შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მწვანე ტერორის საფრთხე

გასული საუკუნის სამოციან წლებში დასავლეთ ევროპას მრავალრიცხოვანი სტუდენტური მოძრაობების ტალღამ გადაუარა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაბადებული და ელემენტარული კეთილდღეობის პირობებში გაზრდილი, განათლებული ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ და კონტინენტზე დასადგურებული წეს-წყობილება გააპროტესტეს. ისინი ერთდროულად დაუპირისპირდნენ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ტენდენციას. სტუდენტური მოძრაობები ცდილობდნენ, ხელისუფლებიდან გამოეძევებინათ პირები, რომელთაც ნაცისტურ რეჟიმებთან ჰქონდათ კავშირი. მოძრაობის წევრები აუმხედრდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ორმაგ მორალს, რომელიც თავს აღმოსავლურ დესპოტიებთან ურთიერთობისას იჩენდა ხოლმე. პროტესტანტებმა იერიში მიიტანეს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ქალს მხოლოდ საშინაო საქმეების მომგვარებლად წარმოაჩენდნენ. არაერთი აჯანყებული სტუდენტი სექსუალური რევოლუციის იდეის მხარდამჭერიც აღმოჩნდა. მოძრაობის წარმომადგენელთა ნაწილმა კაპიტალისტური სისტემის ჩანაცვლების მიმართულებითაც კი დაიწყო ბრძოლა.

სტუდენტურმა გამოსვლებმა ბევრი რამ შეცვალა მეოცე საუკუნის ევროპაში – თანამდებობები დატოვეს ძველი ყაიდის პოლიტიკოსებმა, არაერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში მუშაობა დაიწყეს სოციალისტური და კომუნისტური პარტიების ლიდერებმა, გადაიდგა პირველი ნაბიჯები ქალთა დაქვემდებარებისგან გათავისუფლების მიმართულებით, ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანთა სექსუალური ქცევის შესახებ და ა.შ.

მიუხედავად საგრძნობი ცვლილებებისა, ახალგაზრდების ნაწილი საყოველთაო ნიჰილიზმმა მოიცვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ბრძოლა ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. იმედგაცრუებული პროტესტანტები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ლიბერალური დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალიზმი ძველებური ტემპით აგრძელებდნენ მუშაობას. ახალგაზრდული მოძრაობამ იმ კონკრეტულ მომენტში უტოპიური მიზნების მიუღწევლობის გამო გული აიცრუა ბრძოლის დემოკრატიული, მშვიდობიანი მეთოდების გამოყენებაზე.

ახალგაზრდული ტალღის გაბრაზებულმა მონაწილეებმა სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტეს და იარაღი აიღეს ხელში. ამგვარად ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის არაერთი პარამილიტარული, გასამხედროებული დაჯგუფება. გერმანიაში ასპარეზზე გამოვიდნენ „წითელი არმიის ფრაქციის“ მებრძოლები, იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა კი „წითელი ბრიგადის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. მემარცხენე რადიკალური ჯგუფები არ ერიდებოდნენ ტერორისტული მეთოდების გამოყენებას, იტაცებდნენ ადამიანებს, თვითმფრინავებს, ხერგავდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალებს, თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხოცავდნენ დატყვევებულ პირებს. იტალიაში რადიკალებმა გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ალდო მოროს სიცოცხლეც კი იმსხვერპლეს.

ევროპაში სოციალურ-რევოლუციური, იდეოლოგიური ტერორის გაჩაღების შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. დიდი ხანია დასავლეთში ახალი ტიპის პოლიტიკური ტერორის წარმოშობაზე არ უფიქრიათ, არ უდარდიათ. თუმცა, ბოლო ხანებში რიგი მეცნიერების შეშფოთებას იწვევს რამდენიმე ახალი დაჯგუფების გააქტიურება საზოგადოებრივ ასპარეზზე.

რა საფუძველი აქვს მეცნიერთა ნაწილის შფოთვას?

2010-იანი წლების ბოლოს ევროპის თითქმის ყველა დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე სკოლის მოსწავლეები და 30 წლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი გაფიცვაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანიც კლიმატის კრიზისის შეჩერება გახლდათ. პერმანენტული გამოსვლებისა და გაფიცვების საფუძველზე მალევე ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელსაც „პარასკევი მშვიდობისთვის“ ეწოდა. მოძრაობის წევრების საჯარო აქტიურობამ არაერთი ევროპული კენჭისყრის ბედი გადაწყვიტა. კლიმატის აქტივისტების მიერ წინ წამოწეული საკითხები დღემდე მთავარ თემებად მიიჩნევა დასავლურ პოლიტიკურ დღის წესრიგში. საერთაშორისო ორგანიზაციები მძიმე, რთული მოლაპარაკებების კვალდაკვალ ცდილობენ, ოდნავ მაინც გააუმჯობესონ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. თავდაპირველად, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ნელ-ნელა მოსწავლეებისა და სტუდენტების გაფიცვას მცირე შედეგები მოჰქონდა, მაგრამ ყველაფერს წერტილი პანდემიამ დაუსვა. ორწლიანი შეზღუდვების შედეგად მოძრაობის „პარასკევი მშვიდობისთვის“ მიერ დანთებული ცეცხლიც ჩაიფერფლა.

პანდემიის შემდეგ საზოგადოებრივ ასპარეზზე დაბრუნებულ აქტივისტებსაც ნიჰილიზმის გრძნობა დაეუფლათ. მათ მიიჩნიეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციებით კლიმატის კრიზისის შეჩერება ვერ შეძლეს. კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ მებრძოლნი სამართლიანად მიიჩნევენ, რომ დრო აღარ ითმენს, ყოველთვიურად იმატებს საფრთხე იმისა, რომ კლიმატის ცვლილება გამანადგურებელ დარტყმას მოუტანს დედამიწას. შესაბამისად, მათ განგაშის ზარი შემოკრეს და საზოგადოების გამოსაფხიზლებლად რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გარემოსდაცვითი ჯგუფი „უკანასკნელი თაობა“ გახლავთ, რომლის წევრებიც ჩვეულებრივი, უწყინარი აქციების გამართვით არ კმაყოფილდებიან. „უკანასკნელი თაობა“ არ ერიდება დიდი მაგისტრალების ჩახერგვას, აეროპორტთა ასაფრენი ბილიკების გადაკეტვას. აქტივისტები, რომელთა ასაკი 12 წლიდან იწყება, ხელებს ეკვრიან  ასფალტს, რათა მოძრაობა შეაფერხონ, საცობი გამოიწვიონ და საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. კლიმატის აქტივისტები საზოგადოების გამოფხიზლებას მსოფლიოს მთავარ მუზეუმებში შეჭრითაც ცდილობენ. მათ არაერთხელ შეასხეს კარტოფილის სუპი შედევრების წინ აღმართულ დამცავ მინებს.

ცხადია, „უკანასკნელი თაობისა“ და „წითელი ბრიგადების“ ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ კლიმატის აქტივისტების ზოგიერთი ქმედების გამო ქალაქში სასწრაფო დახმარების ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც ადამიანთა სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. ფაქტია ისიც, რომ „უკანასკნელი თაობის“ მოქმედებები საზოგადოების გარკვეული ფენების გაღიზიანებას იწვევს და ერთგვარ დაძაბულობას ქმნის ევროპის შუაგულში. დასავლელ სოციოლოგებს ეშინიათ, რომ იმედგაცრუებული, შეშინებული აქტივისტები უფრო შორს არ წავიდნენ და კეთილშობილური მიზნით არაკეთილშობილური მეთოდების გამოყენებას არ მიჰყონ ხელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი