სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მუსიკა და ქიმია

ადამიანის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობები უცვლელი რჩება, არადა 21-ე საუკუნეში, ზღვა ინფორმაციის ხანაში, გაცილებით მეტის ათვისება და დამახსოვრებაა საჭირო, ვიდრე წინათ. 

მუსიკა ფენომენალური მოვლენაა; საოცარია ადამიანთან მისი ურთიერთობა. მელოდიური ბგერები საოცრებებს ახდენენ – ადამიანის სული იღვიძებს, გარდაიქმნება, იცვლება მისი მდგომარეობა და განწყობა. მუსიკა ჩვენს ემოციებზე მეფობს. ემოციებზე კი ჩვენი ქმედება და შესაძლებლობაა დამოკიდებული.

ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადი მდგომარეობა მისი ნერვული სისტემის ემოციური ცენტრიდან მოდის. ქაოსი ჩვენს შიგნითაა და არა სამყაროში. სწორედ მუსიკა ამარცხებს ამ ქაოსს ემოციური სფეროს ჰარმონიული შერწყმით. 

ძველი ბრძენები გვასწავლიან, რომ მუსიკის პირველი ბგერა სამყაროსთან ერთად წარმოიშვა. პითაგორა მუსიკას ეგვიპტეში სწავლობდა, იტალიაში კი მუსიკა მეცნიერების შესწავლის საგნად აქცია. მისი აზრით, მუსიკა ზუსტ მეცნიერებებს მიეკუთვნებოდა. ცნობილია, რომ მისი მიმდევრები მრისხანების წინააღმდეგ სპეციალურ ბგერებს იყენებდნენ. მათემატიკის გაკვეთილებსაც კი მუსიკის თანხლებით წარმართავდნენ, რადგან შეამჩნიეს მუსიკის დადებითი გავლენა ინტელექტზე. 

ძველ ტრაქტატებში ამტკიცებენ, რომ სამყარო ჟღერს, მაგრამ ადამიანის სმენით აპარატს არ შეუძლია ციური ჟღერადობის აღქმა. სამაგიეროდ, ამ ციურ ბგერებს მუსიკა ასახავს, რომელიც კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებაა. ადამიანი კი, როგორც სამყაროს ნაწილი, მუსიკის მეშვეობით კოსმოსის ჰარმონიულ ჟღერადობას ეზიარება და მისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ძლიერდება. 

ცნობილია სხვადასხვა ტიპის მუსიკის დიდი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე: რელიგიური მუსიკა ანალგეტიკის როლს ასრულებს, ფოლკლორი ინტელექტზე მოქმედებს, მოცარტის მუსიკას კი ერთნაირი წარმატებით იყენებენ ყველა სფეროში. სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს – “მოცარტის ეფექტი”. ისიც დამტკიცებულია, რომ კლასიკური მუსიკის ფონზე მეხსიერება ვითარდება და ტვინი უკეთ “ინახავს” მიღებულ ინფორმაციას.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მუსიკა აძლიერებს ან, პირიქით, ასუსტებს კუნთთა ტონუსს; გარდა ამისა, ასტიმულირებს: 

  • ემოციის წარმოქმნას;
  • ვერბალურ უნარსა და ლოგიკურ აზროვნებას;
  • აღქმისა და დამახსოვრების პროცესებს;
  • შემოქმედებით აზროვნებას.

 

მუსიკის ეს შესაძლებლობა ქიმიის სწავლების დროსაც შეიძლება გამოვიყენოთ. 

საქართველოში ქიმიის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი არც ისე დიდია (გამონაკლისები, რა თქმა უნდა არსებობს). სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იგივე ვითარებაა გერმანიაში, საფრანგეთში. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეები ქიმიას “მოსაწყენ” საგანთა კატეგორიას მიაკუთვნებენ, რადგან, მათი აზრით, ის მხოლოდ მოსწაყენ ფორმულებსა და კანონებს შეიცავს. არადა, ქვეყანა ქიმიის გარეშე ვერ განვითარდება და ცუდია, რომ ხვალინდელი საზოგადოების წევრებს (ანუ მოსწავლეებს) ასეთი განწყობა აქვთ მის მიმართ. 

ქიმიისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ავტორთა ერთმა ჯგუფმა (ქ. კუპატაძის ხელმძღვანელობით) შექმნა ქიმიის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქიმიის გაკვეთილი პატარა დღესასწაულად ექცია. აქ კი მუსიკის ჯადოსნურ როლს გვერდს ვერ ავუვლიდით. 

ჩვენი პროგრამის პირველივე ნაწილში, სადაც მოსწავლე ქიმიურ ელემენტს ეცნობა, ქიმიის წიგნი მას “ქიმიურ თეატრში” ეპატიჟება, სადაც ანშლაგია და ქიმიური ელემენტები მოცარტის მუსიკის თანხლებით მარშირებენ. ისინი თითო-თითოდ ეცნობიან მოსწავლეს და თავიანთ შესახებ სახალისო და, ამავე დროს, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. 

მომდევნო თემა წყალი და მისი ქიმიური ბიოგრაფიაა. თუმცა, სანამ მის დახასიათებაზე გადავალთ, შეგვიძლია წყლის სურათების ულამაზესი სლაიდშოუთი დავტკბეთ, – რა თქმა უნდა, მუსიკალური ფონის თანხლებით. ფონად კი ქართული ხალხური სიმღერა “წინწყარო” გვაქვს აღებული, რომელსაც ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი შემსრულებელი ჰამლეტ გონაშვილი ასრულებს. სხვათა შორის, კვლევებმა დაადასტურა, რომ მის ხმას მოცარტის მუსიკის მსგავსი ეფექტი აქვს. 

თემა “ხსნარები” მოსწავლეებისთვის საკმაოდ მოსაწყენ თემატიკას შეიცავს, ამიტომ განწყობის შესაქმნელად მათ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას ვაწვდით. მაგალითად, რატომ მიაკუთვნებენ ზღვას, ტბასა და მდინარეებს ხსნარებს, რატომ არ იყინება ზღვის წყალი ნულ გრადუსზე; მინერალური წყალი, კოკა-კოლა, პეპსი ხსნარებია – რატომ? და თურმე ღვინოც ხსნარი ყოფილა. ამ რუბრიკას ასრულებს სახელგანთქმული ქართული ღვინოების სლაიდშოუ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისის” მუსიკალური ფრაგმენტით.

წარმოდგენილ პროგრამაში მუსიკას მოსწავლეებისთვის მოსაწყენი საკითხების შესწავლისას ვუხმობთ მხსნელად. 

პროგრამა “ქიმიური ელემენტი, სიმბოლო, ქიმიური ფორმულა” სხვა ისეთ საკითხებთან ერთად განიხილება, როგორებიცაა ვალენტობა, ქიმიური ფორმულის სწორად დაწერა, ქიმიური რეაქციის ტოლობის ჩაწერა და მისი გათანაბრება, სტოქიომეტრული კანონები. ამრიგად, ამ პროგრამის დასრულებისას მოსწავლემ უნდა იცოდეს ქიმიური ფორმულის დაწერა ვალენტობის გათვალისწინებით, ქიმიური რეაქციის ტოლობის ჩაწერა და მისი გათანაბრება სწორად შერჩეული კოეფიციენტებით. ამავე დროს, აქვეა რეალური და ვირტუალური კლიპებით წარმოდგენილი რამდენიმე ქიმიური რეაქცია, მათ შორის – მაგნიუმის ლენტის წვა, რკინისა და გოგირდის შეერთების რეაქცია. რატომ არ შეიძლება ამ რთული საკითხების შემდეგ მოსწავლე ოდნავ გაერთოს? – ვიფიქრეთ ჩვენ და შევთავაზეთ მათთვის უკვე ნაცნობი ქიმიური რეაქციები, ოღონდ ეს რეაქციები ცეკვით მიმდინარეობს – ქიმიური ელემენტები ცეკვა “ქართულით” შედიან ერთმანეთთან რეაქციაში, სადაც დაცულია ყველა ზემოთ აღნიშნული წესი და კანონი. ცეკვა კი ოპერა “დაისის” უმშვენიერეს ჰანგებზე მიმდინარეობს. 

მენდელეევის პერიოდული სისტემა, ალბათ, ყველას გინახავთ. აქ ელემენტები პერიოდებსა და რიგებში განსაზღვრული კანონზომიერებით არიან განლაგებულნი. თითოეული მათგანის შესახებ მოკლე ცნობებია მოცემული. მაგრამ თუ შემოგთავაზებენ სხვა, გასართობ პერიოდულ სისტემას, სადაც თუ თაგვს ოქროზე ან ნახშირბადზე დააწკაპუნებთ, უმშვენიერესი ქართული ქორწილის მოწმენი გახდებით, ჩვეულებრივი სისტემაც უფრო სახალისო მოგეჩვენებათ.

რატომ ქორწილი? 

ოქროსგან რომ სამკაულებს აკეთებენ, ცნობილია. ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახესხვაობა, ალმასი, ბრილიანტის მისაღებადაა საჭირო. ამრიგად, ამ ორი ელემენტის დახმარებით შეიძლება მშვენიერი ბეჭედი შევქმნათ და ქორწილიც გადავიხადოთ. 

თუ სპილენძზე დავაწკაპუნებთ, ეკრანზე ყურძნის მტევნები დამწიფდება ძველი ქართული საეკლესიო საგალობლის “შენ ხარ ვენახი” თანხლებით.

პროგრამა ორ საქმეს აკეთებს: ქიმიის სწავლების პროცესს უფრო სახალისოს ხდის და მოსწავლეს მსოფლიო და ქართულ კლასიკას, ფოლკლორსა და საეკლესიო მუსიკას აზიარებს. 

მეცნიერები და კომპოზიტორები გაცილებით შორს წავიდნენ და თითოეულ ამინმჟავას მუსიკალური ნოტი მიუსადაგეს. შედეგად კი შესაძლებელი გახდა თითოეული ცილის აჟღერება. საკმარისია ცილის შემადგენელი ამინმჟავების თანამიმდევრობის ცოდნა მის პირველად სტრუქტურაში და ამ ცილის ჟღერადობას მოვისმენთ.

მოსწავლეებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება იმ ცილის შესწავლა, რომლის ჟღერადობაც უკვე მოისმინეს. 

ამ პროგრამას წარმატებით იყენებენ საქართველოს მრავალ სკოლაში და შესაბამისი შედეგებიც აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე პედაგოგისა და მოსწავლის შთაბეჭდილებას: 

“მუსიკის გამოყენება ქიმიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეცნიერებისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი მოსწავლეებს ეხმარება, გარემომცველი სამყარო მთლიანობაში აღიქვან, ჩამოუყალიბდეთ აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის შესწავლის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მოსწავლეს ეს-ესაა უყალიბდება განწყობა აღნიშნული საგნის მიმართ”. 

“ფაქტია, რომ მუსიკა კურნავს სხეულს და სულს. მოსაზრებამ, რომ მუსიკით ვასწავლოთ სხვა საგანი, შესაძლოა მავანთა ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ უდავოა, რომ მუსიკა ადამიანებს ბედნიერ განწყობას სჩუქნის, ასეთი განწყობა კი ერთ-ერთი უმთავრესია ფაქტორია სასწავლო პროცესში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი