სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

სიცილია

სტუდენტებს ვკითხე, რა სმენოდათ სიცილიის შესახებ. უმრავლესობამ ერთადერთი სიტყვა მითხრა:

– მაფია…

დიახ, მაფია სიცილიაზე ჩაისახა და განვითარდა. კიდევ რამე მითხარით-მეთქი. სხვა ვერაფერი თქვეს.

აი, მაგალითად, არქიმედე მშობლიურ ქალაქ სირაკუზას ამობურცული სარკეებით იცავდა, იცოდით?

„სიცილიური თავდაცვა“? ჭადრაკში არ არის? დიახ, არაბების მრავალხნიანი ბატონობის გავლენით, შუა საუკუნეებში სიცილია ჭადრაკის ცენტრი იყო.

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე სიცილია ერთი დიდი კუნძულია. გასაგებია, რომ დღეს იტალიის ნაწილია. მანამდე, სიცილიის დასაკუთრება სცადა ყველამ, მაგ. ვიკინგებმა. აი, სად სიცილია და სად დანია, მაგრამ არ დაეზარათ.

ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ბერძნები კუნძულს სამკუთხედის ფორმის გამო „სამკუთხედს-ტრინაკრიუმს“ ეძახდნენ. ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია. ზოგჯერ კუნძულს „სიროკო“-საჰარის ქარი სტუმრობს. ადრე სიცილიაზე ბევრი ტყე ყოფილა, მერე რომაელებსა და სხვა კოლონიზატორებს აუჩეხიათ, რათა სასოფლო სამეურნეო მიწებად გადაეკეთებინათ.

კუნძულის 80% ბორცვები და მთებია, რომელთა უმაღლეს წერტილად ვულკანი „ეტნა“ ითვლება. ეს კუნძული ისტორიული მონაცემებით 200-ზე მეტჯერ ამოფრქვეულა. დღესაც აქტიურია და მისი სიმაღლე სულ იცვლება. ძველბერძნულ მითებში ნაყოფიერების ქალღმერთი პერსეფონე ჰეპესტოსმა სიცილიაზე მოიტაცა და მიწისქვეშა სამყაროში წაიყვანა.

ეტნა ჰეფესტოსის სამჭედლოს ჩიბუხია. პერსეფონე ყოველ წელს ბრუნდება მიწაზე და თან ბუნების გამოღვიძება მოაქვს. ბერძნებმა კუნძულზე ყოფნისას მონეტის გამოშვება დაიწყეს, ეს იყო მედუზას თავი, საიდანაც სამი მორბენალი ფეხი გამოდიოდა. ეს ფეხები სამკუთხედ კუნძულს და ბუნების მუდმივ მოძრაობას ასახავდნენ. ეს სიმბოლო დღესაც ამშვენებს სიცილიის დროშას.

წეღანაც ვახსენე, მათემატიკის ფუძემდებელი არქიმედე სიცილიელი გახლდათ. დაიბადა და გარდაიცვალა სირაკუზაზე – სიცილიის მთავარ ქალაქში. ეს ბერძნების ერთ-ერთი მთავარი ქალაქიც იყო მისინას შემდეგ. ჩვ. წ.ა. მესამე საუკუნეში, არქიმედეს დროს, სირაკუზა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ბერძნულ ქალაქად ითვლებოდა. გასაგებია, რომ ბერძნები კოლონიზატორები იყვნენ, მოვიდნენ, დაიპყრეს და იპარპაშეს. თუმცა, თეატრები, ტაძრები, წყალგაყვანილობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მოწყობილი. აი, სიმშვიდე არ ჰქონიათ. ბერძნული ქალაქი სახელმწიფოები მუდმივ ომში იყვნენ კართაგენლებთან.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“ – გსმენიათ, არა? ეს კატონ უფროსი გუგუნებდა რომის სენატში. ჰოდა, მანამდე იბუბუნა, სანამ მესამე პუნიკური ომი არ წამოიწყო. პუნიკური ომები (ძვ. წ. 264-ძვ.წ. 146) რომსა და კართაგენს შორის მძვინვარებდა. რომაელები კართაგენლებს პუნებს უწოდებდნენ, აქედან მოდის ეს სიტყვაც „პუნიკური“.

პირველი პუნიკური ომი კი სწორედ სიცილიის დასაპყრობად გაიმართა. მეორე პუნიკური ომის დროს რომაელებმა სირაკუზას ალყა შემოარტყეს. არქიმედე მშობლიური ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა. შექმნა სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის უზარმაზარი კაუჭი, რომელიც დიდ ზამბარებზე ტრიალებდა – „არქიმედეს ბრჭყალი“. ეს მოწყობილობა მტრის გემებს იღებდა წყლიდან და შორს მოისროდა ხოლმე. ლეგენდის თანახმად, მან ასევე შექმნა უზარმაზარი ამობურცული სარკე (სარკეები), რომლებიც მზის სხივებს ირეკლავდნენ და მტრის ხომალდების აფრებს ცეცხლის ალში ხვევდნენ. სხვები ამბობენ – რა სარკეებიო, კაცო, „ბერძნულ ცეცხლს“ უშენდნენ სირაკუზადანო.

სირაკუზა მაინც აიღეს. 78 წლის არქიმედე თავის სახლში მორიგ ნახაზზე მუშაობდა, როცა მასთან რომაელი ჯარისკაცი შეიჭრა. არქიმედემ დაუყვირა: „Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავდა, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს. ჯარისკაცმა ან ვერ გაიგო, რა უთხრეს, ან ნეტა ერთი შენო, იფიქრა და ადგილზე განგმირა არქიმედე.

სიცილია პირველი რომაული პროვინცია იყო. იგი შემდეგი 600 წლის განმავლობაში რომს ამარაგებდა მარცვლით, ზეთის ხილითა და ღვინით. რომაელების პატრონობა სიცილიაზე იქ არაბების მისვლით დასრულდა. არაბებს იმ დროისთვის ჩრდილოეთ აფრიკა უკვე დამორჩილებული ჰქონდათ.

826 წელს ვინმე ევფიმიუსმა, რომელიც სიცილიაზე ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა, ერთი მონაზონი შეიყვარა. მანამდე ცოლი მოკლა და ეს მონაზონი აიძულა, მისი ახალი ცოლი გამხდარიყო. იმდროინდელმა იმპერატორმა მიხეილ მეორემ რომ ეს შეიტყო, გაბრაზდა, ქორწინება ბათილად ცნო და ევფიმიუსს ცხვირი მოაჭრა. ესეც აფრიკაში გაიქცა, იქ არაბებს ამბავი მიუტანა. იმათაც რა ენაღვლებოდათ, საბაბი ნახეს და სიცილიისკენ დაიძრნენ. 902 წელს მთელი სიცილია არაბების ხელში გადავიდა. პალერმო კი სიცილიური ემირატის დედაქალაქი გახდა. ევროპამ შაქარი მანამდე ვერ გაიცნო, სანამ კოლუბმმა ამერიკა არ აღმოაჩინა. აი, სიცილიაზე კი ძველი დროიდან იცოდნენ შაქარი.

მეთერთმეტე საუკუნეში, სიცილია არაბებს ნორმანდიელებმა წაართვეს. ამავე დროს, ბიზანტიელებს იტალიის სამხრეთი მოსტაცეს. წარმოიქმნა სამეფო – სიცილია, რომელიც 12-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი ევროპული სახელმწიფო გახდა. სიცილიის მეფე ფლობდა აფრიკის ნაწილს და იტალიური „ჩექმის“ ნახევარს. ანჟუს მეფე კარლოს პირველმა სცადა სიცილიის მეფის დაჩაგვრა, მაგრამ არ გამოუვიდა, აჯანყებამ ჩაახშო მისი მცდელობა.

ზემოთ დავწერე სიცილია მარცვლეული კულტურების სერიოზული მწარმოებელი გახდა-მეთქი. ალბათ, აქედან არის იმის გავლენაც, რომ შემდეგ ამ მარცვლეულიდან ბლომად პასტა დაამზადეს.

წარმოვიდგინოთ, რომ პასტის (იგივე მაკარონის) სალათას გეახლებით. შემადგენლობა – მაკარონი, მაიონეზი, ძმარი, ბოსტნეული, მდოგვი. ფაქტობრივად ნარევი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შედგება ბევრი კომპონენტისგან, სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს თავის ქიმიურ თვისებებსა და შედგენილობას.

ასეთივე ნარევის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტალახი, სადაც წყალი და მიწაა შერეული, მაგრამ თითოეულს თავისი შემადგენლობა შენარჩუნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიწის რაღაც კომპონენტები შეიძლება წყალში გაიხსნას.

ან, მაგ. გოგირდსა და რკინას თუ უბრალოდ ერთმანეთში შევურევთ, მხოლოდ ნარევს მივიღებთ.

და თუ გავაცხელებთ, უკვე ახალო ნაერთი წარმოიქმნება.

აი, მაკარონის სალათა კი ნარევების ნარევი გამოდის, რადგან მაგ. მაიონეზი და მდოგვი, თავად წარმოადგენენ ნარევებს. ე.ი. სამი ტიპის ნარევი შეიძლება გამოვყოთ ამ სალათაში – ხსნარი, კოლოიდი და სუსპენზია. სუსპენზიის მაგალითად მდოგვი მოვიყვანოთ, რადგან ძირითად ფაზაში შეინიშნება მსხვილი შემადგენელი ნაწილაკები – მდოგვის მარცვლები, წიწაკა, სანელებლები, ძმარი და წყალი. ხსნარის შემადგენელი ნაწილაკები მცირე ზომისაა და ფაქტობრივად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მაგ. ძმარი არის ხსნარი, სადაც ძმარმჟავას მოლეკულები შერეულია წყლის მოლეკულებთან. მოლეკულების თვისება არ არის შეცვლილი, უბრალოდ ერთიანად არიან ერთმანეთში გადანაწილებულნი. მარილის წყალხსნარი, ასევე ჭეშმარიტი ხსნარის მაგალითია. კოლოიდები ხსნარებსა და სუსპენზიას შორის შუალედურ ადგილზეა. მაიონეზს დავამზადებთ, თუ ავიღებთ ზეთს, წყალს (და ესენი ერთმანეთს ვერ შეერევიან), თუმცა ემულგატორის მეშვეობით მათი გაერთიანება შეიძლება. მაიონეზის შემთხვევაში ეს ლეციტინია, რომელსაც კვერცხი შეიცავს. ათქვეფილი ნაღები, თმის ლაქი, ქაფპლასტი, ჟელე ასევე კოლოიდები არიან. ახლა, თუ სალათაში შემავალ ბოსტნეულს ჩავშლით ნაწილებად, უამრავი ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება გამოგვივა, რომლებსაც ამ კერძში თავისი პირვანდელი თვისება და შედგენილობა აქვთ შენარჩუნებული. მაგ. აქ იქნება რთული ნახშირწყლები, ცილა ფერმენტები, ვიტამინები და წყალი.

ქიმიურად უკვე ეს ნივთიერებები ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განაგრძობენ გარდაქმნას.

და… თუ თქვენ მეტყვით, რომ ასეთი სალათა მაიონეზის გამო არაჯანსაღია ან კიდევ შეიძლებოდა სხვა ინგრედიენტების დამატება….

მე გიპასუხებთ:

„Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავს, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს.

ოღონდ, არქიმედესავით არ მომკლათ, თქვენი ჭირიმე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“