესაპვნის რეაქციას, რომლის
შედეგადაც საპონი და გლიცერინი წარმოიქმნება. საპონს აქვს გამრეცხი თვისება, გლიცერინი
კი მას სასარგებლოს და სასიამოვნოს ხდის.

გარდა
ამისა, ხელით დამზადებულ საპონში შესაძლებელია ეთერზეთების, თიხის, სამკურნალო ბალახების
დამატება.

 

ხელით
დამზადებული საპნის pH ახლოს არის ნეიტრალურთან.

პალმიტინის
მჟავა საპონს სიმაგრეს აძლევს, ოლეინის მჟავა – ცივ წყალში ხსნადობას და რეცხვით უნარს;
სტეარინის მჟავა აძლიერებს რეცხვით უნარს ცხელ წყალში.

თანამედროვე
საპნები ნატრიუმის პალმიტატისა და სტეარატის საფუძველზეა დამზადებული. ინდიკატორის
საშუალებით განისაზღვრება ზოგიერთი საპნის ხსნარის pH მაჩვენებელი (სურ. 5).

 

ქოქოსის
ზეთზე დამზადებული საპონი ცივ წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მასში შემავალი ლაურინის
მჟავა კანს აღიზიანებს.

რატომ
არ იყენებენ საპნის წარმოებაში ღორის ქონს?

ღორის
ქონზე დამზადებული საპონი მალე ფუჭდება, რადგან უჯერ ლინოლენის მჟავას – C17H29COOH-ს
– შეიცავს.

2005
წელს დიდ ბრიტანეთში შექმნეს საპონი, რომლის შემადგენლობაში კოფეინი და პიტნის ზეთი
შედის. მიზანი? – ადამიანს გამოფხიზლებაში დაეხმარონ.

როგორ მივიღოთ საპონი ლაბორატორიაში?

ჭიქაში მოვათავსოთ 5-6 გ ერბო ან ცხოველური
ცხიმი, დავუმატოთ 8 მლ სპირტი და 12-15 მლ ნატრიუმის ტუტის (ან სოდის) კონცენტრირებული
ხსნარი. ნარევი ნელა ვადუღოთ. გაცივებისას ხსნარს 10-15 მლ სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარი
დავამატოთ. ხსნარის ზედაპირზე საპონი გამოიყოფა. ამ პროცესს გამომარილება ეწოდება.
მიღებული საპონი ქსოვილზე გადმოვწუროთ (სურ. 6).

KOH-ის გამოყენებით თხევადი საპონი მიიღება.

 

რა
რჩება ჭიქაში საპნის გამოყოფის შედეგად?

ჭიქაში
რჩება გლიცერინის შემცველი სითხე. ამაში დასარწმუნებლად დავუმატოთ მას NaOH-ის, მერე
კი CuSO4-ის ხსნარები. რეაქციის შედეგად ლურჯი ფერის სპილენძის გლიცერიდს
მივიღებთ. შეახსენეთ თქვენს მოსწავლეებს – ეს მრავალატომიანი სპირტების თვისებითი რეაქციაა
(სურ. 7).

 

საპონი
უმაღლესი კარბონმჟავების ხსნადი მარილებია, მაგრამ კარბონმჟავები, იმის გამო, რომ სუსტ
მჟავებს წარმოადგენს, ადვილად გამოიყოფა ძლიერი არაორგანული მჟავების დამატებით.

 

სინჯარაში
მოთავსებულ საპნის ხსნარზე გოგირდმჟავას (ან მარილმჟავას) დამატებისას სტეარინმჟავა
გამოიყოფა (სურ. 8).

 

რისგან
ამზადებენ სარეცხ ფხვნილებს?

სარეცხი
ფხვნილები სინთეზური გამრეცხი საშუალებებია, რომლებიც აადვილებს რეცხვას როგორც რბილ,
ასევე ხისტ წყალში.

 

სინთეზური
გამრეცხი საშუალებები სინთეზური მჟავების – სულფომჟავების, უმაღლესი სპირტების რთული
ეთერებისა და გოგირდმჟავა ნატრიუმის მარილებია.

 

აი, ასე, რეკლამაც დასრულდა და გადაცემას
დავუბრუნდები, თქვენ კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი