შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პირველი EdCump საქართველოში

მასწავლებლისთვის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გამოცდილების გამდიდრებისა თუ გაზიარების მიზნით, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა თემატიკის კონფერენციაში, სემინარსა და მასტერ-კლასში.

კონფერენციის თანმიმდევრობა, უმეტეს შემთხვევაში, ყველგან ერთნაირია. არიან მომხსენებლები და მსმენელები. მომხსენებლები, წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით წარმოადგენენ თემებს, რის შემდეგაც იწყება კითხვა-პასუხის რეჟიმი.

ამ სტატიაში მოგიყვებით გამოცდილების გაზიარებისა თუ გამდიდრების უნიკალურ პლატფორმაზე, რომელიც საქართველოში გასული წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა. განსხვავებული შინაარსის კონფერენციას (სინამდვილეში ის კონფერენცია არ ყოფილა), 26-27 ნოემბერს, ბათუმმა უმასპინძლა სახელწოდებით „ედკამპ-საქართველო“ – EdCamp Georgia.

რა არის EdCamp და რაზეა დაფუძნებული მისი კონცეფცია?

პირველად მასწავლებლები განსხვავებული შინაარსის კონფერენციის ირგვლივ 2010 წელს, აშშ-ში გაერთიანდნენ[i]. ამერიკელმა მასწავლებლებმა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალური განვითარებისა და დახელოვნების მიზნით, ალტერნატიული კონფერენციის მოწყობა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, „ედკემპის“ მოძრაობა 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

EdCamp-ის კონცეფცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს[ii]:

  • უანგარობას – მონაწილეებისთვის პროექტში ჩართულობა და თანამონაწილეობა სრულიად უფასოა;
  • დამოუკიდებლობას – საკუთარი შეხედულებისა და პოზიციის თავისუფლად გამოხატვის, დაცვის საშუალება;
  • ინიციატივის თავისუფლებას – ყველას ეძლევა საშუალება იყოს EdCamp-ის მასპინძელი. იქნება ეს სკოლა, პედაგოგთა თანასაზოგადოება, თუ ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე;
  • მუდმივ ცვალებადობას – EdCamp-ის პროგრამა ცვალებადია, განრიგის საბოლოო ფორმირება შესაძლოა ღონისძიების ჩატარების დღეს მოხდეს. თითოეული ცვლილება თემის თუ ორგანიზების ნაწილში თანხმდება მონაწილეებთან;
  • გააზიარე ცოდნა და გამოცდილება – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (იქნება ეს მასწავლებელი თუ განათლების სფეროთი დაინტერესებული პირი) აქვს შესაძლებლობა მსმენელების წინაშე, სპიკერის ამპლუაში წარდგეს;
  • „ორი ფეხის“ პრინციპი – მონაწილეები თავად წყვეტენ, რომელ სესიაზე სურთ დასწრება. თქვენ შეგეძლებათ ერთი პარალელის ფარგლებში ორ სხვადასხვა მოხსენებას დაესწროთ იმის მიხედვით, თუ რომელი თემაა ყველაზე აქტუალური თქვენთვის.
  • EdCamp ეფუძნება სრულ თავისუფლებას – თქვენ წყვეტთ, როგორ გაატაროთ დღე ღონისძიების ფარგლებში. იქნება ეს სესიაში მონაწილეობის მიღება, პროფესიული კონსულტაციების გავლა თუ ახალი, საინტერესო კონტაქტების შეძენა.

EdCamp-ის საერთაშორისო ლოგო ცეცხლოვანი ვაშლია, რაც ცოდნის წყურვილთან ასოცირდება. თითოეულ ქვეყანას, ღონისძიებას, შეუძლია საკუთარი, ინდივიდუალური ლოგო ჰქონდეს. ლოგოს ერთიან სიმბოლოდ რჩება ვაშლი, რომელსაც ყველა ორგანიზატორი, საკუთარ ფერებში წარმოაჩენს.

 

„ედკამპ-საქართველო“ და მისი მიმდინარეობა – რა მომეწონა ყველაზე მეტად?

რეგისტრაციის დროს, ყველა მონაწილეს/მსმენელსა თუ სპიკერის/მომხსენებელს შესაბამისი ნომერი ენიჭება. ღონისძიების ოფიციალური გახსნითი ცერემონიალის შემდეგ, ყველა მონაწილე დიდ დარბაზში იყრის თავს. დარბაზში სპიკერები ჩერდებიან შესაბამის ნომრებთან. ზარის დარეკვის შემდეგ, მსმენელთა მცირე ჯგუფები, წრიულად იწყებენ მოძრაობას და ჩერდებიან მომხსენებლებთან. თითოეულ მომხსენებელს აქვს ზუსტად ერთი წუთი, რათა გააცნოს თავისი მოხსენების თემა და მნიშვნელობა და მსმენელი მოიწვიოს აუდიტორიაში (Speed Geeking). ეს რიტუალი სრულდება იმდენჯერ, რამდენი მცირე ჯგუფიც გაჩერდება თქვენთან. თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო.

ზემოთ აღწერილი აქტივობის შემდეგ იწყება პარალელური სესიები. მომხსენებლები წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, სხვადასხვა აუდიტორიაში ნაწილდებიან და ელოდებიან მსმენელებს. სესია შეიძლება იყოს 30-წუთიანი ან ერთსაათიანი.

მონაწილეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ აუდიტორია, შეუერთდნენ სხვა სესიას და ა.შ. ეს ფაქტი არ აღიქმება, როგორც უპატივცემულობა. ეს დეტალი სწორედ ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღონისძიების მეორე დღეს მეც ჩვეულებრივი მონაწილის რანგში ვესწრებოდი კოლეგების სესიებს იმისდა მიხედვით, ვინ როგორ წარმოაჩინა თავი ჩქარი საუბრის (Speed Geeking) დროს.

ორგანიზატორები

პროექტის „ედკამპ-საქართველოს“ იდეა ეკუთვნის ქალბატონ ირინა ცისკარიძეს. ორგანიზატორებმა საჯარო და კერძო უწყებებთან თანამშრომლობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 200-მდე მასწავლებელს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა „ედკამპ-საქართველო“ არ იქნება ერთჯერადი. ორგანიზატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმავენ მსგავს ღონისძიებებს.

შეჯამება

მე, როგორც მასწავლებელმა, ასეთ რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ღონისძიებაში პირველად მივიღე მონაწილეობა. უნდა აღვნიშნო, რომ ამდენი ბედნიერი სახის მქონე პედაგოგი ერთად კარგა ხანია არ მინახავს. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს მიერ თავსმოხვეული ტრენინგი ან კონფერენცია. ნებაყოფლობითობის პრინციპმა, უანგარობამ და კვალიფიციური მომხსენებლების დიდმა არჩევანმა განაპირობა პირველი „ედკამპის“ წარმატებით დასრულება.

 

[i] https://www.edutopia.org/blog/about-edcamp-unconference-history

 

[ii] https://www.facebook.com/EdCampGeorgia/posts/pfbid0U2oXPaUxaZtANzZj6HFo1TgEhJHA6LCk3hFiWQ7bmvdoH85dN661XWCE41EYUDz2l

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი